"გამიშვი-გამატარე" სვერიდან
"გამიშვი-გამატარე" სვერიდან
"ჩვენი საფუტკრის ფიჭები ჩვენივე სანთლით იბეჭდება, არ იყიდება, არც ჩუქდება, ისევ ფუტკრებისავე კეთილდღეობას ვახმართ"

"მაჩვენე შენი სანთელი და ფიჭა და გეტყვი, როგორი მეფუტკრე ხარ", - ამბობს დამწყები მეფუტკრე რუსუდან კუპრაძე და დასძენს, ვინ ვარ, ჭკუა რომ მეკითხებოდეს, მაგრამ მაინც უზომოდ მიხარია ჩემი შრომის ნაყოფიო. მისი ფუტკრები საღალო სეზონს ზემო იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერში ატარებენ. ფუტკრების მოვლა-პატრონობაში რუსუდანს ოჯახის წევრებიც ეხმარებიან, დედას განსაკუთრებით 11 წლის მარიამის მხარში დგომა ამხნევებს.

-
ვინც ჩვენს პროდუქტს იცნობს, დამეთანხმება, რომ ჩვენი მთავარი გზავნილი სუფთა გარემოში მოწეული თაფლია. თაფლის სისუფთავეში ფუტკრის მოვლის მეთოდიკაც დიდ როლს თამაშობს.
თაფლი შეიძლება იყოს ნატურალური და არ იყოს სუფთა. არსებითია მომთაბარეობის ადგილები, ბიოლოგიურად უვნებელი პრეპარატებით მკურნალობა და სხვა.
ვცდილობთ, ნაკლებად ჩავერიოთ მათ ცხოვრებაში, ფუტკარს ბუნებრივი და
უვნებელი საშუალებებით ვწამლობთ, ხოლო სკებს სტერილური ფიჭებით ვამუშავებთ.
ნახმარი ფიჭები მთლიანად შევცვალეთ და სტერილური სანთლის მოხმარებაზე გადავედით, რაც თაფლს მეტ სარგებლიანობას სძენს.
გვაქვს ყველა სეზონზე აღებული ღალის კომბინაცია - თაფლის მოსავლის ნაზავი, ე.წ. ბუკეტის თაფლი, მასში შედის ცოტა წაბლი და აკაცია, ხოლო დიდი რაოდენობით ცაცხვი და სხვადასხვა თაფლოვანი ყვავილი. ერთ ჩემს საფირმო საიდუმლოსაც გაგიმხელთ: ბუნებრივად, მზის სადნობზე მიღებულ სანთელს სპეციალური დანადგარით ვასტერილებთ, რაშიც კეთილსინდისიერი ადამიანები გვეხმარებიან და სკაში სუფთა ფიჭების სახით ვაბრუნებთ. ჩვენი საფუტკრის ფიჭები ჩვენივე სანთლით იბეჭდება, არ იყიდება, არც ჩუქდება, ისევ ფუტკრებისავე კეთილდღეობას ვახმართ.
რუსუდან კუპრაძე
- როგორ დაინტერესდით ამ საქმით?
- თავიდან ეს ჰობი უფრო იყო. შემდეგ შესწავლის სურვილი გამიჩნდა და მარტო ნამდვილად ვერ შევძლებდი ამდენს, დიდი ინტერესი გამოიჩინა მეუღლემაც, რამდენჯერაც ხელი ჩავიქნიე, იმდენჯერ ახალი სკა მაჩუქა. უკან დახევის ნაცვლად სტიმულს მაძლევდა და ასე ჩამოყალიბდა ჩემი საოჯახო მინისაფუტკრე. ხელოვნების დონეზე ნაკეთები სკები, საფუტკრის ყვავილნარით განაშენიანება, თაფლოვანი მცენარეების დარგვა, მოვლა-პატრონობა მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. მათ გარეშე ასე ვერ "ვიტრაბახებდი". მეხუთე წელიწადია, ჩემი ფუტკრები ავჭალის აგარაკების სიახლოვეს იზამთრებენ, რადგან სოფლად მათი მიმხედავი არავინ მყავს.

