ჩემპიონები საზრიანთა და მოხერხებულთა შორის - კვირის პალიტრა

ჩემპიონები საზრიანთა და მოხერხებულთა შორის

"ვირთაგვები გაცილებით ადრე გაჩნდნენ დედამიწაზე, ვიდრე ადამიანები და მათი რიცხვი, სულ ცოტა, ორჯერ აღემატება ადამიანთა რაოდენობას"

თანდათან გვიახლოვდება ახალი, 2020 წელი, რომელიც აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ლითონის თეთრი ვირთხის წელიწადია. ჩვენგან განსხვავებით, აღმოსავლეთში ამ ცხოველს დიდი პატივისცემით ეკიდებიან, რადგან დოვლათისა და ბარაქის სიმბოლოდ მიიჩნევენ. აღმოსავლურ სამყაროში ვირთხას ძალიან აფასებენ სხარტი ჭკუისა და მოხერხებულობის გამო, ჩინეთსა და იაპონიაში კი ეს პატარა მღრღნელი კარგი იღბლისა და სიმდიდრის სიმბოლოდ აღიქმება. რა თვისებებით არის დაჯილდოებული არსება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად მოსწონთ? - ამის შესახებ გვესაუბრება თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში დავით თაქთაქიშვილი.

- ვირთაგვა დიდი თაგვია, თაგვისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, თუმცა მისი გვარი ცალკეა გამოყოფილი. ვირთხა ამ ცხოველის ხალხური სახელია, ხოლო ვირთაგვა მეცნიერული სახელწოდებაა. საქართველოში ამ ცხოველს უფრო ხშირად ვირთხას ეძახიან. მისი დანახვა ბევრ ადამიანში იწვევს ანტიპათიას, ძალიან ბევრი მიიჩნევს მას ბოროტ და უსარგებლო ცხოველად, მაგრამ თუ ამ პატარა ნაცრისფერ არსებებს უფრო ახლოს გავეცნობით, მათზე წარმოდგენა რადიკალურად შეგვეცვლება.

ვირთაგვა ძალიან საინტერესო ცხოველია და ბევრი სარგებლობა მოაქვს თუნდაც იმიტომ, რომ მეცნიერები ლაბორატორიულ ცდებს სწორედ ამ ცხოველებზე ატარებენ. სხვათა შორის, ვირთაგვები გაცილებით ადრე გაჩნდნენ დედამიწაზე, ვიდრე ადამიანები და მათი რიცხვი, სულ ცოტა, ორჯერ აღემატება ადამიანთა რაოდენობას. ვირთაგვა ჭამს ყველაფერს, რისი ჭამაც შეიძლება და არ შეიძლება: ზოგჯერ ის ლითონისა და ბეტონის დაღრღნაზეც არ ამბობს უარს. არც სიცხის ეშინია, არც სიცივის და კარგად უძლებს ყველაზე ექსტრემალურ პირობებსაც. ვირთაგვები ბინადრობენ უკაცრიელ მინდვრებსა და დიდ მეგაპოლისებში. შესანიშნავად გრძნობენ თავს ყველგან, სადაც ადამიანი ცხოვრობს. ეს პატარა მღრღნელი ყველა კონტინენტზე ბინადრობს და გადარჩენისთვის ბრძოლის ლიდერად არის მიჩნეული. ამგვარი თვისებებით არის დაჯილდოებული საქართველოში გავრცელებული ჩვეულებრივი რუხი ვირთაგვაც.

- ამბობენ, ვირთხები ძალიან ჭკვიანები და ღორმუცელებიც არიანო.

- ვირთაგვა დაახლოებით თვეში 12 კილოგრამამდე საკვებს ჭამს. ძალიან ჭკვიანია, ხოლო მოხერხებულობით ადამიანსაც უწევს კონკურენციას. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რამდენად მრავალფეროვანია ამ ცხოველის გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები. ისინი იოლად ითვისებენ ყოველგვარ სიახლეს და რთული ამოცანების გადაწყვეტაც შეუძლიათ. ვირთაგვების ქცევას ხშირად გადაურჩენია ადამიანი. ყველამ იცის გამონათქვამი, გემს პირველად ვირთხები ტოვებენო. ცნობილია ფაქტები, როცა ვირთაგვებს გემი მართლა დაუტოვებიათ და მერე იქ დიდი კატასტროფა მომხდარა, ან რაღაც უბედურება დატრიალებულა. ამიტომ მათი ქცევა ერთგვარი გაფრთხილებაა ადამიანებისთვის.

- ამბობენ, რომ ვირთაგვას სიცილიც შეუძლია... - სიცილი ნამდვილად არ შეუძლიათ, თუმცა ადამიანს ბევრი რამით ჰგვანან: ჩვენსავით ეძებენ სტაბილურ გარემოს, სადაც არის სუფთა წყალი, საკმარისი საკვები და სითბო. ისინი კოლონიებად ცხოვრობენ. ერთ კოლონიაში შეიძლება 6 ან მეტი ცხოველი იყოს. ყოველ ჯგუფს საკუთარი სისტემა და ცხოვრების რიტმი აქვს. ვირთაგვები ნაშიერებზე ერთად ზრუნავენ. მათი სოროს შესასვლელი საგულდაგულოდ არის დაფარული, რომ მტაცებლების შემოტევებისგან თავი დაიცვან. როგორც ყველა სოციალურ ცხოველს, ვირთაგვებსაც მკაცრი იერარქია აქვთ. სხვათა შორის, მამრები ყველა მდედრს როდი ეჯვარებიან, ისინი მხოლოდ რჩეულ და საყვარელ მდედრებს ეწყვილებიან.

- როგორ ახერხებენ ვირთაგვები თავის გადარჩენას მეგაპოლისებში, სადაც მტრულ გარემოში უწევთ ცხოვრება? - ადამიანები ახალ-ახალ საშუალებებს იგონებენ, რომ ვირთაგვებს შეებრძოლონ. ყველაზე ხშირად შხამებს იყენებენ, მაგრამ ვირთაგვას აქვს ერთი არაჩვეულებრივი უნარი: თავიდან ყოველთვის მცირე დოზებით სინჯავს საკვებს და როგორც კი საშიშროებას იგრძნობს, ჭამას წყვეტს. გარდა ამისა, ის ამ ინფორმაციას თანამოძმეებსაც გადასცემს. ვირთაგვები ერთად წყვეტენ საკითხს, შეჭამონ ესა თუ ის საკვები, თუ უარი თქვან. ვირთხებს უცხო კერძის გასინჯვაც არ უყვართ. ინფორმაციას ისინი ულტრაბგერებით გადასცემენ. ამგვარად სხვებს აფრთხილებენ, რომ საკვები საშიშია! საკმარისია ერთი ვირთხა დავიჭიროთ, რომ ის სიგნალებს გადასცემს და სხვები სასწრაფოდ იმალებიან.

მათ სამი დღის განმავლობაშიც კი შეუძლიათ წყალში ყოფნა. მომთაბარე ცხოვრებას მისდევენ და შეუძლიათ დღეში 10-დან 50 კილომეტრამდე მანძილი დაფარონ. ვირთაგვა ძალიან გამძლე, ამტანი არსებაა, უწყლოდ გაძლება 10 დღის განმავლობაში შეუძლია. ადამიანს ვირთაგვა იშვიათად ესხმის თავს, ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ის ძალიან მშიერია ან ჯგუფთან ერთადაა.

- ამბობენ, რომ ვირთხას ძალიან მოსწონს ოქრო და ძვირფასეულობა: საკმარისია, დაინახოს და მაშინვე თავის ბუნაგში მიაქვსო... - ვირთაგვა ძვირფას ლითონებს ვერ ცნობს, უბრალოდ, ბრჭყვიალა საგნები იზიდავს. სხვათა შორის, ადამიანისა და ვირთაგვის თავის ტვინის მუშაობის პრინციპები იდენტურია. ასევე მსგავსია მათი ჰორმონული და ნერვული სისტემებიც. ვირთაგვა ყურადღებით შეისწავლის იმ ადგილის გეგმას, სადაც იმყოფება და ამ ცოდნას თავდაცვისთვის მოხერხებულად იყენებს. ვირთაგვას ძალიან ძლიერი კბილები აქვს, რომლებიც გამუდმებით იზრდება, ამიტომ გამუდმებით ღრღნის რაღაცას. ასე რომ არ მოიქცეს, მისი კბილები 30 სანტიმეტრს მიაღწევს და სპირალურ ფორმას მიიღებს, ვირთაგვა ჭამას ვეღარ შეძლებს და შიმშილისგან დაიღუპება. ვირთაგვებს ყნოსვაც ძალიან კარგი აქვთ, რის გამოც მათ განაღმვის დროს იყენებენ. ვირთაგვა მჩატეა და ნაღმს ფეხიც რომ დაადგას, არ აფეთქდება. გასაოცარი ყნოსვა ამ ცხოველს ეხმარება დაავადებების, მტაცებლების, თუ დამალული საკვების აღმოჩენაში.

- 2020 წელი თეთრი ვირთხის წელია. - აღმოსავლეთში ამ ცხოველს დიდ პატივს სცემენ, თორემ ვირთხის წელიც არ იარსებებდა. რაც შეეხება თეთრ ვირთაგვას, ის ლაბორატორიაში ხელოვნურად გამოყვანილი ჯიშია. ისინი ალბინოსი ვირთაგვები არიან, რომლებსაც ხშირად იყენებენ ცდებისა და ექსპერიმენტების დროს. ამდენად, თეთრი ვირთხები ძალიან სასარგებლო არსებები არიან. იმედია, მათი სახელობის წელი ისევე საინტერესო და გამორჩეული იქნება, როგორც თავად ეს არსებები.

ხათუნა ჩიგოგიძე