კიტრი საზამთროს "ტყავში"
კიტრი საზამთროს "ტყავში"
"ზომით ზეთისხილისხელაა, შესახედავად საზამთროს ახალგამოსხმულ ნაყოფს უფრო მაგონებს, ვიდრე კიტრს. ყველა დიდი ინტერესით ათვალიერებს, უმრავლესობას თავდაპირველად საზამთრო ჰგონია, მერე დავაგემოვნებინებ ხოლმე და ვისმენ ოვაციას..."

ნინო ჭანტურიძე ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათიდანაა. მის ბაღ-ბოსტანსა თუ ეზო-კარში არაერთ იშვიათი სახეობის მცენარეს ნახავთ. დეკორატიული მცენარეები ნაკლებად იტაცებს, უფრო ნაყოფისმომცემი კულტურები მოსწონს. წელს მის ბოსტანს ყველაზე განსხვავებული და ქართული ყოფიერებისთვის უცხო მცენარე - როგორც თვითონ უწოდებს "მექსიკური კიტრი~ ამშვენებს. ხაოიანი მელოტრია, კიტრის მსგავსად, გოგრისებრთა ოჯახს
მიეკუთვნება.

ნინო ჭანტურიძე:
- მცენარეებზე ზრუნვა ძალიან მიყვარს. თუ ვინმე ახლობელი საქართველოს საზღვარს გასცდება, ყველას ვაბარებ, რომ უცხო მცენარეების თესლი ჩამომიტანონ. მექსიკური კიტრის თესლი დამ ჩამომიტანა რუსეთიდან, დათესეთ და ნახეთ, აბა, რას იზამსო. ადრე გაზაფხული იყო, ჯერ ჩითილი გამოვიყვანე და ვამჯობინე სათბურში დამერგო, მაგრამ ვერ
ივარგა. მერე რომ დათბა, ავდექი და სასინჯად 4 ჩითილი ჩავრგე სახლის ეზოში, ტალავრის ძირში. როგორც დავაკვირდი, ამ მცენარეს სხვა სახეობის კიტრებივით ნესტი და სითბო უყვარს - გაიხარა და რა გაიხარა, მთელი ტალავერი მოიარა. თავიდან ცოტ-ცოტა და წვრილ ნაყოფს იძლეოდა, აგვისტოს შემდეგ კი შესამჩნევად დამსხვილდა და ბარაქიანიც გახდა. ახლა ერთ მოკრეფაზე 2-3 კილოგრამამდე მოსავალს ვიღებ. მოკლედ, ბუნებრივ პირობებში უფრო იხარა, ვიდრე სასათბურეში.

- რამდენ ხანში ერთხელ­ კრეფთ?
- 3-4 დღეში ერთხელ. ერთსა და იმავე ძირს ერთდროულად თან ასხია, თან ყვავილობს. იცით, როგორი ყვავილი აქვს, ჩვეულებრივი კიტრის ყვავილის ფერია, თუმცა პატარა და ბევრად ლამაზი.



- გემო როგორი აქვს, ჩვეულებრივ კიტრს ჰგავს?
- პატარ-პატარა და მოკლე კიტრი რომ არის, პიკული, ზუსტად ისეთი გემო აქვს და ხრაშუნობს, კანიც კიტრივით მაგარი აქვს.
ზომით ზეთისხილისხელაა, შესახედავად საზამთროს ახალგამოსხმულ ნაყოფს უფრო მაგონებს, ვიდრე კიტრს. ყველა დიდი ინტერესით ათვალიერებს, უმრავლესობას თავდაპირველად მართლა ახალგამოსხმული საზამთრო ჰგონია, მერე დავაგემოვნებინებ ხოლმე და ვისმენ ოვაციას, მაყრიან კითხვებს...

ამიტომ თავი რომ არ შევირცხვინო, ბევრი რამ წავიკითხე ამ მცენარის შესახებ. ვინც ჩემი მექსიკური კიტრები გასინჯა, ყველა პირობას მადებინებს, რომ თესლს ვუწილადებ. ინტერესი იმხელაა, რომ მომავალ წელს ბაღდათში მექსიკური კიტრის არნახულ მოსავალს უნდა ველოდოთ.



- მექსიკურ კიტრს რატომ ეძახიან, მექსიკიდანაა?
- მექსიკური კიტრი ცნობილია მექსიკური მჟავე კორნიშონის ან მაუსის საზამთროს სახელწოდებით. ეს მცენარე ცნობილი იყო აცტეკებისა და მაიას ტომებისთვისაც. მისი მშობლიური მხარე მექსიკა და ცენტრალური ამერიკაა, საიდანაც გავრცელდა როგორც ევროპაში, ისე აზიაში. დღეს ეს მცენარე ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის გარდა, მოჰყავთ ვიეტნამში, კორეასა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის, აზერბაიჯანშიც. უწინ თურმე საქართველოშიც მოჰყავდათ.

- სალათას ამ კიტრით ამზადებთ?
- ზოგჯერ. როგორც შევიტყვე, ბევრ კერძს ამდიდრებენ ამ მცენარით. ერთგან ისიც წავიკითხე, რომ კოქტეილების მოსართავადაც იყენებენ. მე დავამწნილე კიდეც და ბევრად გემრიელია. პირველად რომ ნახა ჩემმა შვილმა ქილებში ჩაწყობილი, მაგისთვის ქილას როგორ აცდენო, იხუმრა, მაგრამ გასინჯა­ და აზრი რადიკალურად შეიცვალა - მთელი ქილა მიირთვა. ჩემმა მექსიკური კიტრის მწნილმა სახელი გაითქვა, ხან ორსულებისთვის მიაქვთ, ხან ნაბახუსევებისთვის, ხანაც ჭირვეული გურმანებისთვის და ყველას მოსწონს. ზამთრისთვის ბევრი მოვიმარაგე, ახლა კვირაში ორჯერ მაინც ვხუფავ 3-4 ქილას.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები