აკვარისტის რჩევები
აკვარისტის რჩევები
აკვარიუმისტიკა, იგივე აკვარისტიკა სულ უფრო პოპულარული ხდება. მამუკა სიბაშვილი დიდი ხანია ამ საქმეს მისდევს და დიდი გამოცდილებაც დაუგროვდა. გთავაზობთ პროფესიონალის რჩევებს­ მათთვის, ვისაც თევზები ჰყავს ან მათ შინ მიყვანას აპირებს.

- პირველად თევზი და აკვარიუმი რომ მაჩუქეს, 5 წლის ვიყავი. მას შემდეგ დაიწყო ამ საოცარ სამყაროსთან ჩემი ურთიერთობა და უკვე 41 წელია, გრძელდება. არსებობს ზღვის, მლაშე და მტკნარი წყლის აკვარიუმები. საქართველოში, უმეტესწილად, ეს უკანასკნელი გვაქვს, რადგან შედარებით ადვილი მოსავლელია.

-
აკვარიუმის შეძენისას რა უნდა გავითვალისწინოთ?

- რაც უფრო დიდი ზომისაა თევზი,­ მით უფრო დიდი სივრცე სჭირდება. მტაცებელთან ერთად მშვიდობიანის ყოფნა არ შეიძლება. მაგალითად, აფრიკულ ან ამერიკულ ციხლიდებთან მხოლოდ იმავე სახეობის გაშვება შეიძლება, რადგან ისინი­ დიდები არიან და პატარა თევზებს ჭამენ. დამწყებთათვის შედარებით იოლია ნეონების, ანცისტრუსების,
ცოცხლადმშობი პეცი­ლიებისა და მოლინეზიების მოვლა. არ გირჩევთ მრგვალი აკვარიუმის ყიდვას - თვალისთვის ზიანის მომტანია, რადგან­ მას კარგად ვერ აღიქვამს; კვადრატული თვალს უფრო ამშვიდებს. აკვარიუმის აუც­ილებელი ატრიბუტებია განათება, გათბობა, ჟანგბადის მექანიზმი და ფილტრაცია, რომლის დროს წყალი მექანიკურად, ბიოლოგიურად და ქიმიურად იწმინდება.



- რა სიხშირით ცვლით წყალს?
- წყლის ტემპერატურის ხშირი ცვლილება თევზების სხვადასხვა დაავადებას იწვევს. აქ ერთი რამ არის გასათვალისწინ­ე­ბელი - გამოცვლის დროს იმავე ტემპერატურის წყალი უნდა ჩავასხათ. ყოველთვის­ ვამატებ რამდენიმე დღის ნადგამს და არა - იმწუთას აღებულ წყალს, რათა მასში­ არ იყოს ქლორის იონები. ისინი თევზებისთვის დამღუპველია. 182-ლიტრიანი აკვარ­იუმი მაქვს და წყლის 10-15%-ს ყოველ კვირას ვცვლი.

- როგორი უნდა იყოს აკვარიუმში წყლის­ ტემპერატურა?
- ცივი წყლის თევზებს წყლის ტემპე­რა­ტურა 17-დან 21 გრადუსამდე უნდა ჰქონდეთ, თბილი წყლისას - 22-26O. დღეში ერთხელ ან ორჯერ შეიძლება ჩავუყაროთ იმდენი საკვები, რომ 15-20 წუთის შემდეგ აღარ დარჩეს.

- წყალმცენარეების მოსავლელად რა არის საჭირო?
- სასურველია გვქონდეს ბუნებრივი წყალმცენარეები, რომლებიც ნიტრატებს შეიწოვს და წყალს ასუფთავებს. მცენარეებიანი აკვარიუმისთვის საჭიროა *ნახშირორჟანგის ხელსაწყო. არსებობს სამი ტიპის - ადვილად, საშუალოდ და რთულად მოსავლელი წყალმცენარეები, რომელთაც სხვადასხვა სპექტრისა და სიხშირის განათება სჭირდება. ზოგიერთი მრავლდება პწკალებით, ზოგი - გადაჭრით. განათებისა და ფილტრაციის გარდა, მათთვის, სასურველია, წყლის ტემპერატურა 22-26 გრადუსი იყოს.

- ქვირითი ან ლიფსიტები შეჭმას როგორ გადავარჩინოთ?
- არსებობენ ცოცხლადმშობი და ქვირითმყრელი თევზები. ზოგიერთი იცავს თავის ქვირითს, ზოგი ყურადღებას არ აქცევს, ან თვითონვე ჭამს. უმჯობესი იქნება ცალკე, იზოლირებულად გადაიყვანოთ მოქვირითე ან ცოცხლადმშობი თევზი, ვთქვათ, პატარა აკვარიუმში. თუ ასეთი აკვარიუმი არ გაქვთ, 5-ლიტრიან წყლის ბიდონს თავი მოაჭერით და აკვარიუმის იმიტაცია შექმენით. სასურველია, ცალკე გავაჩეროთ 3-4 თვე, სანამ ისე არ გაიზრდებიან, რომ შესაძლებელი იყოს მათი დიდ აკვარიუმში,­ სხვა თევზებთან გადაყვანა.

- აკვარიუმში დიზაინსა და თევზების სახეობებს ხშირად ცვლით?
- არსებობს ე.წ. ამაზონის ტიპის აკვარიუმი, რომელიც ხით და მცენარეებით არის გაწყობილი, აფრიკული წყალსატევების ტიპის აკვარიუმში კი ქვები ჭარბობს. არსებობს ბიოტოპიური აკვარიუმებიც, რომლებშიც ერთი და იმავე კონტინენტის ან ერთი და იმავე ქვეყნის ფლორა და ფაუნაა გაერთიანებული. შეიძლება სხვადასხვა კონტინენტის მცენარეები და თევზები ერთ სივრცეშიც მოათავსო. ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ნათია სიბაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები