12 ყველი სოფოს და ლეოს სამზარეულოს წესებით
12 ყველი სოფოს და ლეოს სამზარეულოს წესებით
ყველის მწარმოებელი ლევან ცაგურია თელავში გავიცანი და იქვე მომიწია მისი გამორჩეული ყველის გასინჯვამ, რომელზეც დიდი მოთხოვნაა. ბატონი ლევანი პროფესიით არქიტექტორია, თუმცა დღეს მეუღლე სოფიო გორგაძესთან ერთად 12 დასახელების ყველს აწარმოებს. ოჯახმა 2009 წელს დედაქალაქი დატოვა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში დასახლდა. დღეს მათ თელავში ყველა იცნობს, როგორც სოფოს და ლეოს...

სოფიო გორგაძე პროფესიით თეატრის მხატვარია, ასევე სპორტის ოსტატი ცხენოსნობაში და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი. შეგახსენებთ, მან თავის ქალიშვილ ლიზა რურუასთან ერთად
გაიმარჯვა შოუში "ჩემი სამზარეულოს წესები" და 50.000 ლარი მოიგო. ლევან ცაგურია გვიამბობს მათი ოჯახის სამეწარმეო ისტორიას, რომელიც წლების წინ შემთხვევით დაიწყო.

- საცხოვრებლად თბილისიდან კახეთში გადასასვლელად კონკრეტული მიზეზი არ გვქონია - ეს კუთხე გვიყვარს ძალიან და ერთხელაც, უბრალოდ, თბილისში ცხოვრება აღარ მოგვინდა. თან, ეტყობა, ასაკიც
თავისას შვრება - მოდის დრო, როცა გჭირდება სიწყნარე, ბუნებასთან სიახლოვე და ამ გარემოში აქტიური ცხოვრება.



- კახეთი რატომ აირჩიეთ?
- თელავი კახეთის ცენტრია, საოც­რად კარგი ქალაქია, ნამდვილი ქართული. ამასთან, მეგობრებიც მყავდა აქ. ასე რომ, უცხო გარემოში არ მოვხვედრილვარ.
ბევრი ადგილი მოვინახულეთ და ბოლოს­ სოფელი შალაური მოგვეწონა. თელავთან ახლოსაა და ფანტასტიკური ხედია­ აქედან.

- თავიდანვე ფიქრობდით, რომ სოფელში­ ყველის ამოყვანას დაიწყებდით?
- არა... ყველი როგორ კეთდებოდა, ტელევიზორშიც არ მქონდა ნანახი. აქ რომ გადმოვედით, ერთი წელი არ იყო გასული, რომ ცხენი გვაჩუქეს. მერე თავლა ავაშენეთ, ინფრასტრუქტურა მოვაწყვეთ. სხვა მეგობარმა ძროხა გვაჩუქა - სოფელში ხართ და საჭიროაო. შვეიცარიული ძროხა იყო, ყავისფერი, მარლეტა ერქვა. მოკლედ, ამის მერე რაც შევქმენით, მისი სახელი დავარქვით...
თავიდან ძროხის მოწველა ადვილი საქმე გვეგონა - ერთხელ მოვწველე, რძე დავლიეთ, მერე მაწონი გავაკეთეთ. მაგრამ ძროხამ არ იცის არც დასვენება, არც დღესასწაული - ყოველდღე იწველება. ჰოდა, მაცივრები რძით აგვევსო. ამის გამო მეზობელს ვთხოვეთ, ადვილად ყველის გაკეთება ესწავლებინა. ჰოდა, ყველაფერი ასე დაიწყო...

ინტერნეტი, წიგნები - ყველაფერი გამოვიყენე, რომ ამ საქმეს ჩავწვდ­ომოდი. ახმეტაში გაეროს დაფინანსებული კურსები - მეყველის ოსტატობა გავიარე და ეს დარგი შევისწავლე, მოგვიანებით თელავში პროფესიული გადამზადების კოლეჯიც დავამთავრე, ასე რომ, ყველის დიპლომირებული მწარმოებელი ვარ... ეს ცოდნა კი დავაგროვე, მაგრამ რაც ვიცი, ძირითადად, გამოცდილებით - ბევრი გადაღვრილი რძით და გადაყრილი ყველით, ინტერნეტით, სპეციალური ლიტერატურით...



- შრომა მეუღლეებს თანაბრად გაქვთ განაწილებული?
- რა თქმა უნდა. ჩემი მეუღლე არის ძრავა... საკუთარი საქონელი არ გვყავს, რძე სხვისგან მოგვაქვს. მესაქონლეობა და ყველის წარმოება ერთად რთულია, ამიტომ გადავწყვიტეთ, მხოლოდ ყველი გვეწარმოებინა, თუმცა თავიდან კი გვყავდა 3-4 ძროხა, თხებიც გვყავდა და ახლაც გვყავს, ოღონდ შალაურში არა - ქვემო­ალვანელ ფერმერ გოგი ელანიძეს ჯიშიანი თხები ჰყავს და ჩვენებიც მას ჩავაბარეთ. იქიდან ვიღებთ დამატებით რძეს.

