ფაროსანა ცხვირგრძელამ შეცვალა?! - კვირის პალიტრა

ფაროსანა ცხვირგრძელამ შეცვალა?!

"ეს მეტად საშიში მავნებელი აფხაზეთში 2016 წელს კრასნოდარიდან შემოჰყვა საკარანტინო წესების დარღვევით შემოტანილ დასარგავ პალმებს"

აფხაზეთში ახალი მავნებელი მწერი - წითელი ცხვირგრძელა გამოჩნდა, რომელიც პალმებს შეესია. აფხაზურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მავნებლის ზიანის შედეგად სანაპირო ზოლში ათეულობით გამხმარი პალმა მოიჭრა. მწერი პალმის ტოტებზე უამრავ კვერცხს დებს და რამდენიმე დღეში მათგან 5 სმ სიგრძის ჭუპრები ყალიბდება. ზრდასრული ხოჭო პალმის რტოს რბილობით იკვებება და ხეს ანადგურებს. წითელი ცხვირგრძელა აფხაზეთში პირველად 2016 წელს გამოჩნდა. მეცნიერების აზრით, თუ მავნებელი დროულად არ განადგურდა, ის არა მარტო აფხაზეთს, მთელ დასავლეთ საქართველოს მოედება.

გვესაუბრება არჩილ სუპატაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების უფროსი, დოქტორი.

- პალმის წითელი ცხვირგრძელა (ღჰყნცჰოპჰორუს ფერრუგინეუს) სიგრძით დაახლოებით 30 მმ-ია. მდედრი ხოჭო მამრ ხოჭოებზე 10-15%-ით დიდია. ისინი კვერცხს პალმის ფოთლის რბილობში დებენ (დაახლოებით 250 ცალს). მავნებელი განვითარების ოთხ სტადიას გაივლის: კვერცხის, მატლის, ჭუპრის და იმაგოს (ზრდასრული ხოჭო). მატლები პალმის მთავარი ღეროს შიგთავსით იკვებებიან. ნაჭამი ადგილები ღია რჩება და აქედან რბილობში მიკროორგანიზმები აღწევენ. ამის შედეგად პალმის ახალი ფოთლები სუსტდება და მცენარე ხმობას იწყებს. პალმას ხოჭო ზაფხულში ესევა (ამ დროს ინკუბაციის პერიოდი აქვს), ჭამს და აზიანებს პალმის ღეროს, რომელიც მთლიანად რბილობია. სანამ ზრდასრული გახდება, მავნებელი პალმაზე ცხოვრობს, ხოლო იმაგო ტოვებს დაზიანებულ მცენარეს და ახალი მცენარისკენ მიფრინავს. მას დიდი მანძილის გადაფრენა შეუძლია. ცხვირგრძელას განვითარების ბიოლოგიური ციკლი ერთ მცენარეზე მიმდინარეობს. ხოჭო წლის განმავლობაში 3-4 თაობას ტოვებს. ცხვირგრძელას შესევი-დან 12 თვეში პალმა ხმება.

- საიდან შემოაღწია ჩვენთან ამ მწერმა და აქამდე თუ გახსოვთ ცხვირგრძელას არსებობა საქართველოში? - ეს მეტად საშიში მავნებელი აფხაზეთში 2016 წელს გამოჩნდა. ხოჭო რუსეთიდან, კერძოდ, კრასნოდარის მხარიდან შემოჰყვა საკარანტინო წესების დარღვევით შემოტანილ დასარგავ პალმებს. წითელი ცხვირგრძელა 1980 წლიდან ტროპიკული აზიიდან ხმელთაშუა ზღვის მეშვეობით გავრცელდა აფრიკასა და ევრო-პაშიც. აფხაზეთის სანაპირო ზოლში 10 ათასამდე პალმის ხე იზრდება და მათი ნაწილის დაკარგვა აშკარად იმოქმედებს ჩვენი სანაპიროების მიმზიდველობაზე.

- სამეგრელოსა და აჭარაშიც არის ამ მავნებელი ხოჭოს გავრცელების საშიშროება?

- ახლახან პალმის წითელი ცხვირგრძელა ანაკლიაში ვნახე. აჭარაში კოლეგებს შევეხმიანე და მითხრეს, აქ არ არისო, მაგრამ ადრე ეს ხოჭო შეკვეთილში, პალმების ნარგავებში უნახავთ. მწერი თუ დროულად არ განადგურდა, მალე ის აჭარაშიც გავრცელდება. ცხვირგრძელა საშიში მწერია და მისი გამოისობით ერთი დიდი ხე ერთ წელიწადში ხმება.

- ცხვირგრძელას გასანადგურებლად რომელი საშუალებაა ეფექტური? - მათ წინააღმდეგ გამოიყენება ქიმიური პრეპარატები: "კონფიდორ-ექსტრო", "კონტდორ-მაქსი", "იმიდორი", "ნუტრიდი", "ფოსბატი" და სხვა. პალმების დამუშავება დროულად და სეზონზე 2-ჯერ არის საჭირო, მარტიდან-დეკემბრის ჩათვლით. ერთი პალმის ხის დამუშავებას სჭირდება 10 ლიტრი წამლის ნაზავი. ასხურებენ, ძირითადად, მატლებს. შეწამვლა თუ დაგვიანდა და პალმამ ხმობა დაიწყო, ერთადერთი გამოსავალი მისი მოჭრა და დაწვაა.

- როგორც ვიცით, ჩვენმა მეცნიერებმა აფხაზეთის მხარეს ამ პრობლემის მოგვარებაში დახმარება შესთავაზეს და მათი მთავრობის თანხმობაც მიიღეს... შემდეგ რა მოხდა? - ჩემმა კოლეგამ, გულრიფშის რაიონის სატყეო მეურნეობის ყოფილმა დირექტორმა ჯუმბერ ბოიკომ მთხოვა დახმარება. მან ინიციატივა გამოიჩინა, უნდოდა, თავის კოლეგებთან ერთად ქიმიური პრეპარატები შეეძინა და აფხაზ კოლეგებს დახმარებოდა. ჩვენ მოვილაპარაკეთ და ვიპოვეთ პირი, რომელსაც შესასხურებელი წამლები უნდა შემოეტანა. აფხაზეთის ძველი მთავრობა თანახმა იყო, მიეღო ჩვენი დახმარება და წამლები შეეძინა, მაგრამ ამასობაში იქ პრემიერ-მინისტრი შეიცვალა და ახალმა მთავრობამ ეს პროცესი შეაჩერა. ჩემი წყაროს ინფორმაციით, პრეპარატები აფხაზეთში ჯერ არსაიდან არ შეუტანიათ. ისიც ვიცი, რომ პალმების ნაწილი გახმა, ნაწილი - ხმება.