ქეთოს ღვინო პატრონს ჰგავს - კვირის პალიტრა

ქეთოს ღვინო პატრონს ჰგავს

ფილოლოგმა, ჟურნალისტმა, ბლოგერმა და დღეს უკვე წარმატებულმა მეღვინე ქალმა ქეთო ნინიძემ ახალი საქმე თავისთავად აარჩია - უბრალოდ, მიჰყვა იმას, რაც აინტერესებდა. მეუღლემ, ზაზა გაგუამ, რომელიც სხვა უამრავ საქმესთან ერთად, ქეთოსავით მეღვინეც არის, ხელი შეუწყო: "მეუღლის მხარდაჭერამ დიდი სტიმული მომცა. საქმიანობა 2015 წელს დავიწყე, ზაზას კი მეღვინეობა პარტნიორებთან ერთად 2012 წელს უკვე ჰქონდა დაწყებული. ის სხვა ბრენდს აწარმოებს".

ქეთო ნინიძე: - თავდაპირველად ღვინის ჟურნალისტიკაში დავიწყე მუშაობა, მალხაზ ხარბედიას მიწვევით საქართველოს ღვინის კლუბში საინფორმაციო ცენტრს ვხელმძღვანელობდი. ამ საქმეში ისე აქტიურად ჩავერთე, რომ მოვიდა სურვილიც, საკუთარი ღვინის დაყენება დამეწყო. იმ ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვიყავი ჩართული მეღვინეობაში - ვკითხულობდი სხვადასხვა სტატიას, ვიკვლევდი ამა თუ იმ წყაროს, ვწერდი ინტერვიუებს. ამასთან, ჩართული გახლდით ჩემი მეუღლის მეურნეობაშიც, მარკეტინგსა და პიარში. მერე კი თვითონვე შემომთავაზა, ხომ არ გესინჯა ღვინის წარმოებაო.

პირველად 2015 წელს დავწურე ნაყიდი ყურძენი. ახლაც ყურძნის უმეტეს ნაწილს ვყიდულობ, ეზოში 2000 კვმ-ზე ახალშენი გვაქვს, ჯერჯერობით ჩემი ვენახი პატარაა, წლეულს პირველი მოსავალი ავიღეთ. გვაქვს ოჯალეში, შევქმენით პატარა საცდელი საკოლექციო ვენახიც, სადაც ძველი მეგრული და აფხაზური ჯიშები გვაქვს, მოსავალს ჯერ ვერ ავიღებ, ახალი ვენახია.

წლეულს პირველი ღვინო დავწურე იმ 2000 კვმ-ზე მოწეული, დანარჩენს ერთი და იმავე ხალხისგან ვყიდულობ - სამეგრელოში ოჯალეშსა და ცოლიკოურს, ლეჩხუმში - ორბელურ ოჯალეშს (ეს აბსოლუტურად სხვა ჯიშია), ვყიდულობ რაჭაშიც... თავდაპირველად 200 ბოთლიდან დავიწყე, ჯერ საექსპერიმენტო საქმე იყო, ბიზნესად ვერ განვიხილავდი, წლეულს 5000 ბოთლს ჩამოვასხამთ.

- საკუთარი სახსრებით შეძელით ეს? - საკუთარითაც და დაფინანსებით სხვადასხვა პროგრამიდან, მათ შორის "აწარმოე საქართველოში" ორჯერ დაგვაფინანსეს. ტურიზმის მიმართულებაც გვაქვს და "იუესეიდის" პროგრამამაც დაგვაფინანსა. გაეროს ქალთა ფონდმა არყის სახდელი გვიყიდა, ბრენდის წარმოებასაც ვიწყებთ.

- სხვა საქმიანობასთან ერთად, წარმატებული მეღვინეც ბრძანდებით, რას ნიშნავს ეს?

- სანამ ღვინის ჟურნალისტიკაში ჩავერთვებოდი, 10 წელიწადს სამეცნიერო მუშაობას ვეწეოდი ლიტერატურის ინსტიტუტში. როდესაც ოჯახით მარტვილში საცხოვრებლად გადავედით, მეღვინეობა დავიწყე. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემთვის დიდი მეცნიერებაა, ერთგვარი კვლევა-ძიება და დაკვირვება. ამ საქმეში მნიშვნელოვანია საქართველოს სხვადასხვა ადგილის ღვინოში გაცოცხლება. მაგალითად, ოჯალეში, რომელიც ბანძაში მოდის, არაფრით არ ჰგავს ტეხურის ხეობაში მოყვანილ ოჯალეშს, სრულიად სხვა ხასიათი აქვს, იგივე ითქმის სალხინოს ოჯალეშზეც.

- შრომამ შედეგი მოიტანა, შეგნიშნეს, წარმატებულ მეღვინედ გაღიარეს. - ალბათ, ამაში ჩვენი ოჯახის ამბავმაც ითამაშა როლი - ქალაქი მივატოვეთ და სოფელში გადმოვედით. ამ ნაბიჯს მარკეტინგული გათვლა არ ჰქონია, ან უზრუნველი ცხოვრების მიზანი. ეს ჩვენი არჩევანი იყო, მაგრამ შემდეგ ჩვენმა ამბავმა იმდენს გაუჩნდა სოფლად დასახლების სურვილი, რომ მივხვდი, კიდევ მეტი გადავიდოდა სოფლად საცხოვრებლად, ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული რომ იყოს. მაგალითად, ჩვენ დღემდე არა გვაქვს გაზი და ნაჭუჭის ღუმლით ვთბებით. ბევრი სხვა პრობლემაც არის, მათ შორის ხარისხიანი სამედიცინო სერვისი, ასევე მოიკოჭლებს განათლება.

- მიუხედავად ამისა, მაინც ღირს ეს ყველაფერი? - რა თქმა უნდა. მართალია, მე და ჩემი მეუღლე თბილისში ჩვენს საქმეს ვაკეთებდით და მანამდეც წარმატებული ვიყავით, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი თავი ორივემ აქ ვიპოვეთ - ცხოვრებაც შევცვალეთ და რაღაც ღირებულიც შექმენით.

ჩემი ერთი დღე არაფრით განსხვავდება სხვა ქალების დღეებისგან. საოჯახო საქმე ბევრ დაუფასებელ შრომას შეიცავს, დიდად არაფერი ჩანს, ენერგიას კი გართმევს. ამას თან ერთვის წლის სხვადასხვა დროს ვენახში მუშაობა. როცა ტურისტული სეზონი იწყება, სტუმრებს ვიღებთ, ვუყვები ჩემს ღვინოზე, სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციაზე; ყველაზე გიჟური სეზონი რთველია. მისი წინამოსამზადებელი სამუშაოებით დაწყებული, შემდეგ ყურძნის მოტანით დასრულებული - დიდი ნერვიულობა და სტრესია, რომ გზაში ყურძენი არ გაფუჭდეს, დიდი მანძილიდან მოგვაქვს. შემდეგ დაწურვა, ქვევრებში გადანაწილება, დუღილის პერიოდი. დალუქვამდე დაძაბული ვართ, პატარა შეცდომაც არ უნდა გაიპაროს, რადგანაც ჩვენ ღვინოს არ ვამუშავებთ, არც ვფილტრავთ. თავიდან ბოლომდე ყურძნის წვენია, იმ ადგილის ხასიათს აჩვენებს, სადაც მოვიდა და ეს არ უნდა დაიკარგოს. ამისთვის მობილიზებული ვართ მე და გოგონები, რომლებიც მეხმარებიან.

- ქეთოს ღვინო რით გამოირჩევა? - ჩემი უცხოელი მეგობრები ამბობენ, რომ ძალიან მგავს, ძალიან მგრძნობიარეა. საერთოდ, ქალი იქნება თუ კაცი დამყენებელი, ღვინო ძალიან ჰგავს მის პატრონს. სითხე, წყალი განსაზღვრულ ინფორმაციას ინახავს და ჩანს, ენერგეტიკაც გადადის მასზე. ეს ალქიმია არ არის, მეცნიერულად დადასტურებულია. ჭაჭას დიდხანს არ ვაყენებ, უფრო მეტად წვენს ვადუღებ, თუ პატარა შეცდომა დაუშვი, ღვინოში მაშინვე ჩანს.

- ექსპორტით სად გადის თქვენი ღვინო?

- წლეულს 7 ქვეყანაში გავიდა, რაც მეამაყება - ეს არის აშშ, იქ ნატურალური ღვინის დიდი ბაზარია, გერმანია, იაპონია, შვედეთი, დანია, ისრაელი, ავსტრალია.

- საახალწლოდ როგორც მეღვინე ქალი, რა სადღეგრძელოს შესვამთ? - ქალების ისტორიულ ფუნქციას გავიხსენებ, რაც ოდითგანვე იყო და არის - დაპურება. ვისურვებდი, ჩვენს ქვეყანაში არავინ იყოს მშიერი და თითოეული ადამიანი ყოფილიყოს თვითკმარი, თავისი უფლებებით, ხმით, მათ არ ვყოფდეთ უმრავლესობებად და უმცირესობებად, რადგან თითოეული ღირებულია სახელმწიფოსთვის. სადღეგრძელოს კი მომავალი თაობისას დავლევ, ძალიან კარგი თაობა გვყავს, ამას ჩემი შვილებისა და მათი მეგობრების მაგალითზე ვამბობ. მეტი ყურადღება მივაქციოთ მათ, მეტი სითბო და იმედი მივცეთ.

- როგორია ქეთოს წარმატების ფორმულა? - გულწრფელობა, სიყვარული, პრინციპულობა, შრომისმოყვარეობა და თავდადება. ბრძოლისუნარიანი ნაკლებად ვიყავი, ახლა მიზანს რომ დავისახავ, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ.