მწყრის ფერმა დედოფლისწყაროში - კვირის პალიტრა

მწყრის ფერმა დედოფლისწყაროში

გახსოვთ სიმღერა - "ერთად ვცხოვრობთ დიდ ფერმაში, ია-იაო"? სწორედ ეს გამახსენდა, დედოფლისწყაროში მცხოვრები დავით შეითნიშვილის მინიფერმა რომ "გავიცანი". ოჯახის დიასახლისმა - ჩვენს პატარა ეზოში უკვე იმდენი გალია გვაქვს, მეუღლე მალე ჩვენც გალიებში მოგვათავსებსო. ხუმრობა იქით იყოს და, ოჯახში მოწყობილ მინიფერმაზე მინდა გიამბოთ. მისი დიასახლისია ინგლისური ენის პედაგოგი, ფსიქოლოგი ნატო ჭოტაშვილი, რომელმაც რაიონში გათხოვების შემდეგ, პროფესიით მუშაობის პარალელურად, საოჯახო მეურნეობას მიჰყო ხელი. ფერმის "გენერატორი" მწყერია, რომლის მოშენებასაც სუბიექტური მიზეზი ჰქონდა...

ნატო ჭოტაშვილი: - ორი პატარა ქალიშვილი გვყავს - მარიამი და თეკლა. ორივე ალერგიული ბავშვია და მათი კვებისას ბევრი პრობლემა გვექმნებოდა. მერე შევიტყვეთ, რომ, თურმე, მწყრის კვერცხი არ იწვევდა ალერგიას და მისი მოშენება გადავწყვიტეთ. მწყრის კვერცხი, მართალია, ქათმის კვერცხზე პატარაა - 11, 15 და 18-19-გრამიანიც კი არსებობს, მაგრამ, ძალიან სასარგებლო ყოფილა. ეგ კი არა, იაპონიაში კანონით არის განსაზღვრული სკოლის მოსწავლეებისთვის დღეში 2 ცალი მწყრის კვერცხის მიღება... თავდაპირველად საინკუბაციო კვერცხები შევიძინეთ და ჩავდეთ ინკუბატორში, რომელიც ჩემმა მეუღლემ საკუთარი ხელით მოაწყო. დათომ მწყრების გალიებიც თვითონ გააკეთა და კურდღლებისაც. პირველად 300 კვერცხიდან 70% გამოიჩეკა. მახსოვს, პირველად რომ იჩეკებოდნენ, ისეთი პატარები იყვნენ, ვფიქრობდი, ამათგან რა უნდა გამოვიდეს-მეთქი. არადა, როგორც კი გაშრნენ, მაშინვე სირბილი დაიწყეს. ისეთი სწრაფები არიან, ხელთ ვერ მოიგდებ.

სამი ჯიშის მწყერი მოვაშენეთ: ტეხასური, ფარაონი და მაჟორული. ტეხასური არის მეხორცული - კვერცხს დებს და მეტს იწონის, ფარაონი და მაჟორული კი - მეხორცულ-მეკვერცხულია ანუ დიდიც არის და კვერცხსაც ბევრად მეტს დებს. სხვათა შორის, გემოთიც განსხვავდებიან, მაგალითად ისევე, როგორც სოფლის ქათამი განსხვავდება ბროილერის ქათმისგან - ტეხასურს აქვს თეთრი, ქათქათა ხორცი და უფრო ბროილერისას წააგავს, ხოლო ფარაონსა და მაჟორულს ხორციც უფრო მუქი აქვს - სოფლისას ჰგავს. სასარგებლო თვისებები ყველას თანაბრად აქვს.

ჩვენს მინიფერმაში გვაქვს მინიაგრეგატიც, რომლის საშუალებით მწყრისთვის თავადვე ვამზადებთ საკვებს. ჯანსაღად ვკვებავთ, ხორბალი, რომელსაც ვიყენებთ, ჩვენსავე ნაკვეთშია მოწეული, ქერი და სიმინდი ჩემი უახლოესი მეგობრის ნაკვეთიდან მიგვაქვს. მესაქონლეობა-მეფრინველეობაში მსოფლიოში ახალი ტენდენცია დაიწყო და ესეც გვინდა გამოვცადოთ - ლაპარაკია ფრინველების გაღივებული მარცვლეულით გამოკვებაზე.

არ ვიყენებთ პრემიქსს, უფრო სწორად, პრემიქსს ვაძლევთ მხოლოდ მწყრებს და ისიც - მკაცრად განსაზღვრულად, 14 დღის ასაკამდე. ვიტამინებს მწვანე მასის სახით იღებენ - ძალიან უყვართ ჭინჭარი და ჭარხლის ფოთოლი. ზამთრისთვის მოგროვილი გვაქვს და დიდი ოდენობით ვაშრობთ ჭინჭარს, ბაბუაწვერასა და იონჯას, შემდეგ კი საკვებთან ერთად ვაწვდით. არასდროს ვიყენებთ სოიის შროტს, რომელიც, სავარაუდოდ, გენმოდიფიცირებული სოიისგან მიიღება. მწყერს დიდი რაოდენობით პროტეინები სჭირდება, ამიტომ ამ მოთხოვნას მზესუმზირის შროტით ანუ კოპტონით ვუკმაყოფილებთ, რომელსაც ჩემი მეგობრისაგან ვყიდულობ და ზუსტად ვიცი, გენმოდიფიცირებული და ჰიბრიდული რომ არ არის.

- ზოგადად, როგორი ბუნების არიან მწყრები, რა ახასიათებთ?

- თვალის დახამხამებაში იზრდებიან. სასურველია, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდეს მათთან კონტაქტი. მათთან ახლოს არც სხვა შინაური ცხოველების ცხოვრებაა რეკომენდებული, რადგან ხმაური მწყერს აფრთხობს. ამიტომ ისინი განცალკევებით, სახლის უკანა ეზოში დავაბინავეთ.

- ბავშვებს როგორ აკავებთ, მწყრებთან რომ არ შევიდნენ? - ძალიან უყვართ ცხოველები და ფრინველები და ხელსაყრელ მომენტს როგორც კი იპოვიან, იპარებიან მათთან, გარეთ უშვებენ, საწყლებს ხელით დაატარებენ, უნდა მოვეფეროთო. რა ქნან, ფერმაში იზრდებიან და... მაინც თუ გასწევენ იქით, ჩვენც შევყვებით ხოლმე, განსაკუთრებით - თეკლას, რადგან მოსიყვარულებისას შეიძლება ვერ მოზომოს და მოჭყლიტოს. კვერცხის აღებაზე კი ორივე მუდამ დასწრებაზეა. საბოლოოდ, დათომ მოიფიქრა და დაარწმუნა, კვერცხების აღება მხოლოდ ღამითაა შესაძლებელიო და მას შემდეგ ბავშვების ძილის დროს, ღამით, ვიღებთ კვერცხებს. ჯერჯერობით 500-მდეა. უკვე სამჯერ გამოვჩეკეთ და ბოლოს გამოჩეკილებმა კვერცხის დებაც დაიწყეს.

- ბავშვებს მოსწონთ მწყრის კვერცხის გემო? - დიდი სიამოვნებით მიირთმევენ შემწვარსაც, თოხლოსაც, მოხარშულსაც. ზოგადად, მწყრის კვერცხისგან ყველაფერს ვამზადებ, მარინადსაც კი - ტრადიციული პრინციპით მომზადებულ მარინადს მოხარშულ მწყრის კვერცხს (მის კარგად მოსახარშად 3-4 წუთიც საკმარისია) ვასხამ. ძალიან მომწონს მარინადი ჭარხლით, რადგან გემოსაც შესანიშნავს აძლევს და ლამაზიცაა - მისი სიწითლე კარგად უჯდება კვერცხს. ძალიან გემრიელია გარნირად შემწვარ მწყერსა და სხვა ხორცეულთან ერთად. მწყრის დამარილებაც ვცადე, თევზის მსგავსად. ახლა დათო შესაბოლავი აპარატის დამზადებას აპირებს და ვფიქრობთ, კვერცხიც შევბოლოთ და მწყერიც.

სახლის გვერდით ქათმების გალიები გვაქვს, მას კურდღლების გალიები მოჰყვება. გვყავს იხვ-ინდაურა ანუ მუსკატის იხვი. ეს ჯიში იხვისა და ინდაურის ნაჯვარი არ გეგონოთ, მხოლოდ გარეგნობით მცირედ თუ მიამსგავსებ ინდაურს. იგი ტრადიციული ქართული ჯიშისგანაც განსხვავდება - ხმა არ აქვს, შეფერილობითაც განსხვავებულია, ხორციც მეტი აქვს და დიეტურიცაა. იხვებს ჯერ სახელები ვერ შევურჩიეთ, სამაგიეროდ, კურდღლები და ქათმები "მონათლეს" ბავშვებმა და სახელები კარზე დავუწერეთ - თეთრა, ნატაშა, პატარქალა და ა.შ.

საფუტკრე მოშორებითაა, ელიას მთასთან. დათომ იქაც ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთა და თვითონვე უვლის. 6 წლის მარიამი სიამოვნებით ეხმარება მამას, ლაფეტთან თავისუფლად მიდის, ხანდახან 3 წლის თეკლაც მიჰყვებათ ხოლმე, დათო სულ აფრთხილებს, ღია ფერის ტანსაცმლით წამოდითო, რადგან მუქი არ ჰყვარებია ფუტკარს; სკას წინ არ გადაურბინოთო, ხელი არ აუქნიოთო და ა.შ. ასე რომ, მათთვის ფუტკარს არასდროს უკბენია. სხვათა შორის, მკვეთრი ფერის ტანსაცმელი არც მწყრებსა და კურდღლებს უყვართ, რადგან შესვლისთანავე ეწყებათ ფორიაქი და საშინელი აგრესია.

- რაიმეს შემომატებას ხომ არ აპირებთ მინიფერმაში?

- დათოს თხების მოყვანაც უნდა, მისი რძე ძალიან უყვარს ჩვენს უმცროს გოგოს, მაგრამ... მალე ამ ერთი ბეწო ეზოში ჩვენი ადგილი რომ აღარ იქნება, აშკარაა.