- გეგმებზე რას გვეტყვით?
- აგროტურებისთვის სტაციონარის მოწყობას ვგეგმავ. ჩემი ოცნებაა, ოდესმე მაინც დადგეს დრო, როცა შხამქიმიკატებსა და პესტიციდებს აკრძალავენ! ეს ყველაზე მთავარი სატკივარია ნებისმიერი მეფუტკრისთვის, რადგან თაფლის სისუფთავე მეფუტკრის პატიოსნებაზე აღარ არის დამოკიდებული - როცა გარემო დაბინძურებულია, იქ მეფუტკრეს არაფერი გამოუვა! მიუხედავად იმისა, რომ ჯერ წარმატებული არ მქვია და დიდად არც პროფესიონალიზმზე ვდებ თავს, ბედნიერი ვარ, რომ ბევრი კარგი ადამიანი გამაცნო ამ საქმემ. ნდობის მანდატი მომცეს და ვალდებული ვარ ყოველთვის გულწრფელი დამოკიდებულება მქონდეს ყველა ჩვენს თაფლის მოყვარულ მომხმარებელთან. დიდი მეურნეობა არა მაქვს, ჩვეულებრივი საოჯახო ტიპისაა, მაგრამ პერსპექტივა თუ დავინახე, აუცილებლად გავზრდი და ოფიციალურ სახესაც მივცემ.
სხვა რა გითხრათ, ასეთია ჩემი ჯერჯერობით უბრენდო თაფლი. ვცდილობ, ჩვენი საფუტკრის ნობათის მთელი კოლექცია გავაკეთო, სამი წლის დაძველებული თაფლიც მაქვს, უკვე დაკრისტალებული. ბევრის გასაკვირად უნდა გითხრათ, რომ თაფლში კრისტალები სწორედ მის ბუნებრიობაზე მიუთითებს. ეს ერთ-ერთი ნიშანია, რაც ცოცხალ თაფლს მკვდარი, პასტერიზებული თაფლისგან განასხვავებს.

რაც შეეხება მომხმარებლებს, მოკლე ხანში მართლაც "თაყვანისმცემელთა" მთელი არმია შევიძინეთ, თუმცა მათ შორის სახალისო ისტორიებიც გამოერია. ერთმა მკითხა, დიქციაზე გეტყობა, რუსი ხარო და ანტისაოკუპაციო ლოზუნგები მოაყოლა; მეორემ მოწიწებით იკითხა, წინამდებარე ჯირკვლის ანთება მაქვს და თაფლის ჭამა თუ შეიძლებაო (მე რა ვუპასუხე გაბრაზებულმა და დაბნეულმა, აღარ ვიტყვი); მესამემ, კარგა ხანს რომ მისმინა, როცა ჩემი თაფლის ავკარგიანობას ტელეფონით ვუხსნიდი, უეცრად გამაწყვეტინა, უკაცრავად, რომ მოგაცდინეთ, წავალ, ისევ ვინმე გაჭირვებულისგან შევიძენო, და კარგა ხნით დამტოვა ენაჩავარდნილი და გაოცებული. რას ვიზამთ, მომხმარებლის გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ გემოვნებიან პროდუქტზე დავა შეიძლება. მით უმეტეს, როცა მას სიყვარულითა და გულმოდგინებით ქმნი და უფრთხილდები. ჩემმა მეგობრებმა მხიარული სახელები მოუფიქრეს ჩემს თაფლს, ერთი "სატრაბახოს" მირჩევს, მეორე "ბაქიბუქას", მესამემ კი სახელწოდება ჩემი ხასიათიდან გამომდინარე შეურჩია - "გამიშვი, გამატარე". მიყვარს ეს საქმე და ვცდილობ, სული და გული ჩავდო მასში.

კახა მჭედლიშვილი
დოდო
21 სექტემბერი 2019 18:09
წარმატებები რუსკა! შენ უსაზღვროდ მშრომელი დ მიზანდასახული ხარ. რასაც მოინდომებ, ყველაფერს ბრწყინვალედ გაართმევ თავს. ეს საოცრება გოგო, მის მეგობრებსაც არ გვტოვებს უყურადღებოდ. მე და ჩემი შვილები, ყოველთვის ვიღებთ მისგან ნობათებს, სახლში მორთმევით :) რა თქმა უნდა, უგემრიელესი თაფლითაც მოგვამარაგა. გაიხარე შენს საყვარელ ოჯახთან ერთად. მადლიანი, ნიჭიერი, სამართლიანი ხარ და უფალმა მოგცეს ძალა, რომ აასრულო შენი მიზნები.
სოფო
20 სექტემბერი 2019 12:42
ყოჩახ რუსო წარმატყოჩახ მაგარი გოგო ხარ

გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა