როგორ გავზარდოთ "სათბურის ეფექტი"
როგორ გავზარდოთ "სათბურის ეფექტი"
ზამთრის ყინვასა და სიცივეში მცენარეებისთვის არახელსაყრელი პირობები იქმნება და მოსავლის მოყვანა შეუძლებელია. ამის გამო ფერმერებს პროდუქცია სათბურებში მოჰყავთ. როგორი უნდა იყოს სათბური, რათა მეურნემ კარგი მოსავალი მიიღოს? გვესაუბრება სწავლული აგრონომი აკაკი ღლონტი.

- მცენარე ვერ გაიხარებს, თუ სითბო, წყალი და სინათლე მოაკლდება. ნებისმიერი კონსტრუქცია, რომელიც ამ პირობებს დააკმაყოფილებს, შეიძლება სათბურად გამოვიყენოთ. თავდაპირველად ყველაზე გავრცელებული მინის სათბურები იყო. შემდეგ სხვადასხვა კლიმატური პირობის გამო შეიქმნა განსხვავებული კონსტრუქციები. მრავალგვარია სათბურის ასაგები მასალაც: რკინა,
ალუმინი, ხე, პლასტიკატი და სხვ. სათბურის გადასახურავად, გარდა მინისა, იყენებენ პოლიკარბონატსა და პოლიეთილენს, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე ფენისგან შედგება.

- საქართველოში რომელი მასალაა ყველაზე კარგი?
- პოლიეთილენი ჩვენი პირობებისთვის ყველაზე მისაღები
და რენტაბელურია, თუმცა მისი მთავარი ნაკლი ხანმოკლე­ ექსპლუატაციის პერიოდია. არსებობს ფირმები, რომლებიც გამძლე სათბურებს ამზადებენ და ზოგიერთი მათგანი 5-6 წელსაც ძლებს. სხვადასხვაა სათბურის ზომაც­ - ზოგიერთის სიგრძე 10 მ-დან იწყება, ზოგისა კი 80-85 მეტრს აღწევს. ამაზე დიდი სათბურები მიზანშეწონილი არ არის. ჩვენთან სათბურები თითქმის ერთნაირია - როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. უბრალოდ, დასავლეთ საქართველოში თოვლის საშიშროება უფრო მეტია და სათბური ისე უნდა მოეწყოს, რომ თოვლი იოლად ჩამოცურდეს.

- ცნობილია, რომ სათბურში ნორმალური­ ტემპერატურის შენარჩუნება გათბობის გარეშე­ რთულია. რომელი მასალაა ყველაზე ეკონომიური?
- გააჩნია, რომელი კულტურის მოყვანა სურს ფერმერს. მაგალითად, მწვანილის მოყვანა ნაკლებ სითბოს მოითხოვს და მარტო მზის ენერგიის ხარჯზეც შეიძლება. ოხრახუშის, ცერეცოს ან ქინძის მოსაყვანად მცირე გამათბობელიც საკმარისია. იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში­ ეს კულტურები მზის ენერგიის ხარჯზე მოჰყავთ, მაგრამ ზოგი მცენარე მეტ სითბოს მოითხოვს, მათ შორის მარწყვი, კიტრი, პამიდორი... ამიტომ თანამედროვე სათბურები აღჭურვილია სპეციალური დანადგარებით, რომელთა დახმარებით შეიძლება შევქმნათ მცენარეთა განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა, ტენიანობა, განათება და კარგი მოსავალი მივიღოთ.
თანამედროვე სათბურების მშენებლობა შრომატევადი და ძვირი საქმეა. ამ სათბურებს აქვთ სპეციალური კლიმატკონტროლის სისტემა, რომლითაც სათბურში ტემპერატურა რეგულირდება. ყველაზე­ გავრცელებული გვირაბისებური ფორმის სათბურებია. მარტივი ტიპის სათბური შეიძლება ფერმერმა თვითონაც გააკეთოს, თუმცა, ცხადია, სპეციალისტების მიერ შექმნილი კონსტრუქციები გაცილებით მყარი და საიმედოა.

ნებისმიერ შემთხვევაში, სათბურის გათბობა ხარჯიანი საქმეა, რადგან ჩვენთან გაზიც­ ძვირია და ელექტროენერგიაც. არანაკლებ ხარჯთან არის დაკავშირებული შეშისა და ქვანახშირის გამოყენება. გათბობის ხარჯი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული - სათბურის კონსტრუქციაზე, მასალაზე, კლიმატურ პირობებზე, საწვავზე და სხვ.

