ღლონტის "აუტანელი" სილამაზე ზღვისპირეთში
18-11-2019
ღლონტის "აუტანელი" სილამაზე ზღვისპირეთში
ცნობილი ტელეპროდიუსერი მამუკა ღლონტი უკვე წლებია, მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად თბილისიდან რეგიონში გადავიდა და იქ საკუთარ ეზო-კარში სრულიად ახალი ბიზნესი წამოიწყო - თავისი ხელით ააშენა კოტეჯები, კეთილმოაწყო ეზო და დღეს მასთან მისვლა ძალიან უყვართ უცხოელ ტურისტებს.

მამუკა ღლონტი: - ჩვენი პატარა სოფელი კაპროვანი, ურეკსა და შეკვეთილს შორისაა. აქ სტაროვერები ცხოვრობდნენ, რომლებმაც საქართველო 90-იან წლებში დატოვეს. მას მერე ამ ადგილის პირველი მოსახლე ჩვენი ოჯახია და პირველი პატარა, ვინც აქ დაიბადა და გაიზარდა,
ჩემი შვილიშვილი სესილია.

2000-იანი წლების დასაწყისში ვიყიდე მიწის პირველი ნაკვეთი. თავიდან 200 კვმ შევიძინე, მერე ნელ-ნელა მივუმატეთ. ჩემი ნაკვეთიდან ზღვის სანაპირომდე 60-70 მეტრია.



- როდესაც პირველი ნაკვეთი შეიძინეთ, ფიქრობდით, რომ ასეთ სამოთხეს შექმნიდით? თუ მაშინ ტელევიზიაში აქტიურად საქმიანობდით და ამას ვერ წარმოიდგენდით?
- ამაზე მაშინ არ
მიფიქრია. სოფელში დროდადრო მხოლოდ მე და ჩემი ცოლი ჩამოვდიოდით. გარშემო ერთი მეზობელიც არ გვყავდა. ჩვენს ადგილზე ჭაობი იყო. არ იყო დენი, გაზი, კანალიზაცია, მაგრამ ჩვენ მაინც ვცხოვრობდით. ბოლო 6-7 წელია, რაც ზამთარ-ზაფხულ აქ ვართ. ახლა, ფაქტობრივად, მთელი სოფელი შეივსო. მათ შორის არიან ჩემი მეგობრები, ისინი, ვინც მანამდე ჩემთან სტუმრობდნენ და მოსწონდათ კაპროვანი. ასე რომ, ბევრმა შეიძინა აქ ნაკვეთი, კოტეჯები ააშენეს და დასახლდნენ.

- საზოგადოებრივად აქტიურმა, ცნობილმა ადამიანმა დედაქალაქი მიატოვეთ და საცხოვრებლად რეგიონში გადახვედით. ამ ყველაფერს სინანული არ ახლდა?
- ერთადერთი სინანული ის იყო, რატომ აქამდე არ წამოვედი-მეთქი. დანარჩენი­ კი ძალიან მარტივია - სადაც კარგად გრძნობ თავს, იქ უნდა იცხოვრო. თუმცა, ბევრ ადამიანს არა აქვს შესაძლებლობა, სოფელში გამართულად იცხოვროს.



- ზოგს შესაძლოა საშუალება ჰქონდეს, მაგრამ ვერ არღვევს სტერეოტიპს "სოფელი მაინც სოფელია"..
- ასეთ დროს საკუთარ თავს უნდა ჰკითხო: "შეგიძლია, სოფელში წახვიდე ისე, რომ იქ შენი ცხოვრება მატერიალურად არ გაუარესდეს და პირიქით, გაუმჯობესდეს?" ისიც უნდა ჰკითხო: "რას აკეთებ იქ, სადაც ხარ, ვთქვათ, თბილისის ცენტრში, თუ არ გაქვს სამსახური და გაქვს მხოლოდ სახლი?" მოკლედ, თუ სხვა საშუალება არ გაქვს, არ უნდა დაგენანოს შენი სახლი. მის ფასად უამრავ კარგ ადგილას შეიძლება ეზო-კარის შეძენა. ტურისტი დღეს ყველა კუთხეს ჰყავს - საქართველო სავსეა უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებით.

აქაური ყოფა თბილისში ცხოვრებისგან რადიკალურად განსხვავდება. ხარ სიმშვიდეში, სუფთა ჰაერზე, კარგ მეზობლებში, ხვდები უამრავ ადამიანს, მათ შორის - ტურისტსაც, რომლებთანაც კავშირს ამყარებ, უმეგობრდები. ზოგი მეუბნება, მანდ ზამთარში რას აკეთებო? ანალოგიური კითხვა მიჩნდება, თბილისში რა უნდა გავაკეთო? ქალაქში ბინა, რომელიც კორპუსში გაქვს, არის მხოლოდ მოსაცდელი ადგილი - უნდა შეხვიდე, ჩაიკეტო, მოიცადო, სანამ გათენდება და მერე გარეთ გახვიდე. აქ კი სულ გარეთ ხარ, მოძრაობასა და საქმეში.

