ეკა, მიმი, აკიშო, საია და ... ბელიკო - კვირის პალიტრა

ეკა, მიმი, აკიშო, საია და ... ბელიკო

"ადამიანები, რომლებიც ძაღლს აიყვანენ და მერე მიაგდებენ, მხოლოდ ცხოველის მიმართ პასუხისმგებლობაში არ მოიკოჭლებენ, მათ რამე მნიშვნელოვანი არ უნდა ანდოთ"

"ლომმა დამტორა", - ამბობდა მხიარულად, ცალი ხელით თითქმის მთელ სიგრძეზე ჩახეულ კაბასა და გრძელ ნაიარევს იფარავდა, ცალით კი მუდმივად თადარიგიანი დეიდა ნათელას (ჩვენი ყოფილი კორექტორი ნათელა ხოსიტაშვილი) მაგიდის უჯრაში ნემსსა და ძაფს ეძებდა. სიცილით იხსენებდა, წითელმა ლომმა სიმბამ (ზოოპარკში წყალდიდობამდე) ტორი როგორ ჩამოჰკრა, როცა ზოოპარკის დირექტორი ძუ ლომ ნალას ეფერებოდა. სიმბა უბრალოდ მეთამაშებოდაო, ჩვენ კი რა აღარ წარმოვიდგინეთ, რაც იმ თამაშს შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მას ყველაზე საშიში მხეცებისაც არ ეშინია. მისთვის ცხოველი თითქმის ადამიანის თანასწორია, განსაკუთრებით ძაღლები, რომელთა შესახებ იმდენ რამეს გირჩევთ, კინოლოგი ან ვეტერინარი გეგონებათ. არადა, ეკა ლომიძე თითქმის 20 წელიწადია "კვირის პალიტრის" ჟურნალისტია, ჰყავს ძაღლები და 15 წლის ბრიტანული ჯიშის კატა მიმი.

- ეკა, რამდენი ძაღლი გყავს?

- თბილისში ჩემთან ცხოვრობს ორი იაპონური აკიტა, დედა-შვილი აკიშო და საი. სოფელშიც დედა-შვილი - თოლია და ჩუგო მყავს. ექვსი წლის წინ ჩვენს სოფელში თოლია ვიღაცამ გზაზე გადმოსვა. ალღომ ჩვენს ეზოში მოიყვანა. სამჯერ გააჩინა ლეკვები, რომელთაც მე და დედა მთელ საქართველოში ვაშვილებდით. მერე სტერილიზაცია გავუკეთე. მისი ერთი ლეკვი, რომელსაც მანქანა დაეჯახა, დაკოჭლდა. ამის გამო დაიწუნეს და ჩუგოც დავიტოვეთ.

თბილისში ჩემს მეგობარ ნარი ჩხეტიანთან ერთად 6 ძაღლს ვუვლი. მარტო წლეულს 7 ლეკვი გადავარჩინეთ სიკვდილს და ბედნიერად გავაჩუქეთ. თეთრი, ქართული ნაგაზის მეტისი სნოუ გადასხმებზე რომ დაგვყავდა და თათში კათეტერშეერთებულს თავი ჩემს ხელზე მშვიდად ედო, მაშინ ვგრძნობდი, რომ ადამიანი ვიყავი. ძაღლები მხოლოდ იმიტომ არ გაჩნდნენ, რომ დაცვაში დაგვეხმარონ, ჩვენში ადამიანებს ზრდიან. როგორც ძაღლს ექცევი, ისე მოექცევი სხვას, შენზე სუსტს.

ვინც ძაღლს უღალატებს, ვერ ვენდობი. ადამიანები, რომლებიც ძაღლს აიყვანენ და მერე მიაგდებენ, მხოლოდ ცხოველის მიმართ პასუხისმგებლობაში არ მოიკოჭლებენ, მათ რამე მნიშვნელოვანი არ უნდა ანდოთ.

იცით, რატომ განიცდის ძაღლი, როცა სახლში მარტოს ტოვებ? ეშინია უშენოდ, ფიქრობს, ვინ იზრუნებს მასზე? ძაღლი ერთიანად ადამიანზეა მინდობილი და ამიტომაც უკან დაბრუნებულს წარმოუდგენელი სიხარულით გხვდება, უხარია, რომ არ უღალატე, არ მიატოვე.

კვლევების თანახმად, ყველაზე "განათლებული" ძაღლის ცნობიერებაც კი ოთხ-ნახევარი წლის ბავშვის ცნობიერებას არ აღემატება. ბავშვივით შენზე მონდობილი და დამოკიდებულია. ღალატი ანგრევს, იბნევა, ვერ ხვდება, როგორ მოიქცეს, რადგან გენეტიკურად აქვს ჩადებული ერთგულების უნარი და იმავეს ელოდება სხვისგანაც.

- საიდან დაიწყო ოთხფეხების მიმართ შენი საოცარი სიყვარულის ამბავი? - ალბათ, დაბადებიდან. შორეული წარსულიდან ორი ფრაგმენტი მახსენდება - ეზოში ვზივარ მწვანე მოლზე გაფენილ პლედზე, რომელსაც პატარა თეთრი ძაღლი ექაჩება, მე ვიცინი. მაშინ წელიწად-ნახევრის ძლივს ვყოფილვარ. მეორე ფრაგმენტი ძალიან დრამატულია - სოფელში ბებიასთან სტუმრად ჩავედით. ავტობუსიდან ჩასვლისთანავე დავინახეთ, ვიღაც ქალი ხიდიდან ლეკვებს წყალში ყრიდა. ისტერიკა დამემართა, მიუხედავად იმისა, რომ დედამ ლეკვები გადაარჩინა. მაშინ 4 წლის ვყოფილვარ. თურმე სიცხემ ამიწია, ვერ მაწყნარებდნენ. ლეკვები ბებიას გავაზრდევინეთ და გააჩუქეს, ერთი დავიტოვეთ. შესაძლოა ცხოველების სიყვარული წინაპრებისგანაც გადმომეცა. ბევრი ცხენი და ძაღლი ჰყავდათ. ჩვენს ოჯახში ქათამსაც ვერ კლავდნენ, მეზობელს უნდა ეკისრა ეგ საქმე.

დედაჩემსაც ძალიან უყვარს ძაღლები, მაგრამ მათი ქალაქში, ბინაში ცხოვრების წინააღმდეგი იყო, მამას ლეკვები მაინც მოჰყავდა ჩვენთვის და დედა ცოტა ხნით აივანზე გაჩერების უფლებას გვაძლევდა, შემდეგ სოფელში მიგვყავდა. ერთ-ერთი ლეკვი, წითურა, მამამ შემოდგომაზე მოიყვანა და აივანზე გაზაფხულამდე შემოგვრჩა. ძალიან ლამაზი იყო, გრძელი ბეწვით, მეტისი. წითურა პირველი ძაღლი იყო, რომელზეც პირადად ვზრუნავდი. სკოლაში წასასვლელად დილით ადგომა სულ მეზარებოდა, სულ ვაგვიანებდი, მაგრამ სანამ წითურა ჩვენს აივანზე ცხოვრობდა, დილით ადგომას ვერავინ მასწრებდა - ვაჭმევდი, ვეფერებოდი... სოფელში რომ წავიყვანეთ, მალე ნაგაზის მეტისი მუდო მოგვეკედლა. ორივემ დიდხანს იცოცხლა. როდესაც წითურას მანქანა დაეჯახა, მუდომ მთელი სოფელი შეყარა, მეგობარი გზიდან გადმომაყვანინეთო. წითურა სანამ არ გამოკეთდა, მუდოც არ ჭამდა. უკვე ბებერი მუდო რომ მოგვიკვდა, მთელი სოფელი განიცდიდა. ვინმე იტყვის, სად ძაღლი და სად ღირსება და კეთილშობილებაო, მაგრამ მას ორივე ჰქონდა. ერთხელ, ღამით, ბადით სათევზაოდ მიმავალ ჩემს ძმას გაჰყვა. ჩემმა ძმამ დაუცაცხანა, მდინარეში თევზებს მიფრთხობო და გააგდო. მუდო ფარულად მაინც აედევნა. ჩემი ძმა ბადეში გაიხლართა, ვეღარ გამოვიდოდა, რომ არა მუდო.

