როგორ გავაშენოთ ჯუჯა კაკლების ბაღი - პროფესიონალის რჩევები - კვირის პალიტრა

როგორ გავაშენოთ ჯუჯა კაკლების ბაღი - პროფესიონალის რჩევები

ჯუჯა კაკალი ჩვენში თანდათან იკიდებს ფეხს. ბევრს უკვე კარგი ბაღიც აქვს, ბევრსაც დიდი სურვილი აქვს, ამ მცენარის მოშენებას მიჰყოს ხელი. ამის დასტურია ჩვენი მკითხველის სატელეფონო ზარები. ისინი ხშირად გვთხოვენ, მეტი ინფორმაცია მიიღონ ჯუჯა კაკლის, მისი მოვლა-გაშენების შესახებ.

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის მკვიდრი ევა ოთარაშვილი ერთ-ერთი პირველია, ვინც წლების წინ ამ კულტურით დაინტერესდა, დღეს კი მშვენიერი კაკლის ბაღი და სანერგე აქვს. როგორც გამოცდილი მეურნე, რამდენიმე წლის წინ უკვე იყო ჩვენი რესპონდენტი. ამჟამად საკუთარი გამოცდილებით არაერთ კითხვას უპასუხებს.

- როგორ დავრგოთ, გავზარდოთ და გავახაროთ ჯუჯა კაკალი?

- 2006 წელს რამდენიმე კაკლის ნერგი ჩემმა ძმამ მომცა. ამ ნერგებმა ნაყოფი (24 ცალი) 2009 წელს გამოიღო. შემდეგ დეიდამ მომცა სამი ნერგი და იმათ 2010 წელს მოისხეს, თუმცა ჯუჯა კაკლებამდე მეგობრის ნაჩუქარი ჩვეულებრივი კაკლის ხეც დავრგე. შემდეგ 2009-2010 წლებში მიღებული ნაყოფი დავთესე, საიდანაც პირველი ნერგები აღმოცენდა და ვიფიქრე, მოდი, ბაღსაც გავაშენებ-მეთქი. ბაღისთვის ტერიტორია შემოვღობე, სპეციალური ორმოებიც ამომიჭრეს, სადაც 36 ნერგი დავრგე. თავიდან სამი ნერგი, ჩემი ვარაუდით, 4X4 მეტრზე დავრგე. რომ გაიზარდა, განზე გასულ ტოტებს სულ ვკვეცავდი...

- ნერგებს შორის მანძილი რამდენი უნდა იყოს? - დიდი კაკლის ნერგები ერთმანეთს 10-12 მეტრით უნდა დასცილდეს. ბაღში ჯუჯა კაკლები უკვე 7X7-ზე დავრგე, ყველა წესი დავიცავი - ლარი გავაბი და ისე გავაშენე. კონსულტაციაზე აგრონომ ნიკოლოზ იოსებიძესთანაც ვიყავი, ბევრი სასარგებლო რჩევაც მივიღე. მითხრა, თუ ნერგებს გაზაფხულამდე ვერ დარგავ, შემოდგომით ორმოები მაინც ამოიღეო. ყველას, ვინც რჩევას მეკითხება, მეც იმავეს ვურჩევ. თხილსა და კაკალს - ორივეს - ნაადრევად ორმოს ამოღება უხდება. ამ დროს მიწა ნიავდება, რაც ნერგისთვის კარგია, თუმცა მანამდე კაკალი ამ წესის დაცვის გარეშეც დამირგავს და მაინც გაუხარია.

- ორმო რა სიღრმის უნდა იყოს? - 50 სმ-ის, მაგრამ ხანდახან ისეთი ფესვია, შესაძლოა, მეტიც დასჭირდეს. თუნდაც განიერი და ღრმა იყოს, დარგვისას ნერგი ღერძით მაინც ხელში უნდა გვეჭიროს. ქვევით რაც უფრო ფხვიერი მიწა ჩაიყრება, უმჯობესია - ფესვი უკეთესად წავა და გაიზრდება...

- ბაღში რამდენი ხნის ნერგი უნდა დაირგოს?

- 1-2  წლის. თუ ვინმეს ბაღის გაშენება უნდა, უნდა იცოდეს, რომ თუ დარგავ და ეტყვი - შენ შენთვის და მე ჩემთვისო, არაფერი გამოვა.

- შემოდგომით თუ უნდა შემობარვა? - შემობარვა სჭირდება შემოდგომა-გაზაფხულზე. ძირები ზაფხულშიც აუცილებლად უნდა აიჩეჩოს, რადგან მიწის ზედაპირი ილესება და მორწყვისას წყალი აქეთ-იქით გარბის. თუ გვალვებია, როცა მოვრწყავთ ან წვიმა მოვა, საჭიროა ძირზე თივა ან ნამარგლი მასა დავაფინოთ, მულჩის სახით, მორწყული და ნაწვიმარი უცბად რომ არ აორთქლდეს.

- ესე იგი წყალი უყვარს? - წყალი კი უყვარს, მაგრამ მოჭარბებულმა გაზაფხულზე შეიძლება სოკოვანი დაავადება გაუჩინოს. თუმცა ზრდის პროცესში კარგი იქნება, სამ-ოთხ დღეში ერთხელ დავუსხათ ცოტ-ცოტა, კარგად რომ გაიხაროს. გულიანი მოვლის შემთხვევაში პირველ წელს კვირტი 60-70 სმ-ზე მაინც უნდა გაზარდოს. გაზაფხულზე წვიმები რომც იყოს, წყლის დასხმა ორ კვირაში ერთხელ მაინც აუცილებელია, რადგან წვიმა მაინც არ იქნება ისეთი, რომ წყალი 40 სმ-ზე ნიადაგში ჩავიდეს.

- ჯუჯა კაკალი სიმაღლეში რამდენი იზრდება? - 5-6 მეტრამდე. ჩემს ბაღს რომ გახედოთ, ყოველი ხე მხრებგაშლილია, რადგან 7X7-ზეა დარგული. ყველაზე ეფექტიანი შემოდგომით დარგვაა, ოღონდ ყინვიან ადგილას დარგვა გაზაფხულზე ჯობია.

- რომელი სასუქია აუცილებელი? - დარგვისას თუ დამწვარ ნაკელს ფენა-ფენა, მიწასთან ერთად მონაცვლეობით ჩავყრით, კარგი იქნება. ერთ ნერგზე ერთი ვედრო ნაკელი საკმარისია. მერე კარგად უნდა დაიტკეპნოს, რომ ორმოდან ჰაერი გამოიდევნოს და ერთი ვედრო წყალი დაესხას. ამის მერე შეიძლება გაზაფხულამდე ჩვენც დავისვენოთ და ნერგიც დავასვენოთ. კაკალს პირველ ორ წელს ფესვი უფრო ეზრდება, ვიდრე ღერო - მიწაში ღრმად მიდის. შეიძლება ღერო 10-15 სმ ჰქონდეს, მაგრამ ფესვი ისეთი დიდი, რომ მისი ამოღებაც კი გაჭირდეს.

- ნაყოფს მეოთხე წელს იძლევა?

- დიახ, ერთი ჯიში კარგ პირობებში ნაყოფს ასე იძლევა, მეორე ჯიში - მეოთხე-მეხუთე წელს, პირველი ნიშნიდან სრულ მსხმოიარობამდე კი დიდი დრო უნდა - 9-10 წელიწადი; მანამდე საშუალოდ ისხამს. შეიძლება ერთი ხიდან 1-2 ვედრო ჩამოვიდეს...

- ჯუჯა კაკალი რამდენ ხანს ცოცხლობს? - ჩანდლერზე ხომ ამბობენ, 50 წელი ცოცხლობსო, ამან შეიძლება, 100 წელი იარსებოს!

- როგორ და რით წამლავთ? - არასოდეს მიფიქრია შეწამვლა, მინდა, ჩემი ბაღი ბიოლოგიურად სუფთა იყოს. შარშან ჭარბი ნალექის გამო ფოთოლს შავი წერტილები პირველად გაუჩნდა. მერე რაღაცები გავარკვიე და ხეებს შაბიამანში გაზავებული კირიანი სითხე წავუსვი. ბორდოს ხსნარის გამოყენება მანამდე ჯობია, სანამ ხეები გაიფოთლება. შეთეთრებამ ხავსსაც უშველა.

იხილეთ ასევე: ჯუჯა კაკალი - ჯიში, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში ამართლებს