პოეტი მებაღის საპენსიო რეფორმის არსი - კვირის პალიტრა

პოეტი მებაღის საპენსიო რეფორმის არსი

პროფესიით ექიმმა, 36 წლის გოგიტა ჯვებენავამ ქალაქურ ორომტრიალს 10 წლის წინ დააღწია თავი და ავჭალაში მამაპაპეული სახლის მყუდროებას შეეხიზნა. პოეტურმა სულმა და მხატვრულმა ნიჭმა თავისი ქნა და იქაურობა მალე ბაღნარად იქცა - ბოსტნეული დაითესა, ხეხილი გამრავლდა, ხეებს სურო და ფათალო მოეხვია, ხეზე ვაზი გახეივნდა. გაქრა ეზო-კარზე ბარდი და ეკალი, გატყიანებულმა ალაგმა კეთილი ნაყოფი გამოიღო.

გოგიტა ჯვებენავა: - ბავშვობიდან ვხატავ, ვარ რამდენიმე პოეტური კრებულისა და პერსონალური გამოფენის ავტორი. ბოლო გამოფენა ახლახან მქონდა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თუმცა ყველაზე მეტად ბუნება მიყვარს, განსაკუთრებით - შემოდგომა, როცა უამრავი ცოცხალი და მომაკვდავი ფერი ერთმანეთშია არეული. ამ დროს ერთადერთი სურვილი მიჩნდება - როგორმე ამ მშვენიერების მონაწილე გავხდე. სიმართლე გითხრათ, მებაღე უფრო ვარ, ვიდრე პოეტი ან მხატვარი.

...ბაღის შუაგულში ხის ზღაპრულ ჩარდახს ვუახლოვდებით. ვერანდაზე შემოდგომაა გამოფენილი, ერთმანეთში შემტკბარი და ახუნძლული. მოაჯირზე მასპინძლის უღალატო მეგობარი, კატა გარფილდი თვლემს. მოაჯირთან ლანგრებით ჩამწკრივებულან კარალიოკის, ბროწეულისა და ყურძნის ლეგიონები... მასპინძელი ჩარდახის წინ სახელდახელოდ გაწყობილ არყის სახდელთან მაჩერებს და ამბობს:

- ესეც ჩემი რთველი, ის დაკრეფილი ყურძენი შავი თავკვერია და დღესვე მოუწევს დაწურვა. აქამდე იმიტომ არ ვკრეფდი, რომ აცივებას ველოდებოდი. სიცივე მეტად ატკბობს პირჩრდილიან ყურძენს და ღვინოც სასიამოვნო დასალევი გამოდის, აი, "ზაოდი" კი უკვე დავქოქე. მოკრეფილ ხილს ნაწილ-ნაწილ ვამჟავებ და არაყსაც ნელ-ნელა ვხდი. წელს ჭაჭის არაყთან ერთად ხილის არაყიც სამყოფი მექნება. ცოტაოდენი ბადაგიც თუ გადავირჩინე, შეგროვებული თხილითა და კაკლით ჩურჩხელებსაც დავიმარაგებ საზამთროდ. ერთი კარგი თათარობაც უნდა გავმართო... კარალიოკის ჩირიცა და ბროწეულის ტყლაპიც ბლომად მექნება.

- თან ნატიურმორტებისთვისაც გამოგადგება... - ვინ გაცდის მეგობრების ხელში, თორემ კი. წამოდი ერთი, ჩემი ტკბილი აფთიაქიც უნდა გაჩვენო...

გოგიტა არყის ქვაბს ხმელ ტოტებს უკეთებს და სპილენძის ყელს, საიდანაც არაყი უნდა ჩამოვიდეს, ათლიტრიან მინის ქილას უმარჯვებს და ქვითკირის სახლში,"ტკბილი აფთიაქის ოთახში ვინაცვლებთ. სასტუმრო ოთახში სპირტიანი სასმელების უძველესი და იშვიათი კოლექცია იწონებს თავს:

- ამას ხანშიშესულობისთვის ვინახავ. ძალიან კი ემტერებიან ჩემი მეგობრები, მაგრამ ვერ მივართვი! დაელოდონ საპენსიო ასაკს - ასეთია ჩემეული საპენსიო რეფორმის არსი.

აფთიაქის მერე ბაღის დათვალიერებას შევუდექით:

- ეს კვიპაროსები ჩემი ხელით შვილებივით წამოვზარდე; ჯერ ქოთნებში გავახარე, მერე კი ბაღში გადმოვიტანე. ნახე, უკვე რამხელები გახდნენ.

ამასობაში არყის საამური წკრიალიც ჩაგვესმის - უკანასკნელად ატირდა ვაზი ცხარე ცრემლით და ქვაბის ზურგიდან ზეცისკენ აორთქლდა. გოგიტა ჩარდახში თათარიახნად გაშლილი სუფრისკენ მიწვევს. ჩვენს არყოფნაში გარფილდს გვერდი უცვლია და გოგრებთან ახლოს ტკბება ამოწვერილი მზით.

- სასაუზმოდ კი არა, სალაპარაკოდ მოვედი, - მორიდებით ვახსენებ მასპინძელს.

- მერედა, პირს ვინ აგვიხვევს? თან ვილაპარაკოთ.

- საოჯახო მეურნეობის გაფართოებას ხომ არ აპირებ? - მივიწყებული ვაზის ჯიშის მოძებნა მინდა. ჩარდახთან სამჩაფიან პატარა ქვევრებს ჩავდგამ. შეიძლება ოდესმე ჩემს ბაღ-მარნეულში მოგზაურებსაც ვუმასპინძლო - უბრალო, მოხეტიალე, უჩინარ და, რაც მთავარია, ხელოვან ადამიანებს მთელი მსოფლიოდან. თხილისა და კაკლის ნარგავების დამატებაც მინდა - ამით ბიზნესის კეთებას არ ვაპირებ, უUბრალოდ, მინდა, ოჯახის სარჩო ჩემი მარჯვენით მოვიწიო.

კიდევ კარგა ხანს ვილაპარაკეთ. გარფილდიც ჩვენთან იყო, ათლიტრიანიც გაზიმზიმდა არყით, მზეც დაიღალა ტოტებში ჭვრიტინით და ჩასასვენებლად გაემზადა. მე და მზე ერთად წამოვედით გოგიტას ეზოდან. ჭიშკართან ერთი ბრძენკაცის სიტყვები დამაწია - შეიძლება დედამიწა სამოთხედ ვერ ვაქციოთ, მაგრამ არც მისი ჯოჯოხეთად ქცევა უნდა დავუშვათო.

კარგი ყოფილა პოეტ მებაღესთან მუსაიფი.

კახა მჭედლიშვილი