- ესე იგი, ოთხფეხა მეგობრები ყოველთვის ოჯახის წევრივით გყავდა. - ძაღლი ჩემთვის "რა" არ არის, "ვინ" არის. როდესაც დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე, ძაღლის შინ მოყვანა მინდოდა, მაგრამ ჩემი რეჟიმის გამო ვერ ვრისკავდი, მეშინოდა, დაიჩაგრებოდა. მერე მოულოდნელად სახლიდან გამოგდებული ძაღლი ვიშვილე და კარგად რომ ყოფილიყო, ჩემი ცხოვრების რეჟიმი შევცვალე.

- რას ეტყოდი მათ, ვისაც შინ ძაღლის მიყვანა არ შეუძლია და ამბობენ, რომ ძაღლთან ერთად ვერ იცხოვრებენ? - ისინი კარგავენ სიცოცხლის გახანგრძლივების შანსს, პირად ექიმს, მწვრთნელსა და რაც მთავარია, ყველაზე ერთგულ მეგობარს. კარგავენ საოცარი სიხარულის განცდის უნარს.

შინ დაბრუნებულს დედაჩემი სათვალიდან ძუნწად გამომხედავს, თუ მშვიდი სახე მაქვს, უხმოდვე განაგრძობს სერიალის ცქერას, ძაღლები კი ყოველთვის ზეიმობენ ჩემი დანახვისას. ადამიანს მუდმივად სჭირდება შეგრძნება, რომ საჭიროა, უყვართ, თუმცა ამის გამოხატვა ძალიან ცოტას შეუძლია. ჩვენ ხომ მიგვაჩნია, რომ ყველაფრის თქმა და გამოხატვა საჭირო არ არის, ისედაც უნდა მივუხვდეთ ერთმანეთს, რომ გვიყვარს, რომ გვჭირდება და ა.შ., ძაღლი თავისუფალია ამ გაუგებარი თავშეკავებისგან.

- ვიცი, რომ გყავდა ძაღლი, რომელიც წლების წინ დაკარგე...

- რომ არა "კვირის პალიტრა", ჩემი და ბელიკოს გზები არც გადაიკვეთებოდა. ბელიკო ლეგენდარული ალასკური მალამუტი იყო. ძველმა პატრონმა, მისი ყმუილი მაწუხებსო და ჩვენი ოფისის უკან, ეზოში დაამწყვდია. ცუგა ყმუოდა, იმიტომ, რომ არ უვლიდნენ, არადა, მას დღეში სულ ცოტა 15 კმ სირბილი სჭირდება. სამსახურში მგლის ყმუილი შემომესმა, გადავიხედე და... ბევრი ვიომე, ვიდრე ბელი ჩემი გახდებოდა. ამბობენ, ცხოველში, ხეში, ფრინველში და ა.შ. ადამიანის პარციალური სულიაო.

ბელიკო ჩემი პარციალური სული იყო, იმ დროს შემხვდა, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა მეგრძნო, რომ საჭირო ვიყავი. ბელიკომ სიკვდილს სამი ადამიანი გადაარჩინა. ერთი იპოდრომზე ინსულტიანი ბუჩქებში ეგდო, მეორე თავდაცვის სამინისტროს სკვერში, ნასვამი მიწოლილიყო ხის ძირას, როცა თბილისში დიდი ყინვა დაიწყო. მესამე ავარიაში მოყვა და ექიმების მოსვლამდე დაჭყლეტილ მანქანაში ფეხებჩაჭედილ მძღოლს ხელებზე ჰკბენდა და მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. თურმე ის კაცი სისხლისგან იცლებოდა.