- პროფესიით არქიტექტორი ბრძანდებით­ და ეს თუ დაგეხმარათ მშენებლობა-დაგეგმარებისას.
- არა მარტო დაგეგმარებისას, არამედ არქიტექტურული პროექტები, შიდა დიზაინი, დაგეგმარება, მშენებლობა - ყველაფერი ჩემი უშუალო მონაწილეობით გაკეთდა.­ "პრარაბიც" ვარ. გარდა ამისა, თითქმის ყველა ხელობა ვიცი - ელექტრობა, მეტლახ-კაფელის დაგება, წყალგაყვანილობა და შემიძლია ყველაფერი გავაკეთო. პირველი კოტეჯის გარდა, ყველა (სულ ოთხია) ჩემი აშენებულია. რა თქმა უნდა, ხელოსნებიც მეხმარებიან. ჩემი ცოდნა იმაში მადგება, რომ ხარისხიანად იყოს ყველაფერი გაკეთებული.

- ამასთან, ძალიან ლამაზი, მწვანე ეზო გაქვთ. მისი დიზაინიც თქვენია?
- მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს ერთად­ ვაკეთებთ. ევროპიდან ბევრი ტურისტი გვყავს, მათ შორის - შვეიცარიიდან. შვეიცარიელი რომ დაწერს წასვლისას, სამოთხეში ვიყავიო, ამას ჩვენთვის და ტურიზმის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ამ გამოხმაურებით და მონაყოლით ჩამოდის ბევრი სტუმარი. ფასები არ არის ისეთი, როგორიც ევროპაშია და მათთვის ეს მნიშვნელოვანია, თანაც აქ ევროპულ მომსახურებას იღებენ.



- დასაქმებული გყავთ ვინმე?
- მენეჯმენტი ჩვენი საქმეა, სხვა საქმეში კი ადამიანები გვყავს დასაქმებული.

- რომელი ხეხილი ხარობს თქვენს ეზოში?
- მანდარინი, ფორთოხალი, ფეიხოა, ყურძენი (ადესა, ალადასტური) გვაქვს. ასევე ნაძვი, პალმები, ბანანი. რამდენჯერმე სხვა ხეხილის დარგვაც ვცადეთ, მაგრამ არ გაამართლა, ამიტომ აქაური რაც არის და რაც უკვე დარგულია, იმას ვუწყობთ ხელს და ვაშენებთ. 8 წლის წინ დარგულმა ფეიხოამ წლეულს დაისხა. გვქონდა­ რთველიც - ცოტაოდენი ადესა დავკრიფეთ. აAლადასტურიც გვაქვს და იმანაც იხარა.

- რა რჩევების მიცემა შეგიძლიათ სხვებისთვის?
- ჯერ თვითონ მოაწყონ პატარა კვლევა. საიტებზე, რომელსაც ტურისტები სტუმრობენ, ნახონ, რა ღირს მათ რეგიონში­ ბინის გაქირავება, როგორი დატვირთულია და გამოიტანონ დასკვნა, რას შეიძლება მიაღწიონ. უფრო წინ წახვალ, თუ შენი მომსახურება ისეთი იქნება, როგორის შესაძლებლობაც გაქვს. თუ გაიღებ შესაძლებლობის მაქსიმუმს, დაგიფასდება. თუ გულგრილად მიუდგები, არც კარგი შედეგი გექნება და არც - შემოსავალი, არ გეყოლება სტუმრები.

- ტელევიზია არ გენატრებათ?
- არა, რადგან დღევანდელ საზოგადოებაში ვერ ვიპოვე ჩემი თავი. დღეს ტელევიზიებში პროფესიული დონე ძალიან დაბალია და არ მაქვს სურვილი, ამ სიტუ­აციაში ვიყო, თუმცა მედიიდან არ წავსულვარ, საინფორმაციო და მუსიკალურ რადი­ოს ვხელმძღვანელობ და მიხარია, რომ ეს მედიასაშუალებები წარმატებით ვითარდება.
tata
25 ნოემბერი 2019 09:51
ფული საიდან მოვიდა ფული??????? რაც გააკეთე ტურისტის მოსვლამდე საიდან მოვიდა ის ფულიიიიი???????

რედაქტორის რჩევით
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები