"საპნის დამზადების უძველესი რეცეპტი, შესაძლოა, სვანურის იდენტური იყოს" - კვირის პალიტრა

"საპნის დამზადების უძველესი რეცეპტი, შესაძლოა, სვანურის იდენტური იყოს"

"საპონს, ძირითადად, შემოდგომის მიწურულსა და გაზაფხულის დასაწყისში ამზადებენ. სვანეთში ექვსი თვის განმავლობაში ზამთარია, ცეცხლს ყველა ოჯახში ანთებენ და ნაცარიც გროვდება. ადრე ერთ ჯერზე შეიძლებოდა 50-60 ცალი საპონი დაემზადებინათ. ზოგჯერ ორი-სამი ოჯახი ერთიანდებოდა და ძალიან ბევრი იხარშებოდა"

ეკა წულუკიძე სვანეთში, სოფელ ფარში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. მისი ოჯახი ერთ-ერთია, რომელიც ძველ სვანურ საპონს ამზადებს. მოსწავლეების ხელშეწყობისთვის რამდენიმე წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია დააარსა და მათ არაერთ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ამის გარდა, დააფუძნა საწარმო სხვადასხვა ასაკის ქალებისთვის. სვანური საპნის დამზადების ტრადიციასა და დღევანდელ პრობლემებზე ეკა წულუკიძე გვესაუბრა.

- რამდენიმე წლის წინ ჩემს მოსწავლეებთან ერთად დავიწყე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის არტეფაქტების შეგროვება. ერთ-ერთი სწორედ სვანური საპონი იყო. 2018 წელს მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო კონკურსში, სადაც სვანური საპნის წარმოების ბიზნესგეგმა წარვადგინეთ. პროექტზე მუშაობისას წავაწყდი ინფორმაციას, სად შეიქმნა პირველი საპონი.

- და სად შეიქმნა? - სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, რომაელებმა დაიწყეს საპნის წარმოება. სხვა ვერსიით, ერაყის ტერიტორიაზე XIX საუკუნეში აღმოაჩინეს თიხის ფირფიტები და ერთ მათგანზე, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. 2800 წლით დათარიღდა, შუმერულ ენაზე იყო რეცეპტი. ის მზადდებოდა ხის ნაცრის თუთქისა (წყალში არეული ნაცრისა) და ცხოველური ცხიმის ხარშვის შედეგად. საინტერესოა, რომ საპნის დამზადების ეს უძველესი რეცეპტი, შესაძლოა, სვანურის იდენტურიც იყოს.

- ამ რეცეპტს საქართველოს სხვა კუთხეებშიც იყენებდნენ? - მოკვლევა რომ დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ მთიან რეგიონებშიც ანალოგიურად ამზადებდნენ საპონს და კახეთშიც, თუმცა დღეს იქ რეცეპტი აღარ ახსოვთ.

- როგორ მზადდება თქვენი საპონი? - თავდაპირველად ხის ნაცარს ვაგროვებთ. სხვა სახის ნამწვის შერევა არ შეიძლება, სუფთა ხე უნდა იყოს. ვცრით და ნაჩვრეტებიან ტაფაში ვათავსებთ. სისტემატურად ვასხამთ თბილ წყალს, რომ თუთქი ჩამოიღვენთოს. მასას ვხარშავთ თითქმის მთელი დღის განმავლობაში და ვუმატებთ ცხოველურ ცხიმებს. ეს უნდა იყოს ღორის ან საქონლის ქონი. შერევის შემდეგ კვლავ უნდა მოვხარშოთ. ძალიან სქელ, ფაფისებურ გუნდას ვიღებთ, რომელიც ყალიბებში ნაწილდება და იწყება მისი გამოშრობა. მთავარია, ქონი არ დააკლდეს, თორემ ფშვნადი იქნება. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა საპონი, რომელიც ბუნებრივი მასალისგან მზადდება. აქვს დამარბილებელი ეფექტი და საუკეთესო საშუალებაა ქერტლისა და თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.

