"ბეშუმში ტურისტი იყოს და, ხულოში საქონელი არ დაილევა"
"ბეშუმში ტურისტი იყოს და, ხულოში საქონელი არ დაილევა"
აჭარის მაღალმთიანეთი და განსაკუთრებით ხულო მესაქონლეობით ოდითგანვე იყო განთქმული. აქაურ ჩეჩილ ყველსა და კაიმაღს (იგივე არაჟანი) მთელ საქართველოში იცნობდნენ და დღესაც ასეა. მესაქონლეობის შემცირების პირობებში აჭარლები კვლავაც ამზადებენ სახელგანთქმულ რძის პროდუქტებს, რომლებსაც უკვე ტურისტები აქრობენ ადგილობრივ ბაზრებში. ტურისტების მომრავლებამ აჭარაში რძის პროდუქტებზე ფასების აწევა გამოიწვია. ამან წესით, ბოლო დროს მთელ საქართველოში და მათ შორის, აჭარაში შემცირებული მესაქონლეობა უნდა წაახალისოს. გვესაუბრება ხულოელი ფერმერი რუსლან გობოძე, რომლის ოჯახში პირუტყვს ათადან-ბაბადან უვლიან, ხოლო
რძის ნაწარმს მთელ ხულოში იცნობენ.

- აჭარაში გლეხმა პირუტყვი რომ გამოილიოს, ეგ არც მომხდარა და არც მოხდება, ისე კი, მესაქონლეობა მართლაც შემცირდა, ხალხმა პირუტყვი მხოლოდ საკუთარი ოჯახების სარჩენად დაიტოვა, დანარჩენი კი გაყიდა. ამას თავისი მიზეზებიც ჰქონდა, - ნაწარმის სიჭარბისას რძესა და ყველზე ფასებმა დაიწია და
ზოგმა პირუტყვის მოვლაზე ხელი აიღო, - სულ ტყუილად ვწვალობო. მაგრამ პირუტყვის რაოდენობის შემცირებას რძის პროდუქტების შემცირება და შესაბამისად, ფასების გაზრდა მოჰყვა. ხალხიც ისევ ფიქრობს პირუტყვის გამრავლებას. თუმცა, არც მე და არც ჩემს წინაპრებს პირუტყვი არასოდეს მიუტოვებიათ. ლოგიკა ასეთია, - როგორც უნდა დაიწიოს ფასებმა, კაცი პირუტყვის საშუალებით საარსებო თანხის შოვნას მაინც შეძლებს. შესაძლოა, ბევრად მეტი იშრომოს, ვიდრე შემოსავალს მიიღებს, მაგრამ უშრომლად არც არაფერი გამოდის. ამიტომ თავად მე შემცირების ნაცვლად პირუტყვი გავამრავლე. მოგეხსენებათ, ადგილობრივი ქართული ჯიშები დიდი წველადობით არ გამოირჩევა, ამიტომაც წავედი, წაბლა ჯიშის პირუტყვი ვიყიდე და მასთან შეჯვარებით ჩემი ადგილობრივი ჯიში გავაკეთილშობილე. ასე რომ, საკმაოდ კარგი ხარისხის საქონელი მყავდა და არც მიფიქრია, რომ კიდევ უფრო უკეთესი მეყოლებოდა. თუმცა, ახლა კი ვარ უფრო უკეთესის პატრონი - ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჯერსის ჯიშის პირუტყვი მოვაშენე და უკვე რძის ნაწარმთან ერთად, ხბოებსაც ვყიდი საჯიშედ. უნდა გითხრათ, რომ ძალიან სწრაფადაც იყიდება. ჯერსი მეხორცულიც არის, მერძეულიც და ადგილობრივ პირობებსაც მშვენივრად ეგუება.

- ჯერსის ჯიშის პირუტყვი ძვირად ღირებულია, მისი შეძენა იოლი არ არის. როგორც ჩანს, ამისთვის ფულს საგანგებოდ აგროვებდით.
- მართლაც ძვირია, თუმცა, საბედნიეროდ, ჯერსის ჯიშის ძროხაში დიდი ფულის გადახდა არ დამჭირვებია. ხულოში ფერმერების დახმარების პროგრამა ამოქმედდა, რომლის საშუალებით ადგილობრივ ფერმერებს ჯერსის ჯიში უცხოეთიდან ჩამოუყვანეს და თანადაფინანსებით გადასცეს. ამ ფერმერების რიცხვში მეც მოვხვდი.

- დიდი საჩუქარია, ალბათ იცოდნენ, რომ უვლიდით, თორემ ამ საჩუქარს არავინ გაგიკეთებდათ.
- ყველამ ყველაფერი იცის. პირუტყვის მოვლაში მთელი ცხოვრება მაქვს გატარებული, იმიტომაც ყველამ იცოდა, რომ ძროხას მოუვლელობა და შიმშილი არ ელოდა. რაკი მოვუარე, პირუტყვიც მშვენივრად გამრავლდა. სხვათა შორის, ამაში იმ გარემოებამაც შემიწყო ხელი, რომ წაბლას ჯიშის მოზრდილი პირუტყვი მყავდა. ჯერსის პატარა ტანის პირუტყვთან ვერ აჯვარებენ, ვინაიდან დიდი ჯიშის ნაყოფს ადგილობრივი ჯიშის ძროხა ვერ უძლებს. აი, წაბლამ კი ჯერსის ხბო მშვენივრადაც გამოზარდა. მით უფრო, რომ მისთვის არაფერი დამიკლია. ზაფხულში, როგორც ბევრი ხულოელი, ბეშუმში მივემგზავრები, საზაფხულო ალპურ საძოვრებზე. ეს საძოვრები ჩვენთვის ხსნაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მთელი ზაფხული პირუტყვი ქალაქსა და სოფელში რომ გვყავდეს, ისეთი სუნი დადგება, ვეღარ გაივლი. ალპურ საძოვრებზე ბალახიც ძალიან ყუათიანი იზრდება და ამასთან, კლიენტიც იქვეა - სახელგანთქმულ კურორტ ბეშუმში. ამის გამო ჩემი და სხვა ფერმერების ყველი მშვენივრად იყიდება. თანაც არც ისე პატარა ფასებით. მაგალითად, ახლა ყველის ფასი 9 ლარია, კაიმაღისა კი 10 ლარი. ზამთარში უკვე ქალაქიდან ამოდის ხალხი ხულოს ყველის საყიდლად.

- ფასები კარგია, და ამან შემცირებულ მეცხოველეობაზე წესით, დადებითად უნდა იმოქმედოს.
- მოქმედებს კიდეც. არის ხალხი, რომელიც ამაზე დაფიქრდა და ცდილობს პირუტყვი ისევ მოაშენოს. მე მაგალითად, ჩემი ჯერსის ხბორები შინ არ მიჩერდება. იმდენი კლიენტი მყავს. ყველა იყიდება. ესეც მეტყველებს, რომ ხალხი პირუტყვის გამრავლებას ისევ აპირებს. მთავარია, ტურისტი არ შეგვიმცირდეს.

- გავრცელებული აზრით, უცხოური ჯიშის პირუტყვის რძის ნაწარმი გემოთი ნაკლებია, ვიდრე ჩვენებური, ამას რძის ნაკლებცხიმიანობა განაპირობებს?
- სულაც არა. ჯერსის მაწვნის ქილა რომ გადააბრუნო, წვეთი მაწონი არ გადმოიღვრება, ჩვენი კაიმაღი ხომ ისედაც კარაქივითაა. რაც შეხება ჩეჩილ ყველს, ისიც საუკეთესო მზადდება და თანაც დახლებიდან ქრება. ასე რომ, პირუტყვი, მართალია, დიდ შრომას მოითხოვს, სამაგიეროდ, ადამიანს მუდამ შეინახავს. ვნახოთ, რძის ნაწარმის გასაღების დღევანდელი ტემპებით თუ ვიმსჯელებთ, აჭარაში მეცხოველეობა უფრო მეტად უნდა დაწინაურდეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?