სანათას პატარა სამოთხე - კვირის პალიტრა

სანათას პატარა სამოთხე

სანათა საგინაშვილი ახმეტელი ქალბატონია - დაიბადა და გაიზარდა ახმეტაში. ძალიან უყვარს თავისი კუთხე. წლებია სკოლამდელი აღზრდის მუშაკია. "ვმუშაობდი ჯერ აღმზრდელად, მერე საბავშვო ბაღის გამგედ, ბოლო 5 წელიწადია, რაიონის საბავშვო ბაღების ცენტრში მთავარ სპეციალისტად გადამიყვანეს. 78 წლის ვარ. გასულ დეკემბერს განათლების სამინისტროს მასწავლებელთა სახლის ტრენინგი გავიარე და გამოცდაც ჩავაბარე", - გვეუბნება ქალბატონი სანათა, რომელიც ამ ცენტრში საბავშვო ბაღის მეთოდისტებს ხელმძღვანელობს.

"სამსახურს დავანებებ თავს-მეთქი, ვთქვი, მაგრამ იმდენად კარგი კოლეგები მყავს, რომ ჯერ ამის უფლება არ მომცეს... მათი მხარდაჭერით კარგად გადავლახე ტრენინგებიც და მაღალი შეფასება დავიმსახურე - უკვე სერტიფიცირებული ვარ", - გვიამბობს რესპონდენტი, რომელიც მხოლოდ ამ საქმით არ იქცევს ყურადღებას. ის მოყვარული მებაღეა და ეზოში საოცარი ბაღ-ბოსტანი აქვს, რომელსაც გულმოდგინედ უვლის.

- შესანიშნავი ბაღი გაქვთ, სადაც შრომობთ და მისი ხილვა თვალს უხარია. კონკრეტულად რა ხარობს თქვენს ბაღში?

- პატარა ეზოა, ფართობი სახლიანად 600 კვმ იქნება. მცენარეებს წინა ეზოს ნაწილი აქვს დათმობილი. პატარა ბოსტანიც მაქვს, ხეხილიც ხარობს. ბოსტანზე ჩემი შვილები მეუბნებიან, დედა, რად გინდა, წვალობ, ბაზარი აქვეაო, მაგრამ რაიონში რომ ცხოვრობ, თითქოს რაღაც უხერხულობას გრძნობ - რატომ არ უნდა იყოს ეზო მოწესრიგებული? რატომ არ უნდა მქონდეს თუნდაც ბოსტანი? როცა დამჭირდება, გავალ, მწვანილს მოვკრეფ ან პატარა თაიგულს გავაკეთებ - რა არის ამაში ცუდი? მოკლედ მე ჩემი პატარა სამოთხე მაქვს.

- ადრეულ წლებშიც ასეთი იყო თქვენი ეზო? - დედა ძალიან მშრომელი და ძლიერი ქალი გახლდათ. მე მას დიდად არ ვგავარ, უფრო ჩემი შვილები დაემსგავსნენ. ადრეულ წლებში, როცა ამ ეზოს უვლიდა, მე აქაურობას არც ვეკარებოდი - ბოსტანი, ეზო ჩემი საქმე არ იყო. დედა კი სულ მიბიძგებდა, რომ რაღაც გამეკეთებინა, ბოსტანში ან ყვავილნარში გავსულიყავი. გავიდა დრო, ის აღარ არის და მისი საქმეები მე განვაგრძე. დედას წასვლის შემდეგ რაღაცნაირად შემოვბრუნდი და მისი საქმეების მთელი სიმძიმე მხრებზე მე დამაწვა. ეს ეზო ძალიან უყვარდა, აქაურობა წესრიგითა და სიკოხტავით გამოირჩეოდა, აყვავებულ-აბაღნარებული გახლდათ. ყვაოდა ფურისულები, ენძელები, იები, ნარცისები, ტიტები და ასე დაუსრულებლად. ფიტოთერაპიაც აინტერესებდა და ამ მხრივაც გამოირჩეოდა. ბალახებით მკურნალობაც შეეძლო, დადიოდა ტყეში, საიდანაც უამრავი სასარგებლო რამ მოჰქონდა. ეზოში ყველაფერს თვითონ რგავდა და ანაწილებდა. ეზოში ახლაც ხარობს მისი დარგული ხე, რომელზეც სამი ჯიშIის მსხალი დაამყნო.

- მოკლედ, მას შემდეგ, რაც დედა აღარ არის, ეზოს მოვლის სურვილი დაგებადათ... - გაზაფხული რომ დგება და ბუნება იღვიძებს, სურვილი გიჩნდება, უფრო მეტი და მეტი გააკეთო. მიყვარს ყვავილები. ბევრნაირი მაქვს, სეზონის მიხედვით მოყვავილეები. გაზაფხული ფურისულებით იწყება, მათ იები, შროშანები მოჰყვება. ტიტები, იორდასალამები - ყველაფერს ნახავთ აქ, რაც გაზაფხულიდან შემოდგომამდე ყვავის. წლეულს დეკორაციების შეცვლა მინდოდა და შევცდი - ის მცენარეები, რომლებიც უკანა ეზოში უნდა დამეთესა, ამერია და წინ დავთესე. ახლა გაზაფხულზე სხვა გეგმები მაქვს.

"მცენარეებს წინა ეზოს ნაწილი აქვს დათმობილი. პატარა ბოსტანიც მაქვს, ხეხილიც ხარობს" - მარტო მუშაობთ და არავინ გეხმარებათ? - ჩემი შვილები მეხმარებიან, თბილისიდან რაღაცებს მაწვდიან - ნერგი იქნება თუ სხვა რამ მცენარე. ამასთან, აქ ყველა ერთმანეთს იცნობს. კარგი მეზობლები და ახალგაზრდა კოლეგები მყავს, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ და ნერგებს, თესლებს ვუცვლით.

სხვათა შორის, ჩვენს ბაღში დღემდეა დედაჩემის მიერ ტყიდან მოტანილი ფურისულები, რომლებიც ერთწლიანი მცენარეებია, მაგრამ ჩვენთან ყოველწლიურად ამოდის და ყვავის. გაზაფხულზე მოფენილია ხოლმე მთელი ეზო. ხან იმდენია, ვხშირავ, მაგრამ მე მცენარეები ისე მიყვარს, რომ ამოსაგდებად მენანება.

- ბაღის მოვლაზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ... - დაბარვა არ მიწევს, დანარჩენი ოპერაციები, რაც ბაღში ჩასატარებელია, სად რა უნდა დაირგას, ყველაფერი ჩემზეა, მე ვაკეთებ. ვფიქრობ, საიდან უფრო გამოჩნდება ესა თუ ის მცენარე, სად უფრო ლამაზი იქნება და მოიხდენს, დასანახავად რომელი უკეთესია...

ბოსტანი უფრო პატარაა და მოფარებული, მეტი სივრცე ყვავილებს ეთმობა. ფურისულების მსგავსად, იუკებიც (აგავასებრთა ოჯახიდან) ყოველწლიურად მშვენივრად ყვავის.

გაზაფხულზე, როდესაც მზე უკვე კარგად ანათებს და აქაურობას ათბობს, უთენია ვდგები და ეზოში გავრბივარ, რომ დილიდანვე რაღაც გავაკეთო, მერე კი სამსახურში მივდივარ. საღამოს შინ რომ ვბრუნდები, მაშინვე მორწყვას ვიწყებ. თუ რამე გადასარგავია, მასაც მივხედავ. ვცდილობ, არაფრის გაკეთება არ დავაგვიანო. ჩემს ორივე ქალიშვილს საოცარი ხედვა აქვს, მეხმარებიან, იდეებს მაწვდიან, ეზო სად რა მცენარეს მოიხდენს. - ამ საქმიანობას თქვენთვის რა დატვირთვა აქვს?

- უპირველესად, დიდი ხალისი ახლავს, დადებითად მმუხტავს. ძალიან მიხარია, როცა ნახელავს მიქებენ. საერთოდ, ყველაფერი ლამაზი მიყვარს.

- რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

- უპირველესად, მიწასთან მუშაობას, არა აქვს მნიშვნელობა, ყვავილნარში გააკეთებ საქმეს თუ ხეხილის ბაღში. ეს ადამიანს დიდ ენერგიას, დადებით ემოციას აძლევს. ამიტომ საქმე თავად უნდა აკეთო, შენი სულისთვის, განწყობისთვის, ეზო-კარისთვის, ახლობლებისთვის, შვილიშვილებისთვის. ჩემს შვილიშვილს ძალიან უყვარს ახმეტა. ახლა შორს არის, უცხოეთშია, ხშირად მირეკავს და მთხოვს, ტელეფონი ბაღში გავიტანო და ვაჩვენო, ახალი რა გავაკეთე.

ერთი წუთით არ მიჩნდება სურვილი, თბილისში წავიდე და შვილებთან დავჯდე. ბუნებასთან მეტ სიახლოვეს ყველას ვუსურვებ. ეს ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლო და აუცილებელია. ეს ყველაფერი გვიან მოვიდა ჩემთან, მაგრამ მიხარია, რომ მოვიდა. ეს, ალბათ, მიწის ყივილიცაა.