ჰაჩიას ხურმა აჭარული ელფერით - კვირის პალიტრა

ჰაჩიას ხურმა აჭარული ელფერით

"ჩვენთან ხურმა ბაღში ყველას აქვს, არ მეგულება ოჯახი, სადაც გვიან შემოდგომაზე ხურმის ხეები არ "ანათებდეს"

საზამთროდ ძალიან სასარგებლო კულტურის, ხურმის კრეფა მაღალმთიან აჭარაშიც დასრულებულია. ხურმის კრეფის სეზონი აქ ყველაზე გვიან მთავრდება. სამაგიეროდ, ბაზარზეც შედარებით გვიან შემოდის, რაც მის ფასზეც აისახება. აჭარული ხურმა უკრაინასა და ნაწილობრივ ბელორუსშიც გააქვთ. ქედის მუნიციპალიტეტის გემოვანი თვისებებით გამორჩეული ხურმის მოსავლისა და პერსპექტივის შესახებ გვესაუბრება ქედის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო საკონსულტაციო ცენტრის უფროსი იოსებ შარაშენიძე.

- ჩვენს რეგიონში ხურმა საუკუნის წინ, მანდარინთან ერთად შემოიტანეს. როგორც მანდარინის შემთხვევაში, ხურმის სელექციამაც დაადასტურა, რომ ჩვენს გარემოში საუკეთესოდ იაპონური ჯიში იხარებდა. ასე შეგვრჩა პოპულარული ჰაჩიას ჯიში საქართველოში. ეს ის წაგრძელებული, "პირამიდისებრი" ხურმაა, რომელიც ჩვენს ბაზრებშიც უხვად არის და ექსპორტზეც იგზავნება. ხურმის სამრეწველო ბაღები მოგვიანებით გაშენდა. ჩვენთან ხურმა ბაღში ყველას აქვს, არ მეგულება ოჯახი, სადაც გვიან შემოდგომაზე ხურმის ხეები არ "ანათებდეს". ბევრს ჰაჩიასაგან განსხვავებული ჯიშიც აქვს, მათ შორის - ველური ჯიშებიც.

- ხურმა აღმოსავლეთ საქართველოშიც გვაქვს, ქართლსა და კახეთში, სადაც წელს, კლიმატური პირობების გამო, სამწუხაროდ, მცირე მოსავალი მოვიდა, თუმცა აღმოსავლეთში ხურმის ბაღებს საგანგებოდ უვლიან - სხლავენ, წამლავენ, რასაც დასავლეთ საქართველოში ნაკლებად მისდევენ.

- ხურმის გასხვლა-შეწამვლა ნამდვილად კარგია. დასავლეთ საქართველოში ნაკლებად იყო ეს წესი. ამას ის უწყობდა ხელს, რომ შესაფერისი კლიმატისა თუ ნიადაგის გამო ჩვენთან ხურმის კარგი მოსავალი მოდიოდა და ექსპორტზეც გადიოდა. ახლა კი, როცა კლიმატი შეიცვალა და ექსპორტის მოთხოვნაც სტანდარტული ზომის ხილზეა, მოსახლეობამ ჩვენშიც დაიწყო ხურმის პლანტაციების აგროტექნიკით დამუშავება. რასაკვირველია, ეს მოსავლის რაოდენობას გაზრდის. ქედიდან დაახლოებით 300 ტონა ხურმა გადის ექსპორტზე, მაგრამ პოტენციალი მეტია. ყველგან აგროტექნიკა რომ იყოს გამოყენებული, მოსავალი ორჯერ გაიზრდებოდა. - ხურმა ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციას. კულტურა ღვიძლის პრობლემებისაგან დამცველად ითვლება.

- არა მარტო. თუ ამ ხილის სასარგებლო თვისებებს გადავხედავთ, მრავალ სიკეთეს აღმოვაჩენთ. ხურმა სპორტში ძლიერების საუკეთესო სტიმულატორია, იცავს თავბრუსხვევისგან, წნევისა და, ასე განსაჯეთ, დეპრესიისგანაც კი.

ხურმის დაახლოებით 85% უკრაინაში გადის. ამ ქვეყანაში ექსპორტი წელს ცოტა შეგვიფერხდა, ვინაიდან შეიცვალა ექსპორტირებისას ხილის შენახვის პირობები, თუმცა ეს ქვეყანა ჩვენი ხურმის საუკეთესო მიმღებია. უკრაინელები ხურმას ძალიან საინტერესო თვისებას მიაწერენ - მიაჩნიათ, რომ ხურმა ორგანიზმს რადიაციისაგან წმენდს, რაც უკრაინაში განსაკუთრებით აქტუალურია ჩერნობილის ატომური აფეთქების შემდეგ. დანარჩენი ბელორუსსა და სომხეთში გადის. სომეხ მოსახლეობას ხურმა მართლაც განსაკუთრებულად უყვარს.

გარდა ამისა, ჩვენი ხურმა ახალციხეშიც საუკეთესოდ იყიდება... ბოლო წლებში ხურმის ჩირის რეალიზაციაც დაიწყო. ჩვენში ამისთვის სპეციალური საწარმოები შეიქმნა. რა თქმა უნდა, ჩირს მზეზეც ვაშრობთ და უფრო ინარჩუნებს კალორიებს, ვიდრე საშრობში გამშრალი, თუმცა სასარგებლო თვისებები ხურმის ჩირს ყველა შემთხვევაში აქვს, ქართული ხურმის ჩირი ჰოლანდიაშიც გადის. ჩირს ჩვენთანაც აშრობენ და სხვა რეგიონებშიც გააქვთ გამოსაშრობად, მაგალითად, სამეგრელოსა და იმერეთში, საიდანაც უცხოეთში გადის. ასე რომ, გაუყიდველი ცოტა თუ რჩება.

- ცხადია, ამ კულტურის ტრანსპორტირება უფრო ძნელია, ვიდრე ჩირის - ხურმა ხომ მალფუჭებადი პროდუქტია.

- ტექნოლოგიები დაიხვეწა. არის ხალხი, რომელთაც სპეციალურად შეიძინეს მაცივრიანი ტრაილერები უკრაინაში ციტრუსისა და ხილის ექსპორტისათვის. ამ ქვეყანაში ექსპორტი ჩვენში ხურმის ბაღების გაშენების საუკეთესო სტიმული აღმოჩნდა. უკვე 3 წელიწადია, ხურმის ახალი ბაღები გავაშენეთ. ეს ბაღები სულ მალე მოგვცემს ნაყოფს - 2-3 წელიწადში ქედაში ხურმის მოსავალი, ალბათ, გაგვიორმაგდება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაც სწრაფად დაინერგება.