ურავლის "მესაზღვრე" კამეჩები - კვირის პალიტრა

ურავლის "მესაზღვრე" კამეჩები

"ეს უძვირფასესი პირუტყვი ლამის გადაშენების პირას მივიყვანეთ!"

ბიზნესი ქვეყნის სულისჩამდგმელია, თუმცა მას სხვა ასპექტებიც აქვს. არის ისეთი ბიზნესიც, რომელიც ქვეყანას ტრადიციულ სფეროს უნარჩუნებს. მესხეთ-ჯავახეთში ახალციხელი ბიზნესმენის, მამუკა ნასიძის მიერ კამეჩის მოშენება სწორედ ამგვარ საქმედ მიაჩნიათ. მან გადაშენების პირას მისული ქართული კამეჩი მოამრავლა და რძის პროდუქტებსაც აწარმოებს. ყველაფერი კი უბრალო ამბით - კამეჩის მაწვნის გასინჯვით დაიწყო, რომელსაც ჯადოსნური გემო აღმოაჩნდა.

- სამი წლის წინ დედაქალაქში ქორწილში გახლდით და პირველად იქ გავსინჯე კამეჩის მაწონი. კამეჩის მაწონი არ მენახა და ლამაზ-ლამაზი ქილებით რომ ჩამოატარეს, დამაინტერესა. საოცრად მომეწონა. თან ქილა რომ გადმოვაბრუნე და მაწვნის წვეთი არ გადმოღვრილა, გავოცდი. ახალციხეში დაბრუნებულმა იმდენი ვიფიქრე ამ ჯადოსნურ პროდუქტზე, რომ გადავწყვიტე, კამეჩის მოშენება და მისი რძის პროდუქტების წარმოება დამეწყო. ბიზნესმენი ბიძაშვილი მყავს. ახალციხეში როცა ჩამოვიდა, დავილაპარაკეთ და მეც დავიწყე - ზოგი ჩემი თანხით, ზოგი ბიძაშვილის დახმარებით. თავდაპირველად ირანი, თურქეთი და აზერბაიჯანი მოვიარე კამეჩის რძის ქარხნების სანახავად. საოცრად მაღალ დონეზე აწარმოებენ კამეჩის რძეს.

- ჩვენთან კამეჩი გადაშენების პირასაა. ქვეყანაში, ალბათ, რამდენიმე ასეული სული პირუტყვი თუ შეგროვდება... - სამი წლის წინ დაახლოებით ასე იყო... ორიენტაცია მეგრული ჯიშის კამეჩზე ავიღე, მაგრამ სამეგრელოში წასვლამდე სოფლის მეურნეობის მეცნიერებს ვესაუბრე. კამეჩის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით ამიხსნეს, მითხრეს, რით უნდა დამეწყო და გამეგრძელებინა საქმე. მერე წიგნებიც მათხოვეს და ჩავუჯექი, ბოლოს კი სამეგრელოში წავედი კამეჩების შესაგროვებლად. ორ თვეში სუფთა ჯიშის 15 სული ფური ძლივს ვიყიდე. ბუღა იქ ვერ ვიშოვე და კახეთს მივაშურე. იქაც დიდი ძებნის შემდეგ მივაკვლიე, ოღონდ სისხლის შეუმოწმებლად არ წამომიყვანია - უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ სუფთა სისხლის იყო, რათა კამეჩი არ გადამეჯიშებინა. ერთი სიტყვით, ბუღა წამოვიყვანე, საკუთარი სახსრებით ახალციხეში ფერმა ავაშენე და გავხდი მეცხოველე.

- ძალიან კარგი, დიდი საქმე დაგიწყიათ. - ეს საქმე საძოვრების არცთუ იოლად მოძიებით გავაგრძელე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კამეჩი ყველა საძოვარს ვერ ეგუება, მე კი სწორედ საძოვრებთან დაკავშირებით დამხვდა ბარიერები, თან - მუნიციპალიტეტის მხრიდან... ნებართვა ავიღეთ და ფერმა ურავლის ხეობაში ავაშენეთ. აქვე ახლოა ურავლის ალპური, განსაცვიფრებელი საძოვრები, რომელთაც კამეჩი ისე შესანიშნავად შეეგუა, რომ როცა სამეგრელოდან ჩამოსულმა სტუმრებმა თავიანთი კამეჩები ნახეს, თვალებს არ დაუჯერეს!

