"გოჭებს ისე უნდათ მოფრთხილება, როგორც თოთო ბავშვებს"
"გოჭებს ისე უნდათ მოფრთხილება, როგორც თოთო ბავშვებს"
- აფხაზეთიდან დევნილი ვარ... - მითხრა 28 წლის სოფიკო კუხალაშვილმა, რომელიც იმერეთში, ხონის სამხედრო დასახლებაში ცხოვრობს და მამასთან, მეუღლესა და შვილთან ერთად ფერმერულ საქმიანობას მისდევს. ღორების ფერმის მართვა ადვილი არ არის, ამიტომ ახალგაზრდა ფერმერ ქალბატონს მათ მოვლა-პატრონობაში მთელი ოჯახი ეხმარება.

- ბავშვობიდან მინდოდა ცხოველები მყოლოდა. მათთან თავს ყოველთვის განსაკუთრებულად ვგრძნობდი. ერთ დღეს ბებიას ვესტუმრე, მან კი გოჭი მაჩუქა, რომელიც თან წამოვიყვანე და გავზარდე. სწორედ მაშინ გამიჩნდა ფერმის იდეა. თავიდან პატარა
სადგომი მქონდა. მერე აღარ ეტეოდნენ და მოზრდილი სადგომის აშენება გადავწყვიტე. გამოცდილება ბევრს ნიშნავს, თუმცა მუდმივი განვითარება საჭიროა წინსვლისთვის. ვცდილობ მეღორეობის დარგში ყველა სიახლეს გავეცნო, შევისწავლო და ჩემს ფერმაში დავნერგო.

- რამდენ გოჭს ყიდით წელიწადში?
- თუ ღორებმა ორჯერ მოასწრეს მაკეობა, 1 დედის მიერ 10 გოჭის
გაზ­რდის შემთხვევაში 200 გოჭის გაყიდვას ვასწრებთ, თუ არადა, ეს ციფრი მეტ-ნაკლე­ბად მცირდება.



- საკვები თქვენი გაქვთ თუ ყიდულობთ?
- ძირითადად, მარცვლეულს ვაჭმევთ - ხორბალს, ქერსა და სიმინდს, რომელსაც ვყიდულობთ. საკუთარი რომ გვქონდეს, ღორების შენახვა უფრო იაფი, სარგებელი კი მეტი იქნებოდა. დედა ღორის შენახვა არასდროს აზარალებს ადამიანს. გააჩნია იმასაც, რამდენ გოჭს იყოლიებს და წელიწადში რამდენჯერ.

- მხოლოდ ბაგურ კვებაზე გყავთ თუ ფერმის გარეთაც გაგყავთ?
- ეზოს გარეთ არ ვუშვებ, შეიძლება რამე დაავადება შეხვდეთ უცხო გარემოში და ვერ გადაიტანონ.

- რა ჯიშის ღორები გყავთ?
- ძირითადად, დიუროკის, ჰერმშირისა და ლანდრასის ჯიშები. მომავალში მინდა პიეტრინიც შევუერთო კოლტს და დედა ღორების რაოდენობა გავაორმაგო. რა თქმა უნდა, ფერმის გაფართოებაც მომიწევს, სადგომების ორმაგი რაოდენობა დამჭირდება, მისი აღჭურვა სხვადასხვა მოწყობილობით. შენობასაც უფრო კაპიტალურად და ჰერმეტულად მოვაწყობ. თანამედროვე სასმურებისა და საკვებურების დადგმაც მსურს, ყველაზე მეტი დრო კი მათ მოვლა-პატრონობასა და სწორად მკურნალობის წესების ცოდნას მინდა დავუთმო. მართალია, ფერმის კომფორტულობას არ უჩივიან ჩემი გოჭები, მაგრამ გაუმჯობესებას და წინსვლას რა სჯობს! ვაპირებ დამატებითი სამშობიარო ბლოკე-ბის მოწყობას, რომლებიც კარგად იქნება დაცული გარემო პირობებისა და მტაცებლებისგან; დედებიც და შვილებიც უსაფრთხოდ და ნებიერად იგრძნობენ თავს.

- ზამთარში როგორ იცავთ სისუფთავეს?
- ზაფხულში ფერმის ეზოში საბანაოებია და გუბურებში გრილდებიან გოჭები, ზამთარში კი ეს პრობლემაა. გაცივება დაუშვებელია და ხშირად სავალალო შედეგამდე მივყავართ. მათი სხეულის ტემპერატურა ჩვილისას უახლოვდება, ამიტომ როგორც თოთო ბავშვებს, ისე უნდათ მოფრთხილება. სამომავლოდ საზამთრო აბანოს გაკეთებასაც ვგეგმავ, საიდანაც შხაპის შემდეგ გოჭები შეძლებენ ოპტიმალურ ტემპერატურაზე, სპეციალურად მოწყობილ ჰერმეტულად დაცულ ოთახში გამოშუშდნენ და მშვიდად დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

- რას ურჩევთ დამწყებ ფერმერებს, რომელთაც საკუთარი ძალების მოსინჯვა სურთ მეცხოველეობის ამ დარგში?
- სანამ ნაბიჯს გადადგამენ, კარგად შეისწავლონ ის რისკები, რაც ღორის ყოლას ახლავს; აუცილებლად გაიმდიდრონ თეორიული ცოდნა, მიიღონ პრაქტიკული რჩევები გამოცდილი ფერმერებისგან და, რაც მთავარია, არასოდეს დანებდნენ...

კახა მჭედლიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები