ვარხვზე მონადირე(ე)ბი - კვირის პალიტრა

ვარხვზე მონადირე(ე)ბი

"მიუხედავად იმისა, რომ ვარხვის ხორცი საკვებად არ გამოდგება, წითელ ნუსხაში შეტანილ ამ ფრინველს ხშირად მონადირეები გასართობად ესვრიან"

სამიოდე წლის წინ თბილისის ზოოპარკში ორი ქოჩორა ვარხვი მიიყვანეს. ერთი მუცელში იყო დაჭრილი, მეორე - ფრთაში. მართალია, ისინი გამოაჯანმრთელეს, მაგრამ ბუნებას ვეღარ დაუბრუნეს. ორნითოლოგების თქმით, ფრთაში დაჭრილი ფრინველების ბუნებაში დაბრუნება რთულია: ჭრილობის გამო კუნთების ატროფია ვითარდება და მათ ფრენა უჭირთ ან აღარ შეუძლიათ. ამ იშვიათ და საინტერესო ფრინველზე ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი გვესაუბრება.

- ვარხვი რომ სანადირო ფრინველი არ არის, ცნობილია, მაგრამ მასზე მაინც ნადირობენ. რა არის ამის მიზეზი?

- მიუხედავად იმისა, რომ ვარხვის ხორცი საკვებად არ გამოდგება, მას მაინც ხშირად ესხმიან თავს მონადირეები. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა მონადირეები მას გასართობად ესვრიან, ამიტომ დაჭრილი ან მკვდარი ვარხვები ტბის ნაპირებზე შეიძლება ყოველწლიურად ნახოთ. რამდენიმე მათგანი თბილისის ზოოპარკსაც ჰყავს. ისინი ბუნებაში ვეღარ გაუშვეს, რადგან ფრთები ჰქონდათ დაზიანებული და ვეღარ დაფრინავდნენ. როდესაც იშვიათ სახეობას, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი, ასე დაუნდობლად ექცევიან, დიდი პრობლემაა. მსოფლიოში ვარხვს ადრე `მოწყვლადი~ სახეობის სტატუსი ჰქონდა, ახლა გადაშენების საფრთხესთან ახლოს მყოფი სახეობის სტატუსი აქვს, საქართველოში კი ეს ფრინველი წითელ ნუსხაშია შესული.

- რით არის ვარხვი საინტერესო და გამორჩეული?

- ვარხვი დიდი ზომის, მძიმე ფრინველია. მსოფლიოში ვარხვის რვა სახეობას გამოყოფენ, საქართველოში კი ამ ფრინველის ორი სახეობა გვხვდება - ვარდისფერი ვარხვი და ქოჩორა ვარხვი, რომელსაც ზოგჯერ ხუჭუჭა ვარხვსაც ეძახიან. ვარხვი ჯავახეთის ზეგანზე ბუდობს, უფრო სწორად, იქაურ ტბებზე. ყველაზე დიდი რაოდენობით ეს ფრინველი კარწახის ტბაზე გვხვდება. ვარხვები ჯგუფებად ერთიანდებიან და დიდ კოლონიებს ქმნიან. შესაძლოა, ერთ კოლონიაში 200-300 ფრინველიც კი შეგვხვდეს.

ვარხვს დამახასიათებელი გარეგნობა აქვს: გარდა იმისა, რომ მასიური ფრინველია, აქვს ნისკარტი და ჩანთასავით გამონაზარდი. ვარდისფერ ვარხვს, ჩვეულებრივ, ერთი ბარტყი ჰყავს, ხოლო ქოჩორა ვარხვს - ორი.

- ისინი ერთმანეთისგან სხვა ნიშნებითაც განსხვავდებიან? - დიახ, უპირველესად მათი შეფერილობაა განსხვავებული. ქოჩორა ვარხვს მოთეთრო-მონაცრისფრო შეფერილობა აქვს, ხოლო ვარდისფერი ვარხვი გამრავლების პერიოდში ძალიან ლამაზი, ვარდისფერი შეფერილობით გამოირჩევა, თუმცა როდესაც გამრავლების პერიოდი გადაივლის, მისი შეფერილობა ფერმკრთალდება და იცვლება. ქოჩორა ვარხვი ზომით ვარდისფერზე დიდია, ზრდასრული ინდივიდის სიგრძე შეიძლება 183 სანტიმეტრსაც აღწევდეს და 15 კილოგრამს იწონიდეს. ვარდისფერი ვარხვის სიგრძე 180 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო წონა 10-12 კილოგრამია. ქოჩორა ვარხვი უფრო პატარა ჯგუფებად ერთიანდება ან ინდივიდუალურად მოიპოვებს საკვებს. შეიძლება ერთ ჯგუფში მხოლოდ 1-2 ფრინველი იყოს, ხოლო ვარდისფერი ვარხვები დიდ ჯგუფებად იკრიბებიან და ჯგუფურად თევზაობენ. ისინი თევზებს წრეში მოიქცევენ და იჭერენ. იმის გამო, რომ ვარხვები, ძირითადად, თევზით იკვებებიან, სერიოზული პრობლემაა წყალსატევების არასწორი გამოყენება: როცა ტბაში ზედმეტ თევზს იჭერენ, იქ თევზის რაოდენობა მცირდება და ვარხვებს საკვები აღარ რჩებათ.

