როგორ გავზარდოთ კივის მოსავალი ორჯერ და უფრო მეტად
როგორ გავზარდოთ კივის მოსავალი ორჯერ და უფრო მეტად
კივის "ნათლია" ახალ ზელანდიაში ეროვნული სიმბოლოა

კივის სასარგებლო თვისებებზე ბევრი გვსმენია. მინერალებისა და ვიტა­მინების გარდა, პროდუქტი იოდ­ითაც მდიდარია. სახელად კივი ახალზელანდიელმა სელექციონერმა უწოდა, რომელმაც მცენარის ნაყოფი ქვეყნის ეროვნულ სიმბოლოდ მიჩნეულ ფრინველს მიამსგავსა, ხოლო კივის სამშობლო ჩინეთია. კივი მოჰყავთ ახალ ზელანდიაში, საფრანგეთში, ისრაელში, აშშ-ში - კალიფორნიაში. ის მოჰყავთ საქართველოშიც.
გვესაუბრება კივის მწარმოებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დემურ ფიფია, რომელმაც კივის მოსავლიანობა თავის ბაღში ორჯერ და მეტად გაზარ
და.

- 20 წელიწადია კივი მომყავს და ბოლო ხანებში დავრწმუნდი, რომ ამ საქმისა თითქმის არაფერი მცოდნია. ქართველი ფერმერები მისი მოვლისას შეცდომებს­ უშვებენ და მათგან არც მე ვიყავი დაზღვეული, მიუხედავად იმისა, რომ რაც კი საქართველოში წიგნები გამოუციათ, ყველა ვიცოდი და ამ ცოდნას პრაქტიკაში ვიყენებდი. ეს წიგნები უფრო დილეტანტებისთვის ყოფილა განკუთვნილი... პირველი სამი
წლის განმავლობაში კივი ნაყოფს არ ისხამს და ჩვენთანაც ასე იყო, მაგრამ 4-5 წლის შემდეგ მოსავალი ძალიან იკლებდა. მიზეზი არავინ იცოდა, ყველაფერი კი არასწორი მოვლის ბრალი ყოფილა.

- ამ დასკვნამდე როგორ მიხვედით?
- როცა ჩვენი ორგანიზაცია ჩამოვაყალიბეთ, მასში 105 ფერმერი გაერთიანდა აჭარიდან, გურიიდან და სამეგრელოდან. ჩვენთან შემოვიდა ერთი ფირმაც, რომელსაც ზუგდიდის რაიონში 24 ჰექტარი კივის პლანტაცია აქვს. მისი მფლობელები ახალგაზრდა სპეციალისტები არიან, რომლებმაც განათლება ახალ ზელანდიაში მიიღეს, იქ მიღებული გამოცდილება კი ჩვენს ორგანიზაციაში გაგვიზიარეს. მათი მეთოდები მოგვეწონა, შევისწავლეთ და ტრენინგებიც მოვაწყვეთ. სწორედ ამ მეთოდების გაცნობის მერე დავასკვენი, რომ კივის მოვლა არ მცოდნია. ვგულისხმობ გასხვლასა და მწვანე ოპერაციებს, რომლებიც მას საზაფხულოდ უტარდება.

- რა მეთოდებია ეს?
- ყველაზე მთავარი კივის მოვლაში საშემოდგომო გასხვლა ყოფილა. ადრე ამ მცენარეს ჩვენებური, ვენახის მეთოდით - 5-6 კვირტზე ვსხლავდით და 3-4 კვირტს ვტოვებდით. ისხამდა ეს 3-4 კვირტი, დანარჩენ მოსავალს კი ვკარგავდით. ახალზელანდიური მეთოდი კი ასეთია: მცენარის სანაყოფე კვირტები ბოლომდე უნდა გაუშვა. კივის ყლორტზე 22 კვირტია და თუნდაც რომელიმემ ნაყოფი რომ არ მოისხას, უნდა დავტოვოთ, რადგან ეს მომავალი წლის მოსავალია. ეს რომ საუკეთესო მეთოდია, ჩემი ბაღის მაგალითზე დავრწმუნდი - წლეულს ორჯერ მეტი მოსავალი მაქვს, ვიდრე წინა წლებში.

- შემოსავლიანი მცენარეა კივი?
- დიახ, მოცვსა და თხილთან შედარებით მომგებიანია. თუ კარგად მოუვლით, 1 ჰექტარზე 20-25 ტონა კივის მოყვანა­ შეიძლება. ბაზარიც საკმაოდ დიდია. ქართული კივი დიდი მოწონებით სარგებლობს იაპონიაში. ის ძალიან კარგად იყიდება საქართველოშიც. ადრე ჩვენთან კივის ბაზარი თვითდინებაზე იყო მიშვებული და თამაშის წესებსაც გადამყიდველები ადგენდნენ. ახლა ვითარება შედარებით მოწესრიგდა.

