"ქარელის ნაზუქების ისტორია მეცნიერებს წიგნებშიც აქვთ შეტანილი" - კვირის პალიტრა

"ქარელის ნაზუქების ისტორია მეცნიერებს წიგნებშიც აქვთ შეტანილი"

"კარგი ნაზუქი ერთი კვერცხის დაკლებასაც არ გაპატიებს"

მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო სუფრას უამრავი ტკბილეული ამშვენებს, ნამდვილ ნაზუქს კონკურენციას ვერ უწევს, ოღონდ იმ ნამდვილ ნაზუქს, რომელიც გულმოდგინედ და ყველა წესის დაცვით ცხვება. ზოგი იტყვის, ასეთი სადღააო, მაგრამ კარგი ნაზუქის სპეციალისტი ბევრია, რასაკვირველია, უმეტესად ქართლში, კერძოდ კი ქარელში. საქართველოს ამ ლამაზმა კუთხემ, სადაც კლიმატის გამო ფხალეული ნაკლებად იყო, კულინარიული ოსტატობა ფქვილეულის ნაწარმის დამზადებაში ჩააქსოვა - აქ ხორბალი თუ სხვა მარცვლეული, სხვა კუთხეებთან შედარებით, დღესაც საუკეთესოდ ხარობს. სწორედ ქართლელი მენაზუქე მზია იმერლიშვილი გვესაუბრება ამ ნუგბარზე. მართალია, დღეს ის სურამში ცხოვრობს და მუშაობს, სადაც ნაზუქები მთელი საქართველოსთვის გამოუფენიათ გზაზე და არაერთ უცხოელსაც გააცნეს, მაგრამ მან ნაზუქების ცხობა ქარელში ისწავლა, სადაც თურმე "მსოფლიოში პირველი" ნაზუქი გამომცხვარა.

- როდესაც ნაზუქის ისტორიაზე ლაპარაკობენ და ქარელს არ ახსენებენ, ეგ ამბავი ცოტა მეც მწყინს ბებიაჩემ ფეფუცა პაპუაშვილივით. ბებია ამბობდა, ქარელის ნაზუქების ისტორია მეცნიერებს წიგნებშიც აქვთ შეტანილი და ნეტავ ეს რატომ არავინ იცისო!

ნამდვილი ნაზუქი კვერცხისა თუ ცხიმის წყალობით დაახლოებით ისე წითლდება, როგორც ენდროში შეღებილი კვერცხი. ასე რომ, ეს წითელი ტკბილეული ძველად ქარელელებმა საგანგებოდ აღდგომისთვის შექმნეს. მერე კი იმდენად მოეწონა ხალხს, სხვა დღესასწაულებზეც აცხობდნენ.

მეც ასე ვარ - ნაზუქებს ღვთისმშობლობასა და სხვა დღესასწაულებზე ვაცხობ. ბებიაჩემი ცომის მოსაზელად გამთენიისას ადგებოდა, საუკეთესო კარაქს, კვერცხს თუ ქიშმიშს ჩააყრიდა და 6 საათს დადგამდა ამოსაფუებლად. იტყოდა, განა ნაზუქის ცომი უბრალო ფქვილისაა, რომ საათ-ნახევარში ამოფუვდეს, შიგ იმდენი ცხიმი და კვერცხია შეზავებული, სულ ცოტა, 6 საათი სჭირდება ამოსაფუებლადო. ჰოდა, ახლა მეც ვცდილობ ნაზუქის შეზავების თუ ცხობის ტექნიკა შეძლებისდაგვარად დავიცვა. ერთი კვერცხიც არ უნდა დამაკლდეს, კარგი ნაზუქი ერთი კვერცხის დაკლებასაც არ გაპატიებს.

- სურამში რა ძალამ გადმოგისროლათ ქარელიდან?

- განა მე გადმომისროლა, დედაჩემი გამოთხოვდა ხაშურის რაიონის სოფელ ბრილში. ეგ ის ლამაზი სოფელია, გიორგი ლეონიძემ ლექსი რომ მიუძღვნა. მეც ბრილიდან გადმოვედი საცხოვრებლად სურამში და ნაზუქების ცხობის ჩემი ცოდნაც წამოვიღე. პირველად მერვე კლასში ვიყავი, ნაზუქი თონეში რომ ჩავაკარი. ის აუცილებლად თონეში უნდა გამოცხვეს და თანაც აუცილებლად შეშაზე. ზემოდან გასაწითლებლად რაღაც-რაღაცები კი არ უნდა წაუსვა, როგორც დღეს ზოგიერთი აკეთებს, არამედ შაქრის გარდა, ყველა ის მასალაც უნდა შეურიო, რაც მას ბუნებრივად შეაწითლებს.

- ამბობთ, რომ ნამდვილი ნაზუქის გამოსაცხობად ის მასალაა საჭირო, როგორსაც ჩვენი წინაპრები მოიხმარდნენო, მაგრამ თქვენც დამეთანხმებით, რომ რძის ნატურალურ პროდუქციაზე დღეს ბევრს ხელი არ მიუწვდება. - როგორ არ დაგეთანხმებით, მაგრამ ვისაც ხელი მიუწვდება, ისინი ხომ გააკეთებენ. თუმცა ჩანაცვლებაც შეიძლება, - რძის ნაცვლად შეიძლება შესქელებული რძეც ვიხმაროთ, კარაქის ნაცვლად კი ზეთი. რეცეპტს სიამოვნებით გაგიმხელთ.

1 თონე ნაზუქისთვის: 7 კილოგრამი ფქვილი, 10 კვერცხი, 3 კილოგრამი შაქარი, 1 ქილა მაწონი, 1 ქილა წყალში გახსნილი შესქელებული რძე, 300 გრამი ზეთი და ქიშმიში, 2 ჩაის კოვზი ვანილი, 2 ჩაის კოვზი მიხაკი, ილი და დარიჩინი.

- ნამდვილი პროფესიონალი ბრძანდებით - არაპროფესიონალს კონკურენციის შეეშინდებოდა, პროფესიონალმა კი იცის, რომ ვერ აჯობებენ. - მე მარტო იმის მეშინია, სულ მალე სურამიდან ცენტრალური ტრასა ავტობანზე რომ გადაინაცვლებს. მერე აღარც სურამის თონეები იქნება, სადაც ბევრი ნაზუქის გაყიდვით შოულობს ლუკმაპურს, და აღარც ნაზუქი. არადა, დღეს ჩემი ოჯახიც უცხოეთში რომ არ გადაკარგულა, სწორედ ჩვენი ნაზუქის დამსახურებაა.

- სურამის ნაზუქები უკვე საქართველოს ბრენდია და მისი დაკარგვა არ შეიძლება... ყოველდღე რამდენ ნაზუქს აცხობთ? - მხოლოდ ნაზუქებს არ ვაცხობთ, ზამთარში ჩვენს თონეებში ხაჭაპური, ლობიანი და შოთის პური ცხვება. ზამთარში ტრასაზე ბევრი ნაზუქი არ საღდება, დიდი-დიდი, 60-მდე გავყიდოთ. ეს სულ 3 თონეა, მაგრამ ზაფხულში 200-ზე მეტ თბილ-თბილ ნაზუქს ვყიდით. ყველა თბილს გვთხოვს, არადა, ცივ ნაზუქს არაფერი სჯობს. ისე კი, რომ იცოდეთ, არც ნაზუქის გაყიდვაა იოლი. ერთხელ ნაზუქის შესაძენად "კომედი შოუ" მოვიდა. ვისაუბრეთ, ვიცინეთ და მერე ვასო ფხაკაძემ გვითხრა, ახლა მე უნდა დაგეხმაროთ ნაზუქების გაყიდვაშიო. გამოვიდა ტრასაზე, იქნევს ამ ჩვენს ნაზუქებს და გაიძახის, აბა, კარგი ნაზუქი, აბა, კარგი ნაზუქიო! კაციშვილმა არ გაუჩერა. შემოვიდა დაქანცული, დედა, რა ძნელი ყოფილა ამ ნაზუქების გაყიდვა, ყოჩაღ, თქვენო!

- არც დღეში რამდენჯერმე სათონე ცომის მოზელაა იოლი. ალბათ, მკლავები გავარჯიშებული გაქვთ... - თონეში გადაყუდებაც იმდენჯერ გვჭირდება, ვერც დაითვლი. ტურისტები გვეხვეწებიან, ჩვენც ჩაგვაკვრევინეთ ნაზუქებიო, მაგრამ არაფერი გამოსდით, ეგრევე "იწვებიან" თონეებში, ნაზუქები კი ნაკვერჩხლებში ცვივა. მხოლოდ სურამელ ებრაელებს არ უჭირთ ჩაკვრა. ხომ ისრაელში არიან წასული, მაგრამ თონეში ისე ოსტატურად გადაეყუდებიან, ლამის ჩვენც შეგვშურდეს. ერთხელ ერთი ამიშარდა, აქ ფეხის დამდგმელი არა ვარ, თურმე ნაზუქებს კი არა, ბუზებიან ცომებს ყიდითო. თონეში ვიყავი გადამხობილი და გამწარებულმა ამოვწიე თავი, რას ამბობთ, რა ბუზები, რის ბუზები-მეთქი. აგეო და, ცომის გუნდებში ჩამსხდარ ქიშმიშებზე მიმითითა. თურმე შორიდან ბუზები ეგონა. მერე ბევრი ვიცინეთ ჩვენც და იმანაც და ჩვენი ნაზუქებიც სიამოვნებით გაიყოლა გზაზე!