- როგორც ვიცი, 12 დასახელების ყველს­ აკეთებთ.
- კი, მაგრამ მუდმივად მხოლოდ 3-4 დასახელებისას, ანუ რასაც კომერციული მნიშვნელობა აქვს.



- ევროპული ტექნოლოგიით ამზადებთ?
- 70 წლის განმავლობაში საბჭოთა და რუსულმა ოკუპაციამ საქართველოში­ ძირს დასცა ყველის წარმოების კულტ­ურა,
ყველაფერი სამ ძირითად ყველზე დაგვიყვანეს: გუდა, სულგუნი და იმერული. ახლა რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვერ ვიტყვი, რომ ტრადიციული ქართული­ რეცეპტებია,­ ვერც იმას, რომ ევროპულია, რადგანაც აქ კეთდება. რა ევროპული რეცეპტიც უნდა გვქონდეს, გამორიცხულია, ზუსტად ის გააკეთო, რასაც, ვთქვათ, გლეხი საფრანგეთში აკეთებს. ისეთი მაინც არ გამოვა, კორექტივები ყოველთვის შედის.
ჩემი ყველი, ძირითადად, ობიანია­. ის ყველს გამოშრობისგან იცავს, არომატს აძლევს. სამ ძირითად ყველს ვაკეთებთ, რომლებიც ჩვენი ყველის სახეობებიდან ყველაზე პოპულარულია. აქედან ორი თხის ყველია და ერთი - ძროხის.

- დღეში რამდენ კილოგრამს აწარმოებთ?
- საშუალოდ 10 კილო ძროხის ყველსა და 10 კილო თხის ყველს - ასეთია წარმადობა. მოთხოვნა უფრო ძროხის ყველზეა, თხის ყველი მაინც სპეციფიკურია, მიჩვევა უნდა და ნაზია.

- ვინ არის თქვენი მომხმარებელი?
- თბილისში რამდენიმე სპეციალიზებული ყველის მაღაზიაა და მათგან სამში შეგვაქვს, ასევე - რამდენიმე რესტორანსა და კაფეში.

- მთავარი რა არის ყველის დამზადებისას?
- მთავარი რამდენიმე რამ არის - სისუფთავე, სიახლეების მიმართ ინტერესი, დაკვირვებულობა, რომ ერთი და იგივე შეცდომა არ გაიმეორო. სიჯიუტე რაღაცებში კარგია, რაღაცებში - არა.



- რას გულისხმობთ?
- შემხვედრია ბევრი ადამიანი, ვინც თხის ყველს ერთი მეთოდით აკეთებს, მაგრამ არ გამოსდის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ის კი იმ მეთოდს არ ეშვება. ბოლოს და ბოლოს უნდა მიაღწიო ისეთ შედეგს, შექმნა პროდუქტი, როგორიც გინდა, რომ გქონდეს.

- დღეს ყველის მწარმოებლებისთვის ბაზარზე ძირითადი პრობლემა რა არის?
- მგონი, რძის დეფიციტი, რადგან ხარისხიანი რძის შოვნა ჭირს. გამიგია, რომ დიდი ინვესტიციები მოუზიდავთ, დიდი ქარხნები აუშენებიათ და შემდეგ რძის ფხვნილით დასჭირვებიათ მუშაობა. რძე საშუალოდ 1,2 ლარი ღირს, რაც სეზონურად მერყეობს. ეს ყველის მწარმოებლისთვის ძალიან ცუდია, რადგან ზაფხულში რძე შეიძლება 70 თეთრად იყიდო, ზამთარში კი 2-2,5 ლარი გახდეს...

- თქვენი გამოცდილებით ადამიანებს რას ურჩევდით?
- ცოტა მეუხერხულება რამის თქმა, მაგრამ ნუ შეეშინდებათ სიახლეებისა და ექსპერიმენტების. ყოველთვის ღირს დაწყება, ოღონდ არ ვგულისხმობ, რომ საქმეში უკანმოუხედავად ბოლო კაპიკი ჩადონ და მერე აღარაფერი გამოუვიდეთ... ყურადღებით და გონივრულად უნდა მიუდგენ ყველაფერს - გაარკვიონ, უღირთ თუ არა და მართლა უნდათ თუ არა საქმის დაწყება. ექსპერიმენტით რაღაცის დაწყება არასდროს არის გვიან, არც - ცხოვრების შეცვლა. ამ საქმეში კეთილსინდისიერება არსებითია, რადგან ბევრი სიყალბეც არის, რასაც აუცილებლად უნდა ავცდეთ.

მკითხველის კომენტარი (1)
თამარა
11 სექტემბერი 2019 13:13
წარმატებები, ძალიან საყვარელო და მისაბაძო ადამიანებოოო,თქვენნაირები უამრავი სჭირდება საქართველოს.სოფოს განსაკუთრებული მადლობა და პატივისცემა❤❤❤❤❤

გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა