როდის დაისხამს ფულს ბარაქის ხე...
როდის დაისხამს ფულს ბარაქის ხე...
"კრასულასთვის ყველაზე მავნებელი წყლის სიჭარბეა. შეიძლება უწყლობამ იმდენი არ ავნოს, რამდენადაც წყლის დიდმა რაოდენობამ"

"ფულის ხე" საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული მცენარეა. ის წარმატებისა და მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოდ არის აღიარებული. ხალხი ამ მცენარეს დოლარის ხეს, ბედნიერებისა და ბარაქის ხესაც უწოდებს, სპეციალისტები კი მას კრასულად მოიხსენიებენ. რით გამოირჩევა ის სხვა მცენარეებისგან და როგორ უნდა მოვუაროთ? - გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილე მანანა ელბაქიძე.

- არსებობს გადმოცემა, რომ კრასულას ოჯახში
სიმდიდრე შემოაქვს. იმასაც ამბობენ, რომ როდესაც ოჯახში ვინმე ავადმყოფობს, მცენარე ჭკნება, გამოჯანმრთელების შემდეგ კი კვლავ გამწვანდება...

- კრასულას ფოთლები მონეტის ფორმისაა, ალბათ, ამით აიხსნება რწმენა, რომ მას ადამიანებისთვის სიმდიდრე და ბარაქა მოაქვს. ცრურწმენაა, რომ კრასულას გახარება ვინმეს ჯანმრთელობაზეა
დამოკიდებული, თუმცა ნებისმიერ მცენარეს თავისი ენერგეტიკა აქვს და გამონაკლისი არც კრასულაა.

- როგორი მცენარეა ფულის ხე და რით არის გამორჩეული?
- კრასულას არაერთ სახეობას, რომელიც ჩვენში გავრცელებული არ არის, სულ სხვა ფორმის ფოთლები აქვს - შეიძლება იყოს წაგრძელებული, არის სახეობები ვერცხლისფერი ან ჭრელი ფოთლებით, ზოგს ფერადი ზოლი დაჰყვება, არის დაწინწკლულიც. გავრცელებულია ხის მსგავსი კრასულაც, რომელიც სიმაღლეში 1,5 მეტრს მაინც აღწევს. ეს ცხელი ზონის მცენარეა, ძირითადად, გავრცელებულია აფრიკაში, კარგად ხარობს კუნძულ მადაგასკარსა და არაბეთის ნახევარკუნძულზე. მცენარე წყლის მიმართ დიდად მომთხოვნი არ არის, თუმცა ზაფხულის ცხელ დღეებში შედარებით მეტი წყალი სჭირდება. ქოთანს უნდა დავაკვირდეთ და როცა მიწის ზედაპირი ძალიან გამოშრება, მხოლოდ ამის შემდეგ მოვრწყოთ, თანაც წყალი ნადგომი უნდა იყოს, რადგან ონკანიდან წამოსული ქლორიანი წყალი კრასულასთვის, ისევე როგორც სხვა მცენარეებისთვის, ძალიან საზიანოა.

