"ჟურნალისტური მეურნეობა" ჭანიეთში - კვირის პალიტრა

"ჟურნალისტური მეურნეობა" ჭანიეთში

სოფლის მეურნეობაში არაერთმა წარმატებულმა ჟურნალისტმა სცადა ძალების მოსინჯვა. "გურიანიუსის" ჟურნალისტს, მარინა ჩიხლაძეს მართლაც შესაშურად მოსავლიანი და ლამაზი კარ-მიდამო აქვს ოზურგეთში, სოფელ ჭანიეთში. უნივერსიტეტში კარიერის გაგრძელებას მიწასთან დაბრუნება არჩია.

- სულ ვშრომობ. რამდენჯერ სამსახურიდან დაღლილი მოვსულვარ, მერე შინაც შრომაში ისე დამთენებია, ტანსაცმლიანად მიმძინებია, მაგრამ როგორც კი მზე ამოსულა, ჩემი დაღლილობა გამქრალა და ყველაფერი თავიდან დამიწყია.

ხონში დავიბადე და გავიზარდე, სადაც დედის უსაზღვრო შრომას ვხედავდი. მეც კერვა, ქსოვა, ქარგვა ბავშვობაში ვისწავლე. როდესაც მეუღლის სოფელში მოვედი, მივხვდი, აქ ფიზიკურად შრომაც უნდა მესწავლა. ჩემი მეუღლის მშობლებსა და ბებია-ბაბუას ერთ ჰექტარ ეზოში ხეხილი ისე ჰქონდათ გაშენებული, ერთი ჯიში რომ დამწიფდებოდა და მოილეოდა, მეორე წამოეწეოდა და მწიფდებოდა. რა არ არის აქ - უძველესი ქურიზა მსხლით დაწყებული, ფაშა, გონორა, შამპანი თუ დემირა ვაშლით დამთავრებული. შვილების პატარაობისას განსაკუთრებით გამიჭირდა, როცა ვერც ჩემი ჰონორარი და ვერც მეუღლის შრომა ოჯახის მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებდა. სამაგიეროდ, ჩვენ გვქონდა ბევრი ხილი, რომელიც დამქონდა ბათუმსა თუ სხვადასხვა ქალაქში სარეალიზაციოდ. ერთხელ შინიდან ხილით სავსე უზარმაზარ ჩანთებთან ერთად ხელჩანთა გავიყოლე. რად მინდოდა, როცა მხოლოდ მგზავრობის სამყოფი ფული მქონდა... ბათუმში ჩასვლისას აღმოჩნდა, რომ ხელჩანთისთვის აღარც მხრებზე მქონდა ადგილი და აღარც - ხელებში. ჩემი ხელჩანთა კისერზე ჩამოვიკიდე და ასე მოვიარე ბაზარი. სამაგიეროდ, რაც ხილის გაყიდვით ფული ავიღე, ამ ხელჩანთაში დიდის ამბით ჩავდე.

მე და ჩემმა მეუღლემ წინაპრების დარგულ ვაშლსა თუ მსხალს ფეიხოა და კივი მივუმატეთ, თუმცა ძირითად შემოსავალს მაინც თხილი გვაძლევს - დაახლოებით ორ ტონას ვკრეფთ. მართალია, ბოლო ხანს დაავადებამ ხელი ჩვენს თხილსაც შეუშალა, მაგრამ უკვე ვაჯანსაღებთ.

- თუმცა, ხეხილის გარდა, ფუტკარიც გყავს, ჩირსაც ახმობ, ჯანჯუხასაც ავლებ და მაკრამეებსაც ქსოვ, ქარგავ...

- ფოლკლორი, პოეზია და სიმღერა ჩემთვის სუნთქვის ტოლფასია - ლექსები, რომელთაც ერთხელაც თავს მოვუყრი... ტილო, რომელზეც რუსთაველს ვქარგავ... მაკრამეს ქსოვა, რომელიც ჩემმა უნივერსიტეტელმა მეგობრებმა მასწავლეს და ჩემს დაღლილობას შთანთქავს... ალბათ, სწავლა ჩირის გამოშრობასა და ჯანჯუხის ამოვლებასაც სჭირდება. მით უფრო - გურიაში, სადაც ნესტია და ჩირს მხოლოდ მზეზე სათანადოდ ვერ გამოაშრობ. მეც შინ, ღუმელთან მოვაწყვე გამოსაშრობი. დღისით მზისგულზე ვაშრობ, ყოველ საღამოს კი ასხმულები შინ შემომაქვს და ღუმელთან ვკიდებ. ასე გამომშრალი ჩირი უფრო მეტად იღებს შაქრიანობას, თეთრად იფიფქება და ძალიან გემრიელია, ისევე როგორც ჯანჯუხა. სხვათა შორის, "შემოქმედებითი ფანტაზიების" შედეგი უკვე გურულ ჯანჯუხასაც დაეტყო. მე, მაგალითად, კაკალსა და ხურმის ჩირის კუბიკს მონაცვლეობით ვასხამ და ვავლებ. ისეთი გემრიელი გამოდის, როგორც საახალწლო გოზინაყი...

- ამის მკითხველს აუცილებლად მოუნდება თქვენთან, ჭანიეთში სტუმრობა. - სიამოვნებით გიმასპინძლებთ. ჩემი ეზოს მოსავალსაც ბევრ მეგობარს ვუგზავნი. მგონი, ცუდი კულინარი არ ვარ. გასულ წელს, როდესაც ევროკავშირმა ტურისტებს გურული კერძები გააცნო, მეც მყავდა ჭანიეთში სტუმრები, ვიდეოკლიპიც კი გადაიღეს. ეს ხალხი დღემდე მწერს უცხოეთიდან წერილებს. გურიის ხელისუფლებიდან ხშირად გვსტუმრობენ, თუმცა, ვერც გურიისა და ვერც სხვა კუთხეების მდგომარეობამ ვერავინ დააფიქრა, რომ სოფლად მცხოვრებ ხალხს სერიოზული დახმარება სჭირდება. გაიძახიან, ხალხი გაზარმაცდა და სოფელში იმიტომ არაფერიაო. ამით თავიანთ უმოქმედობას ამართლებენ. რასაკვირველია, სოფელში ისეთი ხალხიც არის, რომელთაც ფულიანი ტომარა რომ დაუკიდო ღობეზე, იმავე დღეს დახარჯავს და მეორე დილით მეზობელთან გაიქცევა სასესხებლად, ქინძსა და ოხრახუშსაც მეზობლის ბოსტანში ეძებენ, მაგრამ ასეთი ცოტაა. ბევრია, ვისაც შრომა უყვარს, უნდა, რაიმე შექმნას, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს... ამის დასტურად ჩაის აღორძინების პროგრამას მოვიყვან, რომელიც დღეს გურიაში მოქმედებს, მაგრამ ამ თანხებით გლეხი მხოლოდ საპლანტაციე ადგილს ღობავს, დანარჩენს ვეღარაფერს აკეთებს, მერე კი მიდის რომელიმე ბობოლა და ამ შემოღობილ ადგილს ყიდულობს.