- ეს ფრინველები მხოლოდ თევზით იკვებებიან? - ორივე სახეობა ზოგჯერ ფრინველებზეც არ ამბობს უარს, მაგრამ ვარხვის ნისკარტი და აღნაგობა თევზებზე სანადიროდ არის ზედგამოჭრილი. ისინი, ძირითადად, წვრილი თევზების გუნდებზე ნადირობენ. თუ ყანჩები წყალში დგანან და თითო თევზს ეძებენ, ვარხვები ცდილობენ, თევზის დიდი გუნდი სადმე მიიმწყვდიონ და მერე შეჭამონ. დიდი ნისკარტი და ჩანთა ნადირობის პროცესში ძალიან ეხმარებათ, რადგან ნანადირევს ამ ჩანთაში ინახავენ.

რაკი ვარხვი დიდი ზომის ფრინველია, ამიტომ დღეში 1 კგ-ზე მეტი საკვების მიღება შეუძლია.

საკვების მოსაპოვებლად ვარხვები კარწახის ტბიდან სხვა ტბებზეც დაფრინავენ. მათი ნახვა ჯავახეთის ზეგანზე ყველა დიდ ტბაზე შეიძლება. აღსანიშნავია, რომ ზამთარში ორივე სახეობა მიგრირებს - ჯავახეთიდან სამხრეთისკენ მიფრინავენ და გაზაფხულზე ბრუნდებიან. რაც შეეხება სხვა ადგილებს, ბარტყობის პერიოდში ვარხვი, შესაძლოა, დაბლობებზეც შეგვხვდეს, მაგალითად, კოლხეთის დაბლობზე, პალიასტომის ტბის ნაპირებზე, ყულევისა და ჭურიის ჭაობებში და მცირე ზომის ტბებზე.

გადაფრენის დროს ვარხვის კოლონიები ჭოროხის დელტაშიც გვხვდებიან. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ვარხვი აქაც გვხვდება. ზამთრის პერიოდში ეს ფრინველი შეიძლება თბილისის ზღვაზეც კი ნახოთ. ალბათ, მკითხველს აინტერესებს, სად იზამთრებენ ვარხვები. ძირითადად, ჯანდარისა და კუმისის ტბებზე, ასევე - მტკვრის, ალაზნისა და ივრის აუზების პატარა ტბებზე, თუმცა ზამთარში ვარხვები საქართველოში მაინც ცოტა არიან.

- ეს ორი სახეობა ყველაზე დიდი რაოდენობით სად ბინადრობს?

- ორივე სახეობა - ვარდისფერი ვარხვიც და ქოჩორა ვარხვიც, უმეტესად ევრაზიაშია გავრცელებული. ქოჩორა ვარხვი შედარებით ცოტაა, ვიდრე ვარდისფერი ვარხვი. ყველაზე ბევრი ქოჩორა ვარხვი საბერძნეთში ბინადრობს. ვარხვები ასევე გვხვდებიან თურქეთში, ყაზახეთისა და რუსეთის სტეპებში და სხვ.

- როგორია გარემო, სადაც ვარხვი ბუდეს იკეთებს და ბარტყებს ჩეკს? - ვარდისფერი ვარხვიც და ქოჩორა ვარხვიც მიწაზე ბუდობენ, უფრო წყვილებად, მაგრამ ბუდეებს ხშირად რამდენიმე წყვილი ერთად აკეთებს - ეს მოვლენა ფრინველებში ხშირია. ორივე კრუხობს - დედალიც და მამალიც, ანუ კვერცხზე ორივე რიგრიგობით ჯდება. ბარტყებზეც ორივე ზრუნავს. ვარხვი თავის ბარტყებს ჩიჩახვიდან ამოღებული თევზით კვებავს - იქ იმარაგებს საკვებს და საჭიროების შემთხვევაში იყენებს.

- თუ არის დადგენილი, დაახლოებით რამდენი ვარხვი ბუდობს საქართველოში? - კარწახის ტბაზე ვარდისფერი ვარხვის 280-მდე ბუდეა, ქოჩორა ვარხვის კი 50 წყვილი ბუდობს. ამ ფრინველის რიცხოვნობა ტბებში თევზის რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუ თევზი გაქრება, იმ ტერიტორიიდან ვარხვიც ქრება. ზუსტად იმასაც ვერ გეტყვით, მათი რიცხვი საქართველოში შემცირდა თუ არა, რადგან გასულ ათწლეულებში ეს ფრინველი არასოდეს აღრიცხულა. მხოლოდ ილიას უნივერსიტეტმა მოაწყო კვლევა რამდენიმე წლის წინ. ამ ფრინველის შესწავლისას მთავარი სირთულე ის არის, რომ ვარხვები თურქეთისა და საქართველოს სასაზღვრო ზონაში ბინადრობენ და მათზე დაკვირვება ტელესკოპით მხოლოდ ნაპირიდან შეიძლება. თურქეთის ტერიტორიაზე ჩვენ ვერ გადავდივართ, ამიტომ ძნელია ითქვას, რამდენი ვარხვი ბუდობს საქართველოში.

ხათუნა ჩიგოგიძე