პარიჟანკა, მადამ კუკუ, მიტო პაპა ჯადოსნური ზღაპრიდან - კვირის პალიტრა

პარიჟანკა, მადამ კუკუ, მიტო პაპა ჯადოსნური ზღაპრიდან

"მომავალი წლის სიმბოლო თეთრი ვირთხაა და ამიტომაც გადავწყვიტე თაგვების კეთება. სექტემბრიდან დავიწყე და ჩემი თაგუნიები დღემდე კარგად იყიდება"

თინათინ ხეიძე საახალწლო სუვენირებს დიდი მონდომებითა და სიყვარულით ქმნის და საყვარელ ნამუშევრებს სახელებს არქმევს. "მიხარია, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც მამშვიდებს და დიდ სიხარულს მანიჭებს", - ამბობს ქალბატონი თინათინი.

- ყოველთვის "ხელმარჯვე ოსტატი" ვიყავი. რამდენიმე წელიწადია, დეკუპაჟით დავინტერესდი და საახალწლო სუვენირების კეთება დავიწყე. ისეთ ნივთებს ვაკეთებ, რაც ხალხს მოსწონს. ხშირად ვმონაწილეობ გამოფენა-გაყიდვებში. ეს ჩემთვის თერაპიაც არის, ჰობიც და პროფესიაც. პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ აღმოჩნდა და ახლა იმას ვაკეთებ, რაც მომწონს და მიყვარს. თითოეულ ნივთში სულსა და გულს ვდებ და ყველა დეტალს სიყვარულით ვაკეთებ.

- როგორ ამზადებთ ამ მშვენიერ თოვლის პაპებს, თაგუნიებს და სხვა ნივთებს? - ჩემს ნამუშევრებს ხშირად დეკუპაჟის ტექნიკით ვაკეთებ. დეკუპაჟი ფრანგული სიტყვაა და გამოჭრილი ნახატის დაწებებას ნიშნავს. არ ვხატავ, მაგრამ ამ ტექნიკის დახმარებით ძალიან ლამაზ ნივთებს ვამზადებ. შეიძლება ლამაზი ხელსახოცი ვიყიდო, სპეციალური ტექნიკით დავაკრა ამა თუ იმ ნივთს და ლამაზი სუვენირი გავაკეთო. თაგვებსა და თოვლის პაპებს ადრე არ ვაკეთებდი, მაგრამ მომავალი წლის სიმბოლო თეთრი ვირთხაა და შობა-ახალი წლის დღეებში მათზე დიდი მოთხოვნაა. ჯერ თარგს ვამზადებ, მერე კი ჩანთებსა და იმ ნივთებს, რომლებიც ამ პატარა "არსებებს" ხელში უჭირავთ. თითოეული საახალწლო სუვენირის დამზადება ძალიან შრომატევადია, რადგან პატარა დეტალებზე მიწევს მუშაობა. სექტემბრიდან დავიწყე და ჩემი თაგუნიები დღემდე კარგად იყიდება. გარდა თაგვებისა, ვამზადებ პატარა ანგელოზებს, ნაძვის ხის სათამაშოებს, კედლის საათებს და სხვა სუვენირებს. ბევრი ადამიანი თამაშობს ე.წ. საიდუმლო სანტას და ასეთ ნივთებს ყიდულობენ.

- თქვენი ვირთაგვებიდან ზოგს ნამცხვარი და ყავის ჭიქა, ზოგს ჩონგური და ყურძნის მტევანი, ან პაწაწინა ქოლგა და ჩანთა უჭირავთ... ეს თქვენი იდეებია? - დიახ, თარგით დაწყებული, იდეით დამთავრებული, მცირე აქსესუარებიც კი ჩემი მოფიქრებული და შექმნილია. მხოლოდ პაწაწინა ჩემოდანი რომ დავამზადო, რომელიც თოვლის პაპას ან თაგვს ხელში უჭირავს, ლამის მთელი დღე მჭირდება... რაც შეეხება ჩონგურს, ის რუსთაველზე შევიძინე. იქ ამ პატარა ჩონგურებს ერთი საყვარელი ბაბუა ყიდის. ზაფხულში ვიყიდე და არც ვიცოდი, როგორ გამომეყენებინა. როგორც კი საახალწლო სუვენირების შექმნა დავიწყე, მაშინვე მივხვდი, რა კარგად მოვიქეცი, რომ ეს ჩონგურები ვიყიდე. მე და ჩემმა მეგობრებმა თაგვებს სახელებიც დავარქვით: ერთი მიტო პაპაა - კახელი თაგუნა, რომელსაც ქუდიც კახური დავახურე; ერთი თაგვი პრანჭია ქალს წააგავს და პარიჟანკა დავარქვით, მესამეს - მადმუაზელ კუკუ და ა.შ. ჩემი სუვენირების უმეტესობა 20-25 ლარი ღირს. ვცდილობ, ისეთი ფასი ჰქონდეს, რომ მათი შეძენა ყველამ შეძლოს. ახალი წლის შემდეგ თუ რამე დარჩება, ფასს ვაკლებ. ყოველ წლის ბოლოს თბილისში იმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, რომელსაც დიდი სავაჭრო ცენტრი აწყობს. წლეულს მასში 35 "ხელმარჯვე ოსტატი" მონაწილეობს... სხვაგან ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობა ძვირი ჯდება, ამიტომ ეს ხალხი ძალიან კეთილ საქმეს აკეთებს.

- ახალი წელი მოდის და რას უსურვებთ თქვენს ოჯახსა და მთელ საქართველოს?

- 2020 წელს, როგორც ყველა, მეც იმედით ვეგებები. ერთადერთი შვილის დედა ვარ და მინდა, საქართველოში სიმშვიდე იყოს. დედები თავიანთ შვილებს სახლიდან რომ უშვებენ, მათზე არ უნდა ჯავრობდნენ, ლუკმაპურის შოვნაზე არავინ უნდა ფიქრობდეს. ჩემი ნატვრაა, მიუხედავად დუხჭირი ცხოვრებისა, ჩვენს თავში ძალა გამოვძებნოთ, რომ ყველაფერში სილამაზე და სინათლე დავინახოთ. მინდა ჩვენი შვილები ჯანმრთელი და ბედნიერი იყვნენ ბედნიერ საქართველოში!

ხათუნა ჩიგოგიძე