საჩხერის ტყეებს "წაბლის კიბო" ვერაფერს აკლებს - კვირის პალიტრა

საჩხერის ტყეებს "წაბლის კიბო" ვერაფერს აკლებს

"ვისაც წაბლის შინ შენახვა ურჩევნია, საჩხერის ცნობილ სილაში ინახავს. ზოგს 80 ვედრომდეც აქვს შენახული. თუ ვიანგარიშებთ, რომ ვედრო 10 კგ-ია, უკვე 800 კილოგრამი გამოდის"

იმ მცენარეებს შორის, რითაც ადამიანს ბუნება უხვად ასაჩუქრებს, ერთ-ერთი წაბლია. ამ ნაყოფის სასარგებლო თვისებებს ბოლო არა აქვს. წაბლის ხეებით საქართველოც მდიდარია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წაბლის ტყეებს დაავადება მოედო, სპეციალისტები ამბობენ, რომ სანახევროდ გამხმარ ხეებსაც კი გაჯანსაღება დაეტყო.

პერეველი მეწარმე ეკა გოგოტიშვილი საჩხერის წაბლის შესახებ მოგვითხრობს:

- წაბლის სიკეთეზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მას პერევსა და საზოგადოდ, საჩხერის იმ სოფლებში, სადაც წაბლის ტყეებია, ყოველთვის აგროვებდნენ. სამწუხაროდ, პერევის მიმდებარე სოფლები - ქარზმანი და სინაგური ოკუპირებულია და მოსახლეობა ტყეში შორს ვეღარ გადის, მაგრამ სადამდეც ხელი მიუწვდება, აგროვებს. ტყიდან ტომრებით წაბლის გამოზიდვა ადვილი არ არის, მაგრამ ეს შემოსავლის წყაროა. სოფელში ოჯახისთვის აუცილებელი თანხები ასეთი გარჯით გროვდება! ზოგიერთი დღეში 100 კილოგრამამდე ან მეტსაც აგროვებს. წელს წაბლის კარგი მოსავალი იყო... ზოგიერთმა სამაცივრე მეურნეობაც გაიჩინა - წაბლი მაცივარში დიდხანს ინახება და საღი გადის ბაზარზე.

- ცხადია, სამაცივრე მეურნეობა იმიტომ გაკეთდა, რომ წაბლის რეალიზაცია მომგებიანია, ბაზარზე დიდი ფასი აქვს. წელს კილოგრამი 3-3,5 ლარი ღირდა, თუმცა შარშან ამ დროს 5 ლარად იყიდებოდა. - დღეს სოფელში ყველა ხვდება, რომ უშრომლად სამოწყალოდ ექნებათ საქმე. ამიტომ კოოპერატივებიც ჩამოყალიბდა, მაგრამ ამ საქმეს მეტი ხელშეწყობა და პოპულარიზაცია სჭირდება. მხოლოდ სახელმწიფოსგან თანხის გაცემას არ ვგულისხმობ, ეს აუცილებელია, მაგრამ ამ საქმეს წახალისება სჭირდება - კარგი იქნება, თუ სოფლის შრომას მედიასაშუალებებიც გააშუქებენ. ეს სტიმული იქნება გლეხებისა და იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც ფიქრად მაინც გაუვლიათ სოფელში დაბრუნება. რაც შეეხება სამაცივრე მეურნეობებში წაბლის ჩაბარებას, სეზონის დასაწყისში კილოგრამს 3 ლარად იბარებდნენ, მერე კი უხვი მოსავლიანობის გამო ფასი 1 ლარზე ჩამოვიდა. გარდა სამაცივრე მეურნეობებისა და ადგილობრივი ბაზრისა, საჩხერის წაბლს სხვა სარეალიზაციო წყაროებიც აქვს - რეალიზატორებს საზღვრებს გარეთ გააქვთ, მათ შორის, თურქეთში, სადაც ბაირამობაზე დიდი მოთხოვნაა. მართალია, წაბლი ჩვენში ბევრგან მოდის, თუმცა გემოვნური თვისებებით საჩხერის წაბლს არც ერთი კუთხის არ შეედრება.

- საჩხერის ტყეების წაბლი მთიანი, შედარებით მშრალი კლიმატის გამო გაცილებით წვრილია, ვიდრე გურიის ან აჭარის, სამაგიეროდ, ბევრად გემრიელია. - ასეა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წაბლს სხვაგან გემო არა აქვს, მაგრამ რადგან საჩხერის წაბლი უფრო გემრიელია, კლიენტიც პირველად საჩხერის წაბლს ეძებს. ჩვენს სოფლებშიც იმიტომ ჩამოყალიბდა წაბლის შენახვის კულტურა - ხალხი წაბლს სილაში ინახავდა იანვრის თვემდე. ახლაც, ვისაც წაბლის შინ შენახვა ურჩევნია, საჩხერისვე ცნობილ სილაში ინახავს. ზოგს სილაში 80 ვედრომდე წაბლი აქვს შენახული. თუ ვიანგარიშებთ, რომ ვედრო 10 კგ-ია, უკვე 800 კილოგრამი გამოდის. წელს წვიმიანი ზაფხულისა თუ წაბლის ხეების დაავადების გამო სილის "მაცივარს" წაბლის ჭია შეეპარა და ხალხი წაბლს სილიდან იღებს და ყიდის, მაგრამ ყოველთვის ასე არ იქნება. სილა წაბლს ტენიანობასა და სინედლეს უნარჩუნებს. როცა სილიდან ამოღებულს რეცხავ, ისეთივეა, თითქოს ტყიდან ახლა მოგეტანოს. იანვრის შემდეგ აღარ ინახება.

- სოცქსელში განგაშია ატეხილი, წაბლის ტყეები დაავადდა და ხმებაო. ეს დავადება რამდენად საშიშია? - ხალხმა მას სახელიც დაარქვა - "წაბლის კიბო". ამ დაავადების გამო წაბლის შუა ტოტები ხმება, განაპირა კი სიცოცხლეს განაგრძობს. როგორც ვაკვირდებით, ეს დაავადება უფრო გზებსა და ტყის განაპირა წაბლის ხეებზეა მოდებული. ალბათ, იმიტომ, რომ მის გაღვივებას მზის სხივი, სითბო უწყობს ხელს. შუა ტყეში "წაბლის კიბო" ნაკლებად შეიმჩნევა.

ტყეებს სპეციალისტები ათვალიერებენ და მათი თქმით, წაბლის ტყე დაავადებასთან გამკლავებას თავადვე იწყებს, 10 წელიწადში ის საერთოდ გაქრება. როგორც ამბობენ, წაბლის ტყეების გადარჩენა თითქმის შეუძლებელია და ტყემ თავად უნდა შეძლოს ამ უბედურებასთან გამკლავება. მოსახლეობაც ვამჩნევთ, რომ პროცესი თითქოს შეჩერდა. ცნობილია, რომ წაბლი დაავადებებისადმი მდგრადობით გამოირჩევა. ასე რომ, ბუნება დაგვინდობს. შეუძლებელია ისეთი სიმდიდრე დაიკარგოს, როგორიც წაბლია.