სასტუმრო ძაღლებისთვის - კვირის პალიტრა

სასტუმრო ძაღლებისთვის

დღეს იმატა იმ ადამიანთა რიცხვმა, ვისაც შინ ძაღლი ჰყავს. შესაბამისად, გაჩნდა ძაღლის სასტუმროებიც. ძაღლების სასტუმროს პატრონი ანი ჭინჭარაშვილი პროფესიით ფსიქოლოგია და ეს პროფესია ძაღლებთან ურთიერთობაშიც ეხმარება.

- სასტუმროს შექმნის იდეა ძაღლების სიყვარულმა გადაგვაწყვეტინა. ჩვენ არა გვაქვს ვოლიერები, ყველაფერს მე და ჩემი მეუღლე ვუძღვებით. ამჟამად გვყავს 19 ძაღლი და ყველას თავისი კვებისა და ძილის განრიგი აქვს.

- როგორ ხდება სასტუმროში მიღება და რა ჯდება ძაღლის ერთი თვე დატოვება? - ყოველთვის ვცდილობთ, მივიღოთ პატარა ასაკის ძაღლები, ანუ ასაკი შეზღუდული გვაქვს. ძაღლის დატოვება პატრონს ერთი თვე 400 ლარი უჯდება, ამაში შედის ტრანსპორტირებაც. ძაღლები მოგვყავს დილით და საღამოს ვუბრუნებთ პატრონებს.

- პატრონს რამდენი ხნით შეუძლია დატოვოს ძაღლი და რა ჯდება ერთდღიანი ნომერი? - რამდენი ხნითაც უნდათ, იმდენი ხნით ტოვებენ, 1 და 2 თვითაც დაუტოვებიათ. ზოგჯერ დილით მიტოვებენ და საღამოს მიჰყავთ. პატრონს ასევე შეუძლია ნებისმიერ დროს ლაივრეჟიმში ადევნოს თვალი თავის საყვარელ ძაღლს.

თუ რა პროცედურები უტარდება ძაღლებს სალონში, ამისათვის ვეტერინარ ნუკი კობაიძეს ვესტუმრეთ.

- პროცედურები საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადია, ჩვენ არა მარტო ვკრეჭთ ძაღლებს, არამედ ვჭრით ბრჭყალებს, ვუსუფთავებთ თათებს, თვალებს, ყურს და სასქესო ორგანოებს. გვაქვს პატარა"აბაზანა"ძაღლებისთვის და ამ ყველაფრის შემდეგ ვბანთ, ბალანს ვუმუშავებთ სხვადასხვა ხსნარით. შემდგომი პროცედურა გაშრობაა, რისთვისაც ვიყენებთ ფენს. ბოლო ეტაპია დავარცხნა. პროცედურა 2-3 საათს გრძელდება.

- გარდა ძაღლის ჰიგიენურად მოწესრიგებისა, მომხმარებელს შეუძლია თუ არა თავისი ძაღლი შეღებოს, გაუკეთოს ბრჭყალებზე ლაქი ან სასურველი ვარცხნილობა? - გვყავს სტილისტები ძაღლებისთვის, რომლებიც ზრუნავენ მათ სილამაზეზე - იქნება ეს ბრჭყალებზე ლაქი, სხვადასხვა ვარცხნილობა თუ საღებავი, ასე რომ, შეგვიძლია მთლიანად შევცვალოთ ძაღლი.

- დღეში დაახლოებით რამდენი ძაღლი გყავთ მოსაწესრიგებელი და როგორ ხდება თქვენთან ჩაწერა? - დღეში 7-8 ძაღლი გვყავს მოსაწესრიგებელი. მყავს ორი დამხმარე გოგონა, რომლებიც ძალიან მიადვილებენ საქმეს, რადგან ზოგი ძაღლი აგრესიულია.

- როგორ იქცევით, თუ ძაღლი აგრესიულია? - გვაქვს სპეციალური დამამშვიდებელი საშუალებები და ძაღლების პირბადეები, რისი მეშვეობითაც თავიდან ვიცილებთ კბენის რისკს. დამამშვიდებელი პრეპარატები არ არის სახიფათო და არ იწვევს გვერდით მოვლენებს.

- დაბოლოს, რა ჯდება თქვენთან ძაღლის მოვლა? - პატარა ტანის ძაღლების მომსახურება როგორიცაა, მაგალითად, ჩიჰუაჰუა, პუდელი ან კოკერ-სპანიერი, საშუალოდ 50 ლარი ჯდება, ძაღლის სიდიდის მიხედვით ფასიც იზრდება.

ზურა სოლომნიშვილი