"კარალეთი ჩემთვის ტკბილი მოგონებების "საწყობია"
"კარალეთი ჩემთვის ტკბილი მოგონებების "საწყობია"
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი თავის­ სოფელზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, ხშირად უწევს გასტროლებზე სიარული ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშიც და უცხოეთშიც, ამას ემატება რეპეტიციები, ჩაწერა, კონცერტები - სოფელს არასდროს ივიწყებს.

გიორგი სუხიტაშვილი:
"სოფელი ჩემთვის საინტერესო, სასიამოვნო წლები, ტკბილი მოგონებები და სითბოა. 90-იანი წლები არ იყო დალხენილი, მაგრამ ბავშვი უფროსებივით არ განიცდის სიძნელეებს. მშობლებიც ცდილობენ, პატარას სილაღე არ დაეკარგოს. ამიტომ ჩემი კარალეთი ჩემთვის ტკბილი და თბილი მოგონებების ერთგვარი
"საწყობია". ის ტიპური ქართლის სოფელია, არაერთ ისტორიულ ნარკვევში მოხსენიებული. ნიკა ანთიძისგან (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი) პირობა მივიღე, რომ არქეოლოგიური სამუშაოები კარალეთში ერთ წელიწადში დაიწყება. გამიხარდება, თუ ამ გათხრებს კონკრეტული შედეგი მოჰყვება", - გვეუბნება გიორგი.


- ქართლში ნოყიერი მიწაა და რაც უნდა "ჩააგდო",
ყველაფერი ხარობს. საბ­ჭოთა კავშირის დროს ჩვენი ხილი ჩრდილოეთში გადიოდა. აქედან მოსახლეობას სარგებელი ჰქონდა. მაშინ რუსეთი ასე მტრულად არ იყო განწყობილი... როცა ქართლის მოსახლეობა იმ წარსულს მისტირის და ამბობს, რომ გზა რუსეთისკენ უნდა გაიხსნასო, უნდა იცოდეს, რომ დღეს ეს სახიფათოა.

- ბებოს, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, ხშირად დიდი სიყვარულით იხსენებ, პაპას კი, რომელიც კარალეთში მარტო დარჩა, მუდმივად აკითხავ და მას "მარტოპაპა" შეარქვი... რა გასწავლეს ამ ადამიანებმა?
- ადამიანობის სწავლა არის ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი... უნდა შეგვეძლოს, დავრჩეთ ადამიანებად და ყველაზე მთავარი ადამიანად დარჩენაში სწორედ საყვარელ პაპა-ბებოზე ზრუნვაა. სოფელიც იმიტომ მიყვარს, რომ ამ ადამიანებთან ასოცირდება. ბავშვობა მათთან ერთად გავატარე, მათ მასწავლეს თითქმის ყველაფერი - სოფლის სიყვარული, ბაღის, შინაური ცხოველების მოვლა, ადამიანებთან ურთიერთობა.


სოფელი ძალიან გულწრფელია, ის ბრძენიცაა. რა დროც უნდა გავიდეს და როგორც უნდა მოვხუცდე, სულ ყურში მექნება თინა ბაბოს ხმა, მისი ნამღერი და ფეხის ხმაც კი. პაპაჩემს "მარტოპაპა" იმიტომ შევარქვი, რომ მარტოა...

მეუბნებიან, სოფელში რომ დადიხარ და ამის დასტურად ფოტოებს დებ, იქ მართლა მუშაობო? ბაღი გავსხალი, ეზოში ბალახი გავთიბე... ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ კარგი ტიპი ვარ...
სოფელში ჩემზე მეტად მშრომელი ხალხი ცხოვრობს და მაგათ ვენაცვალე, ვინც იქაურობა არ მიატოვა, წვალობს, რომ თავი შეინახოს, არ გამოკეტოს თავისი სახლ-კარი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიწევს სიარული და დამუშავებულ მიწას რომ ვხედავ, მიხარია.

მაქსიმალურად ვცდილობ, სამი საათით მაინც ჩავიდე სოფელში. ზაფხულში არ მეცალა და არც ვგეგმავდი, მაგალითად, ეზოს გათიბვას, მაგრამ წამოზრდილი ბალახი რომ დავინახე, ცელი ავიღე... მუშაობაში მივხვდი, რომ პაპას ზომაზე იყო დაყენებული, წავედი და ძრავიანი სათიბი ვიყიდე, რითაც 2000 კვმ ეზო მთლიანად გავთიბე. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ეზო მოუვლელი არ იყოს. ამავე დროს არის თავდაჯერებულობაც.



- რა მოჰყავდა თქვენს ოჯახს ამ ფართობზე?
- ყველანაირი ბოსტნეული, ბაღჩეული, ხილი... ძალიან მინდა პატარა სახლიც ჩავდგა, მინდა, იქ სიცოცხლე სულ იყოს. ეს ჩემი მეგობრებისთვის ერთგვარი გამოწვევაა, ჩამოვიდნენ და თუნდაც ჩემს სოფელში მიწა იყიდონ, ან სახლი, განსაკუთრებით მათ, ვინც დედაქალაქში კორპუსში ცხოვრობს.

- ახალი წელი როგორია სოფელში?
- ახალი წელი უკეთესია სოფელში, ვიდრე სხვაგან. 31-ში, ღამის კონცერტის შემდეგ, რა დროსაც უნდა მოვრჩე, ვცდილობ სოფელში წავიდე. შარშან პაპა მარტო პირველად ხვდებოდა ახალ წელს. ვერ ვისვენებდი და მასთან წავედი.
ბებო ყველაფერს გემრიელად აკეთებდა. ჩვენს დიდ აივანზე რამდენიმე წყებად იყო გაბმული ჩურჩხელები. ერთხელ ერთმეტრიანი ჩურჩხელები მოვინდომეთ და ისიც გაგვიკეთა. მისი ცივად მოხარშული ქათამი საოცრება იყო. ვიხსენებ და მენატრება. გული მწყდება, რომ ახალი წელი მის გარეშე უნდა მოვიდეს.

- მეკვლეობის ტრადიციას როგორ გაიხსენებ?
- სოფელში კარგ მეკვლედ ვითვლებოდი, ამიტომ ყველა მეპატიჟებოდა, თან ყველასთან სიმღერით შევდიოდი...

- რას უსურვებდი და ურჩევდი მკითხველს?
- ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ ადამიანობა. ეს ჩემთვის იმ გულწრფელ ურთიერთობებს უდრის, როგორიც სოფლებშია შემორჩენილი. გაუფრთხილდნენ სოფელს, არ მიატოვონ, ეძებონ გამოსავალი, განვითარდნენ... დღეს ძალიან იოლია, კვალიფიციური რჩევა მივიღოთ ნებისმიერ დარგში, მით უფრო - სოფლის მეურნეობაში. ბოლოს და ბოლოს ინტერნეტი გამოვიყენოთ. ერთმანეთსაც გავუცვალოთ ინფორმაცია და განვვითარდეთ, გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილებაც.

ანა
04 იანვარი 2020 21:12
ჯიგარი რომ ხარ და გვეამქყები ტკბილქართულხმიანო -გაიხარე გიო

თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები