"წლეულს რუისპირში დიდი კალო გაილეწა" - კვირის პალიტრა

"წლეულს რუისპირში დიდი კალო გაილეწა"

"ქართულ ხორბალს მეტი ყურადღება სჭირდება, განსაკუთრებით, ძველ ჯიშებს"

"ეფიცხებიან მზეს თავთავები,/ მზეც, თავთავებიც არის ყვითელი,/ ბერიკაცები კალოს უვლიან,/ უქცევენ ნიჩბით და ორთითებით," - წერდა გიორგი შატბერაშვილი ლექსში "კალოობა" და ამ თემას არაერთი პოეტის, მწერლის, მხატვრის შემოქმედებაში შევხვდებით, რეალურ ცხოვრებაში კი - უკვე იშვიათად.

კალოობა პურეულის ლეწვის პერიოდია, რომელიც წინა საუკუნეებში აუცილებელი, ხანგრძლივი, შრომატევადი სამეურნეო საქმიანობა იყო, ივნისიდან იწყებოდა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სექტემბრამდე გრძელდებოდა. მთაში, დახურულ კალოზე, ხორბლეულს ზამთარშიც ლეწავდნენ.

კალო პურეულის სალეწი ადგილია, რომელსაც საქართველოს ყველა კუთხეში აწყობდნენ, სადაც კი პური მოჰყავდათ. მას, ძირითადად, სწორ, გაშლილ ადგილზე მართავდნენ, რისთვისაც ზოგან მიწური სახლის ბანსაც იყენებდნენ. კალოზე პურს კევრით ან ქვის დაკბილული მორგვებით ლეწავდნენ. კევრში უმთავრესად ხარებსა და კამეჩებს აბამდნენ. ლეწვის დასაჩქარებლად სალეწს ფიწლით აბრუნებდნენ, რასაც კალოს ქცევა ერქვა. ფიწლით ქცევის დროს "კალოს გულის გამოღება" იცოდნენ - ნალეწის გახვეტა კალოს ნაპირებისკენ, რათა კევრის კოხებს მიწის ზედაპირი არ აეჩიჩქნა. ნალეწი კალოს შუაგული არნადით (ბზისა და ხვავის სახვეტი) მოსუფთავდებოდა. ხვავს ჯერ ფიწლით, შემდეგ ნიჩბით ანიავებდნენ, რასაც ნიჩაბში გამოყვანას ეძახდნენ. შემდეგ ხორბლის ხვავს ჯერ ცხავში ატარებდნენ, შემდეგ - ცხრილში. გაცხრილული ხორბალი სახლში მიჰქონდათ, ზოგჯერ კი კალოზევე მოწყობილ პურის ორმოებში ინახავდნენ.

კალოს რიტუალური ფუნქციაც ჰქონდა - წმინდა ადგილად მიაჩნდათ. კალოზე დარჩენილ ხვავში ავი ძალისგან დასაცავად რკინას ჩატოვებდნენ ან ხვავის თავზე ტყემლის ტოტს ჩაასობდნენ. ძველად კალოს "მონათვლა" ცხვრის დაკვლითაც სცოდნიათ. იქვე გაჰქონდათ ახალი მოსავლის პირველი გამომცხვარი პური.

კალოობა შარშან ზაფხულს სოფელ რუისპირში ბიომეურნე გიორგი ალადაშვილმა აღადგინა და სახალხო ზეიმადაც აქცია. მას მოსავალი ძველი, მამაპაპური წესით მოჰყავს და ქართული ხორბლის გალეწვაც ძველი წესით გადაწყვიტა. მის მამულში წლეულსაც უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი და კალოობაშიც მიიღო მონაწილეობა.

გიორგი ალადაშვილი:

- წინა თაობა რომ ჰყვებოდა, კალოობაზე ვიკრიბებოდით და საქმის გარდა, კარგადაც ვერთობოდითო, ეს მე არ მინახავს - ჩემს ბავშვობაში ასეთი რამ აღარ ხდებოდა, ამიტომ მომინდა ამ ყველაფრის აღდგენა, კალოობის მოწყობა - ხორბლის კალოზე გალეწვა.

ქართულ ხორბალს მეტი ყურადღება სჭირდება, განსაკუთრებით, ძველ ჯიშებს; უნდა აღდგეს, ამასთან, საქმის კეთებისას ხალხის გაერთიანებაც აუცილებელია - ძირითადად, ეს სამი რამ იყო მიზეზი, რის გამოც მასშტაბური კალოობის მოწყობა გადავწყვიტე. საბოლოოდ კი ყველაფერი ქართულ საქმეს გამოადგება, თან უფროსი ადამიანებისთვის წარსულის კარგი ტრადიციისა და მოგონებების გაცოცხლებაა.

საუკუნეების წინ კალოობაზე ხორბლის მთელი წლის მარაგს ლეწავდნენ. ამ საქმეში მთელი სოფელი მონაწილეობდა და ზეიმობდა... ხორბლის მოსავლის გალეწვას ორი კვირიდან 20 დღემდე სჭირდებოდა, თავთავის გათავისუფლებისა და განიავების ჩათვლით. ამის მერე კი მშვიდად იყვნენ, რადგან ფქვილი ჰქონდათ.

წლეულს კალოობა მეორედ მოეწყო. უამრავი ხალხი თავისი ინიციატივით მოვიდა. შარშან ისე მოეწონათ, მთელი წლის განმავლობაში მეკითხებოდნენ, როდის იქნებაო? წლეულს უკვე დიდი კალო გაილეწა, ყველაფერი კი კახური ღორის მწვადითა და ქვევრის ღვინით დასრულდა...

- ანუ საკუთარ ხორბალს ლეწავთ და ამ პროცესის მონაწილედ უამრავ ადამიანს აქცევთ...

- ხორბალი 40 მეასედზე მომყავს, ანუ სულ ნახევარი ჰექტარია. შემდეგ იფქვება და მისგან გამომცხვარ პურს ჩემთან მეურნეობაში მოსული სტუმრები მიირთმევენ.

- რამდენი ადამიანი მონაწილეობდა გალეწვაში და რამდენი ხორბალი გაილეწა? - ძველი მეთოდებით ვლეწავთ და 600-700 კილო გამოდის. თავთავები ჯერ ხელით იჭრება, შემდეგ იკვრება ძნები და ყანაში ლაგდება. უკვე გალეწილი ხორბალი სუფთავდება, ერთ ადგილას გროვდება და ბინავდება...

კევრში ცხენია შებმული. ზოგჯერ ხარებსაც აბამენ და ისინი აბრუნებენ კევრს. უკან ვინმე უნდა იდგეს, ზოგჯერ ბავშვები სხედან, თუ არადა ჩვენ ვდგებით, რომ სიმძიმე ჰქონდეს.

ამ ყველაფერს უცხოელები ცნობისმოყვარედ უყურებენ. წლეულს რაც კი ქვეყნის მასშტაბით ტური იყო დაგეგმილი, მგონი, ყველა ჩემთან მოიყვანეს. მნიშვნელოვანია, როცა იგებენ ამის შესახებ, უყურებენ ყველაფერს. ნანახით ყველა აღფრთოვანებულია.

- თქვენთვის რას ნიშნავს ეს ყველაფერი? - მთავარი ის არის, რომ პური და ღვინო განუყრელია. რამდენი ჯიშის ქართული ხორბალია, ბევრსაც მოჰყავს, მაგრამ ისინი საერთო საქმის გარშემო არ ერთიანდებიან. მე ეს შევძელი. მინდოდა, კალოზე ჩვენი ხორბალი გაგველეწა და არა - უცხოეთიდან ჩამოტანილი.

- რას ურჩევდით სხვებს, რას უნდა მიაქციონ ყურადღება? - ჯერჯერობით უნდა მიეჩვიონ ხარისხიანი პროდუქტის მოყვანას - რაც უნდა იყოს, მწვანილით დაწყებული, ყურძნით დამთავრებული - რომ ჩვენც კარგი მივიღოთ და სხვებსაც ასეთი შევთავაზოთ. ასე გამრავლდება ხარისხიანი პროდუქტი ქვეყანაში. მონდომებაა საჭირო, თორემ შეუძლებელი არაფერია. ყველას არ შეუძლია ბოსტანში, ყანაში, ვენახში მუშაობა, მაგრამ ვისაც ამისკენ გული მიუწევს, უნდა გააკეთოს. საქმე იმისთვის არ უნდა გაკეთდეს, რომ მოდურია, არც ის შეიძლება, სხვამ გააკეთოს და შენ დაიბრალო. შენს საქმეს სხვა ვერ გააკეთებს.

- ხორბლის, ვენახისა და მეღვინეობის გარდა თქვენს ბიოდინამიკურ მეურნეობაში კიდევ რა პროცესები მიმდინარეობს? - თქვენ ადრე ჩემს ვენახზეც დაწერეთ, რომელსაც მთვარის კალენდრის მიხედვით ვამუშავებ. გარდა ამისა, ცოტა ფუტკარი, ქათმები, ღორები, ძროხა გვყავს, რამდენიმე ცხვარიც... გვაქვს ძველი ქართული ტრადიციით აშენებული მარანი.