ჩვენმა გუდამ მსოფლიოში "ავტორიტეტი" მოიპოვა
14-10-2019
ჩვენმა გუდამ მსოფლიოში "ავტორიტეტი" მოიპოვა
"ყველის დასამზადებლად ახალ გუდებს ვიყენებთ. წელს 200-ზე მეტი გუდა დაგვჭირდა. რაც ყველაზე მთავარია, ტრადიციების დაცვით და თანამედროვე ტექნოლოგიებით ვამზადებთ. ეს კი მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა"

საქმეში წარმატებას არა მარტო სურვილი ან შრომის უნარი განაპირობებს, არამედ ინტუიციაც, რომლითაც წარმატების გჯერა. თუ ამ ინტუიციას საფუძვლად უძველესი ტრადიციებიც უდევს, მაშინ შედეგის მიღწევაც შესაძლებელია. ალვანელი თუში მეწარმის, პაატა აბულიძის თუშური ყველიც ამიტომ იკვალავს ასე სწრაფად გზას, და არა მარტო საქართველოში - მეწარმის გუდის ყველმა
3 წელიწადში მრავალი ყველის ფესტივალის (მათ შორის, უცხოურისაც) პრიზი მოიპოვა. ის ახლა საქართველოსა და უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაშიც იყიდება. როგორ იქცა ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებული მეურნეობა საუკეთესოდ და როგორ გაიკაფა გზა უცხოეთში, ამაზე ყველის კოოპერატივის დამფუძნებელი პაატა აბულიძე მოგვითხრობს.

- თუში კაცი ვარ და ნამდვილი თუშური ყველის
გემო მეც ისევე ვიცი, როგორც სხვა თუშებმა. ამ ყველს დიდი ისტორია აქვს, რომელიც, სამწუხაროდ, ნაკლებად ცნობილია. საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ საუკუნე-ნახევრის წინ თუშ მეცხვარეებს ფარა ზამთრის საძოვრებზე ირანში მიჰყავდათ, სადაც გზას თვე-ნახევარი მაინც სჭირდებოდა. სამაგიეროდ, ცხვარსა და მატყლსაც იქვე ყიდდნენ, რომელიც სპარსეთიდან მეზობელ ქვეყნებშიც გადიოდა. საინტერესო ის არის, რომ ამ დროს თუშები იქ სანდო ოსტატებთან თითო წლით ტოვებდნენ თავიანთ 11-12 წლის ბიჭებს, რათა სპარსული ენა და საჭირო პროფესიები­ შეესწავლათ. მომდევნო ზამთარში ამ ბავშვებს პროფესიებთან ერთად სპარსული ენაც ჰქონდათ შესწავლილი. მათ უკვე კარგად იცოდნენ­, ვისი ნდობა შეიძლებოდა ვაჭრობაში და ვისი არა. ვინ იყო თაღლითი და ვინ დასაყრდენი... შემდგომში ეს ურთიერთობები შეწყდა და ცხვარიც და საძოვრებიც შემცირდა. ამის მიუხედავად, თუშურ ყველს ავტორიტეტი არ დაჰკარგვია. ერთხანს, ბოლო 30 წელიწადში, თუშური გუდის ყველი ისე "მოინათლა", თითქოს მას აუტანელი სუნი აქვს, თუმცა მოყვარულები მასზე უარს მაინც ვერ ამბობდნენ. არადა, ნამდვილ თუშურ გუდის ყველს აუტანელი სუნი სულაც არა აქვს, თავად დავდიოდი ბავშვობაში მწყემსებთან და ყველის მომზადებაშიც ვმონაწილეობდი. თუშურ გუდის ყველს ცელოფანებში, ისე როგორც ბოლო წლებში იყო, არასოდეს ამზადებდნენ. უკვე ნახმარი გუდის მეორეჯერ ხმარებაც გამორიცხული იყო. ცელოფანში გუდის ყველის დამზადება იგივეა, კახური ღვინო რომ დააყენო პლასტმასის კასრებში ან ბოთლებში და მერე თქვა, ქვევრისააო.


