"მსოფლიო შემოვიარეთ, მაგრამ ასეთი პოზიტიური ადამიანი არ გვინახავს, მსოფლიოს დედა ხართო..." - კვირის პალიტრა

"მსოფლიო შემოვიარეთ, მაგრამ ასეთი პოზიტიური ადამიანი არ გვინახავს, მსოფლიოს დედა ხართო..."

"დილით, როცა ვედროს ხელს წამოვავლებ და ძროხების მოსაწველად მივდივარ, მგონია, უკან ოპერატორები დამყვებიან და კინოს იღებენ... ვთამაშობ როლს დილიდან საღამომდე"

გულიადა სანოძე ხონის თეატრის წამყვანი მსახიობია, მაგრამ ფერმერობაც მშვენივრად გამოსდის. რამდენიმე წლის წინ მეუღლის სოფელ გორდში ოჯახი მამაპაპეულ სახლს დაუბრუნდა. ხელი მიჰყვეს მეურნეობას და ხის ძველი, ორსაუკუნოვანი სახლ-კარი საოჯახო სასტუმროდ აქციეს, სადაც ტურისტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან სიხარულით ჩამოდიან.

"თეატრში ლიტერატურული წრის ხელმძღვანელიც ვარ, ამასთან, სოფელ გორდში ლიტერატურული სალონი დავაარსე, სადაც ცნობილ მწერლებსა და პოეტებს ვხვდებით. მონიჭებული მაქვს ღირსების მედალი და ღირსების ორდენი, ვარ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ეროვნული საზოგადოების საპატიო წევრი და ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი", - გვეუბნება გულიადა სანოძე, 69 წლის ქალბატონი, რომელსაც უამრავი როლიდან 50 მთავარი როლი აქვს შესრულებული. მათ შორის არის მაია წყნეთელი. მსახიობი ამ როლის საუკეთესო შემსრულებელთა სამეულშია.

- ჩვენი ხის სახლი თავის მარნით ორ საუკუნეს ითვლის. მეურნეობის წამოწყება მინდოდა, რადგან შეუძლებელი გახდა მცირე ხელფასით ცხოვრება. გავაშენე თხილის პლანტაცია, მოვაშენე ფუტკარი, მოგვყავს სიმინდი, ლობიო, მზესუმზირა, კარტოფილი, თითქმის ყველა სახის ბოსტნეული. მყავს საქონელი, ქათმები... ბაზარზე არაფერი გაგვაქვს, მხოლოდ ჩვენთვის საკმარის სარჩოს საკუთარი შრომით მოვიპოვებთ და შვილებსაც ვეხმარებით. ამასობაში ჩვენი სოფელი ტურისტულ ზონადაც გამოცხადდა და ჩემი მეუღლის ამ მამაპაპეულ სახლში საოჯახო სასტუმროს გაკეთებაც გადავწყვიტე.

- სახლი რამხელაა? - ხუთი ოთახისგან შედგება, მაგრამ პროგრამით "აწარმოე საქართველოში" 5.000-ლარიანი გრანტი მოვიგე და ორი ოთახი გავარემონტე, სველი წერტილები გავაკეთე. ჩემს ოჯახში ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ნახავთ...

მეურნეობის პარალელურად კვლავ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ - კვირაში ოთხჯერ 20 კილომეტრის გავლა მიწევს და უკან დაბრუნება. ხომ ამდენ ენერგიას ვხარჯავ, მაგრამ გული არ გამიტეხია. ორი შვილი გავზარდე. ერთი ხატმწერია, სამების მთავარანგელოზთა ეკლესია მოხატა ამირან გოგლიძესთან ერთად. მისი თამარ მეფის ხატი უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით პირველად იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ჩააბრძანეს. მეორე შვილი, პოეტი ედუარდ უგულავა, გალაკტიონის პრემიის ლაურეატი და რამდენიმე კრებულის ავტორია.

- რა მოსწონთ სტუმრებს თქვენს ეზო-კარში? - ჩვეულებრივი სოფლის ეზოა. შესაძლოა, ცოტა მოუწესრიგებელიც. წარმოიდგინეთ, არც უცხო ენა ვიცი, მაგრამ როგორც მითარგმნიან, საიტებზე ძალიან საინტერესო გამოხმაურებებია - ენა არ იცის, მაგრამ მასთან ურთიერთობა ძალიან იოლიაო.

კანადელები განსაკუთრებულად გაოცდნენ - ამ ქალბატონის ოჯახში ძველი და ახალი კულტურა ვნახეთო. სიყვარულით მემშვიდობებიან. აქედან ადამიანი არ წასულა, თვალზე ცრემლი რომ არ ჰქონოდა. მერე მწერენ, დავტოვეთ ოჯახი, სადაც თითქოს ჩვენი ბებია-ბაბუა ცხოვრობდაო და იმედი აქვთ, რომ მეორედაც აუცილებლად ჩამოვლენ. ისრაელიდან იყო ტურისტი და დაწერა - მსოფლიო შემოვიარეთ, მაგრამ ასეთი პოზიტიური ადამიანი არ გვინახავს, მსოფლიოს დედა ხართო...

დილით 6 საათზე ვდგები, ძროხებს ვწველი. ტურისტებს საუზმეც ხომ უნდა მივართვა. შემდეგ ვეუბნები, ახლა თეატრში უნდა წავიდე-მეთქი და ამაზე მთლად გიჟდებიან. ვაჩვენებ ჟურნალ-გაზეთებს, სადაც სტატიებია ჩემზე, სურათებს სპექტაკლებიდან... ინგლისელები გავაკვირვე, როცა ჩემს მიერ განსახიერებული ერთ-ერთი კაპულეტის სურათი იხილეს "რომეო და ჯულიეტადან". გადაწყვეტილი მაქვს, სახლში პატარა მუზეუმიც გავაკეთო, სადაც გამოვფენ ფოტოებს სპექტაკლებიდან, შვილების ნამუშევრებს, წიგნებს...

კალიფორნიის უნივერსიტეტში ერთმა ქართველმა ქალბატონმა თემა წარმოადგინა, სადაც იმაზე იყო ლაპარაკი, როგორ შევძელი ინფრასტრუქტურულად გაუმართავ და მოუწესრიგებელ გარემოში სასტუმროს გაკეთება...

ჩემთვის სახლი, სადაც ვცხოვრობ, სასახლეა. დიახ, ზღაპარში, ულამაზეს კუნძულზე ვარ და დილით, როცა ვედროს ხელს წამოვავლებ და ძროხების მოსაწველად მივდივარ, მგონია, უკან ოპერატორები დამყვებიან და კინოს იღებენ... ვთამაშობ როლს დილიდან საღამომდე.

- თქვენი ოცნება რა არის? - მინდა, ჩვენი ქალები ემიგრაციიდან დაბრუნდნენ და საქართველოში ყველამ მოძებნოს თავისი საქმე. მე თუ შევძელი, დაე, ყველამ შეძლოს და ყველა ბედნიერი იყოს ჩემს ქვეყანაში.

- რას ურჩევდით სხვებს? - არასდროს მქონია მანქანა, ფუფუნების საგნები. თუ საქმეს გულით მოეკიდებიან, ყოველთვის შეეწევათ უფალი.