"ქართული ღვინის გემო თავის ამბავს თვითონ ჰყვება" - კვირის პალიტრა

"ქართული ღვინის გემო თავის ამბავს თვითონ ჰყვება"

ზოლტან კოვაჩ-გოკიელის ამბავს "პალიტრა L"-ის რედაქტორი თაკო ჟურული მომიყვა. "კვირის პალიტრა" უკვე წერდა, თაკომ ამ რამდენიმე წლის წინ კახეთის ერთ ლამაზ სოფელში ვენახი რომ იყიდა და ბიოღვინის წარმოება დაიწყო. სწორედ ღვინის წყალობით გადაიკვეთა მეღვინე ქალისა და ბატონი ზოლტანის გზა, ადამიანისა, რომელიც საქართველოს და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის თავს არ ზოგავს.

როგორც თაკო ჟურული გვიყვება, ქართული ბიოღვინის მიმართ მსოფლიოში ინტერესი სულ უფრო იზრდება, შესაბამისად, ფასდაუდებელია იმ უცხოელი ექსპორტიორების საქმიანობა, ვინც ქართულ ბიოღვინოს მსოფლიოს აცნობს.

"ქართული ბუნებრივი ღვინის აღორძინება წლების წინ დაიწყო. ეს ძალიან რთული, წინააღმდეგობებით სავსე პროცესი იყო და დინების საპირისპირო ცურვას ჰგავდა, მაგრამ ჩვენმა რამდენიმე მეღვინემ მსოფლიო მოახედა ჩვენი მარნებისკენ. ამაში უდიდესია იმ ექსპორტიორების დამსახურებაც, რომლებთან ურთიერთობაც ნდობასა და ღვინის სიყვარულს ეფუძნება. ისინი არა მხოლოდ ყიდიან ჩვენს ღვინოებს, არამედ ჰყვებიან კიდეც ჩვენი ქვეყნის ამბებს და სხვებსაც აყვარებენ საქართველოს. ქართული ღვინისა და საზოგადოდ, კულტურის ერთ-ერთი დიდი ქომაგი ზოლტან კოვაჩია, რომელიც დიდი შრომის ფასად ცდილობს ქართული ბუნებრივი ღვინო და ტრადიციები გერმანელებს გააცნოს", - გვითხრა თაკომ.

ზოლტან კოვაჩ-გოკიელი:

- რუმინეთში, ტრანსილვანიაში დავიბადე, თუმცა ეთნიკურად უნგრელი ვარ და თერთმეტი წლიდან ვცხოვრობ გერმანიაში. ჩემი მშობლები მუსიკოსები არიან, თავადაც მუსიკოსი - ფაგოტისტი გახლავართ. სწორედ მუსიკამ დამაკავშირა ჩემს მეუღლესთან - ანანო გოკიელთან, რომელიც ძალიან წარმატებული პიანისტია. ამჟამად ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორად მუშაობს და ხშირად მართავს კონცერტებს გერმანიასა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ორი ქალიშვილი გვყავს. მათაც გამოჰყვათ მუსიკის ნიჭი. არ ვიცი, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ვინაიდან მუსიკოსობა ძალიან რთული და, შეიძლება ითქვას, უმადური პროფესიაა.

ზოლტან კოვაჩ-გოკიელი ოჯახთან ერთად

საქართველოში პირველად, მეუღლესთან ერთად, 2005 წელს ვიმოგზაურე. მას მერე წელი არ გავიდოდა, რომ აქ არ ჩამოვსულიყავით, შემოვიარეთ თითქმის ყველა მხარე, უფრო საფუძვლიანად გავეცანი ხალხსა და კულტურას. ძალიან შემიყვარდა საქართველო ბევრი მიზეზის გამო - საოცარი სილამაზის ბუნება; ქართველების გულღიაობა და სტუმარმასპინძლობა; უძველესი და უნიკალური კულტურა; უმდიდრესი მუსიკალური ტრადიციები, პირველ რიგში, ქართული პოლიფონია, ასევე ქორეოგრაფია; არ შეიძლება აღტაცებული არ დარჩე ქართული სამზარეულოს და სუფრის ტრადიციით. ვიცოდი, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, თუმცა, უნდა გამოვტყდე, რომ პირველ ჩამოსვლაზე რაც გავსინჯე, იყო კარგი და ხარისხიანი, მაგრამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია ჩემზე, არ მიფიქრია, რომ უნიკალურია. დღეს კი ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ!