მოკლედ, ამ წლების განმავლობაში ძალიან მაწუხებდა თუშური ყველის ავტორიტეტის დაცემა, მაგრამ სულ სხვა საქმიანობა მქონდა არჩეული, თუმცა ჩემი საქმიანობა სულაც არ გამოვიდა წარმატებული და ამ გარემოებამ კვლავ ჩვენს ტრადიციებთან დამაბრუნა. ბევრი ვიფიქრე და ნამდვილი თუშური გუდის ყველის წარმოება გადავწყვიტე - პროექტი დავწერე, შვილები და ნათესავები შემოვიკრიბე, კოოპერატივი დავაარსე და პროექტის გამარჯვებას დაველოდე. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა - თუშური ყველის დასამზადებელი 1000 კვმ-იანი საწარმოს აშენების უფლება მივიღე თანადაფინანსებით. ჩვენს პირობებში არც თანამონაწილეობისთვის თანხების გამონახვა იყო იოლი, მაგრამ ყველაფერი გადავლახეთ. მართალია, პირველ წელს წაგებაზე ვიმუშავეთ, მაგრამ ნელ-ნელა ვიმართებით წელში.

- თქვენ გომეწრის ხეობაში გაქვთ საწარმო, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე. ეს როგორ მოახერხეთ? იქ ტრანსპორტიც ვერ მიდის.
- იქ მართლაც ვერ მიდის ტრანსპორტი, რომ სამშენებლო მასალა ამეტანა­. ჩვენი სასაზღვრო დეპარტამენტი რომ არ დამხმარებოდა, საწარმო არ იქნებო­და, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი­. ეს ადგილები იმიტომაც არის საუკეთესო ყველის საწარმოებლად, რომ ალპური ზონაა და ცხვარ-ძროხა ზღვის დონიდან თითქმის 3000 მეტრზე ძოვს საუკეთესო ბალახს. სწორედ ეს ბალახი ქმნის ნამდვილ გუდის ყველს. გარდა ამისა, საწარმო ჩემს მშობლიურ სოფელთან ახლოს არის და ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს.

საწარმოში ცალ-ცალკეა საწველი, ყველის დასამზადებელი და მწყემსების ღამის სათევი განყოფილებები.

ყველის წარმოება 300 სული ცხვრით დავიწყეთ და მაშინვე ორტონა-ნახევარი ყველი დავამზადეთ. მერე წარმოების რაოდენობამ იმატა, წელს უკვე მაისიდან სექტ­ემბრის ჩათვლით 9 ტონა ყველი გვაქვს დამზადებული. ცხვრის გუდის ყველი მხოლოდ ამ პერიოდში მზადდება, როცა ბატკანი დედას არის მოშორებული. ამ რაოდენობის ყველიდან 4 ტონა ძროხის ყველია, 5 ტონა კი ცხვრის. ჩვენ ძროხის ყველსაც ვამზადებთ. თუშური ნამდვილი გუდის ყველი ცხიმმოუხდელი ნედლი რძისგან მზადდება და რამდენიმე სახისაა (ცხვრის რძის, ძროხის რძისა და ცხვარ-ძროხის რძის ნარევი). ამ ყველის დასამზადებლად წელს 200-ზე მეტი გუდა დაგვჭირდა. ყოველწლიურად ყველის დასამზადებლად ახალ გუდებს ვიყენებთ. რაც ყველაზე მთავარია და რამაც ჩვენს ყველს გზა გაუკაფა, ის არის, რომ ტრადიციების დაცვითა და იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით მზადდება, რომელიც მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა. ამ ხარისხს საქართველოში ადვილად ვხვდებით. რაც შეეხება უცხოეთს, ჩვენს ყველს გზა ჩემმა ვაჟებმა გაუკაფეს, იტალიაში, ყველის ქვეყანაშიც კი დაჯილდოვდა უმაღლესი პრიზით. ასე რომ, ჩვენი გუდა ახლა გადის ამერიკაში, იტალიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში, ესპანეთში... მართალია, ჯერ არცთუ დიდი რაოდენობით, მაგრამ ყველაფერი იქნება. იმედია, წარმოებას კიდევ გავაფართოებთ.
ინკვიზიტორი
19 ოქტომბერი 2019 14:05
I ადგილზეა დალოცვილი ალვანის (გუდის) ყველი. მერე ძალიან დიდხანს არაფერი და მერეღა არის სულგუნი. ეს ჭყლინტი ყველი ხაჭაპურშია კარგი და მაგით დამთავრდა ყველების კლასიფიკაცია. მერე მოდის ეს ევროპელების (საპონივით) ყველები...... :DDDDDDDDDDDDDDDDDD

div>
რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?