ეგზოტიკური ბატატის ქართული სიცოცხლე
ეგზოტიკური ბატატის ქართული სიცოცხლე
"ჩემი ბატატი საქართველოში ჩამოსვლამდე, გემშივე გაიყინა. ყუთის შუაგულში მხოლოდ 11 ცალი იყო გადარჩენილი. მეც ავდექი გამათბობელი ჩავრთე და ბოლქვები გასაღივებლად დავაწყვე. ერთი სიტყვით, ეს ჩემი 11 ბოლქვი რომ ნერგებად ვაქციე, დავრგე და მოვუარე, 500 კილოგრამი ბატატი ავიღე"

82 წლის ლაგოდეხელმა ბიოლოგმა შოთა ერიაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერ გარემოში შრომით არა მარტო საარსებო სახსრის მოპოვება, არამედ იმის დამტკიცებაც შეიძლება, რომ ბიზნესის წამოწყება არც ერთ ასაკში არ არის გვიან. ბატონმა შოთამ
ქვეყანაში პირველმა მოიწია სარგებლიანობითა და გემოვანი თვისებებით განთქმული ეგზოტიკური ბატატი.

- ბიოლოგი გახლავართ და დიდხანს ვიმუშავე ამ პროფესიით ლაგოდეხის ნაკრძალში მეცნიერ-კონსულტანტად. ნაკრძალი მაშინაც არ მიმიტოვებია, როდესაც მეცნიერების შრომა ჩალის ფასი გახდა და ხელფასი მხოლოდ 12 ლარი მქონდა. თუმცა მივხვდი, თუ სხვა საქმეს არ გამოვნახავდი, ჩემი
ოჯახის წინაშე მართალი არ ვიქნებოდი. ამიტომაც იმ ხასიათის საქმე გამოვნახე, რაც კარგად ვიცოდი - კივის ნერგების გამოყვანა დავიწყე. ხარისხიანი ნერგები გამომყავდა და არც რეალიზაცია გამჭირვებია. დღესაც კივის ნერგებზე ბევრად მეტი კლიენტი მყავს, ვიდრე მათი წარმოება შემიძლია. ეს მაშინ, როდესაც საკარმიდამო ნაკვეთის სიმცირის გამო ნერგების შენახვა ახლობელთან მიხდება - სულ 600კვ/მ ეზო მაქვს, სადაც პატარა სათბურის ჩადგმის შემდეგ წესიერად მოტრიალებაც არ შეიძლება. როდესაც ნაკრძალიდან გამათავისუფლეს, უკვე ჩემი საქმე მქონდა და აღარაფრის მეშინოდა. ჰოდა, მეც იმის ძებნა დავიწყე, კიდევ რა გამეკეთებინა, რომ მომგებიანი საქმე გამომდგარიყო. ასე მოვძებნე ბატატი.

- ალბათ, კვლავ პროფესიული ალღო დაგეხმარათ, თორემ სრულიად უცხო ბატატის მოყვანა საქართველოში თქვენამდე აზრად არავის მოსვლია. ბევრი იმასაც კი ფიქრობდა, ბატატი იგივე წითელი კარტოფილიაო.
- ბატატს საერთო არაფერი აქვს კარტოფილთან არც გემოთი და არც ზომით - ზოგჯერ ბატატის 1 ბოლქვი 3 კილოგრამამდეც იზრდება, გემოთი კი გოგრასა და კარტოფილს შორის მერყეობს.


ბატატი საქართველოსთვის არც ისე უცხოა, როგორც გვგონია. მართალია, ამ კულტურის სამშობლოდ დღესაც ამერიკა ითვლება, ის საქართველოში პირველად XVI საუკუნეში შემოიტანეს, თუმცაღა ვერ ახარეს და მიივიწყეს. ახლაღა ვხვდები, რატომაც - ბატატს აუცილებლად შესაბამისი ტემპერატურა,+ ცელსიუსით 10-15 გრადუსი სჭირდება, უფრო დაბალ ტემპერატურაზე ვერც გაღივდება, ვერც მოსავალს მოგცემს და ვერც შეინახება. ამიტომაც ბატატის გაღივებისა და ნერგების გამოყვანისთვის აუცილებელია სათბური, საიდანაც უკვე აპრილიდან ბატატის ნერგი ღია გრუნტში­ გადაირგვება და მოსავალიც მოვა. მოკლედ, ჩემს ვაჟს ვთხოვე, დაჰკვირვებოდა ბატატის რეალიზაციას დიდ სუპერმარკეტებში. ეს ეგზოტიკური ბაღჩეული მხოლოდ პრესტიჟულ მარკეტებში იყიდებოდა, ანუ თუკი ბატატზე მოთხოვნილება არ იყო, ესე იგი, აღარც მისი მოყვანა ღირდა. დაკვირვების შემდეგ ორივემ დავასკვენით, რომ ბატატი ჩვენს ქვეყანაში კარგად გაიყიდება და მეც მისი მოყვანა მტკიცედ გადავწყვიტე.

- ბატატი ძალიან სასარგებლოა, ჩვილების რაციონშიც იყენებენ. ცნობილია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც კონფლიქტებია და ბავშვები შიმშილობენ, ბატატს პატარებს ვიტამინების შემცვლელად უნიშნავენ.
- ბატატს არა მარტო ჩვილებს უნიშნავენ. სარგებლიანობით მას ვერც ერთი ბაღჩეული ვერ შეედრება. მაგალითად, გოგრა ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ზოგიერთი ვიტამინი ბატატში 5-6ჯერ მეტი შედის, ვიდრე გოგრაში, მით უფრო კარტოფილში. ფაქტობრივად, არ არსებობს კერძი, რომელთან ერთადაც ბატატი არ მიირთმეოდეს, თავად ამ კულტურისგან ხომ უამრავი კერძის მომზადება შეიძლება. ვნახე, რომ ბატატი უკრაინაში მოჰყავდათ და იმედი გამიჩნდა, თუ უკრაინელს შეუძლია მისი მოყვანა, მე რატომ ვერ უნდა მოვიყვანო-მეთქი. ამასობაში ახლობელმა მითხრა, ჩემს მეგობარს უკრაინაში მანდარინი მიაქვს გასაყიდად და ის დაგეხმარებაო. მეც ამ ადამიანს კიევში ჩემი ახლობლის საკონტაქტო ნომერი მივეცი, მან კი ბატატი საქართველოში გამოატანა. თუმცა შევცდი, დამავიწყდა, რომ ბატატი დაბალ ტემპერატურაზე იყინება. ამიტომაც ჩემი ბატატი საქართველოში ჩამოსვლამდე, გემშივე გაიყინა. როდესაც ბატატით სავსე ყუთი გავხსენი, ყუთის ნაპირებზე შემოლაგებული ბოლქვები სულ გაყინული იყო, მხოლოდ შუაგულში იყო გადარჩენილი 11 ცალი.

მეც ავდექი, საცხოვრებელი სახლის ერთი ოთახიდან ყველაფერი გამოვალაგე, გამათბობელი ჩავრთე და ბატატის ბოლქვები გასაღივებლად დავაწყვე. სწორედ ის ღივები იქცევა იმ ნერგებად, საიდანაც ბატატის მოსავალი მოდის. როდესაც ღივი 25 სანტიმეტრამდე გაიზრდება, უნდა გადაჭრა, წყალში ჩადო, სადაც ფესვს სულ რამდენიმე დღეში გამოიღებს, მერე კი ღია გრუნტში უნდა გადარგო. ერთი სიტყვით, ეს ჩემი 11 ბოლქვი რომ ნერგებად ვაქციე, დავრგე და მოვუარე, 500 კილოგრამი ბატატი ავიღე.

- ალბათ, რა სასიამოვნოა, როცა მიწაში 11 ძირი ბოლქვიდან ნახევარი ტონა მოსავალი გხვდება.
- ძალიან. თითო ნერგს დაახლოებით 5 კილოგრამი ბატატი ესხა, თანაც, ბატატი ხომ გაცილებით დიდი იზრდება, ვიდრე კარტოფილი. წლეულს უკვე ბატატის 18 ტონა მოსავალი მაქვს. გაცილებით მეტი მექნებოდა, სათბურის პროექტი, რომელშიც მცირე გრანტი მოვიგე, ცოტა ადრე რომ დაფინანსებულიყო. სათბურის აუცილებლობა, ცხადია, დადგა, მეტი მოსავალი მინდოდა და ნერგებს ამჯერადაც საცხოვრებელ ოთახში ვერ გამოვიყვანდი.

- ბრძანეთ, რომ საკუთარი მიწა არ გაგაჩნიათ პროდუქციის მოსაყვანად. ამხელა მოსავალი, ალბათ, დაქირავებულ მიწაზე მოიყვანეთ.
- ნაწილობრივ დაქირავებით, ნაწილობრივ კი იმ ახლობლების დახმარებით, რომლებიც საკუთარ მიწას მიზეზთა გამო ვერ ამუშავებდნენ და ბატატის მოსაყვანად დამითმეს. თუმცა სულ ასე ვერ ვიქნები, თუ ხელი მომემართა, ნაკვეთის შეძენასაც ვფიქრობ.

- ამხელა მოსავლის აღება მოსალოცია, მაგრამ გაყიდვას როგორღა აპირებთ?
- მაგის არ მეშინია, ყველა სუპერმარკეტი, სადაც მხოლოდ ნატურალურ პროდუქციას ყიდიან, მზად არის ჩემი ბატატი შეისყიდოს. მე იმის მეშინია, მოსავალი სათბურში მაქვს დაბინავებული და თუკი გარეთ ტემპერატურა +15 გრადუსს ასცდება, გაღივდება, ხოლო თუკი 10-ზე დაბლა ჩამოვა, გაიყინება. არც ერთ ამ სუპერმარკეტს არ შეუძლია დიდი რაოდენობით აიღოს, საწყობებს მხოლოდ ბატატს ვერ დაუთმობენ. ასე რომ, ახლა მხოლოდ განგების იმედზე ვართ მეც და ჩემი მოსავალიც, მომავლისთვის კი უკვე საწყობის აშენებაზე უნდა ვიზრუნო.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?