- ამჟამად ულამაზესი ძაღლების პატრონი ხარ. რა ჯიშია? - დედა-შვილი აკიშო და საი იაპონური აკიტებია. საი 6 და-ძმასთან ერთად ჩემს ხელში გაჩნდა. ვერ შეველიე. სულ მინდოდა მყოლოდა ძაღლი, რომელზეც დაბადებიდანვე ვიზრუნებდი. იაპონური აკიტას შესახებ ყველაზე საინტერესოდ ცნობილი ფილმი "ჰაჩიკო" მოგვითხრობს. ამ ძაღლს ტოკიოში ძეგლი უდგას და იაპონიის ეროვნულ სიმდიდრედ არის აღიარებული. ფანატიკურად უყვართ პატრონები. სიცრუეა, რომ ბავშვებთან სანდო არ არიან. ჩემი ორივე ძაღლი და ყველა იაპონური აკიტა ბავშვებზე გიჟდება. მათ არ უყვართ სხვა ცხოველები, მაგრამ პატრონის სიყვარულით კატასაც იგუებენ. თუმცა ისე არ გაიგოთ, რომ აკიტა სულ პატრონის ჭკუაზე დადის - ძალიან ჯიუტია, ყველაფერს შესანიშნავად იმახსოვრებს, მაგრამ თუ არ უნდა, არ დაგიჯერებს. როგორ ვუვლი? შვილებივით. ჩემთან ერთად სძინავთ. როგორც სქელბეწვიანს, ზამთრის ძაღლებად მიიჩნევენ, მაგრამ სულ ტყუილად, ზაფხულში ისევე აწუხებთ მზე, როგორც სხვა ძაღლებს და ამიტომაც დილით ადრე ვდგები, რომ ვასეირნო. მეტად სუფთა ჯიშია, წვიმაში სიარული არ მოსწონთ. უყვართ თოვლი. ემოციისგან შეიძლება ავად გახდნენ. ახარებთ სტუმრის მოსვლა, უნდა ეფერონ, გალოკონ, თუ ნებას მისცემენ, იატაკზე გააგორონ...

- რას ურჩევდი მას, ვისაც უნდა ძაღლის აყვანა და ვერ გაუბედავს? - არ უღალატებთ? მაშინ გადადგით ეს ნაბიჯი. ძალიან ბედნიერი იქნებით. ძაღლი თქვენი ხასიათის მიხედვით შეარჩიეთ. თუ პირველად აგყავთ, ძუს ყოლას გირჩევთ. ადვილი დასაყოლიებელია. მე თავნება, ჯიუტი ძაღლები მიყვარს, ძირითადად, შპიცის კლასში შემავალი - მალამუტი, აკიტა, ჰასკი, სამოედი, ლაიკა. ძალიან ძლიერი ფსიქიკა აქვთ. საქართველოში მოდის გამო ჰყავთ ეს ძაღლები და მათ ხასიათს არ იცნობენ. ასე ჯიში ფუჭდება. მხოლოდ გამრავლების დროს ნორმების დაცვა არ კმარა ჯიშის განვითარებისთვის, აუცილებელია წვრთნა, ხასიათის ზედმიწევნით ცოდნა და შესაბამისი მოვლა. იკონტაქტეთ თქვენთვის მოსაწონი ჯიშის ძაღლების პატრონებთან და დარწმუნდით, რომ არჩევანში არ ცდებით. საუკეთესო ხასიათი აქვთ ე.წ. დვარნიაშკებს, მეტისებს, ნამდვილი გენიოსები არიან. თავიდან ყველა ძაღლი მეტისი იყო. ჯიშების გამოყვანა კაცობრიობამ გვიან დაიწყო.

]ქართველებს ეს კულტურა გვაკლია, არ ვიცით ძაღლის მოვლა, არც ძაღლის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შესახებ გვესმის არაფერი. უდიდესი კულტურა აქვთ ევროპელებს, განსაკუთრებით ინგლისელებსა და გერმანელებს. თითოეულს 100-ზე და მგონი, 200-ზე მეტი ჯიში გამოუყვანია. ჩვენი ენდემური ჯიშები ბუნებრივად გამოყვანილი ჯიშებია, მაგრამ არ ვუფრთხილდებით.

- ძაღლთან ურთიერთობისას, რა არის მთავარი, რა უნდა იცოდეს ადამიანმა? - ძაღლი არ არის სათამაშო. ვერასოდეს გავუგებ ადამიანებს, რომლებიც ძალადობენ ძაღლებზე. ძაღლების ძაღლებზე ძალადობის წინააღმდეგიც ვარ. ბევრჯერ დავუკბენივარ ძაღლებს გაშველების დროს.

გიყეფთ? დაუყვავეთ. მოგდევთ? დაჯექით და მოიკრიბეთ სიმშვიდე. ცხოველზე ადამიანის სიმშვიდე მომაჯადოებლად მოქმედებს. ისინი ჩვენს ენერგეტიკულ აურას ხედავენ, სუნით გვგრძნობენ. თუ სიმშვიდე გვაქვს, ყველა ცხოველი მოგვენდობა, ამას ადამიანები მორჩილებას ვეძახით.