- რას გვეტყვით ენერგოეფექტურ სათბ­ურზე, რომელიც მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება?
- ენერგოეფექტური სათბური ფერმერისთვის ძალიან დიდი შეღავათია. მსოფლიოში ძალიან ბევრი ტექნოლოგია არს­ებობს ამგვარი სათბურების მოსაწყობად, მაგრამ საქართველოში ყველაზე გამართლებული თერმული წყლების გამოყენებაა.­ ჩვენთან ძალიან ბევრი წყალი იღვრება მდინარეებში ისე, რომ ვერ ვიყენებთ. თერმული წყლები დიდი რაოდენობითაა სამეგრელოში, იმერეთსა და სხვა კუთხეებშიც.
რაც შეეხება მზის ენერგიას, საქართველოში მზის ენერგია საიმედო არ არის: ზამთრის თვეებში მზე საღამოს 7 საათზე­ ჩადის და დილით გვიან ამოდის. ამ დროს სათბური როგორ უნდა გაათბოთ?

- როგორ შეიძლება სათბურის ვენტილაცია?
- სათბურის ვენტილაცია მის ჭერსა და გვერდებზე განლაგებული პატარა ფანჯრებითაც შეიძლება - ეს ბუნებრივი ვენტილირებაა. სათბურში ჰაერის შედინება-გადინებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ­ ვენტილაციის სისტემაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თანამედროვე სათბურების აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს აგრეთვე სადრენაჟო სისტემა, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგის, წყლისა და ჰაერის რეჟიმს და ხელს უწყობს ხარისხიანი, კარგი პროდუქციის მიღებას.
- რა უნდა გაითვალისწინონ ახალბედა­ ფერმერებმა, რომლებმაც სათბურის აგება გადაწყვიტეს?
- პირველ ყოვლისა, არ შეიძლება სათბურების მიჯრით აგება, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში: თოვლი რომ მოვა, ყველას ერთად დაანგრევს და ფერმერი დიდ ზარალს ნახავს. ქობულეთში იყო ასეთი სათბურები, ნახევარი მეტ­რის სიმაღლის თოვლი მოვიდა და ყველა დააზიანა. ამიტომ სათბურებს შორის მანძილი 2-3 მეტრი მაინც უნდა იყოს. არსებობს კიდევ ერთი აუცილებელი პირობა, რომლის გარეშე ამ საქმის წამოწყება არ ღირს - ფერმერმა ყოველდღიურად უნდა აკონტროლოს ბაზრის მოთხოვნები. მაგალითად, ადრე ჩვენს მოსახლეობაში არც ისე პოპულარული იყო ბროკოლი თუ ყვავილოვანი კომბოსტო, დღეს კი ამ პროდუქტებზე დიდი მოთხოვნაა... სათბურებში­ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად გვევლინება ჰაერის ტენიანობა. ნორმიდან მისი გადახრა მავნებლებისა და დაავადებების წარმოშობას უწყობს ხელს. ამიტომაც არის საჭირო სათბურის ნორმ­ირებული მორწყვა და ეს ნორმები წარმოებული კულტურების მიხედვით განისაზღვრება.

- ამ სფეროში მიღებულ გამოცდილებას როგორ იყენებენ ჩვენი ფერმერები?
- საბჭოთა პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი სასათბურე მეურნეობა მოქმედებდა. ამიტომ ქართველ ფერმერებს­ და ამ დარგის მუშაკებს საკმაო გამოცდილება დაუგროვდათ, მაგრამ ახლა ყველაფერი გაჩერებულია. არის მუშახელი, არის გამოცდილება, მაგრამ ჩვენ ვერ ვიყენებთ. ამიტომ საქართველოში ირანულ ფირმებს შემოაქვთ ხილი და ბოსტნეული.­ რატომ? - იმიტომ, რომ ირანში მუშახელიც იაფია,­ ბუნებრივი აირიც, ელექტროენერგიაც. ყველაფერი იაფი აქვთ, რაც აგრარული სექტორის ეფექტიანობას თავისთავად ზრდის. ირანელებს ამ პროდუქციის საქართველოში ტრანსპორტირებაც იაფი უჯდებათ და ჩვენი ქვეყნის სახით ძალიან კარგი გასაღების ბაზარი აქვთ. მართალია,­ ჩვენი პროდუქცია უფრო გემრიელია, უფრო ხარისხიანიც, მაგრამ ბაზარზე იერსა და ზომას უფრო უყურებენ, ვიდრე გემოს. რატომ გვიკვირს, რომ ამის გამო ქართველი ფერმერი დაჩრდილულია და ცდილობს საარსებო წყაროსთვის დიდ ქალაქებში ან უცხო ქვეყნებში გაიხიზნოს?

ხათუნა ჩიგოგიძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა