ძახველის ტყის ზღაპარი
ძახველის ტყის ზღაპარი
ყინვაგამძლე მკურნალი, მათრობელა სილამაზით და სურნელით...

"როგორც ზამთარში თოვლიან ტყეს მწიფე ძახველი, ისე შემომრჩა სულში ბავშვობა" - ეს სტრიქონები გოდერძი ჩოხელს ეკუთვნის... იშვიათია ადამიანი, რომელსაც ზამთარში ლამაზად დათოვლილი ძახველის ბუჩქი უნახავს და ამ სანახაობით არ მოხიბლულა. საქართველოში ეს მცენარე თითქმის ყველგან ხარობს, ბარში თუ მთაში. სამეგრელოში მას ძარწუფას ეძახიან, თუშეთში - ძეხველს, ზოგან მძახველსა და ზოგანაც ჯანხველას, მაგრამ რაც უნდა ერქვას, ეს მცენარე უამრავი ღირსებით არის შემკული. გვესაუბრება საპატრიარქოს დეკორატიული
მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილე მანანა ელბაქიძე.

- ძახველი გამორჩეულად ლამაზია. ეს ბუჩქი ან მცირე ზომის ხეა, ხასხასა ფერის ნაყოფით. გავრცელებულია ევროპა-აზიაში­, ჩრდილოეთ აფრიკასა და ამერიკაში. არსებობს ძახველის 200-მდე სახეობა, თუმცა ყველაზე ცნობილი ჩვეულებრივი ძახველია წითელი ნაყოფით. ძახველის დეკორატიულ ფორმებს ბაღებისა და სკვერების დასამშვენებლად იყენებენ.
მცენარე ლამაზია წელიწადის ყველა დროს. ნაყოფი თავიდან მწვანეა, მერე თანდათან წითლდება და ბოლოს კაშკაშა წითელი ფერისა ხდება, ლამაზ მტევნებად არის შეკრული და ძალიან ეფექტურია. საოცარი სანახავია ძახველი ყვავილობის დროს თეთრი, ქათქათა ყვავილებით. ის საუკეთესო თაფლოვანი მცენარეა სასიამოვნო, მათრობელა სურნელით და ფუტკარიც ძალიან ეტანება.

- როგორ ადგილებს "ირჩევს" ეს მცენარე "საცხოვრებლად"?
- საქართველოში უფრო ტყის ზონაში გვხვდება, ასევე მდინარის პირებზე­, ზოგჯერ ბაღებშიც. კარგად ხარობს თბილისთან ახლოსაც, გვხვდება საგურამოს ნაკრძალში და რაც უფრო ზემოთ, მთებისკენ მივდივართ, მისი რიცხოვნობა უფრო და უფრო მატულობს. ჩვენმა წინაპრებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ ძახველი მრავალმხრივ სასარგებლო მცენარეა და ფართოდ იყენებდნენ მის ნაყოფს,­ ფოთლებს და ქერქსაც კი. ძახველი არაჩვეულებრივი საკვებიც არის: მის ნაყოფში ბლომადაა ჩ ვიტამინი და ბიოლოგიურად აქტიური სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებს.­ ძახველი განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთში, რადგან კარგად იტანს ყინვასა და სიცივეს. ზოგჯერ თოვლი დაედება, მაგრამ ნაყოფი სასარგებლო თვისებებს მაინც ინარჩუნებს.
- როდის არის ძახველი ყველაზე სასარგებლო?
- ნაყოფი ან ძალიან კარგად უნდა იყოს დამწიფებული, ან მაშინ უნდა გამო­ვიყენოთ, როცა ყინვა დაჰკრავს. ამ დროს მასში შემავალი პექტინები და მთრიმლავი ნივთიერებები უფრო სასარგებლო ხდება. პექტინების გამო მის ნაყოფს­ მომწარო გემო აქვს, მაგრამ შაქართან ერთად თუ შევინახავთ, უგემრიელესია. ზოგი უბრალოდ ხეხავს და ჟელეს სახით იღებს. მისგან გემრიელ კისელს ამზადებენ, შეიძლება­ კრემსაც შევურიოთ და განუმეორებელ არომატს მიანიჭებს. კარგი იქნება, თუ მისი ნაყენით უალკოჰოლო სასმელებს ჩავანაცვლებთ - გაცილებით გემრიელია, ვიდრე ქიმიური დანამატებით გაჯერებული გაზიანი სასმელები. არაჩვეულებრივია მისი ჩაი თაფლთან ერთად, მაგრამ ქაფქაფა მდუღარე წყალი არ უნდა დავასხათ, რომ სასარგებლო ნივთიერებები არ დაიკარგოს.

