"ჩვენი მინიატიურული გოგო მხოლოდ დიდ ძაღლებს ეპრანჭება" - კვირის პალიტრა

"ჩვენი მინიატიურული გოგო მხოლოდ დიდ ძაღლებს ეპრანჭება"

"ჩვენს მინიატიურულ გოგონას თავისი მსგავსი პატარა ძაღლები თვალში არ მოსდის - მხოლოდ დიდ ძაღლებს აქცევს ყურადღებას. მეზობელს ჰყავს ლაბრადორი და იმას ეპრანჭება. ამ ჯიშს ჩაცმაც სჭირდება და ტანსაცმელს სპეცმაღაზიაში ვყიდულობთ, გვაქვს კაბები, სარაფანები საზაფხულო კოლექციიდან, ასევე ზამთრის ჩასაცმელიც, ფაჩუჩები, ქურთუკი"

მუდმივად გაცნობთ ადამიანებს, რომლებსაც შინ ოთხფეხა მეგობრები ოჯახის წევრების რანგში ჰყავთ, გულმოდგინედ ზრუნავენ მათზე და ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებთ. ჩვენი კოლეგა, "პალიტრანიუსის" ტოქშოუ "360 გრადუსის" წამყვანი, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილი ცოტა ხნის წინ ძაღლის პატრონი გახდა. რისი დაძლევა მოუხდა შინ ძაღლის მიყვანამდე, როგორ უვლის შვილებთან ერთად პაწაწინა ოთხფეხა და როგორ შეცვალა იორკშირმა ბიბიმ მათი ცხოვრება, ემა მოგვითხრობს.

ემა ტუხიაშვილი:

- ძაღლზე საკმაოდ მძიმე მოგონება მაქვს: 3-4 წლისა მამამ სასეირნოდ გამიყვანა და სადარბაზოდან რაღაცისთვის შინ აბრუნდა, დამელოდე, ახლავე მოვალო. სწორედ მაშინ მეზობელმა გასასეირნებლად გერმანული ნაგაზი გამოუშვა. ისე შევშინდი, რომ თმა გამცვივდა. ეს ამბავი იმდენად ჩამრჩა, რომ ძაღლს ვერ ვეკარებოდი.

შარშან ჩემმა შვილებმა მოინდომეს შინ ძაღლის მოყვანა და ჯიშების შერჩევა დაიწყეს. ცნობებს კრებდნენ, ატლასებს ათვალიერებდნენ. მეც ავყევი და განწყობა თანდათან შემეცვალა. ბავშვებმა ინტერნეტში იორკშირის ჯიშის ძაღლი იპოვეს, რომელიც ძალიან მოეწონათ და ლეკვსაც ერთ ოჯახში ინტერნეტის საშუალებით მიაგნეს. იმ ლეკვებიდან ერთს ანამ შორიდან ბიბი დაარქვა, ეფერებოდა და ესიყვარულებოდა... მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა და იმ ოჯახს დავუკავშირდი, რომ მოწონებული ლეკვი ჩემი გოგონასთვის საჩუქრად მიმეყვანა დაბადების დღეზე.

- ამდენი წლის შემდეგ პირველად შეეხეთ ძაღლს? - ასე გამოვიდა... ბიბი 2-3 კვირის იყო, რომ ვნახე, ძალიან პატარა, მუჭში ჩაეტეოდა.

მისი დანახვისას სასწაული ემოცია მქონდა. შინ რომ მივიყვანე, ჩემი შვილი სიხარულისგან ტიროდა. იმ დღიდან ჩვენი ცხოვრება მართლაც შეიცვალა. ღამით არავის გვძინებია, ყველა ბიბის დასჩერებოდა. დღემდე ანასთან სძინავს... თებერვალში ერთ წლის გახდება.

ძალიან კარგი ჯიშის ძაღლია, ბრიტანული. მინიატიურული არსებაა, 2-3 კილოგრამი იზრდება.

- პასპორტი და მოწმობაც აქვს? - დიახ, და საგვარეულო ნუსხაც. ჩვენი გოგონა ჯიშიანია... ამ ზაფხულს ზღვაზე გვყავდა, ბევრი დაინტერესდა და როცა შეჯვარებისთვის მზად იქნება, გამოგვეხმაურებიან...

ანამ სახელი ხომ შეარქვა, მაგრამ საიდანაც წამოვიყვანე, იქ საბუთებში მისთვის უკვე როუზი დაერქმიათ. მოკლედ, ბიბის ვეძახით, მაგრამ თუ გამაბრაზებს, როუზია.

- რას აფუჭებს? - თითქმის არაფერს. უბრალოდ უყვარს რაღაცების ქექვა.

ერთადერთი მისი სუსტი წერტილი წინდაა, თუ დაინახა, რომ ვინმემ გაიხადა, ყველაფერს გააკეთებს, რომ მოიპაროს და თავის სამალავში წაიღოს, მანამდე კი პირში გაჩრილი წინდით დარბის. ცოტა წუწკიც არის, როდესაც ჭამ, წინა თათებით ამოგახტება, გიყურებს, რომ რაღაც მიაწოდო.

- რით კვებავთ? - თავისი საკვები აქვს, ყოველ 4 საათში ერთხელ უნდა ჭამოს. ღამით არ ვაჭმევთ, დიეტაზე გვყავს, რომ არ გასუქდეს. სვამს წყალს, მიირთმევს ხაჭოს, ხილს, ვიტამინებს. ძალიან უყვარს გასეირნება. უნდა ვაღიარო, რომ გაწუწკებაში ხელს ვუწყობ - განსაკუთრებით ყველი, ბატიბუტი და ჩიფსი უყვარს. რადგან იცის, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ ჩემგან მიიღებს, ჭამის დროს სწორედ ჩემთან მოდის და თათს მადებს. მთელი დღე სამსახურში ვარ და როცა შინ გვიან ვბრუნდები, ეს მთელი სანახაობაა - ზუსტად ერთ წუთში თმა ისე მაქვს, როგორც აფეთქების შემდეგ, მლოკავს, მეფერება, მესიყვარულება.

- აცრები სჭირდება? - კი, წესისა და რიგის მიხედვით ვუკეთებთ. ხშირად კბილების შემოწმება სჭირდება, რადგან ამ ჯიშს შედარებით სუსტი აქვს, თუმცა ჩვენს ბიბიკოს ძალიან ჯანსაღი კბილები აღმოაჩნდა. სჭირდება თმის მოვლაც. ეს ჯიში იმით არის გამორჩეული, რომ ადამიანის თმის სტრუქტურა აქვს. არ არის ალერგიული, არც სპეციფიკური სუნი აქვს. ყოველდღიურად უნდა დავარცხნა.

როგორც ქალებს გვაქვს თმის მოვლის საშუალებები - შამპუნი, ბალზამი, თმის ადვილად დავარცხნისთვის სპრეი, რამდენიმე სავარცხელი, ჩვენს ბიბიკოსაც აქვს, საგანგებოდ შევუძინეთ.

- რა რჩევა შეგიძლია მისცე მათ, ვინც ასეთი ჯიშის ძაღლს აიყვანს? - ქუჩაში ბიბიკოს უყურადღებოდ არ ტოვებენ, ეფერებიან. ხშირად საკუთარი ძაღლის (ვისაც ასეთი ჯიში ჰყოლია) ამბებსაც გვიყვებიან, მათ შორის, ტრაგიკულსაც. უთქვამთ, რომ აივნიდან გადაუვარდათ და მოუკვდათ, ვიღაცას სახლიდან გაექცა და ჭაში ჩავარდა. თუ მოვლას ვერ შეძლებენ, მაშინ არც უნდა აიყვანონ.

ბიბიკო დიდ სითბოს გასცემს და მოითხოვს კიდეც სიყვარულსა და ყურადღებას. შესაძლოა ყოველთვის არ იყო ხასიათზე, როცა, ვთქვათ, სამსახურიდან დაღლილი ბრუნდები, მაგრამ ისეთი შემოგებება იცის, ასევე თუ არ დაუბრუნე, არ გამოვა. მოკლედ, ეს ძაღლი ყველაფერს გავიწყებს, თან სახლის ძაღლია და ყოველდღე არ სჭირდება გარეთ გაყვანა.

გვყავს თუთიყუში ბეტიც (ბეატრისი), რომელსაც ბიბი ვერაფრით შეეგუა. ყოველდღე ეჩხუბება, ელაპარაკება, ისიც ავია და აქვთ "საქმის გარჩევები".

- რამდენ ხანში ერთხელ აბანავებთ? - ორ კვირაში ერთხელ. ეს ერთი რიტუალია და მეორე - მისი ფენით გამშრალება. დაბანისას ფრთხილად უნდა იყო, რომ ყურებში წყალი არ ჩაუვიდეს და თვალში შამპუნი არ მოხვდეს. იორკშირებისთვის ყოველდღიური პროცედურაა სითხეში დასველებული ბამბით თვალების ამოწმენდა, რადგანაც რაღაცები უგროვდებათ. ამ ყველაფერს ჩემი შვილი აკეთებს.

ბიბი ძალიან ცნობისმოყვარეა. შეუძლია ორ ფეხზე დადგომა და აკრობატული ილეთების გაკეთება.

- რა ღირს ასეთი ძაღლი? - 500 დოლარი, ძალიან ძვირია.

ბიძაჩემთან ჩავიყვანეთ მუხრანში და, რა ძაღლიაო, გვკითხა. სოფელში თუ ძაღლი დიდი არ არის და არ იყეფება, ძაღლად არ თვლიან. მისი ფასი რომ გაიგო, ამ ფასად 10 გოჭი მომივიდოდაო.

ჩვენს მინიატიურულ გოგონას თავისი მსგავსი პატარა ძაღლები თვალში არ მოსდის - მხოლოდ დიდ ძაღლებს აქცევს ყურადღებას. მეზობელს ჰყავს ლაბრადორი და იმას ეპრანჭება. ამ ჯიშს ჩაცმაც სჭირდება და ტანსაცმელს სპეცმაღაზიაში ვყიდულობთ, გვაქვს კაბები, სარაფანები საზაფხულო კოლექციიდან, ასევე ზამთრის ჩასაცმელიც, ფაჩუჩები, ქურთუკი.

- მოკლედ, ბიბიმ თქვენი ცხოვრება შეცვალა? - ბიბი რომ იღვიძებს, ოთახის კართან მოდის და გელოდება, რომ გაუღო. მერე ლოკვით გაღვიძებს.

როცა ჩემს ბიჭს სკოლაში წასვლა ეზარება, შეგიძლია მასთან ოთახში შეუშვა და ხალისიანად გააღვიძებს. ჩვენთან ბიბიმ საყოველთაო სიხარული და სიყვარული შემოიტანა. მას როგორც ძაღლს ვერ ვუყურებთ, ოჯახის წევრია. როცა ბიბი გამრავლდება, მის ერთ ლეკვსაც დავიტოვებთ. ასე რომ, ვისაც საშუალება აქვს და შეძლებს ძაღლზე ზრუნვას, უნდა გაიჩინოს.