ზაფხულობით კრასულა კვირაში ერთხელ ან მაქსიმუმ ორჯერ უნდა მოვრწყოთ, რადგან სიცხეში ის თავს ჩინებულად გრძნობს.
ზამთარში მისთვის მოსვენების პერიოდია, რომელიც სექტემბრის ბოლოდან თებერვლის ბოლომდე გრძელდება. ამ პერიოდში კრასულას მორწყვა თითქმის არ სჭირდება, ან თვეში ერთხელ წყალი მცირე რაოდენობით უნდა დავუსხათ. ის ოთახის ტემპერატურაზე ცივი არ უნდა იყოს. კრასულა ძლიერ განათებასაც იტანს და მზის პირდაპირ სხივებსაც, მაგრამ მზეზე დიდხანს მაინც არ უნდა გავაჩეროთ. მცენარე შეიძლება სამხრეთის მხარეს მდებარე ფანჯრის რაფაზე ან სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეს მოვათავსოთ. ყველაზე მავნებელი წყლის სიჭარბეა. შეიძლება უწყლობამ იმდენი არ ავნოს, რამდენადაც წყლის დიდმა რაოდენობამ.
კრასულა ბევრი სახეობის არსებობს. განსხვავებულია ყვავილობაც, თუმცა ეს მხოლოდ მცენარის ბუნებრივ არეალში ხდება
- როგორი ქოთანია უმჯობესი ამ მცენარისთვის?
- კრასულას ტოტები და ღეროები ძალიან მყიფეა და ადვილად იმტვრევა, ამიტომ სასურველია თიხის მძიმე, მაღალი ქოთანი შევურჩიოთ, რომელშიც უფრო დაცული იქნება დაზიანებისგან. ის მშვენივრად ხარობს ოთახის პირობებში და განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. თუ ოჯახში პატარა ბავშვია, მცენარე უნდა მოვარიდოთ, რადგან მისი ფოთოლი შხამიანია.
კრასულას როცა მძიმე და განზე გასული ტოტები აქვს, ან საბჯენები სჭირდება, ან უნდა გავკრიჭოთ და გავალამაზოთ, უფრო კომპაქტური გავხადოთ და სასურველი ფორმა მივცეთ. ზოგიერთი სახეობის სიმაღლე რამდენიმე მილიმეტრია, ზოგი კი შეიძლება 3-4 მეტრი სიმაღლისა იყოს. მისი გახარება ძალიან ადვილია:
კრასულას ტოტი შეიძლება ოთახის ტემპერატურის წყალში ან ნიადაგში მოვათავსოთ და ის ძალიან ადვილად დაფესვიანდება. უბრალოდ, ფოთოლს რომ მოვწყვეტთ, 1-2 დღე გამოშრობა უნდა ვაცადოთ - ეს ფესვთა წარმოქმნას შეუწყობს ხელს. ნიადაგშიც მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოვათავსოთ.
ასე კრასულას ფესვები გაცილებით სწრაფად განვითარდება და კარგადაც გაიხარებს.

- ყვავილობს თუ არა ფულის ხე?
- თავის ბუნებრივ არეალში უხვად ყვავილობს, ჩვენთან კი მხოლოდ ორანჟერეაში ან სათბურში. ოთახში იშვიათად ყვავილობს, რადგან მის ფესვთა სისტემას უფრო დიდი სივრცე სჭირდება, ან გარემო ბუნებრივ პირობებთან მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული. კრასულას ყვავილები წვრილი და მოთეთროა, შესაძლოა ზოგიერთ სახეობას მოვარდისფრო, კრემისფერი ან ბორდოსფერი შეფერილობაც ჰქონდეს.

- ზოგჯერ კრასულას ფოთლების ძირში თეთრი ნაფიფქი ჩნდება.
- როცა ტენიანობა მაღალია და ოთახშიც მაღალი ტემპერატურაა, ეს სოკოვანი დაავადების განვითარებას იწვევს. თუ კრასულას დროულად მივეშველებით, იოლად განიკურნება. სოკოს ფუნგიციდებით უნდა ვუმკურნალოთ, მაგრამ ამ პროცედურას შინ არ უნდა მივმართოთ - ქოთანი აივანზე უნდა გავიტანოთ, ან ეზოში და იქ შევასხუროთ. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატით შეწამვლა 2-3-ჯერ მაინც უნდა გავიმეოროთ, რომ შედეგი მივიღოთ. პროცედურები ერთი კვირის ან ათი დღის ინტერვალით უნდა ჩატარდეს.

- რაღაც პერიოდის შემდეგ კრასულა იზრდება და სხვა ქოთანში გადარგვა სჭირდება. როგორ უნდა გაკეთდეს ეს?
- სხვა ქოთანში ამ მცენარის გადარგვა რთულია, რადგან ადვილად მტვრევადი ფოთლები აქვს. კრასულა ჭირვეული მცენარე არ არის და თიხნარშიც კი შეიძლება გავახაროთ. უხდება კაქტუსებისთვის განკუთვნილი სასუქებიც და ნეშომპალაც. რაკი ბევრ წყალს არ საჭიროებს, თუ ქოთნის სადგამზე წყალი დაგროვდება, მაშინვე უნდა გადავღვაროთ. კრასულა წყალში არ უნდა იდგეს, ამან შეიძლება ფესვები დაულპოს. ზამთარში კრასულა არ უნდა დავდგათ იმ ფანჯრის რაფაზე, რომლის ძირშიც გამათბობელია. მცენარის ფოთლებს ადვილად ედება მტვერი, ამიტომ სასურველია, დამტვერილი ფოთლები კარგად გაწურული სველი ტილოთი ან ღრუბლით გავუწმინდოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები