"ვინ იცის, საიდან მოდის ჩემი "უბატონო" - კვირის პალიტრა

"ვინ იცის, საიდან მოდის ჩემი "უბატონო"

სიღნაღის ბულვარის შესასვლელთან 51 წლის ლექსო ელაშვილს შეხვდებით ღვინის, არყისა და კონიაკის კოლექციით. დამთვალიერებლებს სასმელს აჭაშნიკებინებს, სიღნაღის ისტორიას მოუთხრობს. ფიროსმანის ხელოვნების გასაცნობად წიგნებიც აქვს.

ლექსო ელაშვილმა მიაკვლია ველური ვაზის ჯიშს, რომელიც არ ისხვლება და არ იწამლება. ქიზიყის პატივსაცემად მისგან დაწურულ ღვინოს "უბატონო" უწოდა. გავსინჯე და შესანიშნავი გემო აქვს, ტკბილია და გემრიელი. თუმცა თავდაპირველად ღვინომ ფერით მიიქცია ყურადღება - გაცილებით მუქია საფერავზე.

- მთელი ჩემი ცხოვრება ვაზთან იყო დაკავშირებული. აფხაზეთიდან რომ ჩამოვედი, დავოჯახდი, მეუღლე და ორი ბიჭი მყავს. 30 ჰექტარი ვენახი ავიღე არენდით, ბრიგადას ვამუშავებდი, მაგრამ მერე გაიყიდა. ზეთსახდელითა და თონით დაწყებული, ყველაფერი ვცადე ოჯახის სარჩენად, 14 წელიწადს მშენებლობაზეც ვიმუშავე, 48 წლის ასაკში კი სასმელების დამზადებაზე გადავერთე. მძიმე პერიოდები ისე გამოვიარე, ერთი თეთრი ბანკის ვალი არ მქონია.

- ეს საქმიანობა როგორ დაიწყეთ? - 6 წლისას ჩემთვის შესაფერისი თოხი მქონდა, მამას ვენახში დავყვებოდი. პირველად 12 წლისამ გამოვხადე არაყი. მამას ვეხმარებოდი და ერთხელ შაბათ დღეს სამსახურში გამოიძახეს. ქვაბი ჩადგმული იყო. მკითხა, აბა, რას იზამ, ბალღო, შეძლებო? საღამოს რომ მოვიდა, დატოვებული საარყე ქვაბი დამთავრებული მქონდა და მეორეს ვხდიდი. ვენახსაც ვსხლავდი და მომდევნო წელს შესაწამლავი აპარატიც მოვიკიდე ზურგზე. მამა ნახევარს მისხამდა, ცოდო ხარ, მძიმეაო... 16 წელიწადია ჯანმრთელობის გამო ვეღარ ვსვამ, თუმცა, ცხადია, ვსინჯავ, მთავარი დამგემოვნებელი კი ჩემი მეუღლეა. ახლახან შეგვისრულდა ქორწინებიდან 25 წელიწადი. რაღაც ახალს რომ მოვიფიქრებ, მას ვასინჯებ, მის გემოვნებას ვენდობი.

მაქვს ნახევრად ტკბილი და მშრალი იზაბელა (ადესა), ნახევრად ტკბილი მაყვლის, ატმის ღვინოები, "ცისარტყელა", ქინძმარაული, ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი მანავის მწვანე (მწვანე კახური), ნახევრად მშრალი თითა და ტკბილ-მჟავე ბროწეული. ბუნებრივი გაზით დამზადებული შამპანურიც მაქვს. კონიაკი ნუშისა და ვარდისაა, არაყი - ატმისა და ტარხუნის.

- ბროწეულის ღვინის დამზადების იდეა საიდან მოგივიდათ? - ტურისტები ითხოვდნენ ხშირად, მეუბნებოდნენ, სომხეთში გავსინჯეთ, მაგრამ ის არ იყო, რაც უნდა ყოფილიყოო.

- ღვინოს რატომ ჰქვია "ცისარტყელა"? - მამაჩემისგან მემკვიდრეობით 27 წლის ვენახი დამრჩა. ეზოში 7 ჯიშის ვაზი მაქვს - საფერავი, ფრანგული კაბერნე, მანავის მწვანე, ბუერა, ციცქა, თეთრი და ცეცხლისფერი რქაწითელი. ამას ყველაფერს ერთად ვწურავ და რადგან ცისარტყელა 7 ფერისგან შედგება, ღვინოსაც ასე დავარქვი. ბუნებრივად გამოდის მოწითალო ფერი. პროფესიონალი თელაველი მეღვინე მყავდა სტუმრად და იმანაც იგივე იკითხა. ჩამოვუსხი გასასინჯად და მკითხა, მამა ცოცხალი გყავსო? ვუთხარი, 2003-ში დაიღუპა-მეთქი. სადაც არის, იქ ვენაცვალე იმის მარჯვენასა და გემოვნებასო. ჩამოვუთვალე, რა იყო შერეული და მიპასუხა, ისე აქვს გათვლილი, არც ერთი გემო არ დომინირებს და თან ყველა იგრძნობაო.

- ვარდის კონიაკსაც ამზადებთ შოკოლადის სურნელით.. - ეზოში 35-მდე ჯიშის ვარდი გვაქვს. არაყს ვასხამ და ვარდის კონიაკს ვამზადებ, სიტკბოსთვის შაქარი აქვს დამატებული. ფერების მისაღებად ქიმიურ ნივთიერებებს არ ვამატებ. ტარხუნასაც არაყი აქვს დასხმული და შაქარი დამატებული. ყველაფერი ჭაჭაზეა დამზადებული, ატმის არყის გარდა. ნუშს კონიაკისთვის ნაჭუჭიანად ვამტვრევ, მისგან ხომ ნუშის რძეც მზადდება და კარგი სასმელი გამოდის. ცნობილი "ამარეტოც" ნუშის რძისგან მზადდებოდა, ყმაწვილკაცობის მოგონებების გამო დავიწყე ამის გაკეთება.

- გაყიდვების მხრივ სეზონი როგორი გქონდათ? - სეზონი ჩავარდა, რადგან ძირითადი მყიდველი რუსები არიან. ვთანხმდებით, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია, მაგრამ აქ ქართველი ოჯახების 95% მათი ფულით საზრდოობს, რადგან მათნაირი მხარჯველი არ არსებობს. დანარჩენები შემოდიან, გაფართოებული თვალებით დადიან, ათვალიერებენ, სურათებს იღებენ და მიდიან. მაგალითად, გუშინწინ გერმანელების 40-კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა, ჩურჩხელაზე გამოიარეს. 1 დაუჭრეს, გაასინჯეს და მერე 2 ცალი იყიდეს. ჩემთან იყო მოსული 2 რუსი ოჯახი, აქ დალიეს და მკითხეს, კაი ჩურჩხელა სად შეიძლება ვიყიდოთო. მივასწავლე და გავიხედე, 2 დიდი პარკით მოდიოდა.

- როგორ მიაკვლიეთ ველური ჯიშის ვაზს, რომელსაც "უბატონო" უწოდეთ? - 2 წლის წინ ერთ ეზოში შემთხვევით ვნახე ხეებზე ასული ვაზი. იქ მარტოხელა ქალი ცხოვრობს და მიამბო, რომ 25-ჯერ მაინც მოჭრეს, მაგრამ ვაზმა გზა მაინც იპოვა. ჯერ მიწაზე წევს ვაზი, მერე ბროწეულის ხესა და ღობეზე ადის. ფერით მუქი ლურჯია. თითო მტევანზე 10-15 წვრილ მარცვალს ისხამს. რომ გავსინჯე, მეტად უცხო და არომატული გემო ჰქონდა. იმ ქალმა მითხრა, შვილო, სარკეში ჩაიხედე, ენა რას გიგავსო. მართლაც, პირის ღრუ მელნისფრად შემეღება. როგორც წესი, ველური ჯიშები მწარე ან მწკლარტეა, მაგრამ ეს რაღაც სასწაული იყო. გამოდის, არც მთლად ველურია ჯიშია, იქ ვიღაცამ თავის დროზე ხომ ჩაყარა. 12-ლიტრიან სათლში ყურძნის წონა სულ 3,5-4 კილოგრამი გამოდის, ძალიან ცოტაა და, სავარაუდოდ, ამის გამო არ კრეფდნენ, ჩიტები ჭამდნენ მარცვლებს. ვერავინ მითხრა, რა ჯიშია. მერე ერთ ასაკოვან მეღვინესთან გავატანე ბოთლით და გაკვირვებულმა დამირეკა, სად იპოვეო? მითხრა, რაც გინდა, ის დაუძახეო. ქიზიყი უბატონო კუთხეა და რა უნდა მეწოდებინა? რუსულად კი კითხვის ნიშნები მიწერია, აღარ ვთარგმნე და ინტრიგად დავტოვე. მეკითხებიან, შესატყვისი არ იციო? მერე მეც ვუყვები ამ ღვინის ისტორიას.

- დამყნობა არ გიცდიათ? - შარშან ვცადე, მაგრამ არ გაიხარა. იცით, უცნაური რა არის? მიწას 4 მეტრზე მიუყვება და ფესვი არსად უჩანს. წლეულს მიწაში ჩავფალი, იქნებ სადმე გამოიღოს. მინდა გავამრავლო. თელავში ანალიზი გაუკეთეს და ვერ დაადგინეს, რომელ ჯიშს ჰგავს. ვინ იცის, საიდან იყო მოტანილი... რაც შეეხება გეგმებს, სურვილი მაქვს, სიღნაღში, ან აქ თუ ვერ გამოვიდა, მერე ჩემს სახლში, პატარა სადეგუსტაციო ცენტრი გავხსნა და ტურისტები მივიღო.

ნათია სიბაშვილი