ფაცო პაპას ოქროსფერი ჟოლოს ბაღი
ფაცო პაპას ოქროსფერი ჟოლოს ბაღი
"ოქროსფერი ჟოლო ყინვასაც კარგად უძლებს. აგერ ნოემბერია და ისევ ნაყოფს იძლევა"

ლოტკინის აღმართზე, ცინცაძის ქუჩას თუ აუყვებით, ბოლო სახლის ჭიშკრის შეღებისას მოულოდნელად ქალაქისთვის უჩვეულო სილამაზის წალკოტში ამოყოფთ თავს. აქაურებისთვის ეს ადგილი ფაცო პაპას ბაღად არის ცნობილი. "ყველაზე გემრიელი ხილი ფაცო პაპას აქვს", "ყველაზე ლამაზი ყვავილებიც ფაცო პაპას მოჰკითხეთ", "ეგეთი იშვიათი ნერგი ფაცო პაპას თუ ექნება"... - ხშირად მოისმენთ ლოტკინელებისგან.
ფაცო პაპას ბაღში მისმა ვაჟმა და ტრადიციების გამგრძელებელმა გელა დათუაშვილმა მიმიყვანა,
რომელიც მამის კვალდაკვალ უკვე მრავალი წელიწადია ამ ბაღს უვლის. ამჯერად ბაღში 200-მდე სახეობის ყვავილი, ხე, კენკრა თუ დეკორატიული მცენარე ხარობს. ბედმა გამიღიმა, რომ ამ სილამაზეში ყველაზე ხვავიან წელიწადის დროს მომიწია სტუმრობამ.

ფაცო პაპა ღიმილით შემხვდა, მოვხუცდი, მუხლი ძველებურად ვეღარ მიჭრისო, ხელში მომარჯვებულ საგანზე მიმანიშნა, რომელიც
მისთვის თოხიც არის და დასაყრდნობიც. რა ვქნა, სხვანაირად არ შემიძლიაო და, ქოლგასავით გაშლილი უზარმაზარი თუთის ძირას მაგიდისკენ მიმიძღვება. გზად ბაღს მათვალიერებინებს.

ფაცო პაპა:
- აქეთ ყვავილები მაქვს. ამას უყურე, ძაღლის ენა ჰქვია, ხომ მართლა ჰგავს? აქ ჯუჯა მცენარეები, ჯუჯა ვაშლი და მსხალია. კაკალი ვერ ვარგობდა, გელამ გადაჭრა და ძირზე ორი სხვადასხვა ჯიშის კაკალი დაამყნო. ორივემ იხარა. აბა, გამოიხედე, ოქროსფერი ჟოლო გინახავს?

- არა, არც გამიგია.
- გაგასინჯებ, წითელზე გემრიელია. ამის ნერგს დიდხანს ვეძებდი. ჟოლო ჩვენში ადვილად ხარობს, მაგრამ ოქროსფე­რს, ზოგი "ციმბირულ ოქროსფერს" რომ ეძახის, დიდხანს ვეძებდი. უკვე 2 რიგი გავაშენე. ჩვეულებრივზე არომატულია, ყინვასაც კარგად უძლებს. აგერ ნოემბერია და ისევ ნაყოფს იძლევა. თითო ჯერზე 3 კგ-მდე ვკრეფ. ამისგან იმისთანა მურაბა გამოდის. უებარია, გაცივებისას და გრიპის დროს.


ამას წინათ ნათესავმა უცხოელები მომიყვანა. გალაღდნენ, ისიამოვნეს. ამ ჟოლო­ზე მკითხეს, ასეთი ტკბილი როგორააო. ხუმრობა მიყვარს და ავუხსენი, მორწყვის შემდეგ ძირში ტომრით შაქარს ვუყრი-მეთქი. მიწასთან კავშირი მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ ასეთი ხუმრობები­ არ დაიჯერო, იმიტომაც, რომ სულ სხვა ენერგეტიკა აქვს მიწისა და ადამიანის კავშირს, ნებისმიერი სტრესის წამალია.

კიდევ მაქვს დეკორატიული კომბოსტო და პამიდორი. ყავის ხეც გავახარე. ნელა იზრდება, 10 წელი დასჭირდა ნაყოფის გამოსასხმელად, ბროწეულმა კი შარშან მომცა ნიშანი და წლეულს მშვენივრად მოისხა.

- ესეც არ არის ჯერ მწიფე.
- მაგაზე მწიფე როგორღა იქნება, თეთრი ბროწეულია, ამითაც ვაკვირვებ ჩემს სტუმრებს.

- რამდენ ხანს აშენებდით ამ ბაღს?
- 60 წლის წინ დავიწყე. ქვემოთ ვცხოვრობდით და მიწის გულისთვის ამოვედი ზემოთ. დამრეცი ადგილია, კლდიანი, მოვიყვანე ბულდოზერი, გადავასწორებინე, მერე მიწა დავაყარე, რომ ხეხილი მეხარებინა. მყნობაც ვისწავლე და ახლა ამ ბაღით მიცნობს მთელი ლოტკინი.
ჩირებსაც ვახმობ, ერთი განახათ, ზაფხულობით რა ლამაზი სანახავია, ფერად-ფერად ტყლაპს რომ გამოვფენ. ვაზის 15-მდე სახეობა მაქვს. ძველებურად აღარ მომდევს ჯანი და გელას გადავაბარე ყველაფერი. ისიც ჩემსავით ინტერესიანი აღმოჩნდა.
გელა დათუაშვილი: - მშენებელი ვარ, მაგრამ მცენარეების შესახებ იმდენი ვიცი, ბევრ პროფესიონალს გავეჯიბრები.­ ხშირად მირეკავენ ახლობლები, მიშველე, მცენარემ მოიწყინა და გადამირჩინეო.

- წლევანდელი წელი როგორი გამოდგა?
- ყურძნის წელი იყო. კენკრაც ბლომად გვქონდა. ღვინო უკვე დავწურეთ, ახლა არყის ხდას ვიწყებთ. წლეულს თუთის, კარალიოკისა და ჭანჭურის არაყი გვექნება.

- რამდენი სახეობის მცენარე გაქვთ?
- 200-მდე. მიყვარს აქაურობა, ამ მცენარეებთან ერთად ვხარობ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?