გრიპის პროფილაქტიკისთვის მისი ფოთლებიც შეიძლება გამოვიყენოთ, ნაყოფიცა და ქერქიც. ძახველის შენახვა ისევე შეიძლება, როგორც ქაცვისა - ჯობს ნაყოფი თერმულად არ დავამუშაოთ და ცოცხლად შევინახოთ.

- როგორ შეიძლება ამ მცენარის დარგვა-გახარება?
- როგორც ტყის მცენარე, ძახველი უფრო კარგად ვითარდება ნეშომპალით გამდიდრებულ, შავმიწა და ნოყიერ ნიადაგში. აუცილებლად სჭირდება ტენიანი გარემო, რადგან გვალვას ვერ იტანს, ამიტომ ნერგის მორწყვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ძახველი ზოგჯერ მაინც უნდა ხვდებოდეს ჩრდილში, რადგან გვალვის ატანა ძალიან უჭირს. ამიტომ თბილისში ამ მცენარის გახარება შეიძლება ცოტა გაგიჭირდეთ, მაგრამ თუ სათანადო პირობებს შეუქმნით, ეს სავსებით შესაძლებელია. ძახველი ნახევრად ჩრდ­ილსაც კარგად იტანს და გან­ათებულ ადგილებშიც ჩვეუ­ლებრივად იზრდება.
ძახველის გამ­რავლება თავისუფლად შეიძლება დარგვით: მის ამონაყარს სხვა ადგილას გადავრგავთ, ნორმალურ პირობებში ფესვებს გამოისხამს და ჩვეულებრივად გაიხარებს. როგორც სხვა მცენარეები, ძახველი კარგად მრავლდება კალმითა და გადაწვენითაც. უკვე ვთქვი, რომ ძახველის მრავალი სახეობა არსებობს, მათ შორის არის ჭრელფოთლიანი ძახველი, ჯუჯა ძახველი და სხვა. როცა ჯიშების გამრავლებაზე მიდგება საქმე, კალამს მცენარის აქტიური ზრდის პერიოდში იღებენ - ის უკეთესად დაფესვიანდება და გაიზრდება. ძახველს ლამაზი, გულის ფორმის თესლი აქვს. ის ამ გზითაც შეიძლება გავახაროთ, მაგრამ 2 წლის ლოდინი მაინც დაგვჭირდება, რომ აღმოცენდეს და გამრავლდეს. ამიტომ ვეგეტაციური გამრავლება ჯობია - ეს უფრო სწრაფი და ეფექტიანი გზაა.
ძახველი შეიძლება ბუჩქის სახითაც გავზარდოთ და ხის სახითაც. თუ ბუჩქი გვინდა, ამონაყარი ტოტებიდან ყველაზე­ ძლიერი ტოტები უნდა დავტოვოთ, სუსტები კი მოვაშოროთ. მერე ეს ძლიერი ტოტები კიდევ დაიტოტება და საბოლოოდ კარგად განვითარებული ბუჩქის ფორმას მიიღებს.­ თუ გსურთ, ეზოში­ ძახველის ხე გქონდეთ, უნდა იცოდეთ, რომ მან შეიძლება 4-5 მეტრ სიმაღლეს მიაღწიოს. ეს ძალიან ეფექტური, ლამაზი ხეა. ამისთვის ყველაზე სწორი და ძლიერი ღერო უნდა ამოვარჩიოთ, დანარჩენები მოვჭრათ და ამ ერთ ღეროს ზრდის საშუალება მივცეთ.

- ნაყოფი როგორ ვითარდება?
- ზაფხულში მომწვანოა, მერე ნარინჯისფერი და ყვითელი ფერი გადაჰკრავს და შემოდგომაზე ხასხასა წითელ კენკრად იქცევა. შემოდგომის ბოლოს ძახველს ფოთლები სცვივა, მაგრამ კუნწულები დიდ­ხანს რჩება, ზოგჯერ ყინვაში, თოვლშიც კი წითლად ღვივის. სხვათა შორის, არსებობს მარადმწვანე ძახველი, რომელიც ზამთარ-ზაფხულ შეფოთლილია და მუქი ლურჯი ნაყოფი აქვს. მარადმწვანე ძახველი უფრო გამძლეა და დეკორატიული მიზნით მისი გახარება ჯობია, თუმცა მას სილამაზით არც ჩვენებური ძახველი ჩამორჩება.

- როგორ იყენებდნენ ძახველს ჩვენი ბებიები?
- ჩვენს წინაპრებს დიდი ცოდნა ჰქონდათ და ორგანიზმის გასაძლიერებლად და იმუნიტეტის ასამაღლებლად იყენებდნენ ჟოლოს, ქაცვს, ძახველს - თითქმის ყველა სახეობის კენკრას. მაგრამ ჩვენმა ბებიებმა კარგად იცოდნენ, რომ უანგარიშოდ ამ მცენარეების გამოყენება არ შეიძლება, ჩაის ან კომპოტის სახით მიღება კი პრობლემას არ წარმოადგენს. ძახველი, ისევე როგორც მისი მსგავსი მცენარეები, ძალიან სასარგებლოა იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ვისაც გრიპისა და გაცივებისკენ აქვს მიდრეკილება, შეუძლია ჩაის სახით მიიღოს, ან წყალში გახსნას და წვენის ნაცვლად დალიოს. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი ორგანიზმი ზამთარს გაკაჟებული და მომზადებული დახვდება. მე ყველას ვურჩევ, რომ ძახველი ოჯახში მუდმივად ჰქონდეს, რადგან ეს არაჩვეულებრივი პროფილაქტიკური საშუალებაა გაცივებისა და ვირუსების წინააღმდეგ. შეიძლება ითქვას, რომ მისი სახით სახლში "პატარა აფთიაქი" გაქვთ.

ძახველის ჩაი

იმუნიტეტის ასამაღლებლად საუკეთესო საშუალებაა ძახველის ჩაი. ეს არის "ჯადოსნური" ნაყენი, რომელიც შეიცავს ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას, ჩ ვიტამინს და დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. თუ გრიპი მოგერიათ, ძახველის ჩაი მაშინაც სასარგებლო და უებარი სასმელია. ამავე დროს, საჭიროა სიფრთხილე გამოიჩინოთ დოზირებისას, რადგან ძახველი წნევას დაბლა სწევს.­ ამიტომ, ძახველის ჩაის მიღება დღეში მხოლოდ 3-5-ჯერ შეიძლება.

მომზადება: 1 ს/კ ძახველის ცოცხალ ნაყოფს ან გახეხილ, დაშაქრულ მასას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ. როცა ნაყენი ცოტა შეგრილდება, დალიეთ. შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლიც - ის გააძლიერებს ჩაის სამკურნალო თვისებებს. შეიძლება ძახველი შაქართან ერთად, ცოცხლად შეინახოთ ქილაში, პროპორციით: 1 წილი ძახველი - 1+.1/3 შაქარი.

ხათუნა ჩიგოგიძე

vergavege
22 დეკემბერი 2019 16:51
ჩ ვიტამინი რას უხდება ხათუნა

თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა