ცივი ახალციხის ტროპიკული ეგზოტიკა - კვირის პალიტრა

ცივი ახალციხის ტროპიკული ეგზოტიკა

"ნაყოფს ახალციხეში კი არა, საქართველოს ვერც ერთ კუთხეში ვერ ისხამს, რადგან ბანანს ტროპიკული ჰავა სჭირდება"

ახალციხეს ხშირად ვსტუმრობ, უმეტესად გაზაფხულ-ზაფხულში და ამის მიზეზი ერთადერთია - სამხრეთ საქართველოს ცივი და უმკაცრესი ჰავა. წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როცა შევიტყვე, რომ შუაგულ ახალციხეში ერთ-ერთ ოჯახს ეზოში ტროპიკული ბანანი და ბამბუკი გაუხარებია და პატარა ჩანჩქერიც გაუმართავს. გეოგრაფ მანანა გოგოლაძესთან შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა.

- ადრე სახლის ნაწილი დაგვეწვა და ბევრი რამის გაკეთება თავიდან მოგვიხდა. ეზოთი დაწყებული და სახლის რესტავრაცია-რემონტით დამთავრებული, ყველაფერი ჩემმა მეუღლემ, ზურაბ კურტანიძემ დააპროექტა.

ვაზიც დიდი ხანია გაშენებული გვაქვს, ხვიარა მცენარეებიცა და ყვავილებიც. მას შემდეგ, რაც ეზო გავაფართოეთ, ტროპიკული მცენარეებითაც გავამრავალფეროვნეთ - ბამბუკიც ახალია და ბანანიც.

- ახალციხეში მკაცრი ჰავაა. რატომ გადაწყვიტეთ ან როგორ გარისკეთ ეზოში ტროპიკული მცენარეების გახარება? - უპირველესად იმიტომ, რომ სუბტროპიკული ხვიარა ჟასმინი, რომელიც წლებია, კედელზე სუროს გვერდით გვაქვს გაყოლებული, მშვენივრად ხარობდა. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ზღვის ჰავა და იქაური მცენარეები. სტუმრები გვყავდნენ აფხაზეთიდან, გალიდან, მათ დავაბარეთ და მეორედ რომ ჩამოვიდნენ, 4 ძირი ბანანი ჩამოგვიტანეს, ქოთანშიც ჩავრგეთ და ღია გრუნტშიც. ზამთარში ქოთანი სახლში შემოვიტანეთ, გარეთ დარჩენილი კი შევფუთეთ. ორივემ გაიხარა, მაგრამ ეზოში მშენებლობა გვქონდა და ნაწილი, ალბათ, მტვერმა გააფუჭა. გადარჩენილი ორი ძირი ზამთრობით ისე შემოიძარცვავს ფოთლებს, გეგონება, მოკვდაო, მხოლოდ ღერო რჩება, მაგრამ მაინც ვფუთავთ ან ქოთანში ვრგავთ და ოთახში შეგვაქვს. გაზაფხულიდან, ჩვეულებრივ, იღვიძებს და კვლავ იფოთლება.

- რა გითხრეს, ნაყოფს მოისხამსო?

- ნაყოფს ახალციხეში კი არა, საქართველოს ვერც ერთ კუთხეში ვერ ისხამს, რადგან ბანანს ტროპიკული ჰავა სჭირდება. მხოლოდ შიდა კახეთში ისხამს ძალიან პატარა ნაყოფს, ისიც იმიტომ, რომ კახეთში მცხუნვარე მზე იცის. მე იმიტომ გავაშენე, რომ მაინტერესებდა, გაიხარებდა თუ არა და რაც მთავარია, ბანანი თითქმის მარადმწვანეა, ლამაზი და ეგზოტიკური. ბალახიც მარადმწვანე დავთესეთ, ძალიან ალამაზებს ეზოს.

- ბამბუკები ზღვისპირეთიდან ჩამოიტანეთ? - ბამბუკები 5-6 წლის წინ კახეთიდან ჩამოვიტანეთ, აღმოსავლეთის ჰავასთან იყო ადაპტირებული და ვიფიქრეთ, ეგებ სამხრეთისასაც შეჰგუებოდა. ეზოში, შეიძლება ითქვას, მიკროკლიმატი გვაქვს - ქვის კედლებით ისეა შემოსაზღვრული, რომ მცენარეებს ახალციხური ქარი ნაკლებად აწუხებს. სახლის წინ ჩავრგეთ, ღეროები 1 მეტრამდე იყო, ხშირად ვრწყავდით და დილაობით ვზომავდით - ყოველდღიურად 12 სანტიმეტრს იმატებდა, შემდეგ შეანელა ზრდა, რადგან ნიადაგი ცოტაა, ირგვლივ სულ ბეტონია და კვების არეც მცირე აქვს. ჩანს, უკვე მაქსიმალურად აითვისა ის არე და გაცილებით ნელა იზრდება. ზოგი კარგადაც გამსხვილდა. ბამბუკს გაწოლილი ფესვები აქვს და იქიდან უკვე ახალ-ახალი ბამბუკები ამოიწვერა. ისიც მარადმწვანეა და ძალიან მოუხდა ჩვენს ეზოს.