ღომის ღომი - მეგრული სუფრის "ჯგირ-კერძი"
ღომის ღომი - მეგრული სუფრის "ჯგირ-კერძი"
ფოტო:ნიკა ფარცვანია
სამეგრელოში სუფრა ღომის გარეშე­ არ იშლება და იქ ჩასულ სტუმარს, სხვა კერძებთან ერთად, ღომის გასინჯვაც უწევს. იგი სიმინდის ღერღილისგან კეთდება, თუმცა, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ადრე მას მცენარე ღომისგან ამზადებდნენ და ღომის ღომს მეგრულად "ჩხვერს" ეძახდნენ. დღეს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამ მცენარის მოყვანით დაინტერესდნენ.

30 წლის მევენახე-მეღვინე ნიკა ფარცვანია მარტვილის რაიონის სოფელ თარგამეულში ცხოვრობს, ძირითადად, მევენახეობას მისდევს და სხვადასხვა ჯიშის კოლხური ყურძნის ვაზები თავისი ხელით გამოჰყავს, ღვინოს ბოთლებში ასხამს
და ქართულ ბაზარზე ყიდის, ახლა კი ღომითაც დაინტერესდა და წლეულს პირველ მოსავალს ელოდება.

ნიკა ფარცვანია: - შარშან მეგობარმა მომცა როგორც ღომის, ასევე მჭადის მცენარის (ფეტვი) თესლი. საცდელად დავთესე და კარგი მოსავალიც მივიღე. დამუშავებისა და აღების წესებიც ვისწავლე. სამეგრელოში წელიწადში ორჯერ შეიძლება ამ მცენარის მოყვანა. ტურისტების
მოზიდვისთვისაც კარგია. ჩემთან ისინი თითქმის ყოველდღე მოდიან. ნატურალურ ღვინოსთან ერთად მინდა მათ შევთავაზო მეგრული, კოლხური ტრადიციული კერძები, მათ შორის - ღომის ღომი, ასევე ფეტვისგან მომზადებული მჭადი (მეგრულად "ჭკიდის ჭკიდი").

ღომი ისეთი მცენარეა, საუკუნეც რომ შეინახო, მატლი არ უჩნდება. ბებიაჩემისგან ვიცოდი, სახლში მოგვყავდა და ხელსაწყოებიც შემომრჩაო. მთავარ ხელსაწყო "ჩამურს" ჯერ ვერ მივაკვლიე. ყველას ვთხოვ, თუ ვინმეს აქვს შემორჩენილი ღომის დასამზადებელი ხელსაწყოები და დამეხმარება, მადლობელი დავრჩები. უხუცესების გადმოცემით, ღომის მარცვლისგან ამზადებდნენ ფაფასაც, რომელიც ნიგვზითა და თაფლით იყო შეზავებული და საუცხოო საკვებად ითვლებოდა.
ღომისგან მზადდებოდა გაცივების წამალიც, რომელსაც სამეგრელოში "ტიბუს" ეძახდნენ. იყენებდნენ კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდაც. სპეციალისტების თქმით, ღომის მარცვალი ცილებსა და ვიტამინებს შეიცავს.

- მისი მოყვანის ტექნოლოგია შეისწავლეთ?
- მწიფე ღომის თავთავი მშრალ პირობებში უნდა აიღო, რადგან მერე მისი გამოშრობა ძნელი იქნება. თავთავებს ძველად ბეღელში აწყობდნენ და ორჯერ ცეხვავდნენ. მარცვალს ქარიან ამინდში ანიავებდნენ და საგანგებო ჭურჭელში ინახავდნენ. ყველაზე რთული მარცვლის გამოცეხვა ყოფილა. ამას სწორედ "ჩამურით" აკეთებდნენ.

სიმინდთან შედარებით ღომისგან ღომის მომზადება­ უფრო იოლია. წვრილი მარცვლები აქვს და დაფქვა არ სჭირდება. გარეცხილი ღომი პირდაპირ იყრება ადუღებულ წყალში და კარგად იხარშება. როგორც ინტერნეტში ამოვიკითხე, თურმე ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით, საპატრიარქოს ნაკვეთებზე ყოველწლიურად თესავენ ღომს მის შესანარჩუნებლად. ღომის მარცვალი ადრე თურმე საეკლესიო რიტუალებშიც გამოიყენებოდა, როგორც დოვლათის სიმბოლო. ეს მცენარე არ უნდა დაიკარგოს.

- თქვენი ძირითადი საქმიანობა მევენახეობაა, ძველი კოლხური ვაზის ჯიშები გამოგყავთ, ღვინოსაც აყენებთ...
- ბოთლში ვასხამ ოჯალეშსა და მაჭყვადინას, რომელიც კოლხური ჯიშია. რამდენიმე წელია ეს ღვინოები იყიდება.
მაქვს სხვადასხვა კოლხური ჯიშის ყურძენიც: ჩეჭიფეში, ეგუძგური, კოლოში, დუდგუში - სულ 8-10 სახეობა და მალე მათაც ბოთლებში ჩამოვასხამ.
სახლში გვაქვს მცირე საოჯახო სანერგე მეურნეობა და იქ გამოგვყავს ვაზის სხვადასხვა კოლხური ჯიში, რომელთაც ვყიდით. ჩვენი ოჯახის ძირითადი შემოსავალი ამ გაყიდვით მიღებული თანხა იყო, მაგრამ მერე გავაფართოვე და ღვინის დაყენება დავიწყე.


თავიდან ამას სოფელში ღიმილით უყურებდნენ - ვერ წარმოედგინათ ნატურალური ღვინის დაყენება, ამბობდნენ, როგორ შეიძლება შაქრის გარეშე გააკეთოო.
150-200 ბოთლით დავიწყეთ და ნელ-ნელა მოვუმატეთ. ეს ღვინოები იყიდება თბილისში, სადაც საოჯახო მარნების ღვინოები გადის. რაც მთავარია, დანამატების გარეშე დაყენებული ღვინოა, არ ვხმარობთ სასუქს. სუფთა ხელებით, სუფთა გულითა და სუფთა ჭურჭელში დამზადებული ნატურალური ღვინოა და ინტერესიც დიდია - მსურველები სოციალური ქსელითაც მიკავშირდებიან.

ჩვენი ძირითადი საზრუნავი ვაზია. ყოველ წუთს იქ უნდა იყო, უნდა ეფერებოდე და უვლიდე. მიყვარს ეს საქმე და ჩართული ვართ მთელი ოჯახი - მამაჩემი, ჩემი მეუღლე და მე. ვაზის დამყნობა ბავშვობაში ვისწავლე. ბაბუაც ამ საქმეს მისდევდა. გვაქვს თხილის პლანტაციებიც, მაგრამ დიდი ნაწილი გავჩეხე და ოჯალეში გავაშენე. ყველა კოლხური ჯიში მინდა მქონდეს. 523 ქართული ჯიშია შენარჩუნებული, აქედან კოლხური 60-მდეა. ბოლო 10 წელია, ძალიან დიდი მოთხოვნაა ვაზზე, შინაც გვაკითხავენ და მიაქვთ. გვაქვს ხურმის ხეებიც. მისგან ჩირს ვამზადებთ... როცა შრომის შედეგს ხედავ, ეს კარგი მოტივაციაა. 10 წლის წინ ჩვენი ვაზი მასობრივად მიჰქონდათ ქართველებს აფხაზეთში და იქ რგავდნენ. 60 ათასამდე ძირი წაიღეს, ძირითადად - ოჯალეში.

- მჭადის მარცვალიც დავთესეო... ეს როგორი მცენარეა?
- მას უფრო მსხვილი მარცვალი აქვს, ვიდრე ღომს. ეს ფეტვია, რომელსაც სამეგრელოში "ჭკიდს" ეძახდნენ. ჯერ არ გამისინჯავს, მოსავალი წლეულს ავიღე და გასაშრობად დავკიდე. წიწიბურას მარცვალს ჰგავს, შეგიძლია დაფქვა. ყველგან ვეძებ ინსტრუქციებს, რომ შეცდომა არ დავუშვა. წყაროებში ნახსენებია, რომ თურმე ძველად ხელის წისქვილში ფქვავდნენ, რომელსაც მეგრულად "სკიბუს" ეძახდნენ, მერე წმინდად დაფქულს რძეში მოზელდნენ და ქვის კეცებზე გამოაცხობდნენ. კეცს გაახურებდნენ, კაკლის ფოთლებს ჩაუფენდნენ, ზედ გააბრტყელებდნენ მოზელილ ცომს, ზემოდან დააფარებდნენ თუნუქს, რომელზეც ნაკვერჩხალი ეყარა. ცომის ზედაპირი ოდნავ რომ შეშრებოდა, კაკლის ფოთლებს დააფენდნენ, სანამ არ დაიბრაწებოდა. ამ ფქვილისგან ყველიან კვერებსაც ხარშავდნენ...

ვფიქრობ, არ არის ცუდი საქმე ამ მცენარეების მოშენება და ძველი ტრადიციებით კერძების მომზადება. დარწმუნებული ვარ, ბევრი მოისურვებს გასინჯვას და ტრადიციებიც აღდგება.

nini
12 ოქტომბერი 2019 09:55
წარმატებებს გისურვებ,გმერთმა ბარაქა მოგცეს.

როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები