პერეველი თავისუფალი ფუტკარი
პერეველი თავისუფალი ფუტკარი
"ქართულ თაფლს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, ვინაიდან ფუტკარს აქ ველური ბუნებიდან უფრო მოაქვს ნექტარი, ვიდრე პლანტაციებიდან"

ეკა გოგატიშვილი მეუღლესა და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად საზღვრისპირა სოფელ პერევში ცხოვრობს. 2002 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და მასწავლებლად მუშაობდა. მისი მეუღლე მეფუტკრე გახლდათ. ოჯახის შექმნის შემდეგ ეკაც ჩაერთო საოჯახო ბიზნესში და როგორც ამბობს, საჭირო დროსა და ადგილას აღმოჩნდა. არადა, თავიდან ფუტკარს ბზიკს ეძახდა და მისთვის მხოლოდ და მხოლოდ მწერი იყო, რომელიც მწარედ
იკბინებოდა. თუმცა დღეს უკვე მეფუტკრე ფერმერია.

- რამდენი ხანია, რაც მეფუტკრეობას მიჰყავით ხელი?

- 4 წელიწადია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორია, მათთან ვთანამშრომლობ და ღონისძიებებIში ვმონაწილეობ. მეფუტკრეობის 6-კაციანი კოოპერატივი შევქმენი. ჯერჯერობით ბევრი რამ არ განხორციელებულა, თუმცა სიახლეებს, რასაც სახელმწიფო შემოგვთავაზებს, სიამოვნებით შევუერთდებით.

-
როგორც ვიცი, თაფლი და არაყი ევროკავშირის ქვეყნებში გაგაქვთ.
- პერევი საზღვრისპირა სოფელია და აქ ყოველდღიურად პატრულირებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. დაახლოებით 7 წელიწადია ჩვენთან თანამშრომლობენ და ინდივიდუალურად გააქვთ თაფლი ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში.



- ჩვენთან არ არის ლაბორატორია, რომელიც თაფლზე ამომწურავ დასკვნას გააკეთებს, რაც ექსპორტისთვის აუცილებელია. ინდივიდუალურად როცა მიაქვთ, დასკვნა საჭირო არ არის?
- უცხოელებმა დაწვრილმანება იციან და ჯანსაღად იკვებებიან. ბევრჯერ ყოფილა, წაუღიათ და თავად შეუმოწმებიათ ლაბორატორიებში. მერე ჩამოსულან და უთქვამთ, რომ ჩვენი თაფლი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ასეთი რამეც მოხდა: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის ერთ-ერთმა მეგობარმა სინჯი საფრანგეთში წაიღო ანალიზისთვის. თუ ჩვენი თაფლი ნორმებს დააკმაყოფილებდა, დიდი რაოდენობით გაიტანდნენ. პასუხი დადებითი იყო, მაგრამ იმდენად ძვირი უჯდებოდათ განბაჟება და გადატანა, რომ ჩანაფიქრი ჩაეშალათ.

- ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიხედვით, 4 000-დან 20 000-მდე ტონა თაფლის ექსპორტის საშუალება გვაქვს, თუმცა როგორც ირკვევა, შარშან მხოლოდ 170 კილოგრამი გავიტანეთ. თქვენ წელიწადში დაახლოებით რამდენი კილოგრამი გაგაქვთ ევროკავშირის ქვეყნებში?
- როგორც გითხარით, ოფიციალურად არ ვგზავნი და რომელიმე კომპანიას ან ბიზნესმენს არ ვამარაგებ ჩემი თაფლით. თუმცა ინდივიდუალური მომხმარებლები წლიდან წლამდე 500 კილოგრამამდე თაფლს გვისაღებენ. რაც შეეხება ექსპორტს, შავი პიარის ტალღა ააგორეს, ამბობდნენ, რომ ქართული თაფლი ბინძურია და მასში ანტიბიოტიკები აღმოაჩინეს. ამის მიზეზი ის არის, რომ
ძალიან ბევრი შემოდის რუსული, უკრაინული და ჩინური თაფლი, რომელიც დაბალფასიანია და ხალხი ხელმისაწვდომობის გამო ყიდულობს. ვიღაცას აწყობს, რომ ქართულ თაფლს ჩრდილი მიაყენოს.
არ შეიძლება ამდენის შემოტანა სხვა ქვეყნებიდან, როცა ძალიან ბევრი ადგილობრივი მეფუტკრე გვყავს, თავადაც შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ საქართველოს მოსახლეობა.

- 2008-2010 წლებში თქვენი სოფელი ოკუპირებული იყო, 2010 წლის 18 ოქტომბრიდან კი ტერიტორიას საქართველოს პოლიცია აკონტროლებს, დღეს რა ვითარებაა პერევში?
- რუსებმა 2008 წელს სოფლის თავსა და ბოლოში პოზიციები დაიკავეს. სეპარატისტების ჯგუფი სოფელში დადგა. ეს იყო ოსური თუ გაურკვეველი ეროვნების დაჯგუფება. სოფელში 2-3 დღეს გაჩერდნენ, თუმცა არავის შეხებიან. პერევის შემდეგ არის სოფელი ქარძმანი, რომელიც ე.წ. საზღვრის იქითაა. რუსის ჯარი სოფლის დასაწყისსა და ბოლოში დგას. ჩვენ არ გვეხებიან, პერევი გათავისუფლებულია ოკუპაციისგან, მაგრამ ის შეზღუდვა, რომ ნათესავი ვერ მოგდის სტუმრად და სოკოს საკრეფად წაყვანილ ბავშვებს ვერ უხსნი, რატომ ვერ გადადიხარ იმ ტერიტორიაზე, დღემდე არის. სახნავ-სათიბი, ტყე - ყველაფერი საზღვრებს იქით მოხვდა.

მხოლოდ ფუტკარს ვერ უზღუდავენ თავისუფლებას. ბადეებს თუ გააკრავენ ტყეში, თორემ სხვა ვარიანტი არ არსებობს. ფუტკარზე არა, მაგრამ საქონელზე კი არის პრობლემა. თუ გადავიდნენ საზღვარს იქით, მერე გადმოყვანა ჭირს.

ფუტკრების გადაფრენა-გადმოფრენას ვერც აფიქსირებენ, მით უმეტეს, ტყეში დაფრინავენ. ყოველთვის ბრუნდებიან, ადამიანის ჩარევა არც არის საჭირო.

- ფუტკარი რომ დაგნესტრავს, როგორ უნდა მოიქცე?
- გააჩნია, მაგალითად, არიან ალერგიული ადამიანები, რომლებსაც დანესტვრის შემდეგ გულიც მისდით. კარგ ვარიანტში თვითონ გაივლის, თუ არადა, ალერგიის საწინააღმდეგო წამლები უნდა მიიღოთ. რაც მთავარია, ცივი, ყინულის ტამპონები უნდა დაიდოთ ნაკბენ ადგილას.

- სოფლის მეურნეობის სამინისტრო რას აკეთებს მეფუტკრეობის ხელშესაწყობად?
- ქართული ღვინო რომ მოდურია, საამაყოა, მაგრამ ვისურვებდი, მეფუტკრეობასაც ასეთივე ყურადღება ექცეოდეს, რადგან ქართული თაფლი არანაკლები თავისებურებითა თუ ისტორიით გამოირჩევა და მსოფლიოში ანალოგი არა აქვს, ვინაიდან ფუტკარს აქ ველური ბუნებიდან უფრო მოაქვს ნექტარი, ვიდრე პლანტაციებიდან. შარშან იტალიაში ვიყავი და იქაური თაფლი რომ გავსინჯე, თეთრი ბლის მურაბის გემო ჰქონდა.
მინდა ვთხოვო სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეტი ყურადღება მიაქციონ ამ დარგს. ჯერ ქართული პროდუქცია დააფასონ და თუ დაგვჭირდება, მერე შემოვიტანოთ უცხოური ნაწარმი ან მათთან ერთად ჩვენიც იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენს თაფლს პოპულარიზაცია და სახელმწიფოს ხელშეწყობა სჭირდება.

ნათია სიბაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ სამთავრობო ცვლილებებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ სამთავრობო ცვლილებებს?