"იაპონური უნშიუს "გაქართულებული კლონი" ნოემბრის ნაცვლად ოქტომბერში იკრიფება" - კვირის პალიტრა

"იაპონური უნშიუს "გაქართულებული კლონი" ნოემბრის ნაცვლად ოქტომბერში იკრიფება"

"ჩვენი ადგილობრივი უნშიუ საუკეთესო ზომის მოვა, თუ ხეს გასხლავ და მოუვლი"

საქართველოში საუკუნე-ნახევრის წინ შემოტანილი მანდარინის კულტურა, ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატის წყალობით, უფრო გემრიელი გახდა. თუმცა არა მაშინვე - 1885 წელს მოშენებულმა იტალიური ჯიშის მანდარინმა კი გაძლო, მაგრამ მერე დაკნინდა და გაიყინა. სამაგიეროდ, 1896 წელს შემოტანილი იაპონური უნშიუ ჩვენთვის "ზედგამოჭრილი" აღმოჩნდა. დღევანდელი ქართული მანდარინი, ძირითადად, უნშიუს ჯიშისაა. აჭარის სუბტროპიკულ ზონაში უნშიუმ ისე უხვად მოისხა, რომ ამან ბოლო წლებში, რაც უნდა საკვირველი იყოს, პრობლემა შექმნა...

უნშიუს მანდარინი ნოემბრის შუა რიცხვებიდან იკრიფება, დიდი რაოდენობით ციტრუსს ბაზარი ერთბაშად ვერ ითვისებდა და ხალხს მოსავალი ულპებოდა. სწორედ ეს გახდა იმის წინა პირობა, რომ 2011 წელს აჭარაში მანდარინის სხვადასხვა და მათ შორის, საადრეო ჯიშები შემოეტანათ. ნარგავები დასაკვირვებლად ჩაქვის საცდელი მეურნეობის 8 ჰექტარზე გააშენეს. ჩაქვი აჭარის ყველაზე მკაცრ კლიმატურ ზონად ითვლება. თუკი ახალი ჯიში ამ ზონას შეეგუა, ესე იგი, საქართველოში ციტრუსის სხვა ზონებსაც შეეგუება. პირველი შედეგებიც გამოიკვეთა - ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მანდარინის საგვიანო, ნოემბრის ჯიშთან ერთად, საადრეო ჯიშიც მკვიდრდება და უკვე იკრიფება კიდეც აგვისტოდან.

რა ტემპით ვრცელდება მანდარინის საადრეო ჯიშები და რა როლს შეასრულებს ციტრუსის ბაზარზე, ამის შესახებ აჭარის "აგროსერვისცენტრის" დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე გვესაუბრება.

- საადრეო ჯიშების განაშენიანებიდან (არა მხოლოდ მანდარინის, სხვა ციტრუსებისაც) 6-7 წელია გასული. ეს არ არის ის დრო, რომ საბოლოო შედეგებზე ვისაუბროთ, მანდარინის მოსავლიანობა მხოლოდ 8-9 წლის თავზე ხდება სრულყოფილი. თუმცა ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ ამ ჯიშების "სიკეთე" შეგვეტყო. ისინი არაერთი ქვეყნიდან შემოვიტანეთ - ესპანეთიდან, იტალიიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან, იაპონიიდან... დაკვირვებამ ცხადყო, რომ ჩვენი გარემოსთვის კვლავ იაპონური ჯიშებია ზედგამოჭრილი. 5 საადრეო ჯიში გამოიკვეთა, რომელთა კრეფა აგვისტოდან იწყება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ჩვენში ნოემბერში ყინვა იცის და ხანდახან ნაყოფს იმდენად აფუჭებს, რომ სასაქონლო სახეს უკარგავს, სექტემბერში მოწეული მანდარინი კი ყინვასაც არიდებს თავს და ბაზარზეც მომგებიანია: კილოგრამი 1,5-2 ლარი ღირს.

როდესაც ეს ჯიშები მასობრივად გავრცელდება, საადრეო მანდარინის რეალიზაცია მაშინაც არ გაჭირდება, რადგან ექსპორტზეც დიდი მოთხოვნა გვაქვს. რაც მთავარია, გემოვანი თვისებებით, შაქრიანობით თუ მჟავიანობით არაფრით ჩამოუვარდება ჩვენს საგვიანო მანდარინს. ასე რომ, იაპონელი სელექციონერების გამოყვანილი მანდარინის ჯიში ჩვენს საუკუნეშიც ძველებურად გამოგვადგა, თუმცა ბოლო პერიოდის სირთულეების მიუხედავად, არც ქართველი მეცნიერები მსხდარან უქმად - ამ 30 წლის განმავლობაში ოზურგეთის ანასეულის სამეცნიერო ინსტიტუტშიც შეიქმნა მანდარინის მშვენიერი ჯიში, რომელსაც იაპონური უნშიუს "კლონს" ვეძახით, თუმცა იმით განსხვავდება, რომ ნოემბრის ნაცვლად, ჩვენი "კლონი" ოქტომბერში იკრიფება.

- ანუ როდესაც საადრეო მანდარინის კრეფა სექტემბერში დასრულდება, მერე ოქტომბერში უნშიუს "კლონის" ჯერი დგება. - შედარებით საგვიანო მანდარინის ჯიშებიც შემოვიტანეთ, თუმცა მათ ჯერ ვაკვირდებით, ნაწილობრივ "გაქართულებაზეც" ვმუშაობთ. მაგალითად, ჩვენს ნიადაგზე არ გამოდგა მანდარინის თურქული ჯიშები, რომლებიც შედარებით ცხელი კლიმატისთვის არის გამოყვანილი და სიცივე ვერ აიტანა. ამიტომაც თურქული მანდარინის კვირტი ჩვენებურ ტრიფოლიატზე დავამყნეთ. ტრიფოლიატი მანდარინის საუკეთესო საძირეა და ძლიერი ყინვაგამძლეა.

- როგორც ცნობილია, ქართული მანდარინის ექსპორტზე გატანას დიდ პრობლემებს უქმნის ნაყოფის ზომა - მოთხოვნა ნაყოფის სტანდარტულ ზომებზეა, ჩვენი მანდარინი კი უმეტესად სტანდარტულზე ნაკლებია. - სიახლე სტანდარტის გაუმჯობესებასაც გულისხმობს. თუმცა უმთავრესი მაინც მოვლის კულტურაა, ისევე როგორც მეწლეობა. ჩვენი ადგილობრივი უნშიუც საუკეთესო ზომის მოვა, თუ ხეს გასხლავ და მოუვლი, მაგრამ ბევრი ამას არ აკეთებს.

მანდარინს მეწლეობაც ახასიათებს, ერთ წელიწადს აჭარაში, მაგალითად, 120 ათასი ტონა მანდარინი თუ მოდის, მეორე წელიწადს ამის ნახევარს ვიღებთ. წლეულსაც ამიტომ ველოდებით 60-70 ათას ტონას.

რაც შეეხება სტანდარტს, წლების წინ სტანდარტად ითვლებოდა მანდარინის ნაყოფი 38 მმ დიამეტრით. გლეხი მას მარტივად ზომავდა - აიღებდა ასანთის ღერს (მისი სიგრძე 41,5 მმ-ია), გაუყრიდა ნაყოფში და მხოლოდ თავი გავიდოდა მეორე მხარეს, ესე იგი, სტანდარტული ზომის იყო. დანარჩენი წვენების ქარხანაში ჩაბარდებოდა შედარებით დაბალ ფასად. ეს კი ნიშნავს, რომ გლეხის მთელი მოსავლიდან სტანდარტული ზომის 85-90% იქნებოდა. ამჟამად კი მანდარინის სტანდარტი 45 მმ-ია. შესაბამისად, მოსავლის მხოლოდ 60%-მდეა სტანდარტული ზომის, დანარჩენი 40% კი წვენების ქარხანაში უნდა ჩაბარდეს. საბედნიეროდ, მიღების პრობლემა არ არის, მანდარინის ექსპორტიც გამართულად მუშაობს. ფასები 60 თეთრიდან 1,5 ლარამდეა.

- სიახლეს ჩვენში ფრთხილად ხვდებიან, მათ შორის ახალი ჯიშების გაშენებასაც. - წლეულს სანერგეში ახალი ჯიშის 40 ათასი ნერგია. ამაზე მეტი ნერგი უკვე გაიყიდა, ხალხმა მოსავალი აიღო და ახალი ჯიშითაც დაინტერესდა. როდესაც აჭარის ზონაში სექტემბერში ბაზარში მანდარინი გააქვთ და 1 კგ-ს 1,5 ლარად ყიდიან, ესე იგი, ხალხი მას ყურადღებას აქცევს.

- რა საშუალება არსებობს, რომ მანდარინის მოსავალი არ გაიყინოს? - პლანტაციას მოვლა სჭირდება, მათ შორის, ქარსაფარი ზოლიც გაშენებისთანავე უნდა იყოს გათვალისწინებული. სასარგებლოა პლანტაციის დაბოლება. მოსახლეობა უკვე გაფრთხილებულია. დაბოლების დროს პლანტაციებში ნამჯისა თუ თივის მცირე გროვებს ცეცხლს უკიდებენ ისე, რომ ქარმა კვამლი პლანტაციისკენ წაიღოს. ეს ყინვას 4-5 გრადუსით ამცირებს.