"ფერწერული" ბაღი სახლის სახურავზე - კვირის პალიტრა

"ფერწერული" ბაღი სახლის სახურავზე

"ბაღში 300-მდე ქოთანია. წელიწადში ერთხელ თითოეულს მიწის გამოცვლა და გადარგვა სჭირდება. აუცილებელია მიწის გაფხვიერებაც. ყოველ წელს ბაღს ახალი მცენარეებიც ემატება. ვჩუქნი, ვხშირავ, სხვაგან მიმაქვს და ვრგავ - გამრავლების, გაფხვიერების, სარეველების მოცილების პროცესი მუდმივია. ამინდის შესაბამისად, ყოველი დილის 2-3 საათს აქ ვატარებ"

ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, ერთ-ერთი სახლის სახურავზე, ულამაზესი ბაღია გაშენებული. მისი პატრონი ფერმწერი ლელა ჯინჭარაძეა. მეშვიდე სართულზე ასვლისას საოცარ სიმწვანესა და სილამაზეში აღმოჩნდები, გაგაოცებს მზის გულზე ხასხასა, ფერადი და გულდაგულ მოვლილ-გახარებული მცენარეები.

- მას მერე, რაც და გარდამეცვალა, ფერწერას აღარ მივდევ - ემოცია აღარ მაქვს. ადრე აქტიურად ვმუშაობდი, გერმანიაში გამოფენებშიც ვმონაწილეობდი. დის მკურნალობის პერიოდში რა ფერწერული ნამუშევრებიც გვქონდა, გავყიდეთ... დღეს ჩემი შინაგანი მოთხოვნილება, სურვილები ყოველდღიური საქმიანობით გამოიხატება - ავეჯის, სამკაულის კეთება, ქილების მოხატვა და ბაღის გაშენება-მოვლა. შესაძლოა იმის სრული კომპენსაცია არ არის, რაც შეიძლებოდა ფერწერას მოეტანა, მაგრამ მაინც შემოქმედებითი მუხტის გამოვლენის საშუალებაა.

მიწასთან მუშაობაზე ადრე არ მიფიქრია და არც სურვილი მქონია, ყველაფერი თავისთავად მოხდა, მერე კი ეს ჩემს საქმედ იქცა.

- როგორ დაიწყეთ ბაღის გაშენება მეშვიდე სართულზე? - აქ 2000 წელს გადმოვედით. სადაც ახლა ბაღია, ოთახიდან სარკმელი გამოდიოდა. ჩემმა შვილმა, სალომემ ლიმონის ნერგი მაჩუქა და იმ სარკმელთან დავდგი. კარგა ხნის მერე გაფუჭება დაიწყო და გარეთ გავიტანე. ერთ ქოთანს მეორე, მესამე მოჰყვა და ასე შეივსო ეს სივრცე. მერე მივხვდი, რომ აქაურობისთვის სახე უნდა მიგვეცა და რეკონსტრუქცია დავიწყეთ. არქიტექტურული თვალსაზრისით სერიოზული შრომაა გაწეული.

დღესდღეობით ბაღში 300-მდე ქოთანია. წელიწადში ერთხელ თითოეულს მიწის გამოცვლა და გადარგვა სჭირდება. აუცილებელია მიწის გაფხვიერებაც. ყოველ წელს ბაღს ახალი მცენარეებიც ემატება. ვჩუქნი, ვხშირავ, სხვაგან მიმაქვს და ვრგავ - გამრავლების, გაფხვიერების, სარეველების მოცილების პროცესი მუდმივია. მარტივი სამუშაო არ არის. ამინდის შესაბამისად, ყოველი დილის 2-3 საათს აქ ვატარებ. ვფიქრობ, სამსახური რომ მქონოდა, ეს სივრცე ვერ შეიქმნებოდა.

როდესაც ქალაქიდან გავდივარ, სახლში ჩემი მეუღლე უნდა იყოს. დათოც მხოლოდ რწყავს, სარეველების ამოღებას ვერ ბედავს. აქ ბევრია სხვადასხვა სახეობის მცენარე - სუკულენტები, კაქტუსები, მარადმწვანეები, მოყვავილეები...

ვერ დავიჩემებ, რომ ამ საქმის სრულფასოვანი მცოდნე ვარ. როცა ადამიანი მცენარესთან დაკავშირებით რაღაცას მეკითხება, ყოველთვის ვპასუხობ, რომ ამის ზუსტი რეცეპტი არ არსებობს. მაგალითად, ჩინური ვარდი წარმოუდგენელია თაკარა მზეში, მოჩრდილვა უნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ გარემოსთან ადაპტირებულია. პატარა ნერგიდან ვზრდი. ზამთარში უმრავლესობა სახლში შემომაქვს. ციკასის პალმა მაქვს, რომელიც გაუბედურებული მომიტანეს და უკვე მეექვსე ფოთოლამოყრა აქვს...

- ჩინური ვარდი, ბროწეული, ბალბა, პალმა, ვარდი, აზალია, ტეკომა, გლიცინია, ტუია... ვერც ვითვლი, იმდენია... - ყოველ წელს მგონია, რომ ეს ბროწეული აღარ იქნება, მაგრამ ხარობს. მზის რა გითხრათ და, წვიმის მადლიერი ვარ - როცა მოდის, ცოცხლდება ყველაფერი, მაგრამ ქარი და მზე ძალიან გვიშლის ხელს. ყველაზე იოლად ვარდები ხარობს. მაქვს ორი ცალი პატარა ნაძვი, არის ეონიუმი, ეონიმუსიც.

არასოდეს მითქვამს, ამის მოვლა აღარ შემიძლია ან აღარ მინდა-მეთქი. პირიქით, ამათთან ყოველდღიური ურთიერთობა რომ არ მქონდეს, რაღაცები გამიჭირდებოდა. უდიდესი განმუხტვის შესაძლებლობაა.

აქ დრო ისე გადის, ვერც ვიგებ. დადებითად გმუხტავს და სიცოცხლეს გიხანგრძლივებს, საოცარი ურთიერთდამოკიდებულება მყარდება...

ისე, უბრალოდ, კალამი რომ ავიღო, მოვჭრა და მიწაში ჩავასო, მაშინვე ხარობს. იასამნისფერი ვარდი მაქვს, სურნელოვანი, ულამაზესი. მოსკოვის ერთ-ერთი გამოფენიდან ჩამომიტანეს. დაბალ ტემპერატურაზე ხარობს, სიცხეში კი უჭირს. თავს ვერ დადებ, რომ რაღაცას აუცილებლად გაახარებ, მაგრამ ამ სულიერი არსებების მოვლისას მათ წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა არ უნდა დაკარგო.

- ზოგიერთი მემცენარე, მოყვარული მებაღე ყვავილებს ასე მიმართავს: "ჩემი გოგო", "ჩემი ბიჭი"... თქვენც ხომ არ გახასიათებთ ეს? - პერსონალურად არასდროს მიმიმართავს, თუმცა დავმუქრებივარ. მყავს ფავორიტებიც. დამიჯერეთ, მუქარა ნამდვილად ჭრის. მქონდა ჩინური ვარდი, რომელიც რემონტის დროს გამიფუჭდა. ექვსი თვე ვაკვირდებოდი. არაფერი ეშველა. ბოლოს ვუთხარი, რა გიყო, ამდენ ხანს გელოდე, ახლა ქოთანი უნდა გავათავისუფლო, შენი დრო ამოიწურა-მეთქი. ამოვიღე ფესვით, გადავკრიჭე, 30 სმ დავუტოვე და იქვე, სადაც მიწას ვცრი, საცერზე დავდე, რომ ნარჩენი მიწა იქვე ჩაყრილიყო. ჩემი მეუღლე ყველაფერს განურჩევლად რწყავს ხოლმე და გადაწყვიტა, ისიც მოერწყა, ერთ დღეს კი პატარა ყლორტები შევნიშნე. სასწრაფოდ უკანვე ჩავრგე და წლეულს ყვავილი მომცა... საერთოდ, ჩინური ვარდი სხვადასხვანაირი მაქვს, ყვავილის ფერითა და ფორმით განსხვავებული.

- აქაურობა დასასვენებელი ადგილიც არის. ალბათ, უყვართ აქ სტუმრობა. - კი, ასეა. ეს მაგიდა და სკამები ბუტაფორია არ არის, ცხოვრების ნაწილს აქ ვატარებთ - სტუმრის მიღება, წვეულება... ეს ადგილი გადაღებებისთვისაც გამოუყენებიათ...

- სხვებს რა რჩევებს გაუზიარებთ? - ყველაფერს დაკვირვება სჭირდება. მთავარი პასუხისმგებლობაა. ადამიანი შინ მცენარეს რომ მოიტანს, უნდა იცოდეს, რა არის, როგორ უნდა მოუაროს... თითოეულ მცენარეს ინდივიდუალური მოვლა-პატრონობა უნდა. ზოგიერთი სახლის ყველა კუთხეში ვერ ხარობს, ადგილის შერჩევა სჭირდება და ეს უნდა ვიცოდეთ.

თაკარა მზეში ტროპიკული ყვავილი თავს კარგად ვერ იგრძნობს. ამას ოცწლიანი პრაქტიკის საფუძველზე ვამბობ. ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ დრო ტყუილად არ დავხარჯოთ და იმედი არ გაგვიცრუვდეს. თუ რამე არ ვიცით, არ დაგვეზაროს კითხვა, ინტერნეტში ან წიგნში მოძებნა... თუ ფოთოლს რამე შეესია, მოვწყვიტოთ და სპეციალისტთან წავიღოთ, რომ სწორი პრეპარატით შევწამლოთ...

- რამდენ ხანში ერთხელ წამლავთ? - გეგმური შეწამვლის გარდა, რომელსაც მარტში ვიწყებ, მნიშვნელოვანია ზამთრის გაკრეჭა. თამამად უნდა გავკრიჭოთ. ეს გარანტიაა, რომ გაისად უკეთ იყვავილებს. ზამთარშიც და გაზაფხულზეც ბევრ მცენარეს უნდა გადაბელვა. ნოემბრის ბოლოს ყველა მებაღე მცენარეებს კრეჭს; ადრე გაზაფხულზეც მცირედ ხელს შეავლებს - მოაცილებს, რაც გახმა.

როგორც კი პირველი ახალი ნაყარი წამოუვა, გეგმური შეწამვლა სჭირდება. მცენარეებს უჩნდება ტკიპები, ხოჭოები, სოკო, ჭრაქი, ნაცარი - ყველაფერს თავისი შესაწამლავი პრეპარატი აქვს, ასევე კარგია საპნიანი წლით ფოთლების ჩამოწმენდა. მთავარია, ეს ყველაფერი არ დაგვეზაროს.