მსოფლიო ბაზარზე კეთილშობილ დაფნაზე მოთხოვნა იზრდება - კვირის პალიტრა

მსოფლიო ბაზარზე კეთილშობილ დაფნაზე მოთხოვნა იზრდება

"ქართული დაფნის საექსპორტო ფასი იზრდება, საიმედო პარტნიორებიც გამოჩნდნენ. ამჟამად ჩვენი დაფნა გადის ყაზახეთში, უზბეკეთში, ბელორუსში... არიან მსხვილი მეწარმეები, რომელთაც მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც გააქვთ ბალტიისპირეთში, პოლონეთში, ნიგერიაში, ფილიპინებზე, ესპანეთში"

ქართულმა დაფნამ, რომელსაც სხვანაირად კეთილშობილ დაფნას უწოდებენ, ბოლო 12 წელიწადში ექსპორტში ნიშა მოიპოვა. ევროკავშირის ბაზარზე ქართული დაფნის მთავარი კონკურენტი ამჟამად თურქეთია, დანარჩენი ქვეყნებისას კი ქართული დაფნის ექსპორტი სჭარბობს. ექსპერტების შეფასებით, ქართული დაფნის გემური თვისებები გაცილებით აღემატება თურქულს. არც არის გასაკვირი - ექსპორტზე, ძირითადად, ბუნებრივად ნაშენი ქართული დაფნა გადის.

XIX საუკუნიდან რუსეთის იმპერიაში ქართულ დაფნაზე დიდი მოთხოვნა იყო - დასავლეთ საქართველოდან 700-800 ტონა დაფნა გადიოდა. კეთილშობილი დაფნა დღესაც მოჰყავთ დასავლეთ საქართველოში, დაახლოებით 1500 ჰექტარზე ხარობს. დაიწყეს დაფნის პლანტაციების გაშენებაც. ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ილია დვალიშვილს ქართული დაფნა ექსპორტზე გააქვს. ის, ფაქტობრივად, გმირადაც შეიძლება ჩაითვალოს როგორც ქართული დაფნის პოპულარიზაციით, ასევე სიჯიუტითაც - დიდი გარჯის ფასად გამართული დაფნის საწარმო რამდენიმე თვის წინ დაეწვა, მაგრამ უკან არ დაუხევია და ეჭვიც არ ეპარება, რომ დაფნის წარმოებას კვლავ ფეხზე დააყენებს.

- ქართული დაფნის წარმოებამ პირადად მე იმხელა სიკეთე მომიტანა, რომ ამ საქმეს თავს არ დავანებებ, მიუხედავად იმისა, რომ საწარმო ხანძარმა გამინადგურა. ეს კულტურა არა მხოლოდ მე მეხმარებოდა შემოსავლის მიღებაში, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე წლებში ბევრ ადამიანს დაეხმარა. მე აფხაზეთის ომის შემდეგაც გამქონდა აფხაზეთის გავლით დაფნა. ამაში აფხაზი მეგზურები მეხმარებოდნენ, ისინიც დაფნით ირჩენდნენ თავს და ჩვენ ერთმანეთის ღალატი არ გვაწყობდა. დაფნა აფხაზეთიდან რუსეთში გაგვქონდა. ჩვენს დაფნას მაშინვე ყიდულობდნენ, სხვა პროდუქცია კი, მათ შორის ციტრუსი, ხალხს გზაში უფუჭდებოდა, მასზე მოთხოვნა არ იყო.

ახლა ბევრი რამ შეიცვალა - ქართული დაფნის საექსპორტო ფასი იზრდება, საიმედო პარტნიორებიც გამოჩნდნენ. ამჟამად ჩვენი დაფნა გადის ყაზახეთში, უზბეკეთში, ბელორუსში... არიან მსხვილი მეწარმეები, რომელთაც მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც გააქვთ ბალტიისპირეთში, პოლონეთში, ნიგერიაში, ფილიპინებზე, ესპანეთში. როგორც ვიცი, ჩვენი ქვეყნიდან წელიწადში 4,5-5 ათასი ტონა დაფნა გადის. ასე რომ, ჩვენი ვანის რაიონი დაფნის ექსპორტს ვერც აუდის, აქ ამდენი დაფნა არ არის, ამიტომ პროდუქცია სამტრედიიდანაც მომაქვს. ვანშიც გვაქვს დაფნის უხვმოსავლიანი სოფლები: ბზვანი, სალხინო, შუამთა, საიდანაც ზოგჯერ ტონა დაფნას ვიბარებთ თითო ოჯახისგან. დაფნის გასაღება არ ჭირს, ამიტომ შეიძლება დიდი რაოდენობითაც დაამზადო.

რამდენიმე თვის წინ, მაისში, დაფნის საწყობთან ერთად 15 ტონა დაფნაც დამეწვა. დიდი სტრესი იყო, ადვილი არ არის ამხელა საქმის ნაცრად ქცევა. საწარმოს აგებაში დიდი შრომა ჩავდე, მაგრამ გონს სწრაფად მოვედი და ახლა დაფნას პარტნიორებთან ერთად ვაწარმოებ.

იმედია, კვლავ გამოჩნდება რომელიმე ორგანიზაცია, რომელიც ახალი საწარმოს აგებაში დამეხმარება.

- დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. თავად მოსახლეობა არ გაბარებთ გამომშრალ დაფნას? - კი, არის ასეთი შემთხვევები. ნედლ დაფნას დაახლოებით 60 თეთრად ვიბარებთ, გამომშრალს - 4 ლარად. 1 კგ გამშრალი დაფნის საწარმოებლად დაახლოებით 5 კილოგრამი ნედლი დაფნაა საჭირო.

ხალხმა რომ დაინახა, დაფნას ფასი აქვს, მცირე საშრობები შეიძინა და დაფნას აშრობენ. ძველს ახალი დაფნა მიუმატეს, გააშენეს.

ეს მცენარე მსხმოიარობას დაახლოებით 7 წლიდან იწყებს. მოვლა დაფნასაც სჭირდება, რომ ხარისხიანი ფოთოლი მოგცეს. კლიენტის მოსაზიდავად საუკეთესო საშუალებები უნდა გამოიყენო. როგორც ვიცი, ამჟამად მთელ ქვეყანაში დაფნას 10 ათასი ოჯახი აბარებს და თითოს დაახლოებით 2 ტონის ჩაბარება შეუძლია წელიწადში. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ დაფნის შემოსავლით შეიძლება ოჯახის რჩენა, მაგრამ გლეხისთვის ეს შემოსავალიც არ არის ურიგო, შემოსავალს მაშინ იღებ, როცა სხვა პროდუქციის სეზონი დამთავრებულია.

დაფნა სექტემბრიდან მაისის ჩათვლით იკრიფება. აბარებენ იანვარ-თებერვალ-მარტშიც, როდესაც სოფელში თითქმის არ არის პროდუქცია, რითაც გლეხი შემოსავალს იშოვის. გაყიდვას რაც შეეხება, არის მსხვილი საწარმოები, რომლებიც რეალიზაციას თავად ახდენენ, თუმცა საშუალო მეწარმეებთან რეალიზატორები თვითონვე მოდიან და გამომშრალი დაფნა საზღვარგარეთ გააქვთ. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ჩვენი დაფნა ვინმეს დაეწუნებინოს.

- ექსპორტზე გასატან დაფნას თავადვე ფუთავთ?

- არა, ეს დისტრიბუტორების ან გადამზიდავი კომპანიების საქმეა. საექსპორტო ქართული დაფნა საუკეთესოდ იფუთება.

კარგია, რომ მსოფლიო ბაზარზე დაფნაზე მოთხოვნა იზრდება. ფასი დამოკიდებულია დაფნის ფოთლის ბევრ მახასიათებელზე, მათ შორის ფოთლის სიგრძეზე, ფერზე, დაზიანებული ფოთლების რაოდენობაზე.

გამომშრალი დაფნა 2 წლის განმავლობაში შეიძლება ვარგისად ჩაითვალოს, თუმცა საუკეთესო მოკრეფიდან 6 თვის განმავლობაშია, სანამ ეთერზეთების სრულ რაოდენობას ინარჩუნებს.