- მოსავალი გაიზარდა და ნაყოფის ხარისხი როგორია?
- რაც თანამედროვე მეთოდებს ვიყენებთ, ჩვენი კივის ხარისხი გაუმჯობესდა: მისი წონა უკვე 100 გრამია და მწიფობამდე ალბათ 150 გრამსაც მიაღწევს. ადრე ჩემს ბაღში კივი ბევრს ისხამდა, მაგრამ უხარისხოს. წვრილი ნაყოფი სტანდარტებს არ შეეფერება და უცხოეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი არ არის. ახლა კივის ნერგებმა სხვაგვარი ნაყოფი მოისხა. ვფიქრობ, ამაზე უკეთესი კულტურა საქართველოში არ არსებობს. ჩვენი კივის შაქრიანობა 19%-მდეა, რის გამოც მსოფლიოში ქართული კივი ახალზელანდიურის შემდეგ მეორე ადგილზეა. განსაკუთრებული მოთხოვნა იაპონიაშია, სადაც წელიწადში 30 ათას ტონაზე მეტი ქართული კივი გადის. ადრე ისიც გვეგონა, რომ კივი მეწლევე კულტურა იყო, ანუ ერთ წელი­წადს ხარობდა და მეორე წელს არა, მაგრამ ასე არ ყოფილა. თუკი ფერმერი სწორად გასხლავს, კივი ნაყოფს ყოველ წელს მოისხამს და თანაც - ბევრს.

სწორად გასხვლის გარდა მორწყვაც აუცილებელია. მთავარია, ფერმერმა თავიდანვე ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც კულტურა მოითხოვს. ჩვენთან ზოგჯერ ორთვიანი გვალვებია, ამიტომ ბუნებაზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ და სარწყავი სისტემა უნდა დავამონტაჟოთ, თორემ ხარისხიან მოსავალს ვერ მივიღებთ. სამწუხაროდ, ეს სისტემა ჩვენი ფერმერების უმეტესობას არა აქვს. ისინი ცდილობენ, მოსავალი მორწყვის გარეშე მოიწიონ, რაც გამოუსწორებელი შეცდომაა.

- კიდევ რა სჭირდება კივის ბაღს?
- სასუქი, კერძოდ - ამონიუმის გვარჯილა, რომელიც ყოველ თვეში 300 გრამი უნდა შევიტანოთ და ეს უნდა გაგრძელდეს ხუთ თვეს, აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით. სასუქი კივის ნერგების ირგვლივ, ნახევარი მეტრის დაშორებით უნდა მოაყაროთ. თუ საირიგაციო სისტემა არ გაქვთ, მაშინ სასურველია, ეს ნაწვიმარზე გაკეთდეს. მცენარისთვის საჭიროა ნიადაგის გაფხვიერებაც. დარგვისას ნერგებს შორის მანძილი 4-5 მეტრი უნდა იყოს - ერთ ძირს სრულყოფილი განვითარებისთვის 20 კვმ ფართობი სჭირდება. მჟავიანობა ამ მცენარეს არ უყვარს, ამიტომ სასურველია, ნეიტრალურ ნიადაგზე დავრგოთ. ნიადაგის ანალიზი წინასწარ უნდა გაკეთდეს და თუ მჟავიანობა მაღალია, ამ შემთხვევაში საჭიროა მოკირიანება. ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ჩვენს ფერმერებს მთავრობაც ეხმარება - თუ ვინმე კივის გაშენებას გადაწყვეტს, მთავრობა თითოეული ნერგის ღირებულების 70%-ს დააფინანსებს, ხოლო თუ სარწყავ სისტემას­ დაამონტაჟებს, თანხის 50%-ს სახელმწიფო გადაიხდის.

- ორიოდე წლის წინ გაზაფხულის ყინვებმა კივის პლანტაციები დააზიანა და მოსპო. რა უნდა იღონონ ფერმერებმა ყინვის საწინააღმდეგოდ?
- კარგი შეკითხვაა. საქმე ის არის, რომ საირიგაციო სისტემა კივის ბაღს მოყინვისგანაც იცავს - როცა პლანტაციას წყლის ჭავლი მიეწოდება, კივი აღარ იყინება.
საქართველოში საუკეთესო ადგილებია ამ ძვირფასი მცენარის მოსაყვანად. გურია, აჭარა, სამეგრელო, იმერეთი - ყველგან, სადაც ადრე ჩაი ხარობდა, შეიძლება კივის პლანტაციები გაშენდეს. კახეთშიც არის მიწები, სადაც საირიგაციო სისტემის დახმარებით კივის კარგი მოსავალი მოჰყავთ. მომავალ წელს კასპშიც უნდა გავაშენოთ და ვნახოთ, იქ რა შედეგს მივიღებთ.

თუ ვინმეს ჩვენი ორგანიზაციის წევრობა სურს, დაგვირეკონ. ფერმერებთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს, პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობას ყველა მსურველს ჩავუტარებთ. სპეციალისტთან ერთად ჩავალ და ვაჩვენებ, როგორ უნდა მოუარონ კივის ბაღს.

ხათუნა ჩიგოგიძე
andro
01 სექტემბერი 2019 22:56
როგორ ირგვება კივი? ვენახივით თუ ხეივანივით? როგორ დაგირეკოთ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?