ქართული გოგრის მოსავალ-შემოსავალი
ქართული გოგრის მოსავალ-შემოსავალი
"როდესაც ჩვენი გოგრა თურქულმა გოგრამ ჩაანაცვლა, ბევრი მიხვდა ქართულის ფასს და მოინატრა"

მცენარეთა ახალი ჯიშებისა და საბაზრო კულტურათა გააქტიურებამ­ დროებით Uგვერდზე გადასწია ისეთი ტრად­იციული კულტურა, როგორიც გოგრაა. ამის უარყოფითი მხარეებიც ნელ-ნელა გამოიკვეთა. სხვათა შორის, გოგრა შეუცვლელი პროდუქტია ბავშვებისთვის.

თითქმის არ არსებობს დაავადება, რომლის სამკურნალოდ გოგრა არ გამოიყენებოდეს. ამას ემატება ისიც, რომ გოგრა, სხვა უამრავ­ ვიტამინსა და კაროტინთან ერთად, ისეთ ვიტამინებსაც შეიცავს, რომლებიც ორგანიზმს მძიმე საკვების გადამუშავებაში ეხმარება. როდესაც ბაზარი ქართული
გოგრისგან დაცარიელდა, ცხადია,­ თურქეთიდან შემოტანილი გამოჩნდა, რომელიც გემოთი ქართულთან ვერ მივა. ამ გარემოებამ კი, საბედნიეროდ, ზოგიერთ ფერმერს ქართული გოგრის მოშენება გადააწყვეტინა.­ პირველი `მერცხლები~ ხობის­ სოფელ თორსაში გაჩნდნენ - ძმები როზმან და ტარიელ ბერიძეები, რომლებმაც წლეულს 80 ტონა მოსავალი მიიღეს.

როზმან ბერიძე: - მე და ჩემი
ძმა მიწაზე­ შრომას ბავშვობიდანვე მიჩვეული ვიყავით და გოგრაც ბევრჯერ მოგვიყვანია­, მაგრამ როცა შევხედეთ, რომ გოგრას ბევ­რად ნაკლები მყიდველი ჰყავდა, ვიდრე­ საზამთროს ან თუნდაც ბულგარულ წი­წაკასა­ და პამიდორს, სხვებივით ვარჩიეთ,­ რომ შრომა ამ ბაღჩეულის მოყვანისთვის­ გაგ­ვ­ეწია. 3 წლის წინ საუკეთესო ნათესებიც გვქონდა, მაგრამ ფაროსანამ ყველაფ­ერი გაგვინადგურა, მხოლოდ საზამთროს არ შეხებია, ალბათ, იმიტომ, რომ მიწის ზედაპირზე­ იზრდება, სადაც ბევრი ნესტია. ამიტ­ომაც შარშან ბაღჩეულის­ ნაცვლად საზამთროს მოწევა გადავწყვიტეთ, მაგრამ თადარიგი­ დავიჭირეთ და საზამთროს ნათესებს­ სასინჯად ცოტა გოგრა შევურიეთ. 200 ტონა საუკეთესო საზამთრო მივიღეთ, მაგ­რამ ამჯერად ვეღარ გავყიდეთ და დავზარალდით. ამიტომაც წლეულს საზამ­თროზეც უარი ვთქვით და 4 ჰექტარზე მთლიანად გოგრა დავთესეთ. საბედნიეროდ, კარგი მოსავალი მოვიწიეთ, თვალსა და გულს რომ უხარია, ისეთი.

- ამხელა ფართობზე, ალბათ, იმიტომ, რომ შარშან კარგად გაყიდეთ...
- როდესაც ჩვენი გოგრა თურქულმა გოგრამ ჩაანაცვლა, ბევრი მიხვდა ქართულის ფასს და მოინატრა. ამიტომაც გაიყიდა­ ჩვენი შარშანდელი მოსავალი კარგად. წლეულსაც დიდი ნაწილი გავყიდეთ.

- თურქული გოგრა მართლაც ძალიან ჩამორჩება გემოთი, ჯიშის გამოა ასე?
- ჩემი აზრით, თურქული ჯიშები, ძირითადად, იმაზეა გათვლილი, რომ დიდი ზომის იყოს და მოსავალიც დიდხანს შეინახოს. ქართველებსაც გვაქვს ასეთი ჯიში, რომელიც კარგად იზრდება და ბევრი მუშაობა არ სჭირდება, მაგრამ ეს ჯიში პირუტყვის საკვებია. ეს არ ნიშნავს, რომ საზიანოა, უბრალოდ, ისეთი გემრიელი არ არის, როგორიც ადამიანის საკვებად გამოსადეგი გოგრა. ჩვენ გვაქვს ძველი ქართული ჯიშის გოგრები, რომლებიც საქართველოს ყველა კუთხეში მოდის.

