სათიბად გამზადებული "მუშანი" და ფერდობებზე შეფენილი კარჩხები - კვირის პალიტრა

სათიბად გამზადებული "მუშანი" და ფერდობებზე შეფენილი კარჩხები

ზაფხულის სეზონზე სოფლის მეურნეობაში ძნელი, თუმცა ძალიან ლამაზი საქმიანობა - თიბვა იწყება. ზაფხულში ითიბება ადამიანის მარჩენალი პურის ყანაც და მდელოებიც პირუტყვის გამოსაზამთრებლად საჭირო საკვებისთვის. ივნისის დასაწყისიდან აგვისტოს ჩათვლით, თიბვა ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში იშლება და საკმაოდ ბევრი მუშახელი მონაწილეობს. მთაში კლიმატის გაუარესებამ შესაძლოა თიბვის პერიოდი ცოტა გადასწიოს, მაგრამ ზაფხულს მაინც არ გასცდება. ხელოვნურად დათესილი ბალახის კულტურები, მაგალითად, იონჯა, სეზონის განმავლობაში რამდენჯერმეც კი ითიბება.

მთაში მარჩენალი პირუტყვის გამოზამთრება წარმოუდგენელია მდელოების ყუათიანი საკვების გარეშე, სათიბები კი ისეთ ფერდობებზეა, სადაც ტექნიკა ვერ აღწევს. ამიტომაც სათიბად დიდი ხნით ადრე ემზადებიან და თავიანთ რიგს ელოდებიან "მუშანის" დასახმარებლად. მუშანი მათივე მეზობლები არიან, რომლებიც მთის თიბვის არცთუ იოლ პროცესს ხმაშეწყობილად ჩაამთავრებენ ხოლმე. თუმცა მთაში ისეთი სოფლებიც არსებობს, სადაც თითო-ოროლა კაციც აღარ ცხოვრობს და ადამიანს მარტო უხდება მუშაობა... დღეს მეცხოველეობა ყველაზე განვითარებული დუშეთის მუნიციპალიტეტშია და მთის სათიბებიც ყველაზე მეტი აქ არის. გვესაუბრება დუშეთის საკონსულტაციო სამსახურის უფროსი სპეციალისტი ირაკლი შოშიაშვილი.

- ზამთრობით ჩვენთან კომბინირებულ საკვებს გლეხები პირუტყვს ნაკლებად აჭმევენ, ამიტომაც ყველა მამაპაპურ მდელოებს შესცქერის იმედის თვალით, რომ ბალახი ამინდმა არ გააფუჭოს და პირუტყვის გამოზამთრება პრობლემად არ ექცეს. მართალია, მეცხოველეობა ჩვენთანაც შემცირდა, მაგრამ მაინც ამაზეა დამოკიდებული ბევრი გლეხის შემოსავალი. ამას გარდა, დუშეთში გვაქვს პირუტყვის ფერმებიც. ამიტომ ჩვენებურები სანამ თიბვას არ დაასრულებენ, მანამდე თავს დამშვიდების უფლებას ვერ აძლევენ. სათიბად ქალაქში წასული ახალგაზრდობაც ჩამოდის სოფელში.

თიბვის დასაწყებად მთაში ყოველთვის ამინდზე ვართ დამოკიდებული: თუ ცივი გაზაფხული გვაქვს, თიბვა ივნისის ბოლოსთვის გადაიწევა და აგვისტოს ბოლოსთვის მთავრდება. მთაში სათიბების უმეტესობა ფერდობებზეა შეფენილი, მით უფრო, ფშავსა და ხევსურეთში. ამიტომ ჩვენში თიბვა უფრო გაძნელებულია, მაგრამ ჯანიანი ბიჭები გვყავს და სიძნელეს არ ეპუებიან.

- სათიბები ალპურ მდელოებზეც არის, მაღლა, სადაც ხეებიც არ იზრდება. იქაც თიბავთ? - სწორედ ალპურ ზონაშია ყველაზე ყუათიანი საკვები, თუმცა სათიბად ამ ადგილების გამოყენება ძალიან ძნელია. იქ ამინდი არამდგრადია და მოთიბულის მშრალად შენარჩუნებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. სამაგიეროდ, ალპურ ზონებში კარგი საძოვრები გვაქვს და ბევრ სოფელში იქ მწყემსები მთელ ზაფხულს ჩერდებიან, ყველიც იქ ამოჰყავთ.

დუშეთის ალპურ ზონაში კახეთიდან და სხვა რეგიონებიდანაც ჩამოდიან მწყემსები და მთელ ზაფხულს იქ ატარებენ.

სტატისტიკით, დუშეთის მუნიციპალიტეტში 4600 ჰექტარი ითიბება. ბოლო წლებში მეცხოველეობა შემცირდა და შესაძლოა ამ მაჩვენებელმაც ოდნავ მოიკლო, შეიძლება ზოგიერთი სათიბი გაჯაგებულიც იყოს, მაგრამ დიდი ნაწილი ვერ იქნება.

- მეცხოველეობა რატომ შემცირდა? - ამას თავისი წინა პირობა აქვს, - ადამიანებს, რომლებიც მეცხოველეობით პურის ფულს ძლივს შოულობდნენ, შრომასა და ენერგიას კი ბევრს ხარჯავდნენ, გული გაუტყდათ და პირუტყვის ყოლაზე ზოგიერთმა ხელი აიღო. მეცხოველეობის პროდუქტის შემცირებამ რძის ნაწარმი გააძვირა, ეს კი აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ ხალხი პირუტყვის მოშენებასა და რძის ნაწარმის დამზადებას დაუბრუნდება.

თიბვა ადვილი საქმე არ არის. ჯან-ღონით სავსე უნდა იყო ადამიანი, რომ ჯერ ცელი მთელი დღე იქნიო, მერე კი კარჩხები, ჩვენებური ზვინები დადგა. მათი დადგმა აუცილებელია, რომ მოთიბული ბალახი წვიმამ არ გააფუჭოს. კარჩხაში წვიმა ვერ აღწევს, გარედან კი სველდება, მაგრამ მერე შრება კიდეც. დამრეცფერდობებიან სათიბებში კარჩხამდე გათიბული ბალახის მიტანა ფიწლით ხშირად ჭირს, ამიტომ ბიჭები გათიბულ ბალახს კრავენ და 20-25-კილოგრამიან შეკვრებად მიაქვთ კარჩხებამდე.

- ეს პატარა ტვირთი არ არის. - ამიტომაც უმეტესად ჯანმაგარი ბიჭები თიბავენ. ხალხი ერთმანეთს ეხმარება. ხშირად მთელი სოფელი ერთად მიდის სათიბად და მოთიბულსაც ერთად ანაწილებენ.

- სათიბი ბევრი გქონიათ, ზამთრობით თივის დამატება თუ გჭირდებათ? - თუ მდელოები ამინდმა არ გაგვიფუჭა, თივა საკმარისი გვაქვს პირუტყვის გამოსაკვებად. რამდენი პირუტყვიც გყავს, თივაც იმის მიხედვით გესაჭიროება (თითო სულ პირუტყვს ზამთარში დღეში 20 კილოგრამამდე თივა სჭირდება) და ცხადია, იმდენი უნდა მოთიბო. ისე კი, თივის ყიდვა ისევ ახლომახლო სოფლებში შეიძლება. თუმცა ყოფილა შემთხვევები, ჩვენებურებს თივა მარნეულიდან ან წალკიდან ამოუტანიათ.