კეთილმოწყობის სამსახურიდან მეურნეობის კეთილმოწყობამდე
კეთილმოწყობის სამსახურიდან მეურნეობის კეთილმოწყობამდე
"როდესაც ოჯახს ვუთხარი, რომ კეთილმოწყობის სამსახურში ვიწყებდი მუშაობას, დედამ იტირა, ღამე გარეთ იქნები და მე ლოგინში
როგორ დავიძინოო?"


რამდენიმე წლის წინ ხმაურიანი ქალაქი მიატოვა და თელავში გადავიდა საცხოვრებლად. ახლა მეგობრებთან ერთად ეკოლოგიურად სუფთა­ პროდუქტი მოჰყავს და საოჯახო სასტუმროს გახსნას აპირებს, სადაც ვიზიტიორები­ ბიოპროდუქტს თავად­ დაკრეფენ და მიირთმევენ. თინათინ მახათაძე "პალიტრამედიამ" წლების წინ აღმოა­ჩინა, როდესაც უნივერსიტეტში სწავლის­ პარალელურად, გორის დასუფთავების სამსახურში მუშ­აობდა. შემდეგ ფოტოგრაფიამ გაიტაცა და ახლა, როგორც თავად ამბობს, ოქროს
გამოცდილებას აგროვებს...

- დილაადრიან ვიღვიძებ და ვენახში­ მივდივარ. იქიდან დაბრუნებული­ თავს ვიწესრიგებ და შეხვედრაზე გავრბივარ­. მერე ისევ ვიცვლი და აგურს, ბლოკს, ბეტონს ვეზიდები, ან სულაც მიწის სამუშაოს ვუბრუნდები... საღამოს ლექციები მაქვს.

- ახალი მეგობარი გყავს - ძაღლი...
- ბენჟამენი ლაბრადორის მეტისია... ერთხელ რაღაც­ ხმა შემოგვესმა. სანიაღვრე
არხში ძაღლი იყო ჩავარდნილი. დიდი არხია და ამოყვანა სარისკო იყო, მაგრამ გავრისკეთ და ამოვიყვანეთ. ის ახლა ჩემი საუკეთესო მეგობარია. თუ სადმე მივდივარ, მანქანაში ჩემზე ადრე ჩასკუპდება ხოლმე. შეიძლება შიოდეს, მაგრამ სანამ არ მოეფერები, არ შეჭამს.

- შენზე ცოტა მეტი გვიამბე...
- ხაშურის მე-9 საჯარო სკოლა დავამთავრე და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტი გავხდი. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, რადგან სტუდენტობაზე ვოცნებობდი. უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ საცხოვრებლად გორში, დეიდასთან გადმოვედი. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2010 წელს ჩავაბარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა, სოციალურად დაუცველ პირებს სწავლის საფასურს სახელმწიფო დაუფინანსებსო. მაშინ­ ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო. სახელმწიფო დაფინანსების საკითხის გარკვევა დავიწყე. უარყოფითი პასუხი მოვიდა... რას ვიზამდი, სტუდენტის სტატუსი შევაჩერებინე. შემდეგ გამოსავალზე დავფიქრდი და მივხვდი, პრობლემები თავად უნდა მომეგვარებინა.



- და დასუფთავების სამსახური აირჩიე...­
- როდესაც ოჯახს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, რომ კეთილმოწყობის სამსახურში ვიწყებდი მუშაობას,­ დედამ იტირა, ღამე გარეთ იქნები და მე ლოგინში როგორ დავიძინოო? არადა, ეს ჩემთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი იყო - ღამით ვიმუშავებდი, დღისით კი ლექციებს დავესწრებოდი... როდესაც გორის კეთილმოწყობის სამსახურში შემქონდა განცხადება, დიდი იმედი არ მქონდა, რომ მიმიღებდნენ. ჯერ დეიდის სახლის ახლოს, კომბინატის­ დასახლებასთან გამომიყვეს დასასუფთავებელი ტერიტორია. პირველ ორ თვეს 177 ლარს ვიღებდი. შემდეგ ქალაქის ცენტრში გადმომიყვანეს და ხელფასიც გაიზარდა. დილის 4 საათზე ვდგებოდი, მაგრამ უნივერსიტეტში წასვლამდე დასვენებას ვერ ვასწრებდი, ამიტომ უფრო ადრე მიწევდა გაღვიძება, რომ წიგნების წაკითხვაც მომესწრო. ყველგან ვკითხულობდი - გზაში, ტრანსპორტში. განათლების მისაღებად დროის მაქსიმალურად გამოყენებას ვცდილობდი.


ერთხელ თანამშრომელმა მითხრა, გავიგე, პრობაციონერი ყოფილხარ და იძულებით გამუშავებენო. გამეცინა, არა, სტუდენტი ვარ და ეს სამსახური სწავლის საფასურის გადასახდელად მჭირდება-მეთქი. მეეზოვედ მუშაობის პარალელურად, შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული თურქული ენის კურსები გავიარე. შემდეგ კი ცოდნის გასაღრმავებლად 2 კვირით თურქეთში ტრენინგზე უნდა წავსულიყავი და სამგზავრო თანხის შესაგროვებლად კაფეში მიმტანად დავიწყე მუშაობა. ლექციების შემდეგ კაფეში მივდიოდი, სადაც ღამის ორ საათამდე ფეხზე ვიდექი. მერე შინ მივდიოდი, მეეზოვის ტანსაცმელს ვიცვამდი და ქუჩაში გავდიოდი. დაახლოებით ერთ წელიწადს ვიმუშავე იმ კაფეში. მცირედი შუალედების დროს წიგნსა და კონსპექტებს ვკითხულობდი. არავინ თქვას, ადამიანური ურთიერთობები აღარ არსებობსო, - მძიმე დღის რეჟიმის მიუხედავად, ყველა ცდილობდა დახმარებას.

სწავლის პარალელურად ილიას უნივერსიტეტში ფოტოხელოვნების სპეციალობაზე, უფასო ფაკულტეტზე ჩავაბარე­. სულ მეკითხებოდნენ, როდის გძინავსო? ფაქტობრივად, არ მეძინა. არც ახლა მძინავს.

როდესაც თქვენთან ინტერვიუს შემდეგ საზოგადოებამ გამიცნო, უამრავი­ ადამიანი მირეკავდა და დახმარებას მთავაზობდა, მაგრამ სხვების დახმარების ხარჯზე ცხოვრება არასდროს მნდომებია. ასე რომ ყოფილიყო, სწავლის საფასურს როგორღაც, ნათესავებსა და ახლობლებში მოვაგროვებდი. ახლა ჩემი თავის რეალიზება შევძელი, პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ეს ძალიან დიდი სტიმულია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?