ალბათ ჩემი იღბალი იყო, რომ სწორედ იმ წლებში, ჩემ თვალწინ დაიწყო ქართული ნატურალური ღვინის ტრადიციის ხელახალი შექმნა. ეს იყო საოცარი პროცესი, რომელიც დაგვირგვინდა იმით, რომ ქართული ნატურალური ღვინო დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. თუმცა, მგონია, რომ მას ჯერ არ დაუკავებია თავისი კუთვნილი ადგილი მსოფლიო ღვინოების იერარქიაში, ანუ ყველაფერი წინ არის...

- თქვენ კონკრეტულად ბიომიმართულებით ხართ დაინტერესებული...

- დიახ, მხოლოდ ბიოღვინო შემოგვაქვს საქართველოდან. ქართულ ბუნებრივ ღვინოსთან ჩემს პირველ შეხვედრაში ბედისწერის ხელს ვხედავ. ძალიან გამიმართლა და პირველი ბუნებრივი ქართული ღვინო, რომელიც გავსინჯე, და პირველი მეღვინე, რომელსაც შევხვდი, იყო ჩემი სიმამრის, გია გოკიელის მეგობარი, სოლიკო ცაიშვილი, რომელიც სწორედ მაშინ იწყებდა საქმიანობას და სულ რამდენიმე წელიწადში ქართული ბუნებრივი ღვინის ამ ახალი მოძრაობის ერთ-ერთ „გურუდ“ ჩამოყალიბდა.  სოლიკო ცაიშვილი გამოგიტყდებით, ევროპულ ღვინოებს მიჩვეულს, თავიდან გამიჭირდა კახური ქვევრის ღვინის თავისებურების სრულად აღქმა, რადგან ის ძალიან განსხვავდებოდა ყველა იმ ღვინისგან, რაც კი მანამდე გამესინჯა. გავიდა რამდენიმე წელი და ახლა, შეიძლება ითქვას, ქართული ქვევრის ღვინის გარდა სხვა ღვინოს უკვე ვეღარ ვსვამ. ჩემთვის აღმოჩენა იყო ქართული ჭაჭაც, რომლის საუკეთესო ნიმუშები არაფრით ჩამოუვარდება, თუ არ აღემატება, იტალიურ გრაპას.

სანამ სოლიკოს ჭაჭას გავსინჯავდი, ამ სასმელზე არასწორი წარმოდგენა მქონდა. ბევრ ადგილას მთავაზობდნენ საქართველოში მოგზაურობისას, მიწევდა სმა, მაგრამ რომ გითხრათ, მომწონდა-მეთქი, მოგატყუებთ. სოლიკოს ჭაჭამ გამაოგნა, მივხვდი, რომ ნამდვილი ჭაჭა ეს იყო. სწორედ მაშინ დამებადა საქართველოდან ღვინის ექსპორტის იდეა. რამდენიმე ბოთლი მეგობრებისა და კოლეგებისთვის წავიღე ბერლინში. დიდი მოწონება დაიმსახურა, ამბობდნენ, აქ რომ იყიდებოდეს, აუცილებლად შევიძენდითო.

რაფაელ ზაიტც-გოკიელთან ერთად

ჩემს ქვისლს, ახლა უკვე პარტნიორ, რაფაელ ზაიტც-გოკიელს და მე დაგვებადა იდეა, რომ დაგვეარსებინა კომპანია გერმანიაში, რომელიც შეიტანდა ჭაჭას და ბუნებრივ ღვინოებს საქართველოდან. გერმანიაში პირველი იმპორტი 2017 წელს განვახორციელეთ. თავდაპირველად მხოლოდ ჭაჭა გაგვქონდა. მალევე შემოვიტანეთ ბუნებრივი ღვინოების პირველი პარტიაც. სამწუხაროდ, სოლიკო ცაიშვილი შარშან გარდაიცვალა. ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია, როგორც ახლობლებისთვის, ასევე ზოგადად ქართული ბუნებრივი მეღვინეობისათვის. 2006 წელს სოლიკო ცაიშვილის რჩევით ჩვენმა ოჯახმა შეიძინა ვენახი კარდენახში. ღვინოს სოლიკო აკეთებდა და თან როგორ ღვინოს!

- რა სირთულეები ახლავს ჩვენი ღვინის გერმანულ ბაზარზე შესვლას?

- თავდაპირველად ბევრი გაკვირვებული მომხმარებელი გვხვდებოდა. ხალხს არაფერი ჰქონდა გაგონილი იმაზე, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ასევე ბევრმა არ იცის ქვევრში ღვინის წარმოების შესახებ. მაგრამ ქართული ღვინო, მისი გემო თავის ამბავს თვითონ ჰყვება და მომხმარებელს იზიდავს... ჩვენთვის ეს არაა მხოლოდ ბიზნესი, ეს უფრო პირადული საქმეა. ბოლო წლებში ფართო ასპარეზი გაიხსნა ბუნებრივი ღვინოებისათვის ბერლინში. ბევრი ღვინის ბარი გაჩნდა, რომლების სხვადასხვა ქვეყნების ბუნებრივ ღვინოებს სთავაზობენ მომხმარებლებს. ქართული ღვინოები ძალიან ძვირადღირებულია, რადგან მათი მომზადების მთელი პროცესი ხელით მიმდინარეობს და ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებიც ბევრი არაა. ბიოღვინოზე გაიზარდა მოთხოვნა სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, იაპონიაში, აშშ-ში, ასევე ავსტრალიაში, კანადაში, დანიასა და იტალიაში. სიამაყით წარმოვადგენ და მხარს ვუჭერ მეღვინეებს, რომლებიც მუშაობენ პესტიციდების გარეშე, დედაბუნებასთან ჰარმონიაში, განსაკუთრებით დღევანდელ სამყაროში მიმაჩნია ეს მნიშვნელოვნად, სადაც ძალიან ბევრი პრობლემაა გარემოში.

- რას ურჩევთ ქართველ მეღვინეებს, იფიქრონ ბიოღვინის წარმოების გაზრდაზე? - დიახ, რა თქმა უნდა. გერმანიაში განსაკუთრებულად გაზრდილია მოთხოვნილება ჯანმრთელი საკვების მიმართ. შეიძლება ყველა არაა მზად, რომ გადაიხადოს უფრო მაღალი ფასი ორგანულ საკვებში, მაგრამ ტენდენცია ნამდვილად შეიმჩნევა.

ჩვენ ამჟამად ოცდასამ ქართველ მეღვინესთან ვმუშაობთ და ვცდილობთ, რაც შეიძლება ფართოდ წარმოვადგინოთ ღვინის კულტურა მათი პროდუქციის მეშვეობით. ჩვენ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ღვინო შემოგვაქვს გერმანიაში. ჩვენ ვაწვდით ქართულ ბიოღვინოს რესტორნებს, ბიოლოგიური ღვინის ბარებს. სამომავლოდ გვინდა, რომ მოვახერხოთ და ქართული ღვინო წარმოდგენილი იყოს წამყვან გასტრონომიულ ობიექტებზე მთელი გერმანიის მასშტაბით. გვაქვს აგრეთვე ონლაინმაღაზია. ვუსურვებ საქართველოს, რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი ადამიანი დაინტერესდეს ღვინის კულტურის აღორძინებით ბუნებასთან ჰარმონიაში. ჩვენ ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის.