"თეთრი მარგალიტი" - კვირის პალიტრა

"თეთრი მარგალიტი"

თავდაპირველად ის ტაილანდისა და ვიეტნამის ჩრდილოეთ რეგიონებში მოჰყავდათ - სწორედ ეს ადგილებია მიჩნეული ბრინჯის სამშობლოდ. აქედან მცენარე ჯერ აზიის ქვეყნებში, მერე კი სხვაგანაც გავრცელდა. ევროპაში ბრინჯი შედარებით გვიან შევიდა. თავდაპირველად მას ძვირფას ეგზოტიკურ მცენარედ მიიჩნევდნენ - მისი კერძები მხოლოდ სამეფო და საზეიმო სუფრებს ამშვენებდა. თუმცა ბრინჯმა თანდათან დაიმკვიდრა საპატიო ადგილი უბრალო ხალხშიც - მრავალი საუკეთესო თვისების გამო მას "თეთრი მარგალიტი" უწოდეს.

ჩვენი სტუმარი სწავლული აგრონომი აკაკი ღლონტი ამ საინტერესო მცენარეზე გვიამბობს.

- ბრინჯი მთელ მსოფლიოში პოპულარული მცენარეა, თუმცა მისი ძირითადი მწარმოებლები და მომხმარებლები აზიის ქვეყნები არიან: ჩინეთი, ტაილანდი, ვიეტნამი, კორეა, შუა აზიის ქვეყნები, ინდოეთი და იაპონია. ეს კულტურა ფართოდ არის გავრცელებული ამერიკაშიც. არსებობს რამდენიმე სახის ბრინჯი: თეთრი, მურა-წაბლისფერი და ველური. თეთრი ბრინჯი არის როგორც გრძელმარცვლოვანი, ასევე მრგვალი. ჩვენი მოსახლეობა კერძებს უმეტესად თეთრი ბრინჯისგან ამზადებს, თუმცა მურა და ველური ჯიშებიც ძალიან გემრიელი და სასარგებლოა.

- რა დამახასიათებელი ნიშნები აქვს ბრინჯს? - ბრინჯი სითბოს მოყვარული მცენარეა, სიცივეს ვერ იტანს და -1 გრადუსზე იყინება. ამავე დროს, ბრინჯი წყლის კულტურაა, მთელი ვეგეტაციის პერიოდს წყალში ატარებს. ზოგჯერ მისთვის ხელოვნურ წყალსატევებსაც ქმნიან და წყალს მხოლოდ მოსავლის აღების დროს აშრობენ. რაკი სითბოს მოყვარულია, აზიის ქვეყნებში ყველაზე კარგ მოსავალს იძლევა: ტროპიკებში ბრინჯისგან შესაძლოა წელიწადში ორი ან სამი მოსავალიც მიიღონ. ბრინჯის კვებითი ღირებულება მაღალია, ამიტომ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბავშვთა კვებაში. ადამიანის ორგანიზმისთვის ბრინჯი ცილების, ნახშირწყლებისა და მინერალების მნიშვნელოვანი წყაროა. ბრინჯის ნამჯისგან საუკეთესო ხარისხის ქაღალდსაც ამზადებენ.

- ადრე ბრინჯი საქართველოშიც ხარობდა. რატომ შეწყვიტეს მისი მოყვანა? - ბრინჯი საქართველოში ირანიდან შემოვიდა და XX საუკუნემდე მოჰყავდათ ქართლში, კახეთსა და დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში. კარგად მახსოვს, 90-იან წლებში ბრინჯი ოზურგეთის რაიონის სოფელ სუფსაშიც მოიყვანეს. მაშინ საქართველოში ბრინჯი ნაკლები რაოდენობით შემოჰქონდათ, არადა, მოთხოვნა მაღალი იყო.

ბრინჯის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 6 ტონაა, თუმცა არის ადგილები, სადაც 12-15 ტონა მოსავალიც მოდის. საერთოდ, ეს მცენარე მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება. ბრინჯი საქართველოში კი შემოვიდა, მაგრამ ის თანდათან სიმინდმა და ღომმა ჩაანაცვლა, ალბათ, იმიტომ, რომ ამ მცენარეების მოვლა უფრო ადვილია. ბრინჯის მოვლა და მოყვანა კი ძალიან რთულია, ფერმერი წყალში უნდა იდგეს და ისე იმუშაოს. ამას ისიც დაერთო, რომ საქართველოში ბრინჯს დიდი სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს: ის დიდი რაოდენობით შემოაქვთ უცხო ქვეყნებიდან და ძალიან იაფია. მისი მოყვანა ჩვენი ფერმერებისთვის მომგებიანი არ არის, ამიტომაც არ მოჰყავთ.

- ცნობილია, რომ მედიცინაში ბრინჯს ოდითგანვე იყენებენ. ალბათ, ეს მისი შემადგენლობის დამსახურებაა... - დიახ, ბრინჯი შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა. დიეტოლოგების უმრავლესობა პაციენტებს ხშირად უნიშნავს ბრინჯით განტვირთვის დღეებს, განსაკუთრებით ჭარბწონიანებს. ბრინჯში შედის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ვიტამინები, ამინომჟავები და სასარგებლო ნივთიერებები. შეიძლება ითქვას, ეს მცენარე ბუნების საჩუქარია.

ბრინჯის კერძები

მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში ბრინჯისგან უგემრიელეს კერძებს ამზადებენ. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

ბრინჯის კატლეტი:

შემადგენლობა: 2 ჩ/ჭ ბრინჯი, 2-3 ძირი სტაფილო, 2 თავი ხახვი, მწვანილი, ნიახური, მანანის ბურღულის საფანელი, წიწაკა და მარილი - გემოვნებით.

მომზადება: დარჩეული ბრინჯი კარგად მოვხარშოთ, გავწუროთ, დავუმატოთ გატარებული ხახვი, სტაფილო, მწვანილი. შევაზავოთ წიწაკითა და მარილით, შემდეგ გავაკეთოთ პატარ-პატარა გუნდები, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ მცენარეულ ზეთში.

ბრინჯის ბლინები:

შემადგენლობა: 230 გ მრგვალი ბრინჯი, 750 გ რძე, 1 ცალი ფორთოხალი, 1 ცალი ლიმონი, 20 გ ღვინო, 50 გ ქიშმიში, 2 ცალი კვერცხი, 3 ს/კ ფქვილი, 70 გ შაქარი, 1 ს/კ ფქვილი, მარილი გემოვნებით, 3 ს/კ შაქრის პუდრი.

მომზადება: ქიშმიში ჩავალბოთ ღვინოში. რძე ავადუღოთ, მოვაყაროთ მარილი, ჩავყაროთ ბრინჯი და მოვხარშოთ. ფორთოხლისა და ლიმონის ცედრა გავხეხოთ, შევურიოთ კვერცხის გულს, ჩავამატოთ დარბილებული 2 ს/კ კარაქი, 50 გ შაქარი და ქიშმიში ღვინოსთან ერთად, მიღებული მასა ავურიოთ, ჩავამატოთ ბრინჯს და კარგად ამოვურიოთ. კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ, მოვაყაროთ შაქარი, ფქვილი და მიღებული მასა ჩავამატოთ ბრინჯში. ზეთი კარგად გავაცხელოთ, სუფრის კოვზით ჩავდოთ ბრინჯის ბლინები ტაფაში და შევწვათ ორივე მხრიდან.

ხათუნა ჩიგოგიძე