- ანუ თუ საჭირო მასალები გვექნება, ჩვენც შევძლებთ საპნის დამზადებას? - დიახ, ოღონდ მთის წყალი დაგჭირდებათ - ის სუფთაა ეკოლოგიურად და უმჯობესია მისი გამოყენება, ნაცარსა და ქონს კი ყველგან იშოვით.

- აქვს მნიშვნელობა, რომელი ცხოველის ქონს შევურევთ? ცხვრის ქონს არ იყენებენ? - დიახ, ამას განარჩევენ. ღორის ქონით გაკეთებული საპონი არის უფრო წებოვანი და შეკრული, ხოლო საქონლისა - შედარებით ფშვნადი და მშრალი. ურევენ ცხვრის ქონსაც, მაგრამ ბავშვებისთვის განკუთვნილ საპონში - არა, რადგან მათ კანს აღიზიანებს.

- რომელ სეზონზე ამზადებთ საპონს და ერთ ჯერზე რამდენის მიღება შეიძლება? - საპონს, ძირითადად, შემოდგომის მიწურულსა და გაზაფხულის დასაწყისში ამზადებენ. სვანეთში ექვსი თვის განმავლობაში ზამთარია, ცეცხლს ყველა ოჯახში ანთებენ და ნაცარიც გროვდება. ადრე ერთ ჯერზე შეიძლებოდა 50-60 ცალი საპონი დაემზადებინათ. ზოგჯერ ორი-სამი ოჯახი ერთიანდებოდა და ძალიან ბევრი იხარშებოდა. ეს ერთგვარი ფუფუნება იყო ბევრი ოჯახისთვის. ნაცრის დეფიციტი არასდროს იქნებოდა სვანეთში, მაგრამ შეიძლებოდა ქონი ყველას არ ჰქონოდა. დღეს სოფელ ფარში შენარჩუნებული გვაქვს ეს ტრადიცია და რამდენიმე ოჯახი სვანურ საპონს ვხარშავთ. სკოლის მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ, ეს ჩვენი სოფლის სავიზიტო ბარათად გვექცია. მოვუფიქრეთ ორიგინალური შეფუთვაც - თექაში გავახვიეთ და სვანური ორნამენტებით გავაფორმეთ.

- როგორც ვიცი, აფხაზეთში ცხოვრობდით. - დიახ, სოხუმიდან ვარ. აფხაზეთის ომის შემდეგ მშობლიურ სოფელ ფარში დავბრუნდით. ჩვენი ძირი აქედან იყო. ოთხი შვილის დედა ვარ, პროფესიით ფილოლოგი და დღემდე აქ ვმუშაობ. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, 32 მოსწავლე გვყავს. არის კლასები, სადაც მხოლოდ თითო ბავშვია, ზოგიერთში კი საერთოდ არ გვყავს მოსწავლე.

- თქვენს საწარმოზე გვიამბეთ... - ქალების დასაქმების მიზნით გავხსენი საწარმო, რომელიც ორი მიმართულებით მუშაAობს. თეთრეულს ვკერავთ და გოგონებს ხელსაქმეს ვასწავლით. ბავშვებმა კარგად აითვისეს ხელობა. პროდუქცია გამოფენებზე გაგვაქვს და გაყიდული ნივთებიდან 30-35% ბავშვებს რჩებათ.

- სვანური საპონი იყიდება თუ მხოლოდ საოჯახოდ მზადდება? - აქამდე მხოლოდ საოჯახოდ მზადდებოდა. მაისში სააღრიცხვო ბარათი შევადგინე, სვანურ საპონს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი რომ მიენიჭოს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გავგზავნე. წლეულს საპონი გამოფენაზე გავიტანეთ და დიდი ინტერესი გამოიწვია.

ნათია სიბაშვილი