ლაგოდეხში კურკით გახარებულმა კაკალმა თეთრიწყაროშიც იხარა! - კვირის პალიტრა

ლაგოდეხში კურკით გახარებულმა კაკალმა თეთრიწყაროშიც იხარა!

"იანვარი მართლაც საუკეთესო დრო აღმოჩნდა ნერგების გახარებისთვის"

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ჯორჯიაშვილის მკვიდრმა გიორგი დალაქიშვილმა ბავშვობიდან იცის მიწის ფასი. პროფესიით ელექტროინჟინერმა გადაწყვიტა, შემოსავალი ინტენსიური - დაბალი ხეხილის ბაღების გაშენებით მიეღო. პირველად სხვადასხვა ჯიშის კაკლით დაიწყო, მერე კი მაყვლითა და ნუშით განაგრძო. 5 წელიწადია საქმიანობს და შარშან უკვე მოსავლის გაყიდვაც დაიწყო. მის შესახებ "პალიტრის" მკითხველმა შეგვატყობინა - 33 წლის კაცმა მამაპაპეული მიწები ედემად აქცია, მეგობრებიც აიყოლია, ჩემი აზრით, ამ ამბავს სამაგალითოდ წარმოჩენა სჭირდებაო.

- დღე არ გავიდოდა ჩემს ბავშვობაში, სოფელში მშობლებისთვის საქმეზე ხელი არ წამეკრა... თავიდან მიწაზე საქმის წამოწყება არც მიფიქრია. პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტროინჟინრის პროფესია შევისწავლე, ამ პროფესიით ახლაც ვმუშაობ წალკის მუნიციპალიტეტში. ორ კვირას იქ უნდა ვიყო და ორ კვირას თავისუფალი ვარ. სწორედ ამ დღეებს ვიყენებ მეურნეობის მოსავლელად.

- როგორ დაიწყეთ? - ლაგოდეხში ვიყავი და იქ ბერძნული, დაბალი ჯიშის კაკლის ბაღი ვნახე. მომეწონა და ნერგები მოვიკითხე. მირჩიეს, იანვარში წაიღე, საუკეთესო დროა დასარგველად, სიცხეების დადგომამდე გაზრდა-გაძლიერებას მოასწრებსო. ასეც მოვიქეცი და იანვარში 100 ნერგი დავრგე ბაღში.

- იანვარში?!

- დიახ. მართლაც საუკეთესო დრო აღმოჩნდა ნერგების გახარებისთვის. ეს კურკაზე ამოსული ნერგები იყო და არა ნამყენი, რომელიც კურკისას სჯობია, მაგრამ ბერძნული კაკლის ნამყენი ნერგი არ არსებობს და მეც დავყაბულდი. უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ - 100 ძირიდან 70 საუკეთესოდ მსხმოიარე გამოდგა. ჩემი დამსახურება ამ საქმეში ის იყო, რომ ზაფხულისთვის წვეთოვანი მორწყვის სისტემა დავუყენე საკუთარი სახსრებით. ზაფხულში ნერგებს თუ არ მოვრწყავდი, ბაღი გადამიხმებოდა. შრომა დამიფასდა - არც მეტი არც ნაკლები, კაკალმა მეორე წელიწადს მოისხა პატარ-პატარა კაკლები. ნერგების სიძლიერეს გავუფრთხილდი და პირველი ნაყოფი შევაცალე. მეორე წელიწადს კი ლაგოდეხელების ბერძნულმა კაკალმა მართლაც უხვი მსხმოიარობითგამახარა. დავრწმუნდი, კაკლის ბაღის გაშენება ღირდა, იმ წელს ჩანდლერის ჯიშის კაკლის 500 ნერგიც შევიძინე და დავრგე.

- ჩანდლერი ძნელი მოსავლელია, "ფრთხილი" ჯიშია, ადვილად ხმება...