თუ ხელს შეუწყობ, კამეჩი საოცარი ცხოველია. მის რძეს ცხიმიანობა 13% აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, ქოლესტერინი აქვს 0%. ისეთი ჭკვიანია, რომ სრულად ამართლებს ბიბლიურ ლეგენდას - როცა კამეჩი ნოეს კიდობანში მორჩილად შევიდა გადასარჩენად და ნოემ ის დალოცა. დაუჯერებელია, მაგრამ როცა კამეჩი ბრაზდება, ჩვეულებრივად კი არ ბღავის, თითქოს "ნოე-ნოეს" იძახის. უკვე ვეღარ ვძლებ, რომ ალპურ ზონაში ხშირად არ ავიდე და ჩემი კამეჩები არ მოვინახულო. ვერ წარმოიდგენთ, რა საოცრება ხდება: მათი მეთაური ბუღა დამინახავს თუ არა, ერთს დაიბღავლებს, ფურებიც აქეთ-იქიდან მოცვივდებიან და გარს შემომეხვევიან. როცა დაელაპარაკები, ისეთი თვალებით გიყურებენ, თითქოს ისინიც გელაპარაკებიან.

როცა ფულს ამ საქმეში ვდებდი, ბევრი მეუბნებოდა, რას აკეთებ, ფულს რაში ფანტავ, რა კამეჩის რძე, მაგით რა ბიზნესი უნდა გქონდესო, მაგრამ ახლა ნეტავ იმდენი კამეჩის რძე მომცა, რომ მოთხოვნას ავუდიოდე. მაწვნისთვის ევროპული ქილები ჩამოვიტანე, პროდუქცია ჰიპერმარკეტებში შევიტანე და მოთხოვნას ვეღარ ავუდივართ.

რაც შეეხება ყველს, ის, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა მხოლოდ შემოსავლისთვის არ ვინტერესდები ამ საქმით. ისიც მახარებს, ამ არცთუ დალხენილ ქვეყანაში მამაპაპური საქმე რომ აღორძინდება! კამეჩზე ლიტერატურას როცა ვკითხულობდი, ძალიან დამაფიქრა იმ ამბავმა, რომ იტალიას აშშ-ში ყოველწლიურად ასეულობით მილიონი დოლარის ყველი "მოცარელა" შეაქვს, ჩვენ კი ეს უძვირფასესი პირუტყვი გადაშენების პირას მივიყვანეთ!

კამეჩი მეზობელ აზერბაიჯანშიც ძალიან ლაღობს და სწორედ ამ ქვეყნიდან ჩამოვიყვანე 100 სული. ჩვენმა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სპეციალური ჯგუფი გამოყო მათი ჯანმრთელობისა და სისხლის იქვე გამოსაკვლევად. ამჟამად უკვე 200 სული მყავს. მათი გამრავლება რომ არ შეფერხდეს, ურავლის საძოვრებზე ხისგან ფერმაც ავაშენე. იქ ხშირად ვარ, მწყემსებიც კარგი ბიჭები მყავს. თურქეთის საზღვარზე, არტაანთან ახლოს არიან საძოვრებზე და გრძნობენ ამ ადგილების მნიშვნელობას. ათეული წლების წინ აქ ე.წ. თურქი მესხები ცხოვრობდნენ, ახლა კი სულ დაცარიელებულია. ჩვენ ავახმიანეთ იქაურობა, ჩვენი კამეჩები თურქეთის საზღვარზეც კი გადადიან საძოვარზე. პროფესიით ისტორიკოსი ვარ და ასეთ ამბებს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ. აქ ისეთი სილამაზეა, გულში ეჭვი გამკრავს ხოლმე, ხომ შეიძლება, ეს დაცარიელებული ადგილი უცხოს მოეწონოს და დაპატრონება მოინდომოს-მეთქი. არადა, მშვენიერი საძოვრებია, რომელიც სახელმწიფოს ყველა კანონის დაცვით შეუძლია მეწარმეს მიჰყიდოს. ვეხვეწები, მაგრამ ათასნაირი ბიუროკრატიული წინაღობა დამახვედრეს, რომ არ ვიყიდო, არადა, ვერ გამიგია, რატომ. ეკონომიკის სამინისტრო მეუბნება, კანონით შეგიძლია საძოვარი შეისყიდო, მუნიციპალიტეტს მიმართეო, მუნიციპალიტეტი კი ეკონომიკის სამინისტროსკენ იშვერს ხელს. მოკლედ, გამაწვალეს და დამღალეს, თუმცა ჩემი კამეჩები მაინც მრავლდებიან. ის კაცი არ ვარ, ბიუროკრატიული ბარიერების გამო უკან რომ დავიხიო.