"მოდი, გაკოჩო, გაკოჩო..." - მოლაპარაკე ჩიკოლინო პატრონებს აგიჟებს - კვირის პალიტრა

"მოდი, გაკოჩო, გაკოჩო..." - მოლაპარაკე ჩიკოლინო პატრონებს აგიჟებს

წელიწად-ნახევრის წინ მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მანანა თოქმაჯიშვილის სახლში თუთიყუშმა ჩიკოლინომ დაიდო ბინა. ჩიკოს სახით დიდი სიხარული და სიმდიდრე შემოვიდა ჩვენს ოჯახშიო, ამბობს ქალბატონი მანანა და დასძენს: "სჯობს, მეტი ურთიერთობა გვქონდეს ბუნებასთან, ცხოველებთან, ფრინველებთან, იმიტომ რომ ყველაზე მართალი და ყველაზე მეტი სიყვარულისა და სითბოს გამცემი არიან; ამაზე კარგს საკუთარ თავს ვერაფერს ვაჩუქებთ."

მანანა თოქმაჯიშვილი: - ბავშვობიდან ძაღლი ყოველთვის გვყავდა ოჯახში. მამაჩემი იყო ცხოველების დიდი მოყვარული. მახსოვს, ღამე სახეზე რაღაც სველი მოთათუნებისგან რომ ვიღვიძებდით, გავახელდით თვალს და - ძაღლი საწოლში! ეს იმხელა სიხარული იყო, ვერ გადმოგცემთ.

ჩიტი აქამდე არასდროს მყოლია. წელიწად-ნახევრის წინ ჩემმა 12 წლის ქალიშვილმა მთხოვა, თუთიყუში ვიყოლიოთო. მეც სოციალური ქსელით მეგობრებს ვთხოვე დახმარება. ერთ-ერთი გამომეხმაურა. აღმოჩნდა, რომ ადრე ტალღოვანი სახეობის თუთიყუშების მომრავლებით ყოფილა გატაცებული და ყველაფერი იცოდა მათ შესახებ. მეორე დღეს მირეკავს, შენს სახლთან ვდგავარ, ჩამოდიო. ჩავედი და გალიით ჩემი ჩიკოლინო დამახვედრა. ორი თვის იყო, როგორც ამბობენ, ბუდიდან ახალი გადმოსული, ჯერ ფრენაც არ იცოდა.

- სახელი უკვე ერქვა? - არა, ჩვენ შევურჩიეთ.

- ლაპარაკი როდის დაიწყო? - შვიდი თვისამ. მანამდე ვფიქრობდი, ეტყობა, მოლაპარაკე არ არის-მეთქი. დიდი თუთიყუშები უფრო მოლაპარაკე არიან, ამ პაწაწუნებიდან კი ზოგი ლაპარაკობს, ზოგი - არა; ზოგს რა უნარი აქვს და ზოგს - რა. ჩვენი ჩიკოლინო ძალიან ნიჭიერი ბიჭი აღმოჩნდა. ხალისიანია, ისეთი მიმიკები აქვს, შეუძლებელია, გულგრილად უყურო.

- ჩანს, გალიაში არ გყავთ გამოკეტილი. - მე მინდოდა თავისუფალ გარემოში გაზრდილიყო. გალია ყოველთვის ღია აქვს. როცა უნდა, გამოდის და შედის. მაგრამ ფანჯრებზე, რა თქმა უნდა, ბადეები ავაფარე.

- გაფრენა არ უცდია? - არა. რამდენჯერმე ჩემს მეუღლეს დაავიწყდა, მხარზე რომ ეჯდა და აივანზე ისე გავიდა და შემოვიდა, ჩიტი მერეღა გაახსენდა.

- პირველი სიტყვა რა იყო? - თავისი სახელი, რაც ყველაზე ხშირად ესმოდა. მერე ისწავლა: "მოდი, გაკოჩო, გაკოჩო..." დარწმუნებული ვარ, მექანიკურად არ იმეორებს, რადგან დაგდევს და გიმეორებს, თუ აკოცებ, მერეღა ჩუმდება. უკვე ბევრი სიტყვა იცის. ძირითადად, ჩემი მეუღლის ფრაზებს იმეორებს.

- ამას რით ხსნით? - ჩემი მეუღლე მისთვის ავტორიტეტია. აირჩია, არადა, ყველაზე ცოტას ის ლაპარაკობს. ინტონაციაც კი მისი აითვისა. უკვე სხვადასხვა დროს გაგონილი ფრაზების კომბინაციებს აკეთებს და გრძელი წინადადებები გამოსდის. ისეთ რაღაცებს ამბობს, შეიძლება სული ვერ მოითქვათ სიცილით. მაგალითად, დაჯდება და ამოიოხრებს: "ჩემი პატარა, ლამაზი საქართველო სად არის, სად არის..." რაც მოსწონს, იმას სწავლობს. მაგალითად, ძალიან მოეწონა: "თხამ ვენახი შეჭამა". ვუკითხავ ხოლმე საბავშვო იოლ ლექსებს, მაგრამ არ იმეორებს, ჩემმა მეუღლემ კი ორჯერ წაუკითხა "თხა და ვენახი" და მესამედ უკვე აჰყვა. ახლა თითქმის ზეპირად იცის. "ვინ შეჭამა, ვინ შეჭამა ვენახი? თხამ? თხამ?" - ძალიან სასაცილოდ ამბობს...

სულ ჩემი მეუღლის პლანშეტზე ზის, თვლის, რომ მისია. ერთი-ორჯერ ნახა, ერთაოზი რომ ცეკვავს "შერეკილებში" და ისე მოეწონა, სულ იმეორებს: "დიმპიტაური, დამპიტაური, ტაური-ტაური", თან ფეხებს აყოლებს. ჭიტას თამაშიც უყვარს. გვეძახის ხოლმე: "მოდი, ჭიტა ვითამაშოთ".

- რა შეიცვალა ჩიკოლინოს შემომატებით თქვენს ოჯახში? - მეგობრები მეუბნებოდნენ, ჩიტები ხმაურიანი და ბინძურები არიანო, მაგრამ მათი პროგნოზი არ გამართლდა. ჩემი ჩიკოლინო არც ხმაურიანია და არც არაფერს სვრის, გარდა ერთი ამოჩემებული ადგილისა... ღამით, როცა ხვდება, ძილის დრო აქვს, შედის გალიაში და გარედან ქსოვილს ვაფარებთ. სანამ არ გადახდი, ხმას არ იღებს. მხოლოდ კვებისას ვფრთხილობთ. ცდილობს, ყველაფერი გასინჯოს, მაგრამ არ ვაძლევთ, არ შეიძლება. ამაზე გვიბრაზდება. დამდევს ხოლმე: "მანანა, პური მაჭამე, პური მაჭამე". ერთხელ ჩემმა შვილმა ალუჩა აჭამა და ისე ცუდად გახდა, გვეგონა, ვერ გადავარჩენდით. მას შემდეგ ძალიან ვფრთხილობთ. ყავით დაინტერესდა - ფინჯანზე ჩამოჯდება ხოლმე...

- თქვენს გოგონას მოუყვანეთ, მაგრამ თქვენი მეუღლის ჩიკოლინო უფროა...

- ჩემი მეუღლე მხატვარია და სახელოსნოში არ უშვებს, რადგან ფუნჯებსა და საღებავებს უყრის, ამიტომ კართან უცდის ხოლმე, რათა გააღებს თუ არა, შეფრინდეს.

- სტუმრებთან როგორ იქცევა? - ვინც შემოდის, დააჯდება თავზე და ჩამოხედავს, მაგრამ მათთან არ ლაპარაკობს ყურადღებას თუ არ მიაქცევ, შედის თავის გალიაში და ზის გასუსული. უცხო გარემო და ცვლილებები არ უყვარს. სანამ სახლში ყველა კუთხე-კუნჭულს არ შეეჩვია, ოთახიდან ოთახშიც არ გადიოდა.

- ცოლი არ უნდა ჩიკოლინოს? - მითხრეს, რომ სამ წლამდე არ არის აუცილებელი, მეგობარი ჰყავდეს. თუ სამი წლისა აგრესიული გახდა, ქცევა შეიცვალა, მერე ვიზრუნებთ, რომ ცოლი მოვუყვანოთ, ოღონდ გულდასმით შევარჩევთ სარძლოს, რომ შესაფერისი იყოს - ჩვენ ჩიკოლინო ხომ გამორჩეული ბიჭია!

იხილეთ ვიდეო