- თქვენ რომელი ჯიში მოიყვანეთ?
- თეთრულა და ხოკერა. ხოკერას ჯიში თეთრულასგან შეფერილობითაც განსხვავდება და ზომითაც, უფრო პატარაა. ეს ჯიში სუფთა ქართულია. ნაკლებად საჭირ­ოებს მზესა და სინათლეს, იმიტომაც არის, რომ დასავლეთში სიმინდის ყანაში თეს­ავენ. სუფთა ქართული ჯიშია თეთრულაც, ოღონდაც ის ხოკერაზე დიდია და მზეც მეტი სჭირდება. რაც შეეხება ჩვენებურ, ანუ ხობის ნიადაგს, კოლხეთის დაბლობზე ტენიანობა სწორედ იმ დონეზეა, რომელიც გოგრას უყვარს. ასეთი ტენიანობა საშუალებას გვაძლევს, გოგრა მიწის ზედაპირთან უფრო ახლოს დავთესოთ, ვიდრე, ვთქვათ, კახეთში, სადაც უფრო მშრალი ნიადაგია. ამასთანავე, ჩვენთან გოგრის ნათესებს მორწყვა არ სჭირდება.

- თუმცა დიდი შრომა მაინც დასჭირდება.
- როცა გოგრა ამხელა ფართობზე ითესება, ნიადაგი წინასწარ უნდა დახნა­. მერე, სანამ ფოთოლი ბოლომდე არ გაებ­არ­დება და მიწას არ დაფარავს, გამოთოხნა­ სჭირდება. ამ საქმეს ამხელა ტერიტორიაზე მხოლოდ მე და ჩემი ძმა ვაკეთებთ. მოს­ავალს აღება და გაყიდვაც ხომ სჭირდება.­ შრომა არც ერთ საქმეში არ არის იოლი.

- როგორც ცნობილია, გოგრა ადრეულ გაზაფხულამდე ინახება, თქვენ, სავარაუდოდ, შენახვამდე არ მიგივათ საქმე, ყველა იყიდის.
- მოსავალი 80 ტონამდე მოგვივიდა და დიდი ნაწილი უკვე გაყიდული გვაქვს,­ ბითუმადაც მიაქვთ. ვინაიდან ზუგდიდის ბაზარი მცირეა, ვფიქრობთ, დარჩენილი გოგრა ქუთაისის ბაზარზე გავიტანოთ. რაც შეეხება დედაქალაქს, იქ წაღებას ვერ მოვახერხებთ, ტრანსპორტირება ძვირია.

- არადა, კარგი იქნებოდა, განსაკუთ­ებით, ჩვილბავშვიანებისთვის, რომლებიც დარწმუნებული იქნებოდნენ, რომ ნამდვილად ქართულ და თანაც ეკოლოგიურად სუფთა გოგრას ყიდულობენ.
- არც ხელი გაგვექცევა და არც გული, რომ გოგრა გადაჭარბებული პესტიციდებით მოვშხამოთ. ის კი არა, ფაროსანას სახელმწიფო შეწამვლები მიმდინარეობს და ესეც ავარიდეთ გოგრის ნათესებს. თავად მოვძებნეთ ფაროსანას განადგურების ის საშუალებები, რომლებიც, სამწუხაროდ, 3 წლის წინ არ ვიცოდით, თორემ ეგებ მოს­ავალი გადაგვერჩინა. უბრალო­ რამეა - გოგრის ნათესების მიმდებარედ რამდენიმე თეთრი ქსოვილი გადავჭიმეთ, რომლებზეც ფაროსანას მისაზიდი საშუალებები დავამაგრეთ. როდესაც ფაროსანა ქსოვილს შეესია, შესეული მწერი შევწამლეთ და ამით დამთავრდა ყველაფერი. დიდი სურვილი მაქვს, ამ საშუალების შესახებ ხმა ყველას მივაწვდინო, რათა მოსავალს შესაწამლავი შხამები რაც შეიძლება აარიდონ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა