"სვანმა ქალმა თუ გაიწია..."
"სვანმა ქალმა თუ გაიწია..."
"ამ გოგრებს, პომიდვრებს, ზაფრანების გირლანდებს, წიწაკების "მძივებს" რომ ვუყურებ, მიხარია. მერე ჩემს ხელებს ვაკვირდები, ქალის ნაზ ხელებს აღარ ჰგავს, მაგრამ რომ ვიცი, რამდენი რამის გაკეთება შეუძლიათ, ბედნიერი ვარ და ჯერ კიდევ მოუშუშებელი ხელები აღარ მტკივა"

აგვისტო-სექტემბერში რეგიონებში მოგზაურობამ მომიწია. ყველგან შესამჩნევია გამოკეტილი სახლები, დაჟანგული რკინის ჭიშკრები, სარეველათი დაფარული ეზოები. ისეთებიც ვნახე, მამა-პაპისგან მიტოვებულს შვილები და შვილიშვილები რომ დაბრუნებიან, სახლი აღუდგენიათ, მეურნეობა გაუმართავთ, მერე კი, სოფელში შვებულების გასატარებლად ჩასულნი, საცხოვრებლად დარჩენილან,
საქმე წამოუწყიათ და სხვისთვისაც მაგალითი მიუციათ. პოეტი ეკა კვიციანი ორი წლის წინ, ზაფხულში, მშობლიურ ბეჩოში ავიდა. უფიქრია, ძალას მოვიკრებ და თბილისსა და სამსახურს ისე დავუბრუნდებიო. შვებულების ერთი თვის შემდეგ ფეხი აუთ­რევია, ბეჩოში ყოფნა გაუხანგრძლივებია, მერე კი სამსახურზე სულაც უარი უთქვამს.

- გრძელ ღამეებში ფიქრში გამოიძერწა
სამოქმედო გეგმა. მეგობრებმაც მიბიძგეს - რადგან ბეჩოში ხარ, ტურისტებს გამოგიგზავნით, მოსინჯე, იქნებ კარგად გამოგივიდესო. მასპინძლობის პროცესში ბევრმა ფაქტორმა საკუთარი მეურნეობის შექმნისკენ მიბიძგა. სტუმრებს იმით ვუმასპინძლდებოდი, რაც ქალაქში იყიდება. ყველაფრის ბარიდან ამოტანა მჭირდებოდა და ვიფიქრე, როდემდე უნდა ვათრიო ამხელა ბარგი, უგემური, "პლასტმასის" კიტრი და პომიდორი, გაურკვეველ გარემოში მოყვანილი ბოსტნეული და ხილი, როცა უზარმაზარი ეზო მაქვს, შრომა შემიძლია და სხვაზე ნაკლები მოსავალი არ მომივა-მეთქი. დავიკაპიწე ხელები, გვერდით დავიყენე დედა, და, დისშვილი და შევეჭიდე საქმეს.

- გოგრა, პომიდორი, კომბოსტო იმხელა მოსავალს იძლევა, რომ ყიდვა აღარ გჭირდება?
- სეზონურად საჭირო რაოდენობაზე გათვ­ლილი მაქვს. ამასთან, ზამთრისთვისაც ვინახავთ. ვაპირებ, კოტეჯები ავაშენო. მეურნეობის მასშტაბსაც გავზრდი. აქ რომ დავბრუნდი, დედასა და დას სამი პატარა ძროხა ჰყავდათ, გავაყიდვინე და ერთი დიდი ძროხა ვიყიდე. მისი მოვლა უფრო იოლია და სარგებელს იმაზე მეტს იძლევა, ვიდრე სამი პატარა. ეგ არის, მელასა და დედოფალასთან ვერ მოვრიგდი - კრუხ-წიწილას არ მიხარებენ. ევროპელმა ტურისტმა მასწავლა, როგორი საქათმე გავაკეთო, რომ ფრინველი თავს ტუსაღად არ გრძნობდეს და ქორის, მელიისა და დედოფალასიც არ მეშინოდეს. მაგასაც გავაკეთებ.



- ქალაქი არ მოგენატრა?
- უშბა თითქმის ეზოში მაქვს. თუ მზიანი დღეა, დილა მასთან მისალმებით იწყება. მაგალითს მაძლევს, ნახე, მე აქ ვარ და ჩემს სანახავად შორიდან მოდიან, ქალაქში რა გინდაო? მეგობრები მენატრებიან. ხან ისინი მოდიან, ხან ზამთრის სეზონზე მე მივდივარ. საოცარი მიზიდულობა აქვს მიწას, გარემოს, უზარმაზარ თვალსაწიერს, რაც უფრო შემოქმედებითს გხდის. როცა დილა უზარმაზარი კაკლის ხეებქვეშ იწყება, კრეფ ჩამოცვენილ მოსავალს და ხარობ, ამ დროს ბუნების, თუნდაც ამ კაკლის ხეების მიმართ საოცარი მადლიერების გრძნობა გიჩნდება.

- ბეჩოში შენზე ამბობენ, კაცებს ტოლს მშენებლობაშიც კი არ უდებსო.
- სვანმა ქალმა თუ გაიწია... ჩემი ხელით ავაშენე კედელი, სადაც მოსავალს ზამთრამდე, დახურულ სივრცეში შენახვამდე ვაბინავებ. ურიკით ვეზიდებოდი ქვებსა და ქვიშას მდინარიდან. თვითონ მოვზილე ცემენტი და დავიწყე შენება. ამას წინ უძღოდა გაზონების პაწია კედლების მშენებლობა. გამოცდილება უკვე მქონდა და დიდ კედელს რომ მივადექი, საოცარი აზარტი ვიგრძენი. მშენებლობა მაშინ გადავწყვიტე, როცა ეზოს ერთი ნაწილი დიდი კედლით შემოვაღობინე ამ საქმის ოსტატებს. ვუყურებდი, ვსწავლობდი, უამრავ კითხვას ვუსვამდი. მიყვარს შენება; პატარა ფიცრული ღობეებიც ჩემი ხელით გავაკეთე - მხოლოდ მასალა დავამზადებინე. ვამბობ, კოტეჯებიც მე უნდა ავაშენო-მეთქი. ადამიანი თუ მოინდომებს, შეუძლებელი არაფერია. ამ გოგრებს, პომიდვრებს, ზაფრანების გირლანდებს, წიწაკების "მძივებს" რომ ვუყურებ, მიხარია. მერე ჩემს ხელებს ვაკვირდები, ქალის ნაზ ხელებს აღარ ჰგავს, მაგრამ რომ ვიცი, რამდენი რამის გაკეთება შეუძლიათ, ბედნიერი ვარ და ჯერ კიდევ მოუშუშებელი ხელები აღარ მტკივა.

ცხოვრება საკუთარი შესაძლებლობ­ების გამოცდაა. ასე ეცნობი შენს თავს. რომ გააკეთებ და შედეგს დაინახავ, ხვდები, რომ ადამიანად იძერწები. ერთი ცომთან ურთიერთობას ვერ მივეჩვიე. არადა, სვანი ქალი, თან დიასახლისი, მუდმივად სტუმრების მოლოდინში რომ არის, ცომის მოზელის საუკეთესო ოსტატი უნდა იყოს, სხვანაირად კუბდარი კუბდარი არ არის და ჩვენებური ხაჭაპურიც ეშხს კარგავს.

ყველას ვურჩევ, თუ სოფელი გაქვთ, დაბრუნდით, შექმენით მეურნეობა. გარდა იმისა, რომ ბეტონის ჯუნგლებისგან დაისვენებთ, თქვენი თავის ბატონ-პატრონიც იქნებით და არა მარტო სუფთა ჰაერს ისუნთქავთ, არამედ შეჭამთ უსასუქო პროდუქტსაც და მერწმუნეთ, სხვანაირად გაგიხარდებათ დილის გათენება.
dali
25 ოქტომბერი 2019 16:23
გაიხარე, ვგიჟდები მშრომელ ადამიანებზე

თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?