- მოუვლელად არაფერი ხარობს, მაგრამ ისე ძნელიც არ არის, რომ ვერ შეძლო. არ ვემხრობი ნერგების ქიმიური სასუქით კვებას, როცა გვაქვს ძველებური ნაკელი. ყოველ გაზაფხულზე ფესვებთან გამომწვარ ნაკელს ვუყრი და ჩავუბარავ. აუცილებლად ვსხლავ, ხეები მაღალი არ უნდა იყოს, რომ სიმაღლის ხარჯზე მსხმოიარობამ არ მოიკლოს. სხვლა კვირტის გაშლამდე იწყება. რთული ოპერაციაა, მაგრამ შევისწავლე.

- ჩანდლერმაც მეორე წელიწადს მოისხა, როგორც ბერძნულმა კაკალმა? - რა თქმა უნდა! პირველი ნაყოფი ჩანდლერსაც გავაცალე, შარშან კი ორივე ჯიშის კაკლიდან 200 კილოგრამი კაკალი მივიღე. ეს დასაწყისი იყო, წლეულს ამ ბაღებს ისე ასხია, შეხედვა გესიამოვნება.

- 200 კგ არ არის ცოტა პირველი მოსავლისთვის, მით უფრო - ზამთარში, როცა ქართული კაკლის ფასი მაღალია. - ჩემი აზრით, ჩანდლერის, ბერძნული თუ სხვა ჯიშის კაკალიც ოდესმე ქართულ ჯიშებად იქცევა. ისინი ხომ ქართულ მიწაზე ხარობს. სხვათა შორის, ჩანდლერი ისე ჰგავს ქართულ კაკალს გემოთიც და ცხიმიანობითაც, რომ გარჩევა გაგიჭირდებათ.

- მაინც უნდა მითხრათ, რა განსხვავებაა ქართულსა და უცხოურ კაკალს შორის. - პირველი ის არის, რომ ჩვენ ქართული კაკლის გემოს ვაღიარებთ. თანაც უცხო ჯიშების ერთი ძირი, დიდი-დიდი, 30 კგ კაკალს თუ მოისხამს, ჩვენებური კაკლის ერთ ძირზე კი ასეულობით კილოგრამიც შეიძლება ჩამოვიდეს. ახალი ჯიშები 40 წლამდე ცოცხლობს, ჩვენებური კაკალი კი რამდენიმე ასეულ წელს აღწევს... სამაგიეროდ, ახალი ჯიშები ადამიანს საშუალებას აძლევს, მალე იხილოს შრომის შედეგი. ესეც სტიმულია, ჩვენებურ კაკალს მოსავლამდე 8-10 წელიწადი სჭირდება! ოჯახში მამაპაპური კაკალიც მაქვს, რომელიც ნახევარ ტონამდე მოსავალს იძლევა და ბაზარზეც ყოველთვის გაგვქონდა. კაკალი იმითაც არის კარგი, რომ ბაზარზე გატანისთანავე ქრება. ჭარბ მოსავალს კი დღეს თუ ვერ გაყიდი, ხვალ გაიტან ბაზარზე - პროდუქტი მალფუჭებადი არ არის. აი, უეკლო მაყვლის მოსავალთან დაკავშირებით კი უკვე შეფიქრიანებული ვარ. შარშან მაყვლის მოსავალი სახლიდანვე გავყიდეთ, წლეულს კი ალბათ ჭარბად მოვა და გაყიდვისთვის რამის მოფიქრება დამჭირდება.

- ბაღების მოვლაში ვინ გეხმარებათ? - ოჯახი, ძმა, მეუღლე... დედა ხომ არ ჩერდება! ჩამომჯდარს ვერ ნახავთ... ჩემი პატარა შვილებიც ხანდახან ხელს წამიკრავენ ხოლმე. ახლა მეც ისე ვფიქრობ, როგორც ჩემი მშობლები - ბავშვებმა აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა მშობლების შრომაში, რათა შრომის ჩვევაც გამოუმუშავდეთ და მისი სიყვარულიც ისწავლონ.